კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა კუთხეში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას და როგორ ხეირობს რუსეთი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ენერგოუსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ენერგოწყაროები იგივე რჩება, ვინაიდან ჰიდრორესურსის გამოყენებას ვერ ვახერხებთ, ამიტომაც ასევე წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიის იმპორტიც, მათ შორის, უპირველესად, რუსეთიდან. მეორე მხრივ, ვერც ჰიდროელექტროსადგურების აშენებას ვახერხებთ, იმ მარტივი მიზეზით, რომ გინდა მცირე იყოს ჰესი, გინდა – საშუალო და გინდ – გიგანტური, სჭირდება წყლის დაგუბება თუ არა, სადაც კი ჰესის აშენების გადაწყვეტილების შესახებ ხდება ცნობილი, მოსახლეობა და გარემოს დამცველები ამ ფაქტს უარყოფითად ეხმაურებიან. შესაბამისად, წლიდან წლამდე ენერგოუსაფრთხოება სახელმწიფოსთვის უფრო და უფრო სუსტ რგოლად იქცევა. უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან, ერთად ვისაუბრებთ ამ მეტად აქტუალურსა და მტკივნეულ საკითხზე.
– ხშირად იყენებენ ტერმინს – „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, მოდი, განვმარტოთ, ყოველი შემთხვევისთვის.
– გლობალიზაციამ ბევრ სიკეთესთან ერთად ბევრი საფრთხეც წარმოაჩინა, ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაპირისპირება. უპირველესად, ეს ეხება ნედლეულის რესურსებსა და გასაღების ბაზრებს. სამწუხაროდ, საქართველოს აქვს ის ისტორიული პრობლემა, რომ ენერგეტიკული რესურსის სამრეწველო მარაგი, ანუ ნავთობი და ბუნებრივი აირი, არ გაგვაჩნია. არადა ეს არის აუცილებელი ნედლეული საწარმოო პროცესისთვის თუ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. კომუნისტების პერიოდში, გასული საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისში, საქართველოს ჰქონდა ნავთობის გარკვეული მარაგი და მაქსიმუმი იყო წელიწადში სამ-ნახევარი მილიონი ტონის მოპოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, 1981 წელს სართიჭალის ჭაბურღილი გაწყლოვანდა. ძალიან წინდაუხედავად მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, შევარდნაძის პერიოდი იყო. რეალურად, 15-20 მილიონი ტონა ნავთობის მარაგი გვქონდა, რაც მაქსიმალურად ამოქაჩეს და საბჭოთა კავშირის საერთო მოხმარებისთვის გაგზავნეს.
– რაში სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს ჩვენი ორი გრამი ნავთობი?!
– სხვაგვარად მოიქცნენ ბალტიის ქვეყნები – იქაურმა კომუნისტებმა დააკონსერვეს თავიანთი მცირე მარაგები და დამოუკიდებლობის პერიოდში იყენებდნენ. თუმცა, სამაგიეროდ, შევარდნაძემ მიიღო ლენინის ორდენი, ხოლო საქნავთობის დირექტორმა – სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა კონფლიქტი და ომი ამ რესურსის გადანაწილების გამოა.
– ახლო აღმოსავლეთში ომები მხოლოდ ნავთობისა და გაზის მიზეზითაა.
– რა თქმა უნდა და, ზოგადად, მსოფლიოს გადანაწილებისთვის დაპირისპირება გულისხმობს ენერგეტიკული რესურსების, საბადოების ხელში ჩაგდებასა და მათი ტრანსპორტირების გაკონტროლებას. სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საფუძველიც, რა თქმა უნდა, იყო აზერბაიჯანის, შუა აზიის ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების ჩახშობა. ამ რესურსისა და გზის გაკონტროლება რუსეთის ინტერესი იყო. ის შუა აზიას ისევ აკონტროლებს, აზერბაიჯანს კი - ვერა, იმიტომ რომ მისი რესურსი საქართველოდან გადის. ჩვენ, თუ ბუნებამ იმით დაგვჩაგრა, რომ ჩვენი ენერგორესურსი არ გვაქვს, სტრატეგიული მდებარეობა ტრანსპორტირებაში ხელს გვიწყობს, თუმცა პირველი ნავთობსადენი: ბაქო-თბილისი-სუფსა, რადგან უფრო პოლიტიკური პროექტი იყო, ვიდრე ეკონომიკური, ნაკლებ შემოსავალს აძლევს ჩვენს ქვეყანას, შემდეგ გაყვანილი ნავთობ- და გაზსადენებიც უფრო პოლიტიკური, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რაც შეეხება ამ პრობლემას უშუალოდ საქართველოში: ჩვენ ინსტიტუციური პრობლემებიც გვაქვს და სუბიექტურიც.
  ინსტიტუციურში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, თავდაცვის პოლიტიკის არ იყოს, სამწუხაროდ, ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია, ანუ არ ვიცით, რა ეკონომიკის ქვეყანა ვართ. რეალურად, ჯერჯერობით არც სუფთა საბაზრო ეკონომიკა გვაქვს და არც სახელმწიფო რეგულირების. სახელმწიფო განზე გადგა ენერგეტიკული რესურსების მოპოვებისა და იმპორტისგან, გარკვეულწილად ვაკონტროლებთ მხოლოდ ტრანზიტს. თუ ახლა ვისაუბრებთ ელექტროენერგიაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსია, იქ აბსოლუტური უღრანი ტყეა. არ არის საჯაროდ ცნობილი ელექტროენერგიის გამომუშავების, გადაცემის, იმპორტისა და ექპორტის პოლიტიკა, რაც ეჭვებს ადრეც ქმნიდა და ახლაც ქმნის.
– სულ ის მიკვირს, რით ვერ მოხერხდა ენგურჰესის ამოგდება ენერგოსისტემიდან, ანუ რამდენიმე საშუალო ჰესის აშენება, რომ არ ვხარჯოთ ფული სეპარატისტებისა და ოკუპანტების გასანათებ-გასათბობად?! და რომ, ბოლოს და ბოლოს, გავაფუჭოთ ენგურჰესი.
– მივედით მთავარ თემამდე. რადგან საქართველოს არ აქვს თავისი ნავთობი და ბუნებრივი აირი, ის ენერგეტიკული რესურსი უნდა გამოიყენოს, რაც ღმერთმა და ბუნებამ გვაჩუქა და ეს არის წყალი. აქ უნდა ითქვას, რომ ჰიდროელექტროსადგურები არის სეზონური, აქტიურად მუშაობენ 5-7 თვეს, ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამიტომ აუცილებელია საბაზო ელექტროსადგურები, რაც რუსების მფლობელობაშია: იგივე გარდაბნის ყბადაღებული მეცხრე და მეათე ბლოკები.
– თბოსადგურები, გაზზე მომუშავე.
– დიახ, ადრე მაზუთზე მუშაობდნენ, ახლა – გაზზე, რომლებიც ერთ პაკეტად იყიდა „რაომ“.  რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ მუდმივად ენგურჰესით შანტაჟის მძევლები. ფაქტობრივად, ჩვენ ვიხდით იმ ელექტროენერგიის ფულს, რასაც აფხაზები მოიხმარენ და, მგონი, ყიდიან კიდეც რუსეთში. ერთი სიტყვით, ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსი, მაგრამ მივიღეთ ჯადოსნური წრე. ერთი მხრივ, ლოგიკურად ვხედავთ აუცილებლობას, რომ არა ენგურჰესის მსგავსი გიგანტური, არამედ მცირე და საშუალო ჰესები უნდა ავაშენოთ (ენგურჰესის მოცულობის ჰესის აშენება დღეს საქართველოს გაუჭირდება, რადგან უდიდესი ინვესტიციები სჭირდება და თანხის ამოღება ათწლეულები გაგრძელდება), მასაც წინ არაფერი უდგას.
– თუ არ ჩავთვლით მოსახლეობისა და არასამთავრობოების პროტესტს, მიუხედავად იმისა, რა ზომისაა ჰესი და სჭირდება თუ არა წყლის დაგუბება. განსაკუთრებით კატეგორიულია მთის მოსახლეობა, რომელიც სარგებლობს ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ან, სულაც, უფასოდ იღებს, იმიტომ რომ ვიხდი მე, ბარის მოსახლეობა. ანუ სახელმწიფო ინტერესსაც რომ თავი დავანებოთ, არანაირი სოლიდარობა არ არის.
– რატომ ვახსენე „ჯადოსნური წრე“. ხელისუფლებამ წინასწარ იცის, რომ ეს პრობლემა იქნება, მაგრამ პრევენციას ვერ ან არ ახერხებს. თორემ როგორ შეიძლება, რომ მოსახლეობა საქართველოს ყველა კუთხეში გამოდიოდეს ჰესების წინააღმდეგ?! მათთან მუშაობაა საჭირო, მათთვის ახსნა, ანუ ამ საკითხის იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური მომზადება. ჩვენ თუ გვესმის ეს, მოსახლეობასაც ხომ უნდა გააგებინოს ხელისუფლებამ?!
– რა თქმა უნდა, იმის იმედად რატომ უნდა იყოს, რომ მე მომინდება ამ თემაზე დაწერა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მგონია, მოვნახავ კომპეტენტურ რესპონდენტს და ჩემს წვლილს შევიტან. მეც მევალება, ცხადია, პროფესიულად, მაგრამ მხოლოდ ჩემს იმედად არ უნდა იყოს.
– უპირველესად, ეს ეხება ეკონომიკის სამინისტროს, მისი კომპეტენციაა ინვესტიციების მოზიდვა და ამის შემდეგ ერთვება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. არ გვინდა კონსპიროლოგია, მაგრამ, გვინდა თუ არა, მოდის ასეთი აზრები: იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ნავთობის მოხმარებაც – ბენზინსა და დიზელს ვგულისხმობ და, თუ ამ ტემპით გაგრძელდა ზრდა, ჩვენ მნიშვნელოვანი დეფიციტი გველის და ისევ მოგვიწევს, მივმართოთ მეზობელს ჩრდილოეთში. იცით, რომ ბუნებრივი აირის მოწოდება აზერბაიჯანიდან შეზღუდულია და შეიძლება, იძულებულები გავხდეთ, რუსეთიდან შევიძინოთ.
– იმას გარდა, რომ აზერბაიჯანი, როდესაც გაზრდილ რაოდენობას გვაწვდის, ყიდულობს რუსეთიდან, ანუ ირიბად ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებულები. ვთქვათ და, არ მიჰყიდა?
– ეს არ არის რიგითი პრობლემა, ენერგოუსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია და 27 წელია, არაფერი შეცვლილა. ამასთან, ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს ნავთობის ან ბუნებრივი აირის სტრატეგიული მარაგი. ადრეც ვთქვით, 12 წელია, ვლაპარაკობთ, უკვე მეორე ხელისუფლებაა. სომხებს აქვთ გაზსაცავი და ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ თავის გატანა. ჩვენთან კი მხოლოდ საუბარია ხან ერთ, ხან ორ გაზსაცავზე, უამრავი ფულია გადაყრილი წინადადებების მომზადებაზე, მაგრამ რეალურად საქმე წინ არ მიდის. ესეც ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია. ამას გარდა, ყველა სახელმწიფოს და ისეთ გიგანტსაც კი, როგორიცაა აშშ, 90 დღის ენერგომარაგი აქვს და შეერთებული შტატების შესაბამისი უწყება ყოველ პარასკევს აქვეყნებს მის მდგომარეობას. ეს სერიოზულად მოქმედებს მსოფლიო ფასებზე მცირე პერიოდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან შევარდნაძის პერიოდში მოხდა ისე, რომ სახელმწიფომ არ დაიტოვა არც ერთი ნავთობსაცავი და ნავთობბაზა, რათა სტრატეგიული მარაგი გვქონოდა. ისევე, როგორც მისი ორივე წინამორბედი, დღევანდელი ხელისუფლებაც, მოკლებულია იმ საშუალებას, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების კატასტროფულად ზრდის შემთხვევაში, ქვეყანაში დარტყმა შეანელოს. მეტიც, როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარებაზე ვლაპარაკობთ, დიზელის ფასი ზუსტად გაზაფხულის, ანუ ხვნა-თესვის პერიოდში იზრდება. წელსაც იგივე მოხდა – თებერვალ-მარტიდან თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა ფასი, როდესაც გლეხს მიწის დასამუშავებლად საწვავი სჭირდებოდა. არადა, სახელმწიფომ ეს თავის თავზე უნდა აიღოს და გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს გლეხს, ფერმერს. თითქოს წვრილმანია, მაგრამ ეს ის წვრილმანია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მოზაიკურ პანოს ქმნის. ვინმე ფიქრობს ამ საკითხებზე?! არ ვიცი! შეიძლება, რაღაც შეხვედრებს ატარებენ, დილიდან საღამომდე ლაპარაკობენ, მაგრამ მერე დაიშლებიან და საქმე არ კეთდება. ასეთია ჩვენი ენერგოუსაფრთხოება და წინა ხელისუფლების დროსაც ასეთი იყო. ამას გულისტკივილით იმიტომ ვამბობ, რომ 1991 წლის 6 მაისს, გახსოვთ, საქართველომ იმ წლის აპრილში გამოაცხადა დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირმა ერთი კვირით შეგვიწყვიტა გაზის მოწოდება და მახსოვს, სრული ქაოსი იყო თბილისში. გამსახურდიას ხელისუფლებას ბევრს ვერაფერს მოვთხოვდით და ზუსტად მაშინ დავინახე ის პრობლემა, რომ წინასწარ უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ ასეთმა მეზობლებმა ეკონომიკური ბლოკადის მოწყობა ვერ მოახერხონ. როგორც სახელმწიფომ, ასეთი საფრთხე წინასწარ უნდა გათვალო, ამასვე ეკუთვნის სტიქიური უბედურებები, მსოფლიო ბაზარზე ფასების რყევა... ზოგადად, ეკონომიკურ და, მათ შორის, ენერგეტიკულ უსაფრთხოების საკითხებზე ვმუშაობ 1991 წლის მაისიდან მოყოლებული და დღემდე საკითხი არ დაძრულა. პირიქით.

скачать dle 11.3