№30 წარმატებული ნეიროქირურგი ირაკლი ჭელიშვილი – ოჯახსა და საყვარელ პროფესიაზე
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
პროფესორი, ნეიროქირურგი, კლინიკა „ინოვას” ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი – ირაკლი ჭელიშვილი თავისი პროფესიონალიზმითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. გერმანული მაღალი ხარისხისა და დიდი პრაქტიკა საქართველოში დაბრუნებულმა არაერთ სამედიცინო ცენტრში და ახლა საბოლოოდ უკვე საკუთარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კლინიკა „ინოვას“ დაფუძნებაში გამოიყენა.
ირაკლი ჭელიშვილი: ნეიროქირურგისა და ნევროლოგის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, შესაბამისად, ჩემს მეხსიერებაში არ არსებობს სხვა პროფესიაში სწავლაზე ფიქრის მომენტი. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და სტანდარტული საბჭოთა სწავლების პროცესის სრული კურსი გავიარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რაც რთული 90-იანების დასაწყისს დაემთხვა, გადავწყვიტე, მუსიკას გავყოლოდი, ჯგუფ Soft eject-ში ვუკრავდი და გერმანიაში წავედით.
გერმანიაში ერთ-ერთი კლინიკის მოწვევით მამაჩემი ჩამოვიდა. გაცნობის შემდეგ იმ კლინიკის პროფესორმა მასთან მუშაობა შემომთავაზა. მაშინ გადავწყვიტე მუსიკისთვის თავის დანებება და სამედიცინო სფეროში მუშაობის გაგრძელება. გერმანიაში ბოხუმის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიულ კლინიკაში დავიწყე მუშაობა, ჩემს მასწავლებელთან, ბრწყინვალე პროფესიონალთან – ალბრეხტ ჰარდერსთან ერთად, რომელიც დღემდე ჩემთვის, ფაქტობრივად, მეორე მამაა. მუშაობის პროცესში, თანდათან, ძალიან შემიყვარდა ჩემი პროფესია. ისე ჩავერთე, თითქმის, კლინიკაში ვცხოვრობდი. იმ პერიოდში მთელ კლინიკაში ერთადერთი უცხოელი ვიყავი.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– ერთი თვის განმავლობაში ასისტენტი ვიყავი და ერთი თვის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დავიწყე ოპერაციების გაკეთება. კონტროლი, რა თქმა უნდა, მუდმივად იყო. გერმანიაში არ არსებობს ასეთი რამ – ადამიანები წლები მუშაობდნენ კლინიკაში და დამოუკიდებლად ოპერაციების კეთების საშუალება არ ეძლეოდეთ. ჩემი პირველი ოპერაცია იყო წელის დისკექტომია, რაც ნეიროქირურგიაში ყველაზე უბრალო და უსაფრთხო ოპერაციად ითვლება, მაგრამ პირველი ოპერაციისთვის დამახასიათებელი მღელვარება, რა თქმა უნდა, იყო. მათ აქვთ ვალდებულება, რომ გაგზარდონ, როგორც ქირურგი. გაკვირდებიან და გარკვეული პერიოდის მერე არკვევენ, რამდენად მზად ხარ სხვა სირთულის ოპერაციისთვის და ასე ნელ-ნელა იზრდები.
– რა არის საჭირო კარგ ქირურგად ჩამოყალიბებისთვის?
– ქირურგი პოლიტიკოსი არ არის, რომელსაც 25 წლის ასაკში მინისტრი შეუძლია გახდეს, ნეიროქირურგად ჩამოყალიბებისთვის დიდი დროა საჭირო, ჩვენს საქმეში გამოცდილება უმთავრესია და მის დაგროვებას პრაქტიკა სჭირდება. ჩემი მასწავლებელი სულ მეუბნებოდა, ნუ ჩქარობ, ყველაფერი დროთა განმავლობაში მოვაო.
ზოგადი სქემის მიხედვით, ორმოცი წლის ასაკში ქირურგი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, 40-დან 50-მდე ის ვითარდება, 50-დან 60-მდე უკვე დიდი გამოცდილება აქვს, ინარჩუნებს ფორმას და 60-ის მერე ფორმა იწყებს ვარდნას. ეს ბუნებრივი პროცესია, ხელის მოძრაობა, მხედველობა – ყველაფერი აკლდება.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
– გერმანიაში ჩემი დარჩენა მამაჩემისთვის ტრაგედია იყო და ამიტომ დავბრუნდი. აქ პირველად რკინიგზის საავადმყოფოში მოვხვდი, საშინელი მდგომარეობა იყო, ყველაფერს თავად ვაკეთებდით, ლამის ინსტრუმენტების ჩათვლით, გერმანელები ძალიან მეხმარებოდნენ, მიგზავნიდნენ მასალებს, ინსტუმენტებს, ყველაფერს – მაშინ მედიცინა ექიმების ხარჯზე არსებობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო თოდუას კლინიკაში გადასვლა, სადაც 11 წელი ვიმუშავე, ამის მერე მიხაილოვის საავადმყოფო იყო.
– „ინოვა“ როგორ შეიქმნა?
– დაახლოებით, სამწელიწად-ნახევრის წინ შევიკრიბეთ მეგობრები – ცნობილ ექიმთა ჯგუფი და ავაშენეთ ახალი კლინიკა, გვყავდა საკუთარი პაციენტები, ამიტომ „ინოვამ“ გახსნის დღიდან დიდი დატვირთვით დაიწყო მუშაობა.
– ცნობილი და წარმატებული ექიმების ოჯახში გაიზარდეთ, მოგვიყევით მშობლებზე.
– მამა – მიხეილ ჭელიშვილი პროფესორი, ნეიროქირურგი გახლდათ, წლების განმავლობაში რკინიგზის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, მერე თოდუას კლინიკაში გადავიდა. დედა, ნუნუ ლაითაძე – ნევროლოგი, ბევრი წელი ნევროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, 1992 წლიდან კი თოდუას კლინიკაში ნევროლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამჟამად ჩვენს კლინიკაში მუშაობს.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. უმცროსი სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსს ამთავრებს. დამოუკიდებელი ადამიანია და თავად გადაწყვიტა, მე არანაირი გავლენა არ მომიხდენია, პირიქით, არ მინდოდა, სამედიცინოზე ჩაებარებინა. ვფიქრობ, ჩვენმა ოჯახმა უკვე მოიხადა თავისი ვალი ქართული მედიცინის წინაშე.
– ამ კლინიკის ჩამოყალიბებაში დაგეხმარათ გერმანული გამოცდილება?
– რა თქმა უნდა, პირდაპირ გადმოვიღეთ იქაური მოდელი. ძალიან კარგად მომზადებული ხალხი მყავს. მოვახერხე, ჩემი ყველა თანამშრომელი გარკვეული პერიოდით გერმანიაში გამეშვა, რათა ენახათ, როგორ მუშაობენ იქ.
– დიდი დატვირთვით გიწევთ მუშაობა. რა არის თქვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?
– განტვირთვის საუკეთესო საშუალება ჩემთვის სამზარეულოა, ზოგადად, ძალიან მიყვარს კულინარია.