№31 როგორი დახვედრა მოუწყვეს მოსკოველ ინკოგნიტო რევიზორს თბილისელმა მილიციელებმა
გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1976 წლის 3 სექტემბერია, ის ისტორიული დღე, როდესაც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ერევნის „არარატს“ სამით ნული მოუგეს და პირველად დაეუფლნენ საბჭოთა კავშირის თასს. მე რაიონულ მილიციაში ვმუშაობდი. დილიდანვე ფეხბურთის საყურებლად ვემზადებოდი, რომელიც მოსკოვში, საღამოს იწყებოდა. ქალაქის სამმართველოს უფროსმა უთენია დაგვირეკა და გვითხრა:
– იცოდეთ, მოსკოვიდან ინკოგნიტოდ ჩამოდის სამინისტროს რევიზორი და ყველა თანამშრომელი გააფრთხილე, რომ წესიერად მოიქცნენ. ვინმეს თუ დააკავებენ, არ სცემონ და კორექტულად მოექცნენ. საღამოს შეგეხმიანებითო.
იგივე უთხრეს თბილისის მილიციის დანარჩენი რაიონების თანამშრომლებსაც, თან დაჰპირდნენ: როგორც კი ჩვენი მოსკოველი მეგობარი გაარკვევს და გვაცნობებს, რევიზორის ვინაობასაც შეგატყობინებთო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც კი ფეხბურთი დასრულდა, ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ჩვენმა მორიგე ჯგუფმა სასტიკად ნაცემი ვინმე არმენ პეტროსიანი მოათრია განყოფილებაში. ის მაშინვე საკანში ჩააგდეს. მორიგემ კი მითხრა:
– უფროსო, ეს დედააფეთქებული იმ დროს დავიჭირეთ, როდესაც სასტუმრო „საქართველოს“ კედელზე ცარცით წერდა – „ძირს თბილისის „დინამო!“
სომეხი „მწერალი“ კედელზე გაუსვ-გამოუსვიათ მილიციელებს და ამგვარად წაუშლიათ წარწერა.
ცოტა ხანში ისევ სამმართველოს უფროსმა დამირეკა, „დინამოს“ გამარჯვება მომილოცა და მითხრა:
– მოსკოველი ინსპექტორი პოდპოლკოვნიკი არმენ პეტროსიანია. სომეხია მაგრამ „რიჟა“ (წითური) და აბა, თქვენ იცითო.
ამ სიტყვების გაგონებაზე ტანში გამცრა, რადგან ჩვენს საკანში მჯდომი საფეხბურთო ხულიგანი არმენ პეტროსიანი იყო, თანაც წითური და სწორედ ის აღმოჩნდა მოსკოველი ინკოგნიტო რევიზორი. „რიჟა“ ხულიგანი უმალვე გამოვუშვი. გამოვეცნაურე და ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, მაგრამ მან დამასწრო და მითხრა:
– იმედია, ეს ინციდენტი ჩვენ შორის დარჩება და მოსკოვს არ შეატყობინებთ. სამაგიეროდ, საუკეთესო დასკვნას დავწერო.
შეთანხმება შედგა. რევიზორი ფორმაში მოვიყვანეთ. შემდეგ ისე გამოვათვრეთ რესტორან „არაგვში“, რომ „დინამოს“ სადღეგრძელოს ყანწებით სვამდა.“
ნიკა ლაშაური