№32 როგორ „გაასაღა“ ზურაბ ანჯაფარიძის საყვარელი ქალი უშიშროებამ
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„როდესაც სცენაზე დგახარ და მღერი, უნდა დააჯერო თავი, რომ ღმერთებს ელაპარაკები”, – უთქვამს ზურაბ ანჯაფარიძეს დღიურში. თითქოს ღვთიური ცეცხლი უნდა ჩამოეტანა ამ ცოდვილ მიწაზე. ალბათ, ეს იყო მისი წარმატების საიდუმლოც. ასე მონუსხა მისი დიდი ნიჭის თაყვანისმცემლები. „აბესალომ და ეთერი“ – ეს გახლდათ მისი პირველი დიდი წარმატება საოპერო ხელოვნების გზაზე, – ამბობს ნიკო ხატიაშვილი. ის, ვისაც სიცოცხლეშივე უდიდეს პატივს სცემდა მომღერალი, ადამიანი, რომელსაც ზურაბის აღსასრულმა ააღებინა ხელში კალამი, ავტორი მისთვის პირველი ბიოგრაფიული წიგნისა „ჩემი მეგობარი ზურაბ ანჯაფარიძე“.
იმპერატორის ლოჟაში და იმპერატორის სცენაზე
„ნიკო, რომ იცოდე, რამდენს გაგინებ სპექტაკლის დაწყების წინ და რამდენს გლოცავ სპექტაკლის დამთავრებისას“ – დაუწერია ზურაბს და ეს ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამს… საქმე ისაა, რომ ზურაბი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის ყოველ გამოსვლას სცენაზე. ის მთლიანად იხარჯებოდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ კარგად ემღერა და ეთამაშა. ერთხელ ისიც კი მითხრა, ჩემი ყოველი გამოსვლა ოპერაში დისერტაციის დაცვის ტოლფასიაო… ახლაც თბილად მახსენდება მოსკოვში ზურაბთან გატარებული წლები. ერთხელაც, მე და ჩემი მეუღლე მოსკოვის დიდ თეატრში სპექტალზე დაგვპატიჟა. თეატრს მრავალი სადარბაზო ჰქონდა. შეთანხმებისამებრ, მითითებული ნომრის მიხედვით მივედით. ზარი დავრეკეთ. როცა კამერდინერმა კარი გაგვიღო და ავუხსენით ვინც ვიყავით, მოკრძალებით გაგვიძღვა. მიხვეულ-მოხვეული გზებით აღმოვჩნდით მეტად ბრწყინვალე, ხავერდოვან ლოჟაში. არცერთი ნაცნობი ირგვლივ! აი, ტაშს უკრავენ, სცენაზე გამოდის ზურაბი და თვალს გვიპაჭუნებს. საერთოდ, ჩვევად ჰქონდა, თუ ვინმე ეგულებოდა დარბაზში, აუცილებლად აგრძნობინებდა. ეს იყო ნიშანი: „მე გხედავ“, რასაც მოხდენილად გამოხატავდა. ქართული ჩვეულებისამებრ, პურმარილით ვიყავი ჩასული. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სახლში რამდენიმე ცნობილი მომღერალი მოიყვანა. შევქეიფდით, უცებ მეუბნება: მე თუ არა, იმპერატორის ლოჟაში ვინ დაგსვამდა გლეხ ხატიაშვილსო? არ ჩამოვრჩი, – შენ ხომ იცი, ქიზიყელი ვარ, სადაც ბატონყმობა არასოდეს არსებულა. მე რომ არ ვყოფილიყავი, იმპერატორის სცენაზე ვინ გამღერებდა-მეთქი. ასე სიცილ-სიცილით გაგრძელდა ქეიფი. საოცრად გვიყვარდა ერთმანეთი და ერთმანეთისთვის სიმდიდრეს წარმოვადგენდით. დღე არ გავიდოდა, რომ რუსთაველზე არ გაგვევლო. მძიმე დრო იდგა და ყველას ერთიანად გვიჭირდა. სახლებში გათბობა არ გვქონდა და შევდიოდით ხან რუსთაველის თეატრში, ხან ოპერაში. პარტერის პირველ რიგში ან ლოჟაში ვინ დაგვსვამდა?! ქანდარაზე ვიყავით. როცა გვინდოდა, გამოვდიოდით, როცა გვინდოდა, შევდიოდით. მახსოვს, „ევგენი ონეგინი“ გადიოდა. ის ეპიზოდი,როცა ტატიანა წერდა წერილს, საკმაოდ ვრცელი იყო. შეუდგებოდა თუ არა წერას, გავიკრიფებოდით, დაასრულებდა და ჩვენც შემოვდიოდით… ყველას ჰყავდა თავისი კუმირი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაგვესაბუთებინა, რატომ მოგვწონდა! არგუმენტების გარეშე ჩვენ არ ვსაუბრობდით... როცა პატარა ზურიკო გაჩნდა, ზურაბი ამაყობდა და ამბობდა, მე გინესის წიგნში უნდა შემიყვანონ, ბიჭი 60 წლის ასაკში „შევქმენიო“. ძალიან განიცდიდა, რომ ზურიკომ ცოტა გვიან დაიწყო ლაპარაკი. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – ეთერ ანჯაფარიძე. იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, საერთაშორისო კლასის პიანისტად ითვლება და წარმატებით ეწევა საგასტროლო მოღვაწეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და არაერთ საერთაშორისო კონკურსშია გამარჯვებული.
