№30 მამა სებასტიანე 23 ძაღლთან, 9 ლეკვთან და 12 კატასთან ერთად ცხოვრობს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე ხაშურის დედა ღვთისას მონასტერში მსახურობს. მას ოცდასამი ძაღლი, ცხრა ლეკვი, თორმეტი კატა და ერთი ვირი ჰყავს. მამა სებასტიანე, ძირითადად, იმ ძაღლებს იფარებს, რომლებიც სხვადასხვა სნეულებებით არიან დაავადებულნი. შემდეგ მათ მკურნალობს და მზრუნველ პატრონებზე გააჩუქებს. გასულ წელს 30-ზე მეტი ცხოველი დააბინავა და საკუთარი სახლი უპოვა. როგორც თავად გვითხრა, ცხოველები, ძირითადად, ქუჩიდან აჰყავს სხვადასხვა მოტეხილობითა და დაავადებით. მათ გამოსაკვებად ყოველდღე ფეხით ექვს კილომეტრს გადის, მისი დამხმარე კი მხოლოდ ერთი ვირია – ლურჯა, რომელიც ეხმარება ტვირთის განაწილებაში.
მამა სებასტიანე: ღარიბი გლეხის, მაღაროელის ოჯახში დავიბადე. ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი შრომას და ცხოველების მიმართ კეთილგანწყობას. ეს სიყვარული ოჯახში სუფევდა – მამაც და დედაც ცხოველების უზომოდ მოყვარულები იყვნენ და დღესაც ასე არიან. ოჯახის სიდუხჭირის გამო, ათი წლიდან ვცდილობდი, რომ მამისათვის შემემსუბუქებინა ის ტვირთი, რასაც ოჯახის რჩენა ჰქვია და თავის რჩენა დამოუკიდებლად მიწევდა, კერძოდ დავდიოდი სანაგვეებზე, სადაც მოვიპოვებდი სპილენძსა და ალუმინს. ამით ვირჩენდი თავს და შეძლებისდაგვარად ოჯახსაც ვეხმარებოდი.
– რატომ აირჩიეთ ბერული ცხოვრება?
– პირველ რიგში, უფლის სიყვარული მქონდა, თორემ უფლის სიყვარულის გარეშე ცხოველების სიყვარული ვერ მექნებოდა. ბავშვობაში ბევრი ჯვარი მაქვს გაკეთებული და ნატაძრალ ადგილებზე დადგმული, ასევე ვპატრონობდი უპატრონო მიცვალებულების საფლავებსა და პატრონიანებისასაც. მინდოდა, რომ სააღდგომოდ ყველასთვის დამესწრო საფლავების გასუფთავება. ოცდახუთი წლის ასაკში სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი თავი უფლისთვის მიმეძღვნა და მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამე დაბრკოლება არ მქონია, სიღარიბეს ჩვეულებრივად აღვიქვამდი, შესაბამისად, მონასტერში ამ პრობლემის გამო არ წავსულვარ, ეს ნაბიჯი მხოლოდ უფლის უსაზღვრო სიყვარულმა გადამადგმევინა. უფლის ნებით, 2005 წელს რუისისა და ურბნისის ეპარქიაში მივედი. ერთწლიანი მორჩილების შემდეგ, ჩემი მოძღვრის, ყოვლადუსამღვდელოესის, თავად მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღვიკვეცე ბერად. მეუფე იობმა ყინწვისის ყოვლადწმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში აღმკვეცა ბერად და მიწოდა იმ დღეს მოხსენიებული წმიდანის, მოწამე სებასტიანეს სახელი.
– რთულია ბერული ცხოვრება?
– საერთოდ, ყველანაირი ცხოვრება რთულია, მათ შორის ბერულიც, მაგრამ როცა უფალი შენ გვერდითაა, რთული და დაუძლეველი არაფერია. მართალია, ბერს სულ სხვა ბრძოლები აქვს ბოროტისგან, ვიდრე ერისკაცს, მაგრამ დაუძლეველი არაფერია. ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ გზაზე დადგომისთვის ვიყავი დაბადებული და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.
– თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოჯახს როგორი პოზიცია ჰქონდა?
– ჩემი მშობლები ძალიან ალალი და პატიოსანი ხალხია. წასვლისას მხოლოდ დედას ვუთხარი, რომ ხვალ დილით მონასტერში მივდივარ და ტანსაცმელი ჩამილაგე, არავის უთხრა-მეთქი. ერთი კი მითხრა, აქ ყოფილიყავიო და დამლოცა. მამამ და დედმამიშვილებმა კი წასვლის შემდეგ გაიგეს.
– რატომ დაიწყეთ ცხოველების შეფარება?
– ცხოველების მიმართ კეთილი დამოკიდებულება და სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, ოჯახში სულ გვყავდა ძაღლები, ძირითადად მეძებრები, რადგან მამა ნადირობდა. ძაღლები გამორჩეულად მიყვარდა და ჩვენს ძაღლს რამდენი ლეკვიც კი ეყოლებოდა, მინდოდა, ყველა დამეტოვებინა. მამა, ჩემს ჩუმად, იბარებდა თავის მეგობრებს, ლეკვები რომ გაეჩუქებინა. იცოდა, რომ არავის გავატანდი.
– მხოლოდ დასნეულებულ ცხოველებს იფარებთ?
– ნებისმიერი ქუჩის ძაღლი მეცოდება, რომელიც ქუჩაში გამოაგდეს და არავინ იცის, როდის დაასრულებს სიცოცხლეს. ქუჩისთვის ყველაზე საცოდავი, ეგრეთ წოდებული, ჯიშიანი ძაღლია, რომელიც ოჯახში გაიზარდა და შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. ჯიშიანი ძაღლები, ძირითადად, გაჩუქების მიზნით მიმყავს, რომ კარგი პატრონი შეხვდეს და აღარასდროს დაიჩაგროს. შარშან ოცდაათი ჯიშიანი ძაღლი გავაჩუქე მზრუნველ პატრონზე, წელს კი – უკვე ათი. დანარჩენები კი მყავს და ვმკურნალობ. ბევრი მომაკვდავი ძაღლი დავაყენე ფეხზე.
– რამდენი ცხოველი გყავთ და როგორ უმკლავდებით მათ მოვლას?
– ამჟამად მყავს ოცდასამი ძაღლი და ცხრა ლეკვი, ასევე, თორმეტი კატა და ერთი ვირი. მოვლაში, ძირითადად, ცხოველთა მოყვარული ფეისბუქ-მეგობრები მეხმარებიან, მიგზავნიან საკვებსა და თანხას, რათა თავად შევუძინო ცხოველებს საკვები და მედიკამენტები. რაც შეეხება მოვლას, მარტო ვუვლი და ყველაფერს ვასწრებ. ტრანსპორტი არ მყავს და ძაღლებს ლურჯათი ვუზიდავ საჭმელს. სოფლიდან, სოფლამდე კი „მარშრუტკით“ მომაქვს. ადრე სულ მარტო ვზიდავდი ხოლმე, ზურგით. შარშან ერთმა კეთილმა ადამიანმა ფული გამომიგზავნა და ვიყიდე ვირი, სახელად ლურჯა, ხურჯინს გადავკიდებ ხოლმე და მოგვაქვს ზოგი მე, ზოგიც – ლურჯას. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თითოეულ ძაღლს სათანადოდ მოვუარო, რა თქმა უნდა, ამაში უფლის ხელი ურევია და უფალი მაძლიერებს. ის მაძლევს ძალას, რომ ეს ყველაფერი შევძლო. მადლობა უფალს ამ ყველაფრისათვის.
– საიდან მოგყავთ ეს ძაღლები?
– ჩვენდა სამწუხაროდ, ინვალიდ და ავამდყოფ ძაღლებს არ სჭირდებათ ძებნა, ისედაც სავსეა ქუჩები. ასეთი ძაღლები, უმეტესწილად, ადამიანებმა მიატოვეს, ზოგმა – დასნეულებული, ზოგმა კი – ჯანმრთელ, მაგრამ ქუჩაში არასწორი კვებითა და წვიმაში და სიცივეში ყოფნით დასნეულდნენ.
– მარტო ცხოვრება არ გიჭირთ?
– ბავშვობიდან მიყვარდა განმარტოება და მარტო სიარული, ამაში დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი. ჩემი მონასტრული ცხოვრების დასაწყის პერიოდშიც ისე მოხდა, რომ მეუფე იობთან მიწევდა რეზიდენციებში ცხოვრება, ძირითადად, მარტო ვცხოვრობდი და მივეჩვიე. 2010 წლიდან კი სულ მარტო, დამოუკიდებლად ვცხოვრობ უფლისა და დედა ღვთისას შეწევნით.