№31 რამდენი და ჰყავდა თამარ მეფეს და რატომ არ იცოდა აქამდე საზოგადოებამ მათ შესახებ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
„სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული“ – ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ რუსთაველის ამ სტრიქონების გავლენის ბრალია, თამარი რომ ხალხს გიორგი მესამის ერთადერთი შვილი ჰგონია. სინამდვილეში კი, მას ორი და ჰყავდა.
ჯაბა სამუშია: თამარ მეფეს ორი და ჰყავდა. ისტორიაში მათ შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ეს ნაკლებადაა ცნობილი. ერთი და ქართულ წყაროებში, სხვადასხვა ეპიზოდში, საკმაოდ დადებითი და აღმატებული ფორმითაა მოხსენიებული. მას სახელად რუსუდანი ერქვა. ის იყო გიორგი მესამისა და ბურდუხან დედოფლის კანონიერი შვილი და თამარ მეფის ალალი და. ბასილი ეზოსმოძღვარი, რომლის კალამსაც ეკუთვნის „ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა“, გიორგი მესამის გარდაცვალებასა და გლოვაზე საუბრისას ამბობს, რომ იქ „იყო თამარ მაშინ, ვითარცა თვისს მამიდისა თანა, დითურთ თვისით, რომელსა რუსუდანვე მოაქვდა სახელად, რომლისათვის აწ დამაკლეს წინამდებარედ აწ მითხრობად, თუ რაოდენ მშვენიერება და თავდგმულობა იქმნა, ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა“. მემატიანე ბოდიშს უხდის მკითხველს, ბოლომდე კარგად ვერ დავწერე, თუ რა სიმშვენიერით და პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა რუსუდანიო. ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგში მემატიანის ტონი მკვეთრად იცვლება. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი აღწერს, თუ ვინ მიულოცა თამარს ლაშა-გიორგის დაბადება: „თïთ დედოფალმან რუსუდან და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, âელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭებად”. ლაშა-გიორგის მემატიანე რუსუდანის პიროვნულ თვისებებზე აკეთებს აქცენტს: „და ასული მამისა მისისა გიორგისა რუსუდან დედოფალი იყო ტკბილი და მოწყალე, ნუგეშინისმცემელი და შემხვეწელი გაჭირვებულთა. მზრდელი ჩვილთა და ობოლთა“.
კიდევ სხვა თვისებებსაც უსვამს ხაზს მემატიანე: „ხელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა“, ანუ ხელსაქმეს ეწეოდა და შემდეგ ეკლესიებსა და მონასტრებში აგზავნიდა. იგივეა ნათქვამი თამარზეც. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი იყო, მაინც თავისი ხელით გაკეთებულს სწირავდა მონასტრებს. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა შენაწირმა შემოინახა რუსუდანის სახელიც. ფხოტრერის მაცხოვრის ხატის ჩარჩოს წარწერა გვამცნობს, რომ თამარის და რუსუდანმა მამიდა რუსუდანის მიერ სიცოცხლეში დაწყებული ხატის მოკაზმვა დაასრულა და მონასტერს შესწირა.
რაც შეეხება მეორე დას, ის გახლდათ ხარჭისგან ნაშობი. გიორგი მესამეს გარკვეული პერიოდი რომანი ჰქონდა ერთ-ერთ ქალბატონთან, ვისთანაც ეს ქალიშვილი შეეძინა. ის იზრდებოდა სამეფო კარზე, მაგრამ სტატუსით განსხვავდებოდა როგორც თამარის, ასევე რუსუდანისაგან, მას ხარჭასაგან შობილად იხსენიებენ სახელის გარეშე. „ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა“.
ერთ კონტექსტში დამცინავად, სახელის გარეშე არის მოხსენიებული პიროვნება და მეორეგან იგივე ისტორიკოსი აღმატებულად მოიხსენიებს? ამიტომ ვფიქრობ, რომ ორ სხვადასხვა დაზეა საუბარი. ერთ იყო რუსუდანი და მეორე – ხარჭისგან ნაშობი, რომელიც შემდეგ მუტაფრადინს მიათხოვეს.
– ისტორიკოსებში არსებობს სხვადასხვაობა, საუბარია თამარის ორ თუ ერთ დაზე?!
