№31 „კრიმინალური“ სიყვარული
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #27-30(969)
დაღლილი დივანზე წამოწვა. შუქიც არ აუნთია. ხელები თავქვეშ ამოიდო და შეეცადა, იმ კითხვაზე ეპოვა პასუხი, რამდენიმე დღის განმავლობაში რომ აწვალებდა – უყვარდა თუ ებრალებოდა ეს გოგო, ცხოვრებამ საშინელი გამოცდა რომ მოუწყო... ფეხმძიმედ, ალბათ, დათოსგან არის. თუ მის სიტყვებს დავუჯერებ, ეს ამბავი მარტო მე ვიცი. საინტერესოა, რატომ არ უთხრა საქმროს? ახლა როგორ უნდა მოვიქცე, ვთქვა, რომ ბრალდებული ფეხმძიმედ არის? იქნებ, ამით მოსამართლის განწყობა შევარბილოთ და პირობითს დასჯერდეს... როგორ დავუშვი, რომ ეს გოგო გულში ასე ღრმად შემოსულიყო. მეცოდება თუ მიყვარს? მეცოდება! არა, მიყვარს... მიუხედავად ყველაფრისა, ისეთი მზერა აქვს... ნამდვილი ანგელოზია. ვერავინ დამაჯერებს, რომ მომაკვდავი ადამიანის მიტოვება შეეძლო. მით უმეტეს, უმწეო ქალის. თან, თვითონაც ორსულად ყოფილა... მივიდე დათოსთან და ვუთხრა, რომ გვანცა მისგან ბავშვს ელოდება? როგორმე სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ეს ის შემთხვევაა, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. მგონი, აჯობებს, დათომ არაფერი იცოდეს. უნდა დავადგინო, ვინ იჯდა საჭესთან. თუმცა, მე ვხვდები, ვინც იჯდა და ეს როგორმე უნდა დავამტკიცო. ფაქტები მჭირდება... – ახალგაზრდა გამომძიებელმა სიგარეტს მოუკიდა. საფერფლე ხელის ფათურით მოძებნა და გულაღმა მწოლიარემ მკერდზე დაიდო. გვიანობამდე ფიქრობდა და ეწეოდა. თვალწინ გვანცას გაფითრებული, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი სახე ედგა...
გადაწყვეტილება გამთენიისას მიიღო, როცა ირიჟრაჟა და დილის სუსხმა კანი დაუბუსუსა. სარისკო იყო, მაგრამ ცდად ღირდა. ეს ერთადერთი და ყველაზე რეალური გზა ჩანდა, გვანცას ციხიდან გამოსახსნელად.
***
გრიგოლმა ფინჯანი დადგა და ფანჯარაში გაიხედა. წვიმამ გადაიღო. სველი ბალახისა და მიწის სუნმა გუნება გამოუკეთა. სასადილო ოთახში დემნა შემოვიდა.
– ადრე ამდგარხარ. მიდიხარ სადმე?
– ჰო. სასაფლაოზე ვარ მისასვლელი. ხელოსნები და მოქანდაკე მყავს დაბარებული.
– კმაყოფილი ხარ?
– საცხობის ამბავს გულისხმობ? – დემნამ ბოროტად ჩაიცინა, – მე არაფერ შუაში ვარ. ალბათ, უბრალო დამთხვევაა.
– როგორ არა, დავიჯერე. დემნა, იქნებ სასამართლოს ვაცადოთ თავისი საქმე გააკეთოს?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– გააკეთოს მერე. ხელის შეშლას არ ვაპირებ. დავესწრები და ვნახავ, როგორ მიუსჯიან ციხეში დალპობას არარაობას, რომელმაც ყველაფერი წამართვა. ისიც ყველაფერს დაკარგავს – ამას მე ვპირდები. ისე არ იქნება, რომ მიუსაჯეს და მორჩა...
– შვილო, მაშინებ. მართალი ხარ, უბედურება მოხდა, დიდი ტრაგედია და დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. თუ მხოლოდ შურისძიებაზე იფიქრებ, ძალიან გაგიჭირდება.
– ვიცი, მაგრამ მე უკვე ძალიან მიჭირს. ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ, თუ ყველა დამნაშავეს საკადრისი არ მიეზღვება. მეკითხები, კმაყოფილი ვარ თუ არა იმ ქალის მამას საცხობი რომ დაეწვაო? დიახ, კმაყოფილი ვარ. თუ როდესმე გამოვა ციხიდან, უკანასკნელი მათხოვარივით უნდა იცხოვროს. არც სახლი უნდა ჰქონდეს და არც გულშემატკივარი ჰყავდეს, ვინც პურს მოუტეხავს. მამაჩემო, გირჩევ, თუ მხარს არ მიჭერ ამ საქმეში, ხელს მაინც ნუ შემიშლი.
