№30 თიკა ბალანჩინი: რომ მცოდნოდა, ასე მოხდებოდა, აუცილებლად მივატოვებდი ყველაფერს და მასთან ჩავფრინდებოდი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ 22 წლის მომღერალმა თიკა ბალანჩინმა ახლახან „ბრავო რექორდსში“ სიმღერაც ჩაწერა, კლიპიც გადაიღო ჯგუფ New One-სთან ერთად და როგორც თავად ამბობს, გაჩერებას არ აპირებს. მუსიკა და არანჟირება თავად თიკას ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი დათო ფორჩხიძეა. მართალია, თიკას საქართველოში საყვარელი ბებია აღარ დახვდა, მაგრამ მის სითბოსა და ენერგეტიკას გრძნობს და სიმღერაც, სახელწოდებით – „შენთან“, გამზრდელ ბებიას მიუძღვნა.
– თიკა, უცხოეთში იმდენად კარგად ააწყვე სასიმღერო კარიერა, რომ ყველას ეგონა, გარკვეული პერიოდი მაინც დარჩებოდი და ასე მალე უკან არ დაბრუნდებოდი. მაინც, რატომ გადაწყვიტე, ერთი წლის შემდეგ დაბრუნება?
– დიახ, მე და დათუნა, ჩემი ქმარი, ერთი წელი ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში ვიყავით. იქ ბავშვი გავაჩინე, სასიმღერო კარიერაც ავიწყვე, მაგრამ ისევ აქ დავბრუნდით, საქართველოში. იქ, სამუდამოდ დარჩენას ისედაც არ ვაპირებდით. კიდევ ვამბობ, ემიგრანტობაში ყოფნა ცუდი არ იყო, კარგადაც ავეწყვე, მაგრამ საქართველოში ცხოვრება მირჩევნია. ასე რომ, სიმშვიდიდან, ისევ ჩემს ქოთქოთა ქვეყანაში დავბრუნდი. უკვე ჩავწერე საავტორო სიმღერა „შენთან“, რომელიც სიყვარულსა და იმ განცდებზეა, რასაც ახლა ვგრძნობ. კლიპიც გადავიღე, პრეზენტაციაც გაიმართა, კონცერტებიც დაგეგმილია. ბენდში ახალი, უნიჭიერესი მუსიკოსები დაგვემატა და გაჩერებას არ ვაპირებთ. ალბომზე მუშაობასაც ვიწყებთ და წინ საკმაოდ დაძაბული და შემოქმედებითად, ცხელი ზაფხული გველოდება.
– საკმაოდ ენერგიული, დამოუკიდებელი, მიზანდასახული და ერთი შეხედვით, ბედნიერი გოგო ხარ. ამ სიხარულების ფონზე, რამდენად გახსენებს თავს ის ტკივილი და განცდა, რაც ცხოვრების გზაზე გამოიარე?
– ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოსულა. ბევრს ვშრომობდი, რომ მიმეღწია იმისთვის, რაც მაქვს. რაც შეეხება ტკივილს, ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდი ამბები მოხდა – დავკარგე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, გამზრდელი ბებია. მას დიდი როლი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში, მისი წყალობით გამიცნო ხალხმა. მისი წასვლის ტკივილი ჩემში არასდროს განელდება. რთული იყო გააზრება, რომ დამტოვა, მაგრამ რასაც ვაკეთებ, მას ვუძღვნი, ამით გადამაქვს მისი მონატრება და ტკივილს ამაში ვიკლავ. საუკეთესო ბებო მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერ ვხედავ, სულ თვალწინ მიდგას, მახსოვს და მიყვარს.
– ბოლო წუთებში მის გვერდით არ იყავი. ალბათ, ეს ორმაგად ამძიმებს შენს განცდასა და ტკივილს და მთელი ცხოვრება ამაზე იდარდებ.
