კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 გრიბოედოვის აკლდამაში დიდი რაოდენობის ბრილიანტები აღმოჩნდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ტურისტული ჯგუფი
  1966 წლის ივლისის დასაწყისში საბჭოთა კავშირში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა. მის შემადგენლობაში 25 ადამიანი იყო და მათ საბჭოეთში ოთხი კვირა უნდა გაეტარებინათ. ორი კვირა რუსეთში უნდა ემოგზაურათ, ერთი კვირა ამიერკავკასიის დათვალიერებაში გაეტარებინათ, ერთი კვირა კი  ბიჭვინთაში, საქართველოს ამ ზღაპრულ შავიზღვისპირა კურორტზე დაესვენათ. როგორც ეს კომუნისტურ საბჭოეთში იყო დანერგილი, საზღვარგარეთულ დელეგაციას გიდობას „კაგებეს“ თანამშრომლები უწევდნენ, რომლებიც ძირითადად, ზედამხედველების ფუნქციას ასრულებდნენ.  საბჭოთა უშიშროებას რომ არაფერი გამორჩენოდა, გარდა ექსკურსიების დროს თვალთვალისა, ამერიკელი ტურისტების სასტუმრო ოთახებში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული და მათ ლაპარაკს იწერდნენ. შემდეგ კი შიფრავდნენ და საეჭვო გარემოების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს იღებდნენ. ამერიკულ დელეგაციაში 50 წლის ლოს-ანჯელესელი სურენ სარქისიანიც იყო, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულ ენას და კომუნიკაბელურობითაც გამოირჩეოდა.
სრული დოსიე
  სურენ სარქისიანის აქტიურობა არ გამოჰპარვიათ „კაგებეს“ გამოცდილ გიდებს და ამის შესახებ კონტრდაზვერვას შეატყობინეს. ცენტრში, „ლუბიანკაზე“, სადაც საბჭოთა მოქალაქეების დოსიეებთან ერთად უამრავი უცხოელის დოსიეც ინახებოდა, მოიძიეს სურენის მამის, სარქის სარქისიანის დოსიეც, რომელიც 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების მერე, ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. სარქისი მაღალი კლასის იუველირი იყო და „ჩეკას“ მისგან მნიშვნელოვანი რაოდენობის ძვირფასეულობა ჰქონდა ექსპროპრირებული. „კაგებეს“ ანალიტიკოსებმა გიდების პატაკები და სურენის მამის დოსიე გააანალიზეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სარქისის შვილი საბჭოთა კავშირში მამის მიერ გადამალული ძვირფასეულობის საძებნად იყო ჩამოსული. ამიტომ, მას უკვე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს და ამ საქმისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები მიუჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ სურენს არც რუსეთში აცილებდნენ თვალს, კონტრდაზვერვაში დარწმუნებულები იყვნენ, მთავარი მოვლენები საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში უნდა განვითარებულიყო. ამიტომ, სურენ სარქისიანის შესახებ ცენტრმა საქართველოს „კაგებეს“ აცნობა და ამ ოპერაციაში ქართველი „ჩეკისტებიც“  ჩაერთნენ. ამერიკელ ტურისტთა ჯგუფი თბილისში 17 ივლისს ჩამოვიდა. ისინი რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „ინტურისტში“ დააბინავეს. ამასთან, ტოტალური თვალთვალი გრძელდებოდა.
კერძო ვიზიტი
  ამერიკელთა ტურისტულ ჯგუფს ძალიან გადატვირთული პროგრამა ჰქონდა და დილით რომ გადიოდნენ, სასტუმროში ღამით ბრუნდებოდნენ. სურენ სარქისიანი მხოლოდ პირველ დღეს გაჰყვა ჯგუფს ექსკურსიაზე. მეორე დღეს კი შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. შუადღეს კი სურენი ფოტო და კინოკამერაჩამოკიდებული გამოვიდა სასტუმროდან და თბილისის ქუჩებს დინჯად გაუყვა. ტურისტი ფოტოებს უღებდა შენობებს, თან ყველაფერს კინოფირზე აფიქსირებდა. სურენი ფეხით აუყვა მთაწმინდას და კინო და ფოტოგადაღება განაგრძო. შემდეგ ფუნიკულიორზე ტრამვაით ავიდა და თბილისი ზემოდან გადაიღო. ბოლოს პანთეონისკენ დაეშვა და ერთი საათის განმავლობაში იღებდა  ცნობილი ადამიანების საფლავებს. ბოლოს ისევ ფეხით ჩავიდა რუსთაველის გამზირზე, ტაქსი გააჩერა და ავლაბარში გაემგზავრა. სურენ სარქისიანის მთელ ამ ვოიაჟს, რა თქმა უნდა, ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს კონტრმზვერავთა ჯგუფები. ავლაბარში სურენი ვინმე აშოტ ბაგდასარიანს ესტუმრა. იქ ნახევარი საათი დაჰყო და სასტუმროში დაბრუნდა. „კაგებემ“ ბაგდასარიანის დოსიე შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ის სურენის მამიდაშვილი იყო. კონტრდაზვერვამ მასზეც დააწესა თვალთვალი და მისი ტელეფონის მოსმენასაც შეუდგნენ. თუმცა, მის მოქმედებასა და საუბარში ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, კონტრდაზვერვაში ფიქრობდნენ, რომ ამერიკელი ტურისტი რაღაც კომბინაციას ათამაშებდა და მთელი „კაგებე“ ფეხზე დადგა.
ბრილიანტის აკლდამა
  1966 წლის 24 ივლისს კონტრდაზვერვა  ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. ავლაბარში აშოტ ბაგდასარიანს უთვალთვალებდნენ, რომელიც სახლიდან არ გამოდიოდა, სურენ სარქისიანი კი თავის ნომერში იყო გამოკეტილი და მეძავ გოგონას, ეგრეთ წოდებულ, „პუტანკას“ მასპინძლობდა, რომელიც „კაგებესთან“ იყო დაკავშირებული და ამერიკელი ტურისტის გაკონტროლება ევალებოდა. პარალელურად, კი ალექსანდრეს ბაღთან დახურული მიკროავტობუსი იყო გაჩერებული, რომელშიც მოსასმენი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და კონტრმზვერავები ყველაფერს ისმენდნენ, რაც ამერიკელის ნომერში ხდებოდა. იქ კი მგზნებარე სექსისთვის დამახასიათებელი ხმები ისმოდა, თანაც განუწყვეტლივ. ამან უშიშროების თანამშრომლები დააეჭვა. ისინი ფარულად შეიპარნენ სარქისიანის ნომერში და გაოგნდნენ: „პუტანკას“ ღრმად ეძინა და აშკარა იყო, რომ ამერიკელმა მას სასმელში დასაძინებელი წამალი ჩაუყარა. ჩართული იყო მაგნიტოფონი, რომელზეც მგზნებარე სექსის ხმები იყო ჩაწერილი. თავად სურენ სარქისიანი კი არსად ჩანდა, აშკარა იყო, მოთვალთვალეებს გაეპარა. ატყდა განგაში და ღამის 2 საათზე აშოტ ბაგდასარიანი დააკავეს და მუქარის ქვეშ გამოტეხეს, რომ მან ვინმე სამველ კარაპეტიანს გადასცა სარქისიანის დანაბარები, რომ 24 ივლისს, ღამის 2 საათზე მთაწმინდის პანთეონში მისულიყო. გაირკვა, რომ ამ ინფორმაციის გადაცემა ტელეფონით  მანამდე მოხდა, სანამ კონტრდაზვერვა მას მოუსმენდა. სამველ კარაპეტიანი მეზღვაური იყო და ხშირად დადიოდა შორეულ ნაოსნობაში. კონტრმზვერავთა ოპერჯგუფები სასწრაფოდ გადაისროლეს მთაწმინდის პანთეონში და ღამის 3 საათსა და 30 წუთზე ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის აკლდამაში მათ სურენ სარქისიანი და სამველ კარაპეტიანი დააკავეს, რომელთაც 350 ათასი მანეთის ღირებულების ბრილიანტები აღმოაჩნდათ, რომელიც სურენის მამამ, სარქისმა დამარხა 1921 წელს, საქართველოდან ემიგრირების წინ და აკლდამის მიწაში 45 წლის განმავლობაში იყო დაფლული. როგორც დაკითხვაზე გაირკვა, ბრილიანტები შეერთებულ შტატებში კარაპეტიანს უნდა ჩაეტანა ერთ-ერთი რეისის დროს და თავადაც იქ უნდა დარჩენილიყო. კარაპეტიანსა და ბაგდასარიანს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სურენ სარქისიანი კი ბრილიანტების გარეშე გააძევეს საბჭოთა კავშირიდან.


скачать dle 11.3