***
ნიკა მიხვდა, რომ ნელ-ნელა სულ უფრო რწმუნდებოდა თავის ეჭვებში. საჭესთან გვანცა კი არა, ვიღაც სხვა იჯდა და დიდი ალბათობით, დათო. განა რა სიყვარული ჰქონდა ამ გოგოს მის მიმართ, რომ თავგამოდებით აფარებდა ხელს, ჯიუტად დუმდა და მზად იყო, დანაშაულის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე აეღო. ამ თავგანწირვამ სრულიად უანგარო, ბავშვურად გულწრფელმა გრძნობამ ჯერ გააოცა, მერე საგონებელში ჩააგდო. „იქნებ, დათო დაჰპირდა, რომ სასამართლო დარბაზიდან გამოიყვანს? გამორიცხული არაფერია, მაგრამ ასეც რომ იყოს, რისი იმედი შეიძლება, ჰქონდეს? დაზარალებული, ანუ გარდაცვლილი ქალის პატრონები ისეთი ძლევამოსილები ყოფილან, მოსამართლეს ყველაფერს გააკეთებინებენ...“ გადაწყვიტა, გაეგო, რომელ მოსამართლეს დააკისრებდნენ საქმეს და დალაპარაკებოდა, მაგრამ მეორე დღეს თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
გარდაცვლილის საქმროს იქ მიაგნო, სადაც ფიქრობდა, რომ იქნებოდა. დემნა მოღუშული აძლევდა მითითებებს მოქანდაკეს. ესკიზზე რაღაცას აჩვენებდა და უხსნიდა... გამომძიებელს გოროზად შეხედა.
– ჩემთან გაქვთ საქმე?
– დიახ. დემნა ხართ, ხომ ასეა?
– ასეა, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით, ჩემგან რა გინდათ? ან ვინ გითხრათ, რომ აქ ვიქნებოდი?
– გამომძიებელი ვარ, თქვენი საცოლის საქმეზე.
დემნა ჩაფიქრდა. გამომძიებელი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, ესკიზები მოქანდაკეს მიაჩეჩა და ნიკას მიუახლოვდა.
– რა ხდება? – ჰკითხა მკაცრად.
– უნდა დაგელაპარაკოთ.
– კარგი, წავიდეთ. აქ ახლოს პატარა რესტორანია, წყნარი ადგილია. ხელს არავინ შეგვიშლის.
რესტორნამდე მთელი გზა ფეხით გაიარეს, ორივე დუმდა. სამგლოვიარო სიჩუმე დამთრგუნველად მოქმედებდა ნიკაზე. რამდენჯერმე წაიბორძიკა კიდეც. რესტორანში დემნას ყველა იცნობდა. მოწიწებით მიესალმნენ და დიდი ტერასის ბოლოში მდგარი მაგიდისკენ გაუძღვნენ.
– ჩვენ აქ ხშირად მოვდიოდით. ნენეს უყვარდა ეს ადგილიც და ამათი მომზადებული სალათა ყველით. ხომ არ გასინჯავდით? ნიკამ თავი დაუქნია. დემნამ ოფიციანტი მოიხმო, რაღაც ჩაულაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა.
– აბა, გისმენთ...
– გადაწყვიტეთ, ძეგლი დაუდგათ? – მოულოდნელად ჰკითხა ნიკამ, – ძალიან გიყვარდათ? ლამაზი ყოფილა, სურათები ვნახე.
– ჰმ, სურათებით ვერ მიხვდებით, როგორი იყო სინამდვილეში. რა მითხარით, ვინ ვარო? თუმცა, ჰო... გამახსენდა, გამოძიებელი. ნიკა, არა? რა გინდათ ჩემგან, გამომძიებელო ნიკა.
– თქვენი დახმარება მჭირდება.
დემნამ გაოცებით ასწია წარბები.
– მე რაში უნდა დაგეხმაროთ. გამოძიება დასრულებულია, ჩემი ნენესა და ჩემი შვილის მკვლელი ციხეში ზის და საკადრისსაც მიიღებს. დიდი იმედი მაქვს, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯიან. ხომ მეთანხმებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
– დიახ და საქმეც მაგაშია. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ ზის ციხეში.
– რა? ამით რისი თქმა გინდათ?
– მოითმინეთ დემნა და შეეცადეთ, სწორად გაიგოთ, რასაც ახლა გეტყვით, მე გამომძიებლად მუშაობის არც ისე დიდი სტაჟი მაქვს, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვიცი. მკვლელებიც მინახავს, თაღლითებიც, ადამიანებშიც ვერკვევი... მოკლედ, თქვენი საცოლე იმ გოგოს არ მოუკლავს, – ნიკამ ღრმად ამოისუნთქა და გაჩუმდა.