– ნამდვილად ასეა. ბოლო წამებში მის გვერდით არ ვიყავი და ეს მთელი ცხოვრება ტრავმად გამყვება. ყოველდღე ვესაუბრებოდი და არასდროს დაუწუწუნია, არ უგრძნობინებია ტკივილი. იქით მამშვიდებდა. მართლა, სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. ის რომ მიფთხილდებოდა, ისე ვერავინ გამიფრთხილდება, ის რომ მანუგეშებდა, ისე ვერავინ დამიდგება გვერდით. მისი გარდაცვალებით ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. ბავშვობა დამთავრდა და მეტად დავფიქრდი ბევრ რამეზე. ბოლოს საბერძნეთში, დეიდაჩემთან იყო და როცა საოპერაციოდ შეჰყავდათ, ტელეფონით ვესაუბრე. დამაიმედა: არ ინერვიულო, კარგად ვიქნებიო. ისეთი იმედი მომცა, ვერ დავიჯერებდი და გავიაზრებდი, რომ მალე მის ხმას ვეღარ გავიგონებდი, ვერ ვნახავდი. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. რომ მცოდნოდა, ასე მოხდებოდა, აუცილებლად მივატოვებდი ყველაფერს და მასთან ჩავფრინდებოდი. რომ მითხრეს, მძიმედ არისო, ეგრევე ჩავფრინდი, აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ რომ მოვეფერე, თვალები აახამხამა და ზუსტად ვიცი, გაიგო, რომ მის გვერდით ვიყავი, იგრძნო ჩემი სითბო და სიახლოვე. კლიპიც და სიმღერაც, რომელიც ახლახან ჩავწერე და გადავიღე, ჩემს ბებოს მივუძღვენი – ვინც ჩამომაყალიბა, გამზარდა, სიყვარული და სითბო მასწავლა.
– თუ გქონდა წინათგრძნობები მის სიკვდილთან დაკავშირებით და ახლა იმქვეყნიდან სიზმრად თუ მოდის შენთან?
– მის არსებობას, სითბოსა და სიყვარულს სულ ვგრძნობ. ძალიან მინდა, სიზმრად მოვიდეს, მაგრამ ჯერ არ მოდის. როცა თბილისში ჩამოვედი და ცარიელ სახლში შევედი, სადაც ბებო აღარ დამხვდა, ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. მის გარეშე სახლი ცარიელია, ის ენერგეტიკა აკლია, რომლითაც ის ავსებდა. მქონდა იმედი, როგორც მე მედგა გვერდით, ჩემს შვილსაც ისეთ ბებიობას გაუწევდა, მაგრამ ვერ მოასწრო და ამის გამო, ვიცი, გულნატკენი წავიდა. ვერ ვიტყვი, ცხოვრება სასტიკი აღმოჩნდა ჩემ მიმართ-მეთქი, რადგან შვილი, ლეა მყავს გვერდით – ბევრი ერთგული და საყვარელი ადამიანი და ბებიაც – იმქვეყნიდან. ზუსტად ვიცი, დამიცავს. ამბობენ, ბებოს თვისებებით ვგავარ და მიხარია ამის გაგონება. მან მომიყვანა ცხოვრების აზრზე, განათლება მომცა, ურთიერთობები მასწავლა და მისგან შეუფასებელი განძი – სიყვარული, სითბო და ბედნიერი მოგონებები დამრჩა. ასე მგონია, გამორჩეული იყო და მე მისნაირი, ძლიერი, მოსიყვარულე და თბილი ვერასდროს ვიქნები. ვფიქრობ, მისი ბებიობა რომ მხვდა წილად, ეს ღმერთის საჩუქარი იყო.
– გარდა მოგონებებისა, თუ გაქვს ისეთი ნივთი, რომელიც მისი ნაჩუქარია და სულ თან დაგაქვს, როგორც დამცავი თილისმა?
– კი, მაქვს. შარფი, რომელიც ბებოს ძალიან მოსწონდა და სულ ატარებდა. ახლა, ეს შარფი მე მიკეთია და მის სურნელსა და ენერგეტიკას ვგრძნობ. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ოქროს სამაჯური გაუკეთა. ბავშვის სახელია მასზე ამოტვიფრული, გამოუგზავნა და ისიც სულ მაჯაზე მიკეთია. ბებოს გარდაცვალება ის დიდი ტკივილი და განსაცდელია, რომელმაც ყველა ის პატარ-პატარა ტკივილები გადაფარა, რაც ცხოვრების განმავლობაში შემხვდა და მისმა ამქვეყნიდან წასვლამ ჩემი ლაღი ბავშვობა დაასრულა. თუმცა, მიმაჩნია, რომ მაინც იღბლიანი ადამიანი ვარ, არასდროს ვფიქრობ ბევრს, სურვილები და ოცნებები თავისთავად მიხდება. სულ ვამბობ: ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი და მართლაც, ლაგდება. ცხოვრების გზა ია-ვარდით არ არის მოფენილი, მაგრამ იმ ეკლების გავლით, რაც გზაზე მხვდება, კიდევ უფრო ვძლიერდები და სირთულეების გავლის მერე უფრო თავდაჯერებული და ძლიერი გოგო გავხდი. ბავშვობაში მშიშარა ვიყავი, მაგრამ ახლა არც შიშარა ვარ და არც სუსტი. ეს ცხოვრებისეული წინაღობებისა და ბარერების გადალახვით დავძლიე.