კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ემზარ კვიციანი: ოცი წლის მერე იმ ქალმა მაინც მოიკლა თავი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ემზარი.
გვარი: კვიციანი.
როფესია: პარლამენტის წევრი.
ბავშვობა: ძალიან მეტიჩარა ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ რვა დედმამაშვილს შორის ყველაზე უმცროსი ვარ. უფროსები მანებივრებდნენ. ცელქი ვიყავი, ყველას ჩავეჩრებოდი, არ ვაცლიდი ლაპარაკს. კი მხვდებოდა ამის გამო დებისგან და ძმებისგან, მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი. ამიტომ მეტსახელად „მეტიჩარას“ მეძახდნენ. 11 წლის ვიყავი, დავინახე, რომ მდინარეში ქალი გადახტა, თავს იკლავდა და ეგრევე გადავხტი გადასარჩენად. რომ დამინახეს, კიდევ ორი ბიჭი მომეშველა და გადავარჩინეთ. თუმცა, დაახლოებით, ოცი წლის მერე ის ქალი ისევ იქ გადახტა და მაინც მოიკლა თავი. იმ დროს მე უკვე აღარ ვიყავი კოდორში.
– თქვენი ჰობი.
– სოფლის მეურნეობა არის ჩემი ჰობი და ძალიან მიყვარს. ომი თუ არ იქნება, სოფლის მეურნეობასა და ადამიანის უფლებების დაცვას ავირჩევდი. მთელი ჩემი ცხოვრება თუ რაიმე უსიამოვნება მომსვლია, ყოველთვის სხვის დაცვაში.
– რა გაღიზიანებთ?
– ცილისწამებას რომ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევენ.
– არის რამე, რისიც გეშინიათ?
– კი, ბატონო. სირცხვილის მეშინია.
– თვისება, რომელიც მოგწონთ საკუთარ თავში და რომელიც არ მოგწონთ?
– ძალიან ბევრი თვისება არ მომწონს, სარკეში ჩახედვაც ძალიან არ მომწონს. რა თქმა უნდა, მირჩევნია, უფრო სხვანაირი და სიმპათიური ვიყო. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, ყოველთვის ჩემს თავს ვადანაშაულებ და ვცდილობ, სხვა გავამართლო, მაგრამ ყოველთვის ვერ გამომდის.
– რა არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანს?
– არ შემიძლია და არც მიპატიებია ღალატი. როდესაც ადამიანი გიღალატებს და მაინც თავის აზრზეა, ამის პატიება ნამდვილად არ შემიძლია.
– სამაგიერო თუ გადაგიხდიათ?
– სამაგიერო როგორ არ გადამიხდია? აბა, თუ სამაგიერო არ გადაუხადე, სამართლიანობას ვერ აღადგენ. თავს არასდროს არავის დავსხმივარ. ყოველთვის მე ვიყავი თავდასხმის ობიექტი და თან, ძალიან ხშირად.
– რას ნანობთ?
– რა თქმა უნდა, არის ბევრი რამ, რასაც  ადამიანი ნანობ, მაგრამ ყველაზე დიდი რამ, რაც გულზე მაწვება, აღსარებაშიც ვუთხარი მამაოს არის შემდეგი: 2006 წელს ფერმერობას მივყევი და მყავდა 39 კამეჩი. კამეჩებმა ძალიან დიდი სიყვარული იციან. კამეჩმა თუ შეგიყვარა, ძაღლივით გიცავს. როდესაც ფურს კლავდნენ, მაშინ გავიგე, რომ თითქმის ყველა ფურს ინფარქტგადანატანი გული აქვს, იმხელა სიყვარული აქვს და ისე განიცდის, შვილს რომ კარგავს. 4-5 ფური მყავდა და რომ დამინახავდნენ, პირდაპირ მანქანისკენ გამორბოდნენ. ავდექი და ყველას, რადგან გაგვიჭირდა. ჩემთვის დღემდე მტკივნეულია. მახსენდება იმათი თვალები, იმათი ერთგულება...
– სიზმრების გჯერათ?
– არის სიზმრები და არის ხილვა, რომელიც ნამდვილად არსებობს და ხშირად მქონდა ისეთი შემთხვევა, რასაც სიზმარს ეძახიან, მაგრამ მე ასე არ ვეძახი. მთელი ომის პერიოდი ხილვებში ვიყავი. არანაირი დაზვერვა მე არ მქონდა, რომ ინფორმაცია მოეწოდებინათ ჩემთვის. უშიშროება ჩემზე არ მუშაობდა, პირიქით, ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. ვიყავით მხოლოდ კოდორლები, ადგილობრივი ხალხი, რომელსაც არანაირი საშუალება არ გვქონდა. ყოველ შემოტევას წინასწარ ვგრძნობდი. ანგელოზი მაგებინებდა, რომ ხვალ იქნება შემოტევა. პირდაპირ კი არ მეუბნებოდა ვინმე, რომ ხვალ ამა და ამ ადგილას თავს დაგესხმიანო, არა, უბრალოდ, მე სხეულით ვგრძნობდი. უნდა ისწავლო ანგელოზის მოსმენა და ის აუცილებლად გატყობინებს. ომში, პირველ ხაზზე რა უნდა ყოფილიყო, წინასწარ მაგრძნობინებდა ანგელოზი, რომ ხვალ აუცილებლად თავდასხმა იქნება. ამ თავდასხმისთვის ვიწყებდით მზადებას და გვიმართლებდა.