დემნა შეიჭმუხნა, გამომძიებელს წარბებს ქვემოდან უყურებდა და თითებით სიგარეტის ნამწვს აწვალებდა.
– ნიკა... ხომ ნიკა გქვია და არ მეშლება, – მძიმედ წარმოთქვა ბოლოს, – პირდაპირ მითხარი, რისთვის გამომეცხადე და რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
– ჰო, მესმის, ძნელია თქვენთვის ამის მოსმენა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანი ნამდვილი დამნაშავის დასჯაა და არა უდანაშაულო მსხვერპლის.
– მერე, ვინ არის უდანაშაულო მსხვერპლი? ჰა, ჰა, ჰა, ყოჩაღ, მაგარი გამომძიებელი ხარ! იმ ძუკნამ საყვარელი ქალი მომიკლა... ნენე ყველაფერი იყო ჩემთვის და ბავშვი? ჩემი შვილი, რომელიც არც კი მინახავს...
– გვანცა არ მჯდარა საჭესთან. გვანცა არ დასჯახებია ნენეს – თქვენს საცოლეს. ის, უბრალოდ, იმ მანქანაში იჯდა.
– დამცინით?
– არა. მარტივი არ არის ამის გაგება, მაგრამ შეეცადეთ, ფაქტებს ისე შეხედოთ, როგორც მე ვხედავ. გვანცა, სავარაუდოდ, ნამდვილ მკვლელს აფარებს ხელს. სიმართლეს არ ამბობს.
– ეს უკვე მისი პრობლემაა.
– არა, ჩვენი პრობლემაც არის, – შეეკამათა ნიკა.
– ვისი „ჩვენი“? – ირონიულად ჩაიცინა დემნამ, რაღაც გეშლებათ, ძვირფასო გამომძიებელო, ეგ ძუკნა ჩემი პრობლემა ვეღარ იქნება და თუ ვიღაცას ხელს აფარებს, მით უარესი მისთვის.
– არა, არა... თქვენ რა, მართლა ასე ფიქრობთ? მართლა სულერთია, ციხეში ნამდვილი დამნაშავე იჯდება თუ არა?
– რა მნიშვნელობა აქვს, საჭესთან იჯდა თუ არა, მანქანაში ხომ იყო, ხომ დაუშვა, უდანაშაულო ქალი სისხლისგან დაცლილიყო?! ტყუილად კარგავთ დროს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორც საჭესთან თავად რომ მჯდარიყო.
– ანუ, იჯდეს ციხეში, მკვლელმა კი გარეთ თავისუფლად ისეირნოს და წარმატებული კარიერაც გაიკეთოს?
– კარიერა გაიკეთოს? არა, ამას არ დავუშვებ, ვინც იმ მანქანაში იჯდა, ყველას ჯოჯოხეთად ვუქცევ ცხოვრებას, მაგრამ საიდან ვიცი, რომ მართალს ამბობთ? იქნებ, ვინმემ მოგისყიდათ, რომ ის კახპა ციხეს გადაარჩინოთ. რატომ უნდა გენდოთ?
– ნდობის საკითხი საერთოდ არ დგას. არც არავის მოვუსყიდივარ. არ მინდა, ნამდვილი მკვლელი კომფორტით ტკბებოდეს, უდანაშაულო კი მარტო იმიტომ ისჯებოდეს, რომ უყვარს და თავისი სიყვარულის ერთგულია.
დემნამ გამომძიებელს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– არ ვიცი. უნდა დავფიქრდე, მაგრამ ყველაფერი გულახდილად უნდა მომიყვე. თუ შევამჩნიე, რომ მოტყუებას ცდილობ, ცუდად დაამთავრებ, თანაც, არა მარტო ჩვენს შეხვედრას. არ გირჩევ ჩემს გრძნობებზე თამაშს.
– არც ვაპირებ. მოკლედ მოვყვები საქმის დეტალებს და დამატებით იმას, რამაც მე საფუძვლიანი ეჭვები გამიჩინა. თქვენს საქმეში, უფრო სწორად, თქვენი საცოლის ავარიის საქმეში გარდა გვანცა სანებლიძისა, კიდევ ერთი პირი ფიგურირებს – დავით დავითაძე.
– მოიცა, დავითაძე... ეს გვარი და სახელი მეცნობა. გავიფიქრე კიდეც, რა გოიმობაა, როცა კაცს სახელი და გვარი ერთი აქვს-მეთქი. მაგრამ ვერ ვიხსენებ, ვინ არის.
– საქმის პროკურორი.
– რა? – დემნა შესამჩნევად ანერვიულდა.
– დიახ. არ მოგესმათ. მთავარმა პროკურორმა საქმე სწორედ მას დააწერა.
– ანუ, ეს ის ტიპია, რომელიც ჩვენ მთავარი პროკურორის კაბინეტში ვნახეთ?
– დიახ.
– რა კავშირი აქვს ბრალდებულთან? – წარბი შეიკრა დემნამ.
– გვანცა სანებლიძე ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილია დანაშაულში, – ფრთხილად შენიშნა ნიკამ, – ბრალდება კი სწორედ მაგ დავითაძემ უნდა წარუდგინოს.
– მერე?
– ჩემი თხოვნა იქნება, ემოციის გარეშე გავაგრძელოთ საუბარი.
– ჭკუას მარიგებთ? – ჩაიცინა დემნამ და ტუჩზე იკბინა.
– არა, მე ვფიქრობ, ჩვენ გვესმის ერთმანეთის და თქვენზე მიღებული შთაბეჭდილება, პირველ ეტაპზე მცდარი იყო.
დემნა გაფითრდა.
– საინტერესოა, პირველ ეტაპზე რა იფიქრეთ ჩემზე. თუმცა, ვხვდები, ზუსტად ის, რასაც ძირითადად ფიქრობენ ხოლმე ჩემზე, – მშობლების ნებიერა, თავზეხელაღებული და უზრუნველი ცხოვრებისგან თავგასული ეგოისტი. არ მწყინს, იმიტომ, რომ ასეთი ნამდვილად ვიყავი, ნენემ შემცვალა. თქვენ გყვარებიათ?
გამომძიებელმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არა. უფრო სწორად, არ ვიცი, შეიძლება ახლა ვარ შეყვარებული.
– დამიჯერე, როცა შეყვარებული იქნები, ეჭვი არ შეგეპარება ამაში. მე ახლა ერთი სურვილით ვცხოვრობ – შური ვიძიო ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც სიყვარული მომიკლა.
– შურისძიებას სიმშვიდე არ მოაქვს.
– მე არც მინდა სიმშვიდე, რადგან ის უკვე ფუფუნებაა ჩემთვის.
– ანუ, იქნებით ჩემს მხარეს სიმართლის ძებნაში?
– გააჩნია, თქვენთვის სიმართლე რა არის.
– სიმართლე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს.
დემნამ ამოიოხრა.
– რა გინდათ ჩემგან, რას მთხოვთ.
– დამეხმარეთ. უკვე გითხარით ჩემი ვერსია, რომ საჭესთან სხვა იჯდა და ეს სხვა ამ საქმის პროკურორია.
– ხვდებით, რას ამბობთ? პროკურორმა, რომელმაც სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა უნდა მოითხოვოს ბრალდებულისთვის, თავად არის მკვლელი? თუ ეს ასეა, რატომ არის ჩუმად ის ქალი? სულელია?
– სიყვარული... – ჩაილაპარაკა ნიკამ.
– რა?
– ჰო, სიყვარული... უყვარს კაცი, რომელიც ამ გრძნობას თავის სასარგებლოდ იყენებს.
– მე ასე ვერ ვიტყოდი. ხომ ამბობთ, რომ მანქანაში ორივე ერთად იჯდა. ერთმა დააჯახა ნენეს მანქანა, მეორემ კი მშვიდად მიიღო ეს ამბავი. არ აიძულა დამნაშავე, ეშველა დაშავებულისთვის. არ გადახტა მანქანიდან და არ გადაარჩინა. ერთი საათით ადრე რომ მისულიყო სასწრაფო, ჩემი ნენეც გადარჩებოდა და ჩემი შვილიც. ამიტომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, საჭესთან იჯდა თუ არა. მანქანაში ხომ იყო? თქვენი კი მადლობელი ვარ. ახლა უკვე ვიცი, კიდევ ერთი ადამიანი მყავს გასანადგურებელი. ოღონდ ჯერ ის გააკეთოს, რასაც მთავარი პროკურორის კაბინეტში დაგვპირდა, მერე მივხედავ.
– ის არაფერს იტყვის, გვანცასაც ვერაფრით მოვუძებნე გასაღები, იქნებ, ერთად შევძლოთ, სიმართლეს ფარდა ავხადოთ.
დემნამ შუბლზე მოისვა ხელი.
– კარგი. დაგეხმარები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გვანცა მეცოდება ან რამეს გავაკეთებ მისთვის. დამნაშავეა და პასუხსაც აგებს. მაგრამ თუ თანამზრახველი ჰყავდა, სასჯელის სიმძიმე მანაც უნდა გაიზიაროს. რა გჭირდებათ.
ნიკას შუბლი გაეხსნა.
– ყველაზე მთავარი – სრული ხელშეწყობა და თავისუფლება მუშაობაში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში