№30 როგორ მიაგნო თამარ ჭყონიამ სიცოცხლის გახანგრძლივების გზას და როდის იქნება მისი გამოყენება შესაძლებელი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მეცნიერებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივების გზას მიაგნეს. მკვლევართა შორის, რომლებიც ამ საკითხზე 15 წლის განმავლობაში მუშაობენ, ქართველი მეცნიერი თამარ ჭყონიაც არის. თამარ ჭყონია ამერიკაში, მეიოს კლინიკაში კოგოდის სახელობის სიბერის ცენტრში უკვე 11 წელია, მუშაობს და მონაწილეობს კვლევაში, რომლის მთავარი საგანი სიბერის იმ მექანიზმების შესწავლაა, რომლებიც წინ უსწრებს და განაპირობებს დაბერების პროცესს.
თამარ ჭყონია: ჩვენი კვლევა მიმართულია იმ პერიოდის გასახანგრძლივებლად, როდესაც ადამიანი ჯანსაღია. სიბერე ძალიან დიდი რისკ-ფაქტორია მთელი რიგი დაავადებებისთვის. თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა და გენეტიკური განწყობა გაქვთ სხვადასხვა დაავადებისადმი, მაგალითად, გაქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება. მაგრამ თუ თქვენ ხართ ოთხმოცი წლის ზემოთ, ეს რისკი ათასჯერ მატულობს. რა ფუნდამენტური პროცესებია ფონი, რომ ასაკი ასეთი დიდი რისკ-ფაქტორია მთელი რიგი დაავადებებისთვის? თუ ჩვენ შევძლებთ და გავარკვევთ, სიბერის რომელი მექანიზმები ახლავს თან ამ დაავადებების განვითარებას და მოვახდენთ მათ დათრგუნვას, შესაძლებელია, რომ მოვხსნათ ეს რისკ-ფაქტორები და გავზარდოთ არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ის პერიოდიც, როდესაც ადამიანი არადაძაბუნებული, ქმედითუნარიანი და ჯანსაღია. თუ ადამიანი მიაღწევს ასი წლის ასაკს, თავი იგრძნოს, როგორც არა ასი წლის ადამიანმა, არამედ როგორც 60-65 წლისამ. თუ სიბერის მექანიზმებს დავთრგუნავთ, შესაძლოა, ეს გარეგნობაზეც აისახოს, თუმცა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ეს კვლევა არაა მიმართული, მხოლოდ გარეგნობის გაუმჯობესებაზე. მთავარ მიზანზე უკვე ვისაუბრეთ.
უჯრედულ დონეზე აღმოჩენილია ის მექანიზმები, რომელიც თან ახლავს სიბერეს, იგივე მექანიზმები მონაწილეობენ სხვადასხვა დაავადებების პათოგენეზში. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოვფხვრათ ეს მექანიზმები ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით დავთრგუნოთ მათი შედეგები.
– ახლა რა ეტაპზეა თქვენი კვლევა?
– არსებობს სიბერის რამდენიმე მექანიზმი. ერთ-ერთი გახლავთ სინესენტური უჯრედების აკუმულაცია. სინესენტური უჯრედები ის უჯრედებია, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა სტრესის საპასუხოდ ჩნდება. თუ უჯრედი დაზიანდა ონკოგენური სტრესით, დნმ-ის დამაზიანებელი აგენტებით ან სხვა მიზეზით, უჯრედი ან იღუპება, ან გადადის სინესენტურ მდგომარეობაში. ეს არის ერთგვარი თავდაცვის საშუალება იმისთვის, რომ დაზიანებული უჯრედი არ გამრავლდეს. მაგრამ ასაკთან ერთად სინესენტური უჯრედების რაოდენობა იმატებს და იმუნური სისტემა მსგავსი უჯერედებისგან გათავისუფლებას ვეღარ ახერხებს. ეს უჯრედები მდგრადი არიან თვითგანადგურების მიმართ, ისინი თავს იცავენ, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, ამას როგორ ახერხებენ. ამიტომ ხდება მათი აკუმულაცია. გარდა იმისა, რომ ეს უჯრედები სიცოცხლისუნარიანები არიან, ამასთანავე გამოყოფენ ძალიან მავნე ნივთიერებებს – ციტოკინებს, ქსოვილის სტრუქტურის მოდიფიკაციის ფაქტორებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს მეზობელი ნორმალური უჯრედების ფუნქციონირებაზე. ეს აისახება ჯერ უჯრედისა და ქსოვილის, შემდეგ კი ორგანოების დისფუნქციაში. როდესაც ამ უჯრედების რაოდენობა გარკვეულ დონეს აღწევს, ეს უკვე სისტემურ დეფიციტში აისახება. ამავე დროს, ეგრეთ წოდებული, სინესენტური უჯრედები არა მხოლოდ სიბერეს ახლავს თან, არამედ დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა დაავადების პათოგენეზშიც. ამიტომ, თუ ამ უჯერედებისგან გათავისუფლებას შევძლებთ, ვუმკურნალებთ არა ერთ დაავადებას, არამედ იმ პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც წინ უძღვის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის ოსტეოპოროზი, დიაბეტი.
ჩვენმა ჯგუფმა აღმოაჩინა და პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოადგინა, ეგრეთ წოდებული, სენოლიტიკები, ფარმაკოლოგიური ნაერთები, რომლებსაც ამ უჯრედების მოკვლა შეუძლიათ. ექსპერიმენტულ მოდელებში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როდესაც ამ უჯრედებისგან გათავისუფლდა, მაგალითად, ექსპერიმენტული თაგვი, გამოსწორდა ასაკთან დაკავშირებული დაძაბუნება და მთელი რიგი პათოლოგიებიც შეჩერდა.
– პრაქტიკულად ამის გამოყენება როდის იქნება შესაძლებელი?
– ეს პრეპარატები უკვე არსებობს, ზოგი ხელმისაწვდომია და საზოგადოების მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა დიდია, რადგან ჩვენი კვლევა მსოფლიო პრესაში აქტიურად შუქდება. მაგრამ მინდა, იცოდნენ, რომ ჯერ ეს პრეპარატები არ უნდა მიიღონ, რადგან ჯერ არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს მას ხანგრძლივი დროის პერიოდში. ამიტომ სანამ კლინიკური გამოცდები არ დამთავრდება, მის პოპულარიზაციას ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ. თუ ჩვენი ჰიპოთეზა გაამართლებს, მის საზოგადოებამდე მიღწევას, ალბათ, 8-10 წელი დასჭირდება.
– ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში მოქმედებს დადებითად?
– პირველი კლინიკური გამოცდები ყოველთვის ისეთ დაავადებებზე ტარდება, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს და რომლის აღკვეთაც შეუძლებელია. თუ ეს გამოცდები სხვადასხვა დაავადების დროს დადებით შედეგს მოგვცემს, რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება, გამოვიყენოთ სხვა დაავადებების დროსაც. თუ რისკი შემცირდება, ანუ არ იქნება თანხმლები უარყოფითი ეფექტები, შეიძლება, შედარებით ჯანსაღმა ადამიანმაც მიიღოს და ამ პრეპარატების გამოყენებას პრევენციული სახეც მიეცეს. იდეალურ შემთხვევაში, 50 წლის ასაკში ადამიანმა თავი დაიცვას ამ უჯრედების აკუმულაციისგან და ორგანიზმი სინესენტური უჯრედებისაგან გაიწმინდოს. თუმცა, ეს ჯერ ჰიპოთეტურია და ყველაფერი მიმდინარე კლინიკური გამოცდების შედეგზეა დამოკიდებული.
– მეიოს კლინიკაში რამდენიმე ქართველთან ერთად მუშაობთ...
– დიახ, მე უკვე 11 წელია მეიოს კლინიკაში, კოგოდის სიბერის კვლევის ცენტრში ვმუშაობ. „ფორბსის“ გამოკითხვის მიხედვით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკეთესო კლინიკაა. სენოლიტიკები პირველად ჩვენმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა და პირველ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე სამი ქართველი ვმუშაობდით: მე და ჩემი კოლეგები – თამარ ფირცხალავა და ნინო გიორგაძე. სამივე დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ და ამაყად გვიჭირავს ჩვენი ქვეყნის დროშა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია, აქ ვარ, საქართველოსთან დღემდე მჭიდრო კავშირი მაქვს – როგორც უნივერსიტეტთან, ისე დაინტერესებულ სტუდენტებთან და რაც შემიძლია, ყველანაირად ვეხმარები.