– ქართველი ისტორიკოსი ჯემალ სტეფნაძე ამბობდა, რომ საუბარი იყო ერთ დაზე, რომ რუსუდან დედოფალი ის ხარჭისგან ნაშობი დაა, რომელიც შემდგომ არზრუმელ უფლისწულს გააყოლეს ცოლად. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ აქ მეფის ორ შვილზეა საუბარი. ერთი, რომელზეც ისტორიკოსები ძალიან დადებითად საუბრობენ და მეორე, რომელიც ხარჭისგანაა ნაშობი და რომლის სახელსაც არ ახსენებს ისტორიკოსი, მეტიც, მას სახედარს ადარებს. შეუძლებელია, ერთსა და იმავე ისტორიკოსს, ერთ ადგილას ბოდიში მოეხადა იმისთვის, რომ ვერ საუბრობს რუსუდან დედოფალზე და მის ზნეკეთილობაზე, მეორეგან კი იგივე ადამიანს სახედარს ადარებდეს.
მეცხრამეტე საუკუნემდე, „ვეფხისტყაოსნის“ გავლენით, ფიქრობდნენ, რომ თამარს და საერთოდ არ ჰყავდა და დედისერთა იყო. მას აიგივებენ თინათინთან. ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაში სტერეოტიპის შექმნაზე. ამიტომაც არსებობდა აზრი, რომ თამარი დედისერთა იყო, მაგრამ მეოცე საუკუნეში წყაროების ანალიზმა აჩვენა, რომ საუბარი არის თამარის დაზე და დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ თამარს ჰყავდა ერთი და. ამ მეცნიერთა აზრით, ხარჭისგან შობილი თამარის და, სწორედ, რუსუდან დედოფალია. მე მიმაჩნია, რომ რუსუდანი მეფის კანონიერი შვილია, რომელიც იზრდება მისსავე მოსახელე მამიდასთან, გიორგი მესამის დასთან – რუსუდანთან. სახელიც ნიშანდობლივია, რადგან გიორგი მესამე ძალიან დიდ პატივს სცემდა თავის დას, რომელიც საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რატომ ვერ შეიძლება, იყოს ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე, ეს ლოგიკაში არ ჯდება.
– არზრუმელი პრინცისთვის ხარჭისგან ნაშობი ქალის მითხოვებაც, ერთგვარად, მისთვის ადგილის მიჩენას ნიშნავდა.
– მუტაფრადინი მეფობის მაძიებლად ჩამოვიდა. მას უნდა, გახდეს საქართველოს მეფე, იმიტომ, რომ თამარის ქმარი ავტომატურად ხდებოდა საქართველოს მეფე. თამარი იყო მეფეთ-მეფე, მაგრამ ქმარსაც, დაახლოებით, იგივე სტატუსი ექნებოდა. მუტაფრადინი არის არზრუმის პრინცი. არზრუმი პატარა სახელმწიფო იყო საქართველოს სამხრეთით, რომელიც მუდმივად განიცდიდა საქართველოსგან აგრესიას, ქართველი მეფეები ცდილობდნენ თავის გავლენის გავრცელებას არზრუმზე. შესაბამისად, საქართველოს სამეფო კარმა არ დაუშვა, რომ საქართველოს მეფე არზრუმელი პრინცი გამხდარიყო. მეტიც, ცოტა შეურაცხმყოფელად ჩათვალეს ის ფაქტი, რომ მან საქართველოს დედოფალზე მოიწადინა დაქორწინება და შესაბამისად, საქართველოს მეფობა.
არზრუმელი პრინცის სურვილი, თამარის ქმარი გამხდარიყო, მისი მხრიდან, ძალიან ამბიციური იყო. ამიტომ პატივით კი მიიღეს, მაგრამ მისთვის რომ „თავისი ადგილი მიეჩინათ“, ხარჭისგან ნაშობი შერთეს ცოლად. ამით მიანიშნეს, თუ რა იყო მისი სტატუსი. „და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკმანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი âამდა“, – გვამცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. ანუ თუ საულმა ვირების ძებნაში მეფობა იპოვა, ამან მეფობის ძებნაში ის იპოვა, რაც საულმა დაკარგაო. პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ, ფაქტობრივად, ვირს ადარებს (თამარის დას), თუმცა ძალიან კულტურულად, რადგან ის მაინც მეფის შვილი იყო. დაუკვირდით, ამ შედარებას აკეთებს მემატიანე, რომელსაც მერე, ცოტა ქვემოთ, აღმატებული ტონით მოთხრობილი აქვს რუსუდან დედოფალზე, თამარის დაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ თამარს ჰყავდა ორი და.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პატარა რუსუდანის დედა, ბურდუხან დედოფალი მის მშობიარობას გადაჰყვა. ამიტომაცაა, რომ ის, თამართან შედარებით, წლოვანებით მნიშვნელოვნად პატარაა. ის ყოველთვის იხსენიება მამიდამისის გვერდით. მათ შორის 1192 წელს, როცა ლაშა-გიორგი დაიბადა, ის ისევ მამიდას გვერდითაა და ასაკით პატარაა.