№31 გია კორკოტაშვილი: რამდენ ხანს ვტიროდი, არ ვიცი – ეს სინანულისგან იყო
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: გია.
გვარი: კორკოტაშვილი.
პროფესია: მშენებელი, მომღერალი, მსახიობი.
– ბავშვობა...
– დაბადების შემდეგ, რაღაც პერიოდი, ბებოსთან ვიზრდებოდი სოფელში. მშობლები მუშაობდნენ და ვერავისთან დამტოვებდნენ. ბავშვობიდან სოფელი და ბებო მახსენდება ყველაზე კარგად. ბებიაჩემი რუსულის პედაგოგი იყო. თუშიშვილი მარი ნიკალაევნა - ასე მივმართავდით. ბებია გაკვეთილების გარდა კიდევ ბევრ რამეს მასწავლიდა, მჭიდრო კონტაქტი მქონდა ლიტერატურასთან, მეურნეობასთან. რომ გავიღვიძებდი, ჯერ მზის ამოსვლას მანახვებდა კავკასიონზე, მერე ბაღჩაში ჩავიდოდით და ჩემი ხელით მასინჯებდა რომელი ბოსტნეული იყო ამოსული. ბედნიერება, თუ რამეა, სწორედ იმ პერიოდთან ასოცირდება. სევდაც პირველად ბავშვობაში დავინახე. პირველ სექტემბერს სკოლაში უნდა წავსულიყავი და მამამ ჩამომაკითხა. მანქანიდან დავინახე, როგორ იდგა ბებია კართან ნაღვლიანი, მაშინ მივხვდი რა იყო სევდა.
– როგორია წარმატებული ადამიანი?
– ღმერთი აძლევს ყველა ადამიანს თავის ნიჭიერებასა და ტალანტს. ეს ტალანტი უნდა იპოვო და დაიწვა მასში. ვიცი მხატვრები, რეჟისორები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეზე ფიქრობენ და ჭამაც კი ავიწყდებათ. ადამიანმა უნდა იპოვოს ის, რითიც არის დაჯილდოებული ღვთისგან და მაშინ იქნება ცხოვრებით კმაყოფილი.
– რა გაღიზიანებთ?
– ზედმეტი ყველაფერი მაღიზიანებს. ტყუილი და ფარისევლობა არის ყველაზე ცუდი რამ. როცა ვიცი, ადამიანი ისე არ ფიქრობს, როგორც ლაპარაკობს, აი, ეს მაღიზიანებს. ამ ბოლო დროს სულ პოლიტიკოსებთან მაქვს საქმე და სულ მატყუარები არიან, ზუსტად იციან, პაუზა როდის გააკეთონ და სად რა თქვან.
– ბედისწერის გჯერათ?
– კი, მჯერა. ბევრი რამ მიგრძნია წინასწარ და შემდეგ ამხდომია. მიგრძნია, რომ ადამიანთან მეძაბება სიტუაცია და უნდა გავერიდო ან ხეპრულად დავრჩე და გამოვცადო. რამდენჯერაც დავრჩენილვარ და გამომიცდია, იმდენჯერ არ გამართლებულა, ანუ სწორი წინათგრძნობა მქონდა. თუ ღმერთს არ უნდა, როგორც არ უნდა იტრიალო, რა ენერგიაც არ უნდა დახარჯო, მაინც არ გამოვა. ამას ვამბობ ყოველთვის: არგამოსასვლელი საქმე არ გამოვა, რაც ღმერთს არ უნდა, ის არ გაკეთდება.
– რატომ გჯერათ ღმერთის არსებობის?