ზურაბმა მარტო ის მოასწრო, ხელები აეწია ზევით – „გნებდებიო“ და დაძრულ მატარებელს შეახტა
ჩეხოსლოვაკიაში ათი დღის ვადით გაემგზავრნენ ლეილა გოცირიძე, პეტრე ამირანაშვილი და ზურაბი. ეს სამივე მსახიობი ისე მოეწონათ მასპინძლებს, რომ იქაური მთავრობის თხოვნით, მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გასტროლები ორ თვემდე გაუგრძელა. ეს ის დრო იყო, როდესაც არც პიროვნება და არცერთი დელეგაცია უცხოეთში „კაგებეს“ მეთვალყურეობის გარეშე არ რჩებოდა. „კაგებეს“ ერთმა წარმომადგენელმა ზურაბს უთხრა: რადგან დიდხანს მოგიწევთ სამშობლოდან შორს ყოფნა, თუ რომელიმე ქალის „გაარშიყებას“ დააპირებთ, მე დამანახვეთ, რომ რაიმე პროვოკაცია არ მოგიწყონო. მალე ზურაბის ყურადღება მიიქცია ერთმა ულამაზესმა ქალმა, რომელიც ოფიციანტის მოლოდინში სასტუმროს რესტორანში მარტო იჯდა მაგიდასთან. ზურაბმა ჩვეული ზრდილობით მანდილოსანს მის გვერდით დაჯდომის ნებართვა სთხოვა და თანხმობა უყოყმანოდ მიიღო. მანდილოსანმა, რომელსაც მილადა ერქვა და კარგად ფლობდა რუსულ ენას, თავი კინოფიკაციის მუშაკად გააცნო. გააბეს საუბარი. ამ დროს დაბარებულივით ჩამოიარა ორგანოს მუშაკმა. ზურაბმა თვალებით ანიშნა უცნობ ქალზე. მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ის დღე იყო და ის დღე, მათ შორის დიდი რომანი გაიბა, ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი. ასე გაგრძელდა გასტროლების ბოლომდე. დადგა გამომშვიდობების დღეც. მადლიერმა ჩეხოსლოვაკიელებმა კარგი გაცილება მოუწყვეს გასტროლიორებს. ბევრი ხალხი შეიკრიბა სადგურზე. არ იყო მხოლოდ ზურაბის შეყვარებული. ყველა იცნობდა მას, ყველამ იცოდა მათი დამოკიდებულება და გაკვირვებული იყვნენ. ბუნებრივია, სხვებზე მეტად ზურაბი ღელავდა. წამები აკლდა მატარებლის გასვლას, რომ მილადა გამოჩნდა ჩეხოსლოვაკიიის უშიშროების სამსახურის ფორმაში გამოწყობილი და გვერდზე პისტოლეტჩამოკიდებული. ზურაბმა მარტო ის მოასწრო, ხელები აეწია ზევით, ხუმრობით ეთქვა, „გნებდებიო“ და დაძრულ მატარებელს შეახტა. ჩეხოსლოვაკიაში შემდგომი ჩასვლისას ზურაბს ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა მილადას, ამიტომ სასტუმროში მისვლამდე მილადასთან, შინ შეიარა. სახლი დაკეტილი დახვდა. მეზობელთან დააკაკუნა. იგი იცნეს და უთხრეს, რაღაც საკვირველ ვითარებაში გარდაიცვალაო. მისი სიკვდილი მაშინ შევიტყვეთ, როცა ფორმიანმა ხალხმა მოაკითხა და სადღაც წაასვენა. ჩვენ კი გვითხრეს, ქურა დარჩენია გამოურთველი და გაზს გაუგუდიაო. ზურაბმა დააზუსტა, სად განისვენებდა მილადა და ვარდების დიდი თაიგულით დაამშვენა მისი საფლავი.
