№32 მადაგახსნილი გულმოცემულები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ უდღეურები
რაკი მადა ჭამაში მოდის, ჩვენებური სეპარატისტები კი უმადობას არც გასეპარატისტებამდე უჩიოდნენ, თანაც – პრ. პუტინის „ჩაწოდებით“ (ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვეს, ხოლო აფხაზეთი დაიპყრესო), გული კიდევ უფრო მოეცათ (იმდენადაც კი, რომ ოსმა „დეპუტატებმა“ უდღეური, ანუ სეპარატისტული „იუჟნაია ოსეტიური“ პარლამენტისა, რფ-ის „დუმას“ მიმართეს, აღიარეთ „1920 წელს საქართველოს მიერ მოწყობილი სამხრეთის ოსების გენოციდიო“). ცხადია, რუსეთის „დუმაც“ განიხილავს (ან კი რატომ არ უნდა განიხილოს, როდესაც ისტორიის პრ. პუტინისეული ვერსიაც სწორედ ამაზე იყო გათვლილი?!).
ამის პარალელურად, ზემონახსენებმა უდღეურებმა, ანუ „იუჟნაია ოსეტიელმა“ „კანონმდებლებმა“ (რომლებიც, როგორც უფრო ზემოთ ნახსენები მფრინავი ტარაკნებისა არ იყოს, გადაურჩნენ „მტარვალი“ ქართველების გენოციდს) იტალიის ხელისუფლებასაც მიმართეს აღიარების თხოვნით.
ყოველ შემთხვევაში, ასე იუწყება „რია ნოვოსტი“ და ამატებს, რომ „იტალიაში რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენლობის თავკაცის (იმდენი „რია ნოვოსტის“ შეურცხვა ცხვირი, რაც სეპარატისტებს იტალიაში წარმომადგენლობა არ ჰქონდეთ), მაურო მურჯას განცხადებით, დადგა დრო, რომ იტალიამ ცნოს „იუჟნაია ოსეტიის“ „რესპუბლიკა“, როგორც ავტონომიური სახელმწიფო.“ რადგან „ევროპელებმა უნდა ჩამოიფერთხონ სტერეოტიპები და შეზღუდვები, რომლებსაც თავს ახვევენ გარედან.“
ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა იტალიელები ოსი სეპარატისტების შეგონებებს, მაგრამ ვხვდებით, რომ მალე შევიტყობთ, რა მიზნის მისაღწევად წამოაფრინდა პრ. პუტინს „გენოციდი“.