– ერთხელ სიონში ვიყავი, პატრიარქი გამობრძანდა და ათეისტი სტუდენტები შეხვდნენ. ერთ-ერთმა დაუსვა პატრიარქს შეკითხვა: ღმერთი თუ არსებობს, რატომ არ შეიძლება დამენახოსო. პატრიარქმა უპასუხა: აბა, ცოტა ხანს აიხედე და მზეს თვალები გაუსწორეო. ბიჭმა ამეწვებაო. პატრიარქმა მიუგო: რაც შექმნილია ღმერთისგან, მას ვერ უსწორებ თვალებს და ღმერთს იმხელა ბრწყინვალება და სიკაშკაშე აქვს, შეიძლება, ადამიანი გავიდეს მასში, მაგრამ იქაც ვერ ნახოს ღმერთიო. უფალი ძალიან ბევრ რამეს მარიდებს. ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, ერთსა და იმავე ადამიანს ერთი და იმავე გზის გავლის დროს ფეხი წამოუკრავს, მე ბევრჯერ ავურიდებივარ მსგავს რამეს. შეიძლება, ფეხი წამოკრულიც მაქვს, მაგრამ გამაჩერებდა ხოლმე. ჩვენთან, სახლში არავინ მუშაობს, ჰონორარებით ვართ და რთულია ასე ცხოვრება. სწორედ ამ დროს ხედავ ღმერთს. შეიძლება, იმდენად სასოწარკევთილებაში ჩავარდე, მასზე აუგიც თქვა, მაგრამ მაგასაც გპატიობს უფალი და გეუბნება, რომ უნდა მოითმინო, შენს მისაღებს მაინც მიიღებ.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– არავინაა, ვინც სულ ერთნაირად მოქმედებს. ყველა რაღაცას აშავებს, რაღაცას აკეთებს. თავად ტერმინები სიკეთე და ბოროტება სწორედ ამ ქმედების შედარებითობაა. არსებობს სიკეთე, არსებობს ბოროტება. აქედან მარტო ერთი ვერ იარსებებს, რადგან შედარების დონეზეა დაყვანილი.
– სიზმრების გჯერათ?
– კი, მჯერა. რამდენიმეჯერ ისეთი სიზმარი ამხდენია, ცოტა დაუჯერებელია. ის, რაც დამესიზმრა, ცხადად მაქვს ნანახი. კარგი არაფერი მოჰყოლია ამ სიზმარს. ხშირად არ მესიზმრება, მაგრამ როცა მსგავს სიზმარს ვნახულობ, თითქოს ხორციელად ვხედავ იმას, რაც სიზმარშია, მაშინ ვიცი, რომ აუცილებლად ამიხდება და ლოცვით ან რამეთი უნდა გადავიარო მასზე. პირველად, როცა დამესიზმრა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ახლა მოძღვართან მივდივარ ხოლმე და მირჩევს, რა უნდა გავაკეთო. ამ ყველაფერს ჩემს თავზე არ ვიღებ, რადგან კარგი არაფერი მოჰყვება.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული არის უსასრულობა. ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ შეუძლია ადამიანს სიცოცხლე. სიყვარული ბევრნაირია. ზოგს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე დაჰყავს, ზოგს – შვილის, ზოგსაც – ზოგადად, სიყვარულზე. ვიცი ადამიანები, რომლებიც ყველაფრით ბედნიერები არიან, თუნდაც იმით, რომ ბუნებას ეხებიან. მახსოვს კლასელები, რომლებსაც ხილი არ ჰქოდნათ ხიდან ნაჭამი. სოფელში წავიყვანე. ძალიან ბედნიერები იყვნენ და სწორედ, ბედნიერებაა სიყვარული. მის გარეშე ადამიანი ცოდოა და ის ხდება ჩაციკლული არსება, რომელიც მარტო ბოროტებაზე ფიქრობს. სიყვარულით ცხოვრობს ადამიანი, ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არა მგონია, თუ ქალ-ვაჟურ დონეზე განვიხილავთ, უფრო მერე აქვს, როცა ოჯახი იქმნება. ოჯახის გამო რაღაც უნდა დათმო. ჩემთვის ოჯახი ყველაზე წმიდაა.
– ოჯახის შექმნა აუცილებელია?
– კი, აუცილებელია. ქალისთვის აუცილებელია დედობა, მეუღლეობა, ერის გამრავლების მომენტი. ფიზიოლოგიურადაც – მარტო ქალი ან კაცი ცოდოა. მარტო დარჩენილები თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები ხდებიან და სხვაზე ზრუნვას არიან მოკლებულები. ოჯახი ერთი მექანიზმია, რომელშიც ყველა გაერთიანებულია და ჭიანჭველებივით ფუსფუსებენ.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– აუცილებელია. ქალი და კაცი ერთმანეთისთვისაა შექმნილი. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ დაარღვია ღვთის კანონი, უფალმა ჯვრისწერა ერთ-ერთ საიდუმლოდ დაუშვა. ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება ბედნიერი.
– ქალის გამო სიგიჟე ჩაგიდენიათ?
– ახალგაზრდობაში – კი, ყვავილები მომიპარავს. ადრე ტაბახმელას სათბურებში იყო ხოლმე ყვავილები, მაგრამ ღამის 12 საათზე ვერ იყიდდი. მე და ჩემი მეგობარი ავძვერით სათბურზე, გადავიპარეთ და წამოვიღეთ ყვავილები, რომლითაც გოგონას 12 საათზე მივულოცე დაბადების დღე.