პირიდან საპნიანი ბუშტების გამოშვება დაიწყო
ზურაბი და ცნობილი მომღერალი გივი ტორონჯაძე კონსერვატორიაში ერთად სწავლობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ძალიან შეხუმრებულნი იყვნენ. ერთხელ გივის კბილი ასტკივდა. ძალიან შეწუხდა, არ იცოდა, რა ექნა. ზურაბმა შესთავაზა, ჩემს მდგმურთან, სტომატოლოგიური ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტთან წაგიყვანო. გივის იმედი მიეცა და გუნება გამოუსწორდა. ზურაბმა გივის მკურნალი წინასწარ გააფრთხილა, ამოვარდნილი „პლომბის“ ადგილას კბილის ღრუში საპონი ჩაედო. ბრწყინვალედ შეასრულა ზურაბის თხოვნა მისმა მდგმურმა. როგორც ჩანს, გივიზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა ჩატარებულმა მანიპულაციამ და ტკივილი დაუამდა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. გავიდა ხანი და გივიმ პირიდან საპნიანი ბუშტების გამოშვება დაიწყო. მიხვდა, რაც მოხდა და ზურაბი რომ არ გაქცეულიყო, ცუდად წაუვიდოდა საქმე.
„პიკის ქალი“, შეურაცხყოფილი ზურიკო და დიდი თეატრის დიდი შეცდომა
ზურა უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პროფესიული მოვალეობის შესრულებას. მის კოლეგებს არ ახსოვთ შემთხვევა, დანიშნული სპექტაკლი მისი მიზეზით მოხსნილიყოს. „ავად რომ გავხდი, – მწერდა ზურაბი მოსკოვიდან, – მთლიანად არ ვიყავი განკურნებული და ავდექი – 13 მარტს „პიკის ქალი“ ტარდებოდა თეატრში და ამიტომ გავწირე თავი“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზურაბს დიდ თეატრში თერთმეტი წლის განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ მან ატლანტოვი თვითონვე არ აღმოაჩინა, შემცვლელი არ ჰყოლია, რომ იტყვიან „ბურთი და მოედანი მას დარჩა“. ასეთი მდგომარეობა ყველას ათამამებს და ნაწილობრივ იგი ზურაბსაც შეეხო. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ასეთი ეპიზოდი: რატომღაც ზურაბს დაუგვიანეს დანაპირები ბინის მიცემა. მან ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო. კრებაზე განაცხადა, რადგან თქვენ ჩემ მიმართ უყურადღებობას იჩენთ, არც მე დაგრჩებით ვალში და პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად ვტოვებ თეატრსო. თეატრის ხელმძღვანელობამ იგრძნო ზურაბის მიმართ დაშვებული შეცდომა და თავის ტენორს სთხოვა, არ წასულიყო თეატრიდან. დარჩენა-არდარჩენის დიალოგს ბოლო არ უჩანდა. ამ დროს საქმეში ჩაერია ზურაბის სათაყვანებელი დირიჟორი ბატონი ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი; გვერდზე გაიხმო და მამაშვილურად უთხრა: ზურიკო, ამ თეატრში გენიალური შალიაპინი მღეროდა. ამ თეატრს ამშვენებდა შეუდარებელი სობინოვი. ისინი ახლა არცერთნი აღარ არიან, მაგრამ სცენაზე ყოველდღე ფარდა იხსნება და სპექტაკლები იმართება, ასე იქნება შენი წასვლის შემთხვევაშიცო და სთხოვა, ჯიუტობისთვის თავი დაენებებინა. ზურაბმა ყურად იღო გენიალური მაესტროს ნათქვამი და მის რჩევას დაჰყვა.“