№32 რატომ არის საქართველო ერთადერთი უმოკავშირეო სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ დაგვიცავს არავინ სამხედრო გართულებების შემთხვევაში
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი, აზერბაიჯანი, ამ ბოლო დროს საკმაოდ უცნაურად იქცევა და ერთგვარად, გაალმასებულიცაა ჩვენზე, რისი მიზეზიც დაუდგენელია, იმიტომ რომ ნაკლებ სავარაუდოა, მხოლოდ დავით გარეჯის კუთვნილებას შეესრულებინა ასეთი გამაღიზიანებლის როლი, რომელიც ისევეა, ალბანური კულტურის ძეგლი, როგორც მე ვარ პიპინ მოკლე. ხოლო, რაკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი იმავდროულად რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორადაც ითვლება (პრ. პუტინი სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს), ჩვენი მეზობელი სომხეთი – რუსეთის მთავარ დასაყრდენად, ჩვენს, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს კი მოსკოვთან მეტად თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და იმ ფონზე, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, თვალნათლივ ჩანს, რომ ერთგვარ ხაფანგში ვართ, საიდანაც რეალური გამოსავალი არ ჩანს. ამ ხაფანგიდან თავის დაღწევის გზებზე ვისაუბრებთ მამუკა არეშიძესთან ერთად.
მამუკა არეშიძე: ხაფანგის თეორიის საწინააღმდეგოდ უნდა ვთქვა, რომ ამ წუთას საქართველოში იმართება „ნატოს“ სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანიც. მანამდე კი სამხედრო თანამშროლობის შესახებ გაიმართა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთა შეკრება. გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ასე მარტივიც არ არის, რომ აზერბაიჯანმა მიატოვოს ჩვენთან პარტნიორობა, მიუხედავად იმისა, რომ ხისტი პოზიცია აქვს დავით გარეჯისადმი.
რაც შეეხება ქართული მხარის ქცევას, ზოგჯერ ზედმეტი მგონია აჟიოტაჟი, იმიტომ რომ, რაც უნდა ილაპარაკოს აზერბაიჯანულმა მხარემ, არაფერი შეიცვლება და არ არის საჭირო ამას დავურთოთ ემოციური ფონი.
– გულისხმობთ ალბანური კულტურის ძეგლად დავით გარეჯის წარმოჩენას.
– რასაკვირველია. ვფიქრობ, მშვიდ რეჟიმში თუ არ გადავიყვანეთ ურთიერთობა, გართულება გარდაუვალია. ეს ნიშნავს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას, პირად ურთიერთობებს და მე მაინც ვთვლი, რომ ამ თემის გამო ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ხელისუფლების პირველი პირები. არაერთხელ მითქვამს, რომ, როგორც ჟურნალისტი, ვესწრებოდი იმ შეკრებას, როდესაც ჰეიდარ ალიევის თხოვნით, რასაც ანგარიში გაუწია ედუარდ შევარდნაძემ, 300 ჰექტარამდე მიწა დათმო საქართველომ წითელი ხიდის მიმდებარედ, იმისთვის, რომ საზღვარი გასწორებულიყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ჩვენს საზოგადოებას ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია და „გაგებით“ მოვეკიდეთ. საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ამ სამივე ქვეყნის საზღვრები იკვეთება. აზერბაიჯანს დანაღმული აქვს საზღვრის მიმდებარე ტერიტორია როგორც სომხეთის, ისე ჩვენს მხარეს, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს.
– ჩვენებმა რომ შემთხვევით აღმოაჩინეს.
