კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ უკვირთ ნათია თოდუას ქართველობა გერმანიაში და რის გამო ამოისვირინგა მან ხელზე წიწაკა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი ნათია თოდუა უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. მართალია, იმ სიტუაციაზე, როგორშიც ახლაა, არც კი უოცნებია, მაგრამ ბედისწერამ იქ ჩაიყვანა, სადაც დღეს ყველას უყვარს და აფასებს. ყოველ ზაფხულს ნათია ცხელ დღეებს საქართველოში ატარებს და აქ დასვენებას ამჯობინებს, მაგრამ წელს ეს დიდი ხნით ვერ მოახერხა. ჭორიც კი გავრცელდა, რომ საყვარელ ქვეყანაში დასასვენებლად ის გერმანელი შეყვარებულის გამო ვერ ჩამოვიდა. თუმცა, ჭორს გადამოწმება სჭირდება და ჩვენც ნათიას გერმანიაში დავუკავშირდით (გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ფოტოები).
  ნათია თოდუა: ყოველთვის ვცდილობ, ზაფხულის ცხელი დღეები ჩემს ქვეყანაში გავატარო. ამ ზაფხულს უკვე ორჯერ ჩამოვედი – ჯერ  ბათუმსა და ზუგდიდში მქონდა გადაღებები, შემდეგ თბილისში ვიყავი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და კახეთშიც გახლდით ჩემს „გერმანელ მშობლებთან“ ერთად, რომლებსაც საქართველო ძალიან უყვართ.  თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა „გერმანელმა მამამ“ იმდენი იცის კახეთის შესახებ, რომ გიდობაც კი გაგვიწია (იცინის). ძალიან უყვარს მწვადი და კახური ღვინო. ძალიან თბილად დამხვდნენ კახეთში. უცხო ადამიანები მაჩერებდნენ, მეფერებოდნენ და მლოცავდნენ. ამჟამად კი ისევ  გერმანიაში ვარ და ჩემს ახალ მენეჯერთან ერთად ალბომის გამოშვებაზე ვმუშაობ. ტურნეს ვგეგმავთ და სამომავლო გეგმებს ვსახავთ. თუმცა, პარალელურად, დასვენებას და გართობასაც ვასწრებ. ჩემი და ჩამოვიდა სტუმრად ბერლინში. გავიხსენეთ აფხაზეთში გატარებული ზაფხულის დღეები და ბევრი ვიცინეთ.
– რატომ იცინეთ?
– მოგეხსენებათ, სამეგრელოში, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჯახების უმრავლესობა თხილის ბიზნესზეა დამოკიდებული, წლიდან წლამდე თხილით ირჩენენ თავს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ზაფხულის ამ დროს, სამზადისი გვქონდა თხილის მოგროვებაზე. მე და ჩემი და-ძმა რომ მოვაგროვებდით გარკვეულ რაოდენობას, შემდეგ შეგვეძლო 2-3 კილოგრამი თხილი ჩვენთვისაც აგვეღო და იმით ნაყინი გვეყიდა. ეს იყო ჩვენი შრომის მოტივაცია (იცინის). მაღაზიები ჩვენგან შორს იყო, ამიტომ ველოდებოდით ყოველ ნაშუადღევს მენაყინეს, რომელსაც ძველი მოტოციკლით სოფელში ნაყინი დაჰქონდა და სანაცვლოდ, რადგან ფული არ გვქონდა, თხილს იბარებდა. ახლაც მახსოვს ის ხმა – ძველ მოტოციკლს განსხვავებული ხმა ჰქონდა, რომელსაც კილომეტრის მოშორებითაც კი ვცნობდი. გავიგებდი თუ არა ამ ხმას, მეც გავკიოდი მთელი ხმით – „მოდის, მოდის, გვიახლოვდება!“. ამით ვახარებდი და-ძმას და ისინიც გამორბოდნენ თხილით ხელში. ვერ აღვწერ, რა ბედნიერება იყო ჩვენთვის, ჯერ ლოდინის პროცესი და შემდეგ მაგნოლიის ხის ჩრდილში, ბედნიერი სახეებით, ნაყინების განაწილება. იცით, ასე მგონია, სწორედ მაშინ განმივითარდა იმედიანად ცხოვრების უნარი. მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა, რომ ბედნიერება მოდის, მოდის და ის ნელ-ნელა, იმ მენაყინის მოტოციკლივით გვიახლოვდება.
– ნათია, ახლახან ჩაწერე ახალი სიმღერა, რომელიც აფხაზ მეზობლებს მიუძღვენი. საიდან წამოვიდა იდეა და მათთან თუ გაქვს კავშირი? თუ მოისმინეს და რა გითხრეს?
– ალბომზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როცა ერთ-ერთმა უცხოელმა მუსიკოსმა ჩემი ბენდიდან, საკუთარი ძველი სიმღერა კლავიშზე დაუკრა, შემომიტრიალდა და მითხრა: ნათია, ეს სიმღერა ჩემს ქვეყანაზეა, მაგრამ, რაღაც ბოლომდე ვერ დავასრულე. ვფიქრობ, შენ მოგიხდებაო. დაახლოებით, ჩემი გრძნობები რომ გადმოგცეთ... აი, გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაცას სრულიად მოულოდნელად დაუბრუნდებით, თუნდაც წამით ბავშვობაში ხართ და შემდეგ ამ მონატრების განცდას ტირილამდე მიუყვანიხართ? აი, ასეთი განცდა მქონდა სტუდიაში, ეს მელოდია რომ ჩამესმა ყურში: უცებ გავჩნდი ბებია-ბაბუასთან, სოფელ თაგილონში, ბებო ბუხარში ლობიოს კაზმავდა და თავისთვის, ჩუმად, მაგრამ ულამაზესი სევდიანი ხმით „დიდოუდო ნანას“ მღეროდა. გარეთ წვიმდა. ბაბუას შეშა შემოჰქონდა – რეზინის დიდი ჩექმები ეცვა და წელზე ნანადირევი ეკიდა.... ეს ხომ სიგიჟეა, მაგრამ გერმანიის ერთ-ერთ მუსიკალურ სტუდიაში, თითქოს, მართლა ჩამესმოდა ბუხრიდან ლობიოს თუხთუხის ხმა,  ბებოს სიმღერა, ბაბუს ფეხის ხმა, ვგრძნობდი წვიმისა და სველი შეშის სუნს. იმ წამს ტირილამდე გამიჩნდა იქ დაბრუნების სურვილი. მოკლედ, იქვე სპონტანურად დავწერე ტექსტი და წავიღიღინე. იმ მუსიკოსსა და პროდიუსერს ძალიან მოეწონათ და ასე შეიქმნა სიმღერა – Georgia ინგლისურად, მაგრამ ბოლო მისამღერი – აფხაზურად და ქართულად. მადლობა მინდა ვუთხრა, აფხაზურად მისამღერის თარგმანისთვის სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორს – ბატონ დევი შონიას, რომელიც, ასევე, სოფელ თაგილონიდან გახლავთ. ალბომი შემოდგომაზე გამოვა, CD კი ჩემი ხელით გავუგზავნე ჩემს საყვარელ თანასოფლელებს აფხაზეთში.  იმედი მაქვს, მოუსმენენ და მოეწონებათ.
– გავიგე, გერმანელი შეყვარებული გყავს და მის გამო ვერ ჩამოხვედი დასასვენებლად საქართველოში. ეს თუ არის სიმართლე?
– გამიხარდებოდა, შეყვარებული რომ ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კითხვაზე, ჩემი პასუხია – არა (იცინის). მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემი სიყვარული სადღაც მელოდება.
– იმასაც ამბობენ, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ათასგვარი ხრიკით ცდილობენ შენი გულის მოგებას? ამასაც ხომ არ უარყოფ?
– არა, ამას არ უარვყოფ (იცინის). მწერენ ხოლმე „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქ-გვერდზე“, მიგზავნიან სახალისო ვიდეოკოლაჟს ჩემი ფოტოებიდან ან ინტერვიუებიდან, მიხატავენ ჩემს კარიკატურებს, ზოგი ლექსებს  მწერს...  დღესდღეობით, სამწუხაროდ, სოციალური ქსელია ადამიანებისთვის გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის საშუალება და შესაძლებლობა, რაც ასე მგონია, ყველაფერს ერთფეროვანს, უინტერესოს ხდის. ზოგჯერ ვფიქრობ, ძალიან გვიან გავჩნდი.
– აბა, როდის უნდა დაბადებულიყავი?
– ასე მგონია, 60-70-იან წლებში უნდა დავბადებულიყავი. აი, ნამდვილი როკენროლის დროში.
– აღიარე, რომ ცხოვრებაში, იმაზე მეტად გაგიმართლა, ვიდრე იოცნებებდი. გერმანიაში რომ არ წასულიყავი და საქართველოში დარჩენილიყავი, აქ რას გააკეთებდი, ამაზე გიფიქრია?
– ჩემს საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სადმე დავიწყებდი მუშაობას პროფესიით, რასაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში და ვიქნებოდი უბედური, რადგან მუსიკა ოცნებად დამრჩებოდა. 2019 წლის 28 აგვისტოს გახდება 3 წელი, რაც გერმანიაში ვარ. ასე მგონია, 2017 წლის 17 დეკემბერს, ხელმეორედ დავიბადე გერმანიის ქალაქ ბერლინში, The Voice-ის სცენაზე. მე ამ ქვეყანამ თავისუფლება მომცა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს მუსიკალურ განვითარებაში. ხშირად ვიხსენებ ხოლმე, ბავშვობაში, ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ჩემთან, სოფელ ნაბაკევში, ჩემი თანასოფლელები „ნემეცკას“ მეძახდნენ და კი ამოვყავი გერმანიაში თავი (იცინის).  აქ, გერმანიაში, რომ გაიგებენ, ქართველი ვარ, ბევრი გაოცებული მეკითხება: ქერა და ღია ფერის თვალებით, ქართველი ხარო?... მეც ვუხსნი, რომ დასავლეთ საქართველოში და ძირითადად, სამეგრელოში, უმეტესობა ქერა და ცისფერთვალება ვართ. ხშირად იმასაც მეკითხებიან, როგორია მუსიკალური შოუ-ბიზნესი საქართველოშიო და მე ვპასუხობ: რთული-მეთქი...
– ყველაზე მეტად, რა გენატრება შენს ქვეყანაში? ვიცი, გურმანი ხარ და თუ გიგზავნის დედა ტყემალს და ქართულ საკმაზებს?
–  დედაჩემს, მეგრელ ქალს, ტყემლის გამოგზავნა ეკადრება? (იცინის). რა თქმა უნდა, აჯიკასა და ყველს მიგზავნის – ვგიჟდები ისე მიყვარს აჯიკა და მეგრული სულგუნი. იმდენად მიყვარს მწარე, რომ ახალი ტატუ – წიწაკა მივიხატე ხელზე  და ბერლინში, ჩემს აივანზეც წიწაკა მომყავს. ისეთი კარგი მოსავალი მაქვს, ახლა ვფიქრობ: იქნებ, გერმანიაში აჯიკის გაკეთებაც დავამუღამო (იცინის).
– ვიცი, საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გაქვს და მათგან შორს ყოფნა გიჭირს. მაინც, რა გასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრებამ, რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად და ზოგადად, როცა გტკივა და დარდი გაწვება, რას აკეთებ?
– დამოუკიდებლობა ჩემთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, ვიყო თავისუფალი. ეს მეხმარება ვიყო ის, ვინც ვარ, ვაკეთო ის, რაც მინდა... ეს კი ბედნიერებაა. ბერლინში, ჩემს საძინებელში, საწოლის გვერდით მიდევს ჩემი ოჯახის ფოტო, რომელსაც ყოველ საღამოს, ძილის წინ ვეფერები, ვკოცნი და ვეუბნები – „ძილი ნებისა“!

скачать dle 11.3