№31 სხვების მოიმედეები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ინფანტილური პარაზიტები
სანამ ჩვენ ველით, თუ როდის გადაგვახურავენ უსაფრთხოების „ნატოურ“ ქოლგას (ბეკეტის გოდოსი არ იყოს), მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ჩქარობენ (ან კი როგორ იჩქარებენ, როდესაც არ სურთ თავიანთი არსებული უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შექმნა, იმიტომ რომ ჯერ თავო და თავოო), „ვაშინგტონ პოსტში“ სტატიაც გამოქვეყნდა ჩვენ შესახებ, რომელშიც შენიშნულია, რომ ქართველი ლიდერები დახმარებას გვთხოვენ და ჩვენც უნდა დავეხმაროთ, ოღონდ თავად ქართველებმაც უნდა შეიგნონ (იქ უფრო კორექტულადაა ეს აზრი გამოთქმული – გააცნობიერონ), რომ აშშ-ს საბიუჯეტო და სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულიაო (იმ ანეკდოტის არ იყოს, მე რომ დამჭირდა, მაშინაა მკვდარი ლენინიო?!).
ერთი სიტყვით, პათოსი ამგვარია, თბილისს მორალურ-პოლიტიკურად უნდა გავუმაგროთ ზურგი, დანარჩენი კი მათი გასაკეთებელიაო.
ერთი შეხედვით, თითქოს საწყენია, რომ, როდესაც ყურმოჭრით ემორჩილები (სხვათა შორის, იმიტომ რომ არაფერს სთავაზობ და მხოლოდ მას მისჩერებიხარ, ის კი, ცხადია, უპირველესად, თავის ინტერესებზე ზრუნავს და ამის შემდეგ – შენზე) და რუსეთსაც კი დაანაყინე თავი (რომელმაც უმეტესწილად იმიტომაც დაგნაყა, რომ აშშ-ს ვერ მოერია), მაგრამ, სინამდვილეში, თვით სტრატეგიული პარტნიორობაც კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც იზრუნებს თავისი ხარჯით, ოღონდ შენ ბედნიერი იყო (დაცულიც და მდიდარიც). აქედან გამომდინარე კი, დროა, გავიზარდოთ და, მართლაც, გავაცნობიეროთ, რომ საკუთარი პრობლემები ყველამ თავად უნდა მოიგვაროს, სხვა კი მხოლოდ წაიხმაროს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს, უბრალოდ, პარაზიტიზმია.