– რას ეძებთ?
– არაფერს ვეძებ. ისეთ წლებში ვარ, ნატვრის თვალს აღარ ვეძებ. ბავშვობაში ვეძებდი. რეალობაში და ცხოვრებისეულ აბლაბუდებში რომ გავიხლართე, ნატვრის თვალის ძებნა შევწყვიტე. მინდა, ვიცხოვრო ჩვეულებრივი, ოჯახური წესით და აღარაფერს ვეძებ.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არა. არ შეიძლება. ზურგში დანის ჩარტყმას ვერ ვაპატიებ ვერავის. ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ზურგს უკან ისეთ ადამიანს იყენებ, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი. ასეთი ადამიანისგან კიდევ, დანის ჩარტყმა უპატიებელია.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ.
– ყველაზე დიდი რჩევა არის ის, რომ სიჩუმე ოქროა. ეს იყო უფროსი მეგობრის დარიგება. ქუჩაში რაღაც გაუგებრობა მოგვივიდა და მაშინ მითხრა ეს სიტყვები რუსულად. მართლაც ასეა. შენი აზრი ყოველთვის არ უნდა მოაფრქვიო, პაუზა უნდა გააკეთო და სხვას დაელოდო. მერე შეიძლება, მოცემულობა სულ სხვაგვარად წარიმართოს და ის ამბავიც სხვანირად დაინახო.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კი, ბევრჯერ. მეგობარი დამინდია, სხვებისთვის გადამიხდია, ხანდახან ზემდეტიც მომსვლია. ვერ ვარ ისეთი ქრისტიანი, მარცხენა ლოყაში, რომ გამარტყამენ, მარჯვენა მივუშვირო. თუ, მარცხენაში გამარტყამენ, მარჯვენაშიც გავარტყამ, მარცხენაშიც და ცხვირშიც ჩავარტყამ. პატარა ბიჭობაში მამლაყინწობისთვის ბევრჯერ მაქვს ნაჩხუბარი, მაგრამ რაინდულად, ძმაბიჭურად დამთავრებულა ყველაფერი. ბოროტულ საქციელებზე მართლა „მეკეტება“ და შემიძლია, ასეთ ადამიანს ცუდი გავუკეთო.
– შეგშურებიათ?
– კი. რომ ამბობენ, თეთრი და შავი შური არსებობსო, ეგ არის ტყუილი. შური არის შური. ის ყველა ადამიანშია, უბრალოდ, როგორ გასაქანს მისცემ, ეგაა მთავარი. კარგად მაცხოვრებელი ადამიანის შემშურებია, ვიღაცას რომ გაუმართლა, მაგრამ ეს ჩემში მომიკლავს, მომინანიებია და გასულა. ვიცი, ადამიანები შურით ცხოვრობენ. მადლობა ღმერთს, რომ მასწავლა – შურს თუ ვერ ერევი, შიგნით უნდა მოიკლა.
– ღალატობდით თუ გღალატობდნენ?
– ძალიან ბევრი ღალატი მაქვს ნანახი მეგობრისგან, ახლობლისგან და ასე შემდეგ. ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ მივეჩვიე, რომ ადამიანებზე დიდი ფსონი აღარ დავდო. შენ თუ ადამიანი გიყვარს, როცა ხედავ, შეცდომის დაშვებას იწყებს, აუცილებლად უნდა ჩაერიო და არ მისცე ამის უფლება. მე ვცდილობ, ვიყო ერთგული, ეს ერთ-ერთი დიდი თვისებაა ადამიანში.
– გიტირიათ?
– კი, სინანულისგან. ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ რომ დავიჩოქე, მაშინ ვიტირე და მაცხოვრის საფლავზე. ჩემდა უნებურად წამსკდა ცრემლები. რამდენი ხანი ვტიროდი, არ ვიცი. ეს იყო სინანულისგან.
– რას ემტერებით?
– უზნეობას. მაგალითად, „ელგებეტე“ წესით მაცხოვრებლებს, ბოროტ, შურიან კაცებს. ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ. ყველამ იცხოვროს ისე, როგორც უნდა, თავის უზნეობას თავზე ნუ მომახვევს და პროპაგანდას ნუ ეწევა. რომ ამბობენ, ნახე, რა დაქოქილი ტიპია, ყველა დროში კარგად იცხოვრაო. ასეთი კაცის არ მწამს. როგორ შეიძლება, ადამიანი ყველასთან ერთნაირად კარგად იყოს, არ მესმის.