კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ გაიტაცეს სტალინის ბოევიკებმა უინსტონ ჩერჩილი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინზე იმდენი წიგნი და სტატიაა დაწერილი, რამდენიც მსოფლიოში არცერთ მის კოლეგა პოლიტიკოსს არ ღირსებია. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ სტალინზე ყველაფერი ვიცით, თუმცა არსებობს ისეთი ისტორიებიც, რომლებიც ამ ბოლო წლებში გახდა ცნობილი... ისტორიკოსი აბრაამ ვოლსკი წერს: „ნიშანდობლივია ერთი ისტორია იოსებ სტალინის ცხოვრებიდან, რომელიც ვიაჩესლავ მოლოტოვის ტაბუირებულ დღიურებში აღმოვაჩინე და გამოვიკვლიე. საქმე ეხება 29 წლის უინსტონ ჩერჩილის 1903 წელს ბაქოში ვიზიტს, სადაც, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც გადაიკვეთა მისი (ჩერჩილის) და 24 წლის სტალინის გზები.
  მოლოტოვი წერდა: „ჩერჩილმა სტალინი მეგობრულ ვახშამზე დაპატიჟა და რადგან მას ჩემი კოლეგა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი ახლდა, სტალინმა მეც თან წამიყვანა. ძალიან უშუალო, მეგობრული საუბრისას უინსტონ ჩერჩილმა სტალინს უთხრა:
– ერთი რაღაც უნდა გკითხოთ და ხომ არ გეწყინებათ?
სტალინს გაეღიმა და მიუგო:
– არ მგონია, ისეთი რამ მკითხოთ, რომ მეწყინოს. ბრძანეთ, გისმენთ.
ჩერჩილმა იდენს მოღიმარი სახით გადახედა. სავარაუდოდ, იდენმა იცოდა, თუ რა შეკითხვაზე იყო ლაპარაკი და ჩერჩილს საპასუხოდ გაუღიმა. ბრიტანელი პრემიერი კი სტალინს მიუბრუნდა და უთხრა:
 – იცით თუ არა, რომ ორმოცი წლის წინ, ბაქოში ყოფნისას თქვენმა „ბოევიკებმა“ გამიტაცეს  და მას მერე, რაც ფული გადაუხადეს, გამათავისუფლეს?1
სტალინმა ღიმილით უთხრა ჩერჩილს:
– ესე იგი, მართალი ვყოფილვარ და 1903 წელს როტშილდების კონსორციუმის ოფისიდან გატაცებული მარტინ სპეისი, სინამდვილეში, თქვენ იყავით, ხომ?
– დიახ. მე მაშინ ფსევდოსაბუთებით ვიყავი ჩამოსული რუსეთში და როგორც კერძო პირი, მოლაპარაკებებს  ვაწარმოებდი ნავთობის მოწოდების თაობაზე, რომელიც, სინამდვილეში, სამხედრო საჭიროებისთვის გვინდოდა. მე მაშინ სამხედრო უწყებაში ვმუშაობდი.
– მე კი, ბატონო პრემიერო, რევოლუციურ მოღვაწეობას ვეწეოდი და ხალხისთვის მოპარულ ფულს ვაბრუნებინებდი მძარცველებს. სიმართლე გითხრათ, თქვენს შემთხვევაში, ჩემმა მებრძოლებმა ცოტა გადაამეტეს, რადგან გატაცებებით არ ვიყავით დაკავებულები. თქვენ რომ გაგიტაცეს, მე იმ დროს თბილისში ვიმყოფებოდი და როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე გავაშვებინე თქვენი თავი. კამომ, ცოტა არ იყოს, გადაამეტა.
ჩერჩილს კამოს შესახებ ბევრი რამ სმენოდა და სტალინს უთხრა:
– როგორც ვიცი, ეგ კამო თქვენი მარჯვენა ხელი იყო არალეგალური საქმიანობის დროს.
– დიახ. კამო დიდი რევოლუციონერი იყო და ტრაგიკულად დაიღუპა, – უპასუხა სტალინმა ჩერჩილს.
ამ პასაჟის მერე საუბარი სხვა კალაპოტში ჩადგა და ჩერჩილის გატაცება აღარ უხსენებიათ...“
ლეგენდარული კამო (სიმონ ტერ-პეტროსიანი) 40 წლის ასაკში, 1922 წლის 14 ივლისს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში და თავის უკვე დასაბეჭდად გამზადებულ მემუარებში (კამოს დაღუპვისთანავე ხელნაწერები საიდუმლო არქივში შეინახეს) დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, „ბრიტანელი ბურჟუას“ გატაცების ისტორიას ასე აღწერდა: „კობა (სტალინი ტიფლისში (თბილისი) იყო წასული სამი დღით, რომ სერგოსთან (სერგო ორჯონიკიძე) ერთად დასწრებოდა ილიჩის (ლენინის) გეგმის განხილვას ჩვენი იატაკქვეშა ორგანიზაციის (ბოლშევიკების) მომავალი საქმიანობის შესახებ. ამიტომ, მის დაბრუნებამდე მებრძოლი რაზმების მეთაურობა მე დამევალა. მეორე დღეს (სტალინის გამგზავრებიდან თბილისში) სანდო პირმა როტშილდების კანტორიდან (ოფისიდან)  მაცნობა, რომ ქალაქში (ბაქოში) ჩამოვიდა ოცდაათიოდე წლის ბრიტანელი ბურჟუა, ვინმე მარტინ სპეისი. ჩვენ მისი გატაცება გადავწყვიტეთ, რათა სოლიდური გამოსასყიდი მიგვეღო ან ბურჟუას მშობლებისგან, ან თავად როტშილდებისგან. ბრიტანელი გავიტაცეთ და გამოსასყიდად 25 ათასი ოქროს ფული დავუთქვით. იმ დღეს, როდესაც საღამოს ფული უნდა აგვეღო, შუადღეზე კობა ჩამოვიდა თბილისიდან და მძევალი გაგვაშვებინა, თან „შეგვახურა“ იმის გამო, რომ უცხოელი გავიტაცეთ. მიუხედავად ამისა, რომ როტშილდებმა დათქმული 25 ათასი მანეთი მაინც გამოგზავნეს და ეს თანხა სტამბაზე, ჩვენს პატიმარ მეგობრებსა და ემიგრაციაში მყოფ ამხანაგებზე გადანაწილდა“...
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ჩერჩილის გატაცების გამო ბრიტანეთის დაზვერვამ ბაქოში საიდუმლოდ მიავლინა თავისი ოთხი თანამშრომელი. მათ ფარული გამოძიება უნდა ჩაეტარებინათ და თუკი გამტაცებლების მიგნება და მათი კონტრგატაცება ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ისინი უნდა გაენადგურებინათ. შედგა ექვსკაციანი სია და ამ სიაში კამოსთან ერთად სტალინიც ფიგურირებდა. მოხდა ისე, რომ მეფის „ოხრანკამ“ ოთხივე ბრიტანელი აგენტი გაშიფრა და დააპატიმრა. ხოლო, როდესაც შეიტყვეს, თუ რისთვის იყვნენ ბაქოში ჩამოსულები, ერთობლივი ოპერაციის ჩატარება და იატაკქვეშა რევოლუციონერებზე ნადირობა შესთავაზეს. ბრიტანელები დათანხმდნენ. „ოხრანკაში“ მომუშავე, მოქრთამულმა ბოლშევიკების აგენტმა კი ეს ინფორმაცია კობას (სტალინს) მიაწოდა და სტალინის ინიციატივით, ბრიტანელ აგენტებს ორიგინალური ხერხით გაუსწორდნენ. კამო თავის მემუარებში წერდა: „როდესაც შევიტყვეთ, რომ ბრიტანელები და „ოხრანკა“ ჩვენზე სასიკვდილო ნადირობას აწყობდნენ, კობას მათი დახოცვა შევთავაზე, ვგულისხმობ ოთხ ბრიტანელს. კობამ კი კატეგორიულად აგვიკრძალა ეს. სამაგიეროდ, სხვა რამ შემოგვთავაზა. ვიცოდით რა ოთხივე ბრიტანელის ვინაობა, მათ ფარულად გადაუღეს ფოტოსურათები. ერთი კვირის მერე კი გაზეთი „ბრძოლა“ გამოვიდა ამ ბრიტანელების ფოტოებითა და მწვავე მამხილებელი სტატიით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოწინავე ევროპაში. ბრიტანელები სახლში გაიწვიეს და „ოხრანკაც“ გვარიანად შერცხვა. ლენინმა ამ ისტორიაზე გულიანად იცინა და შეგვაქო...“
ალბათ, ისტორიული კანონზომიერება იყო, რომ იმ შორეულ 1903 წელს, ბაქოში  ჩერჩილიც გადაურჩა სიკვდილს და შემდეგ სტალინიც, რომ წლების მერე ერთად ეკეთებინათ გლობალური მსოფლიო პოლიტიკა“.

скачать dle 11.3