– მაგრამ, როგორც ირკვევა, ჩვენებმა იცოდნენ. ეს ტერიტორია დაინაღმა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან, დღემდე დანაღმულია და ქართული მხარე ამაზე ყურადღებას, მაინცდამაინც, არ ამახვილებს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ საგარეჯოს რაიონიდან სასმელ წყალს იღებს აზერბაიჯანი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სრულიად უფასოდ. ოდნავ შეიცვალა ვითარება, მაგრამ ისევ გრძელდება საქართველოსთვის მეტად არამომგებიანი პირობებით. ამიტომ აზერბაიჯანის სიხისტე ჩემთვის გაუგებარია და ჩვენი მხრიდან რამე განსაკუთრებული დათმობა და კომპრომისი არ არის საჭირო. მაგრამ საჭიროა სიმშვიდე, რადგან ეს ისტერიკა უკვე მომაბეზრებელი გახდა და არც არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მეორე მხრივ, ბოლო ინციდენტისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეს წაართვეს ავტომატი. ვიცი, ვინც წაართვა და როგორც მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრისთვის ავტომატის წართმევა ქართველი მესაზღვრეების ნეირტალურობის ფონზე, აღიქმება, როგორც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ამდენად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ცეცხლის ანთებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ ჩაქრობას ძალიან დიდი დრო სჭირდება და რა შედეგებიც გვქონდა, ძალიან კარგად ვიცით.
– გართულებაში რას გულისხმობთ? საომარ გართულებას?
– თუნდაც, სასაზღვრო შეტაკებას, შესაძლოა, ამას საომარი შეტაკება არ მოჰყვეს, მაგრამ პატრნიორული ურთიერთობა დამთავრდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ აზერბაიჯანმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრს ვუთმობთ, როგორც პარტნიორს! აზერბაიჯანმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკონომიკა მაშინვე დამთავრდება, როგორც კი საქართველო იტყვის უარს მისი ენერგომატარებლების ტრანზიტზე. საქართველო დიდ ფულს დაკარგავს, მაგრამ აზერბაიჯანის ეკონომიკა, უბრალოდ, განადგურდება, იმიტომ რომ ამაზეა აგებული. საქართველოს ეკონიმიკა კი მხოლოდ ენერგომატარებლების ტრანზიტზე არ არის აგებული. ეს უნდა იცოდნენ იქ, მაგრამ აქ ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარტნიორობას მოფრთხილება სჭირდება, აზერბაიჯანს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ, ოღონდ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და არა ისე, რომ ყველაფერი დავუთმოთ. აზერბაიჯანმა უნდა იგრძნოს, რომ პარტნიორი ჰყავს, მაგრამ გონიერი პარტნიორი. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. რაც შეეხება საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთს: ეს თემა უნდა დავხუროთ. მე წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამაზე ლაპარაკი დაიწყო. ეს იყო ღია ჭრილობა, რომელსაც პატრონი არ ჰყავდა, კომისია არ მუშაობდა და მომავალი თაობისთვის იყო გადაბარებული საკითხი მოსაგვარებლად. ძალიან კარგია, რომ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ამას შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან: ვგულისხმობ კომისიის მუშაობას.
– რასაც თქვენ ამბობთ, ამაზე უნდა იმუშაოს კომისიამ და ზედა სახელისუფლო ეშელონების წარმომადგენლებმა. პირველი პირები უნდა შეხვდნენ, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იაქტიუროს. ხომ მათ უნდა შეახსენონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რა ხეირს იღებენ ჩვენგან და ჩვენით?
– რასაკვირველია, მათ უნდა შეახსენონ, იმიტომ რომ კომისია მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შეზღუდულია. კომისიას შეუძლია, იმსჯელოს მხოლოდ კონკრეტული საზღვრის მონაკვეთზე და რუკებით იხელმძღვანელოს. კომისიის მუშაობა ეყრდნობა 1996 წლის სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს, რის მიხედვითაც მხარეებს შეუძლიათ, იმსჯელონ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ და ასეთი მონაკვეთი ათია, მხოლოდ იმ რუკებით, რომლებიც მათ დათქვეს 1996 წელს. ამის იქით კომისია ვერაფერს მოიმოქმედებს, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს მაღალი რანგის საზოგადოებრივი-სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც იმსჯელებს ყველა მწვავე საკითხზე დახურულ რეჟიმში, რადგან გარდა გარეჯისა, არის სხვა პრობლემებიც: ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალური და საგანმანათლებლო პრობლემა, საინგილოს საკითხი. იგივე სასმელი წყლის საკითხი.
– რატომ უნდა მიიღონ უფასოდ წყალი, რომელიც ნავთობზე ძვირია?
– დიახ. აგრეთვე, გასარკვევია ალაზნის კალაპოტის საკითხი, რომელიც იშლება და არა საქართველოს სასარგებლოდ: ალაზანი იჭრება საქართველოს ტერიტორიაზე, არადა საზღვარი გადის მის გასწვრივ და საქართველო სანტიმეტრობით კარგავს ტერიტორიებს. ეს არ არის აზერბაიჯანელების ბრალი, ეს არის ჩვენი ბრალი, მაგრამ აზერბაიჯანი თავის სასარგებლოდ ცვლის საზღვარს ალაზნის მიმდებარედ. და ამ ყველა საკითხზე უნდა იმსჯელოს მაღალი დონის კომისიამ. ჩვენ შევთავაზეთ ეს წინადადება და ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. მხოლოდ ქართველებმა კი არა, აზერბაიჯანელებთან ერთად უნდა მოვილაპარაკოთ ყველა ამ საკითხზე. ათიოდე დღის წინათ ჩვენთან ჩამოვიდა აზერბაიჯანული დელეგაცია პოლიტოლოგების, სხვა ამ ტიპის პიროვნებების მონაწილეობით. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჰეიდარ ალიევის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა სამოქალაქო სექტორში მუშაობს. ამ ფორმატში შესაძლებელია საუბარი უკვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მათ შორის, ალბანური კულტურის მემკვიდრეობაზეც. გასაგებია, რომ ადამიანს, როდესაც ემოციურად დამუხტულია, აქვს შესაბამისი რეაქცია და ერთი-ორჯერ საზღვართან მისვლა და საკუთარი პოზიციის დემონსტრირება გამართლებულია, ოღონდ ეს არ უნდა იქცეს ცხოვრების წესად. აზრი არ აქვს. რომ ჰქონდეს, კი ბატონო. მე რა ვიცი, რომ პროვოკაცია არ იყო ავტომატის წართმევა?! ვიმეორებ, ზოგჯერ აზერბაიჯანს ზედმეტი მოსდის, თავისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, უზარმაზარი სარეზერვო ფონდი, ჩვენთან შედარებით და ყველაზე უკეთეს შეიარაღებას ფლობს რეგიონში და ამიტომ თავი ქუდში აქვს.
– თავი რომ ქუდში ჰქონდეს ყარაბაღი და აზერბაიჯანის 7 რაიონი არ ექნებოდა მიტაცებული სომხეთს. სუსტი რგოლი ვინც ნახა, ანუ ჩვენ, მათ აწვება, უკაცრავად ჟარგონისთვის.
– მაინც თავი ქუდში აქვთ, ვინაიდან, აზერბაიჯანული ვერსიით, საშუალებას არ აძლევენ მსხვილი მოთამაშეები, თორემ ერთ დღეში დააუთოებდნენ ერევანს. მათაც სამხრეთელებისთვის დამახასიათებელი მიდგომები აქვთ, როგორც აფხაზები თვლიან, რომ ყველამ უნდა უპატრონოს, რადგან დაიჩაგრნენ. ჩვენც ასეთები ვართ – ჩვენც ყოველთვის მართლები გვგონია თავი ჩვენს მეზობლებთან. სამხრეთელების თვისებაა, როდესაც ემოციებით აზროვნებენ და არა ლოგიკით.
– აზერბაიჯანი მონაწილეობას იღებს „ნატოს“ წვრთნებში, მაგრამ ყველამ იცის, რომ აზერბაიჯანი არის თურქეთის მოკავშირე, რომელიც ეპარტნიორება რუსეთს, სხვა თემაა კიდევ, ამ სქემაში როგორ ჯდება სომხეთ-რუსეთის მოკავშირეობა. ანუ წვრთნები არის ჩვენი დამცავი ფარი?
– ჩვენ არ გვყავს მოკავშირე, ჩვენ გვყავს პარტნიორები და მეგობრები. აზერბაიჯანს ჰყავს მოკავშირე – თურქეთი, სომხეთს ჰყავს მოკავშირე – რუსეთი, ბოლომდე სანდო არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დაცულია თურქეთისა და აზერბაიჯანისგან. ჩვენ არ გვყავს ასეთი მოკავშირე. რუსეთთან კონფრონტაციის შემთხვევაში ჩვენ არავინ დაგვიცავს. ამდენად, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ.