კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მამუკა ღლონტი: ბიძინა ჩემი სახლის თავზე დაფრინავს

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  მას შემდეგ, რაც მამუკა ღლონტი თბილისიდან შავიზღვისპირეთში გადასახლდა  თითქმის მთლიანად ჩამოსცილდა  იმ   პროცესებს,  რაც ქვეყანაში და სატელევიზიო სივრცეში ხდება. სტრასბურგის სასამართლოს  განაჩენმა მამუკა ღლონტს  მისთვის ყველაზე ემოციური თემა კიდევ ერთხელ გაახსენა, თუმცა  დღეს,  ურბანული გარემოდან შორს მყოფს,  საკუთარი კატის – ვეფხვოს და ძაღლის – ბზიკის დავისა და წვრთნის ამბები უფრო აინტერესებს, ვიდრე პოლიტიკური განაცხადები. ამბობს, რომ კაპროვანში ბედნიერება დაიბრუნა და  ტელემენეჯერი, რომელმაც ქართული პოლიტიკისა და ტელევიზიის  „ჩახლართული“ კულისები საკუთარ თავზეც არაერთხელ იწვნია, სხვებსაც მშვიდი, აპოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
– ბატონო მამუკა, გასულ  კვირას, როგორც კი „რუსთავი 2-ის“ საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი გამოცხადდა, სოციალურ ქსელში დაწერეთ პოსტი „რუსთავი 2“ ნათელში იყოს, გადაეცი „მაესტროს“, რომ გვახსოვს.“  როგორც ჩანს, „რუსთავი 2-ის“ ამბავმა ძველი იარა გაგახსენათ.   
– ეს ჩემთვის არ არის მარტივი თემა,  ხელისუფლებამ  დაასაფლავა „მაესტრო“,  ახლა ასაფლავებენ „რუსთავი 2–ს“, მომავალში, ალბათ, სხვა ტელევიზიებს  გამოიყვანენ მწყობრიდან და დაასაფლავებენ. მე დღეს აღარ მაქვს ემოციური დამოკიდებულება „მასტროსთან“, „მაესტრო“ იყო ადამიანები, დღეს „მაესტრო“ არის მხოლოდ  შპს და  ის იარსებებს თუ არა  და რა ფორმით იარსებებს, ეს ნაკლებად მაღელვებს.  „რუსთავი 2-ის“ მიმართ ვარ სოლიდარული იმ ნაწილში, რომ ადამიანები დარჩნენ, ასე ვთქვათ, ბორტს მიღმა, თუმცა, მათ უნდა სცოდნოდათ რომელ ბორტზე მუშაობდნენ. ეს არის ბორტი, რომელიც თავის დროზე, უბრალოდ, წაართვეს მფლობელებს. ეს ხვედრი ჩვენ წლების წინ გავიზიარეთ, თუმცა, განსხვავება ისაა, რომ მე აღარ მსურდა იმ ბორტზე ყოფნა და  ვიცოდი, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი,  შესაბამისად, არჩევნების მეორე დღესვე დავტოვე ტელევიზია და წამოვედი, მაგრამ დღემდე ვრჩები ჩემს საყვარელ „რადიო მაესტროში“.  ასევე, ვარ „რადიო ვინილში“. როდესაც მოტოთი ვმოძრაობ და შუქნიშანთან გაჩერებული მანქანების უმეტესობიდან „რადიო მაესტროს“ ხმა მესმის, კარგი შეგრძნებაა, ეს ბევრჯერ განმიცდია და ამით  ბედნიერი ვარ.  
– ცოტა ხნის წინ გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, განაცხადა, რომ „მაესტროს“ მეორე სიცოცხლეს დაუბრუნებს.
– ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ხელით დამარხა „მაესტრო“, ახლა მის მეორე სიცოცხლეზე როგორ ლაპარაკობს, უცნობს თავი ქრისტე ჰგონია და მას ააღორძინებს?! უცნობი დღეს კედლის  კალენდარს ვერ გამოუშვებს, არა თუ „მაესტროს“ გააცოცხლებს. ეს სასაცილოა, „მაესტროს“ ვერავინ  და ვერაფერი ააღორძინებს,  ეს გამორიცხულია. მისი გადარჩენა მეც კი არ შემეძლო. ვამბობდი, რაც მიშამ  ვერ გაუკეთა „მაესტროს“, ესენი გაუკეთებენ-მეთქი, ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვლილი. ვამბობდი, ესენი „მაესტროს“ ყიდულობენ იმიტომ, რომ მოკლან, გააჩერონ, ვგულისხმობდი ივანიშვილს და მის ბანდას და ასეც მოხდა. მე არც ერთ ხელისუფლებასთან არ მითანამშრომლია და თუ მედიაში ვიქნები, არც ვაპირებ, იმიტომ რომ  ბევრისგან განსხვავებით, მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება არის ორგანო, რომელიც ემსახურება ადამიანებს და არა ორგანო, რომელიც იძლევა ბრძანებებს. ხელისუფლება უნდა ასრულებდეს ჩვენს დავალებებს და არა – ჩვენ, შესაბამისად, „მაესტროდან“  წამოვედი იმის გამო, რომ ჩემი მიზანი არ იყო იმ ტიპის ტელევიზიაში ყოფნა, რა ფორმითაც არსებობს ის დღეს.  ყველა ხედავთ, რა დაემართა ტელევიზიებს „მაესტროს“ შემდეგ – საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ნორმალური ტელევიზია. რატომ?  არც ჟურნალისტები, არც მედიამენეჯერები, არც მფლობელები, არც ხელისუფლება არ ცდილობს, დაარქვას პროდუქტს ნამდვილი სახელი, მაგალითად, ის, რასაც ეძახიან ახალ ამბებს, არ არის ახალი ამბები, ანალიტიკური გადაცემა არ არის ანალიტიკური. გემოვნებაზე არავინ დავობს, შეგიძლია, გქონდეს ტელევიზია და დღე და ღამე ადამიანის უკანალი აჩვენო, ამაზე არავინ შეგედავება და არავისი საქმე არც არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანები სისტემატურად იტყუებიან.  როდესაც ახალი ამბების წამყვანი ამბობს,  ისე არ აგიდგათ გვერდებიო, ეს სადაური ახალი ამბებია? ეს არის შოუ, ამბების ინტერპრეტაცია და არა ახალი ამბები.
– დღეს რომელი არხის მაყურებელი ხართ?
– არც ერთის,  დიდი ხანია, ტელევიზიას მინიმალურად ვუყურებ,  ისიც უცხოურ არხებს და შემეცნებით გადაცემებს. ქართულ არხებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუყურებ, თუ ექსტრემალური სიტუაციაა და მნიშვნელოვანი რამ ხდება. ჯვარი მეწეროს, ტელევიზიის მუდმივი მაყურებელი ვიყო, მათ შორის იმ „მაესტროსი“, რაც ახლაა. „კოკა-კოლაში“ რომ ფანტა ჩაასხათ და „კოკა-კოლა“ დააწეროთ, მიუხედავად წარწერისა, ის ხომ არ იქნება „კოკა-კოლა“. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე კარგები და შეცდომას არ ვუშვებდით, მაგრამ  „მაესტრო“ იყო ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც პროდუქტს თავის სახელს არქმევდა, ამიტომაც  იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც კი თვითინ ნაციონალებიც ახალ ამბებს „მაესტროდან“ იგებდნენ. „მაესტრო“ იყო ბალანსი და აკავებდა, ორ ტელევიზიას, „რუსთავი 2-სა“ და „იმედს“, რომ სიყვითლესა და იმ უბედურებაში არ გადასულიყვნენ, რაშიც დღეს არიან ჩავარდნილი.
– ტელესივრცეში ისეთი ამბებია, გამორიცხულია, ერთ დღეს კვლავ  ძველ ამპლუაში გიხილოთ?
– დღეს ჩემი გეგმები აღარ უკავშირდება ტელევიზიას,  გადართული ვარ რადიოზე, რომელიც არის ლიდერი რადიო საქართველოში.  ეს არის ჩემი ფორმატი და  თავიდან ბოლომდე მე ვმართავ, არ ვერევი სარედაქციო პოლიტიკაში, მყავს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებმაც მშვენივრად იციან თავისი საქმე  და ვენდობი მათ. თბილისში არ ვარ, მაგრამ რადიოს მართვაში ეს არ მიშლის ხელს. ოცდამეერთე საუკუნეში დისტანციურად საქმის მართვა არ არის რთული. მე სოციალური ადამიანი ვარ, აქტიური, მიყვარს ადამიანები, ურთიერთობები. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში უმრავლესობას  ჩემნაირები არ უნდათ. ამ ქვეყანაში უნდა იყო მიკერძოებული,  აკეთო  ის, რაც თვითონ სურთ, რომ აკეთო. როცა იქნება ჩემნაირების ადგილი და დავჭირდები ადამიანებს, უცებ დავბრუნდები, შორს  არ ვარ. მე არც ადრე ვყოფილვარ ოფისის ადამიანი, მქონდა კაბინეტი, რომელსაც  ხან ჟურნალისტები ინაწილებდნენ ხოლმე და ხან – ცხოველები (იცინის).
– წლებია, თბილისიდან წახვედით და აქტიურ  ცხოვრებას ჩამოსცილდით. რა აღმოაჩინეთ მანდ ისეთი, რამაც საბოლოოდ  დაგავიწყათ ურბანული გარემო და მაშინაც კი, როდესაც მძიმე სოციალური ან პოლიტიკური სიტუაციაა, სოციალურ ქსელში თქვენი კატის – ვეფხვოსა და ძაღლის – ბზიკის მოთვინიერების ამბავს გვიყვებით.
– ესეც ჩვენი დამახასიათებელი ნიშანია. საქართველო დედამიწის ჭიპი გვგონია და ვფიქრობთ, რომ დაინგრა ქვეყანა. ხშირ შემთხვევაში ყველაფერი გაზვიადებულია და სხვა არაფერი, ამიტომაც მგონია სწორი, რომ ადამიანები მაინცდამაინც ნუ მოიკლავენ თავს პოლიტიკური ამბებით. პოლიტიკის გარეშეც  მშვენივრად გრძელდება ცხოვრება.   მე ჩემი პოსტებით ვცდილობ, უამრავ ადამიანს, ვისაც დიდი ხანია, კარგი არაფერი ესმის, ხალისიანი ამბავიც გავაგონო. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, სხვებიც გახდნენ ბედნიერები.
– აქეთ  დარჩენილებს სარკაზმით ქალაქელებს  გვეძახით.  
– ამით ხაზი მინდა გავუსვა მათ მდგომარეობას, ვინც  ვაკეში ცხოვრობს: მშიერი კვდება, სამოთახიან ბინაშია გამოკეტილი, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ მათთვის მაინც მთავარია, რომ ვაკეში ცხოვრობს.  ასეთები, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია და ყველა ვიცნობთ.  გაყიდონ ეს ბინები, წავიდნენ სოფლებში, დაიწყონ ბიზნესი. ასფალტზე მშიერ ცხოვრებას სოფელში ჯანსაღი ცხოვრება სჯობია. რაც საცხოვრებლად კაპროვანში გადმოვედი, დავიბრუნე ბედნიერება, რომელიც დაკარგული მქონდა. აქ არ ვფიქრობ იმაზე, საიდან შემომიგდებს ბომბს  მიშა სააკაშვილი ან საიდან შემომიტევს ბიძინა. აქ ვფიქრობ შვილებზე, შვილიშვილებზე, ქალიშვილი ზაფხულში სვანეთში „გადასახლდა“, მის მეუღლეს აქვს სახლი და „გესტ ჰაუსი“ გააკეთეს.  ბიჭი ჩვენთან არის, მესამე შვილი ჯერ  პატარაა და სულ ჩვენთანაა. აქ ვზრუნავ ჩემს ძაღლებზე, კატებზე, ვეფხვოსა და ბზიკის ამბავი კი იცით, სულ ჩხუბი აქვთ, კონსენსუსს ჩემი ჩარევის შემდეგ აღწევენ. როცა ბზიკი ძალიან  ცუდად იქცევა, ჰაუპტვახტში მოხვდება ხოლმე.  აქ ჩემი საფიქრალია  ჩემი დამსვენებლები. თბილისში ცხოვრება, ფაქტობრივად, საგიჟეთში ცხოვრება გახდა, ზაფხულში იშვიათად ჩამოვდივარ – ასე ორ თვეში ერთხელ.     
– ტურისტებიც გყავთ?
– რა თქმა უნდა, ვაქირავებთ კოტეჯებს – ჩემი და ჩემი ახლობლების რამდენიმე სახლს. ესაა  ჩემი შემოსავლის წყარო.  დღეს ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, ამ შემოსავლებით არსებობს. არ არის საჭირო ბევრი ფული, იმისთვის, რომ ბედნიერად იცხოვრო. უარსაც იმიტომ ვამბობდი ხოლმე, როდესაც ყიდვა-გაყიდვას მთავაზობდნენ – ჩემთვის საკმარისი იყო ის, რაც მქონდა. აქ  ჩემი ხელით გავაკეთე ეზო,   ყველა ხე და ბუჩქი ჩემი დარგულია, ყველაფერი ლამაზი გამოვიდა. ტურისტები ემოციებს ვერ მალავენ, უყვართ აქაურობა. აქ ბევრი ახალი მეგობარი გვყავს, თბილისიდან ხშირად ჩამოგვდიან სტუმრები. ხან იმდენი სტუმარი იყრის თავს, ჩემი დასაძინებელი ადგილი მხოლოდ აივანზე რჩება.  
– „დიდ მეზობელს“ ხშირად ნახულობთ? გაქვთ მასთან ურთიერთობა?   
–  უი, ჯვარი მეწეროს! ჩვენ არც ვართ მეზობლები, ის შეკვეთილში ცხოვრობს, მე – კაპროვანში.  ბიძინა  „ვერტალიოტით“ დაფრინავს, ჩემი სახლის თავზე გადაიფრენს ხოლმე, ხან – ძალიან ახლოს. იცის, რომ ჩემი სახლის თავზე დაფრინავს. ჩვენ ხშირი ურთიერთობაც გვქონდა, ის არ არის ჩემთან ნამყოფი, მე ვყოფილვარ მასთან. ეს ის დრო იყო, როცა მე აქეთ გადმოვედი და ის პოლიტიკაში წავიდა. ეს მიწა  2000-იანი წლების დასაწყისში ვიყიდე, თუმცა აქეთ საცხოვრებლად გვიან გადმოვედი.  მაშინ აქ, ფაქტობრივად, არავინ ცხოვრობდა. კაპროვანში პირველი მაცხოვრებლები  ჩვენ – მე და ჩემი ცოლი ვიყავით, ზამთარში მარტოები  ვრჩებოდით ხოლმე.  საბედნიეროდ, ახლა უკვე ბევრნი ვართ.           

скачать dle 11.3