№31 როგორ მოვუაროთ ნაწოლებს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მწოლიარე ავადმყოფი გამუდმებით ერთსა და იმავე პოზიციაშია, სხეულის ლოგინთან შეხების ადგილებში კი თანდათანობით ირღვევა სისხლის მიმოქცევა და კანი იწყებს ატროფირებას. ასეთ ავადმყოფებს მნიშვნელოვნად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი და ორგანიზმის რეგენერაციული უნარი, რაც ამძიმებს უკვე წარმოქმნილი ნაწოლების მიმდინარეობას. ნაწოლი ავადმყოფს შეიძლება, ნებისმიერ ადგილას გაუჩნდეს, ეს დამოკიდებულია წოლისას ადამიანის პოზოციაზე. მაგალითად, თუ ის იძულებულია დიდხანს იწვეს ზურგზე, ზიანდება კუდუსუნის, ხერხემლის, დუნდულის არე, ბეჭებს შორის მიდამო. თუ გვერდზე უწევს წოლა, ნაწოლი სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს განვითარდება.
მკურნალობის დაწყება აუცილებელია ნაწოლის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე, სხვა შემთხვევაში, კანის რღვევის პროცესი აქტიურად პროგრესირდება, რაც გამოიწვევს ნეკროზულ პროცესებს და ღრმა წყლულებს.
უპირველესად კი ავადმყოფის ისეთი მდგომარეობა უნდა უზრუნველყოთ, რომ უკვე წარმოქმნილი ნაწოლის ადგილი არ ეხებოდეს საწოლსა და ტანსაცმელს. ამისთვის გამოიყენება სპეციალური, ნაწოლის საწინააღმდეგო რეზინის რგოლები. ასე შესაძლებელი ხდება, კანის დაზიანებული ადგილები „ჩამოკიდებული“ იყოს, ამით კი უზრუნველყოფთ მათ სრულ სიმშრალეს, რაც ნაწოლის წარმატებული მკურნალობის ძირითადი პირობაა.
ნაწოლების განვითარების რამდენიმე სტადია არსებობს:
პირველი სტადია – კანი გარკვეულ ადგილებში წითელი შეფერილობისაა, თითის დაჭერისას ეს ადგილი არ თეთრდება, ზოგიერთ შემთხვევაში სიწითლის არეში შესაძლოა, შეშუპებაც აღინიშნოს. პირველ სტადიას ზედაპირული ეწოდება და უფრო წარმატებულად ექვემდებარება მკურნალობას.
მეორე სტადიის დროს ნაწოლს არა მარტო წითელი შეფერილობა აქვს, მასზე მცირე ზომის ბუშტუკი ან წყლულიც აღინიშნება. მოცემულ ეტაპზე ძირითადი ამოცანა ანთებით/ჩირქოვანი პროცესის განვითარების შეჩერებაა.
მესამე სტადიისას ნაწოლი ღრმა ჭრილობაა, კანი სრულად „შეჭმულია“ ნეკროზული პროცესით. ნათლად ჩანს ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილი, ჭრილობა კი შეიძლება ჩირქოვანი შიგთავსით იყოს სავსე.
მეოთხე სტადიაში პათოლოგიური პროცესი აქტიურადაა გავრცელებული მყესებსა და ძვლის ქსოვილზეც კი, ვითარდება ანთება, ჭრილობა სავსეა ჩირქით. მესამე და მეოთხე სტადიის ნაწოლის შემთხვევაში ავადმყოფს მხოლოდ ქირურგიული ჩარევა დაეხმარება.
გაითვალისწინეთ:
* მწოლიარე ავადმყოფს ყოველ 2 საათში აუცილებლად უნდა შეუცვალოთ მდგომარეობა – გადააბრუნოთ ერთი გვერდიდან მეორეზე. თუ საშუალებაა, აუმაღლოთ სხეულის ზედა ნაწილი;
* სასურველია, ავადმყოფი ჰაერით ან პენოპლასტის ბურთებით სავსე სპეციალურ მატრასზე იწვეს. ამ შემთხვევაში დატვირთვა სხეულის კანზე თანაბრად ნაწილდება ან მუდმივად იცვლება ერთი ადგილიდან მეორეზე;
* თუ ავადმყოფს აღენიშნება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რაც შეიძლება, ხშირად უნდა გამოუცვალოთ საფენები;
* ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს ავადმყოფის ტანზე კანის მდგომარეობა – ამით დროულად აღმოაჩენთ ნაწოლის პირველივე ნიშნებს და მყისიერად შეძლებთ აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევას;
* მწოლიარე ავადმყოფი კვირაში 2-ჯერ უნდა გასუფთავდეს საპნიანი ხსნარითა და ღრუბლით.