– ადვილია თქვენი გაბრაზება?
– კი, უცებ ვბრაზდები. ჰოროსკოპით ვერძი ვარ და ავფეთქდები ხოლმე, მაგრამ ადვილად გადამდის, მალე მავიწყდება. ბოროტების გულში ჩადება ნამდვილად არ ვიცი.
– ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ჩაგიდენიათ?
– ყველაზე დიდი სიგიჟე იყო, როდესაც დამევალა ჩეჩნებთან წასვლა და შევარდნაძემ პირდაპირ მითხრა: ემზარ, განწირული ხარ, მაგრამ ერთი კაცი არაფერს ნიშნავს, არც შენ და არც მეო. ასე წავედი. მე ვფიქრობ, რომ ჭკვიანი კაცი არ წავიდოდა, სიგიჟე იყო იქ წასვლა. მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ვფიქრობდი. გაყიდული ვიყავით ქართველებიც და ჩეჩნებიც. გარკვეულ ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომელთაც უნდა ეღალატათ ჩვენთვის და გვიღალატეს კიდეც, მაგრამ უფლის წყალობა მაინც დიდია. შეეცადნენ, რომ ჩვენ და ჩეჩნები ერთმანეთს დავტაკებოდით, მაგრამ არ გამოუვიდათ. სანამ ჩავაღწევდით იმ ადგილას, სადაც ეს იყო დაგეგმილი და ხაფანგი დაგებული, მანამდე ჩვენ გავიცანით ერთმანეთი. ხომ იცით ვაჟკაცები რომ გაიცნობენ ერთმანეთს, ძმები ხდებიან და ჩვენ ეს მოვასწარით, დავმეგობრდით და ერთმანეთს ვეღარ გადაგვკიდეს. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ უცხო ქვეყნებისა და ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს ეს ერთობლივი ჩანაფიქრი არ გამოუვიდათ. ისინი თითქმის ყველა ცოცხალი დავაბრუნე სახლში და მეც ცოცხალი დავბრუნდი. სხვათა შორის, ძალიან გაუკვირდა შევარდნაძეს, როდესაც ტელეფონში ჩემი ხმა გაიგონა.
– კრიტიკულ სიტუაციებში ხშირად რისკავთ?
– მთელი ჩემი ცხოვრება რისკზე მივდივარ. შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი, რომელიც გზაზე არავის და არაფერს ტოვებდა და ასე მიიწევდა წინ. სამწუხაროდ, პოლიტიკა ასეთი რამ არის და ისიც ასე იქცეოდა. რომ იძახიან აფხაზეთი და ოსეთი გაყიდაო, მაგაზე მე მაქვს ასეთი პასუხი: კოდორის ხეობა რატომ არ გაყიდა, როგორც კოდორის ხეობის მოსახლეობა მოვიქეცით, ასე რომ მოქცეულიყვნენ გაგრაში, ოჩამჩირეში, გულრიფშში, გალში, აეღოთ თავის თავზე პარტიზანობა, დაეცვათ თავიანთი რაიონები, ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდებოდა. რამდენჯერაც დამდგარა კრიტიკული მომენტები კოდორის ხეობაში შევარდნაძე ყოველთვის მე მეყრდნობოდა. მითხრა: როგორც ჩათვლი საჭიროდ, როგორც შენ გინდა, ისე იმოქმედეო. იყო დესანტის გადმოსხმა, იყო ჩეჩნების შემოსვლა, იყო აფხაზეთის საზღვრების გადმოწევა – ორმოცი კილომეტრი ჩააბარეს ჩვენმა მესაზღვრეებმა ჩუმად და 2002 წლის 13 აგვისტოს სროლით გავყარე იქიდან, ისე რომ არც არავინ დავჭერი და არც მოვკალი. ფსიქოლოგიურად დავასუსტეთ. გაყიდული რომ ჰქონოდა შევარდნაძეს, მაგ შემთხვევაში არ დამთანხმდებოდა ამის გაკეთებას. თუ პრეზიდენტია გამყიდველი, უშიშროება სად არის, არ უნდა მოუშვან პრეზიდენტად ის ადამიანი, რომელიც ყიდის სამშობლოს. და თუ ხვდებიან, რომ ყიდის, ან უნდა გადააყენონ, ან მისი ლიკვიდაცია მოახდინონ. ამისთვისაა სახელმწიფო უშიშროება. ამ დროს ჩვენთან რა ხდება? შევარდნაძეც თვითონ მოიყვანეს და გაუშვეს, სააკაშვილიც თვითონ მოიყვანეს და გაუშვეს.
– ბედისწერის გჯერათ?
– რა თქმა უნდა, მჯერა ბედისწერის. რამდენჯერ ვიყავი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ვდგავარ და ჩემ ირგვლივ ხალხი ვარდება, ხალხი რომ იხოცება და მე ტყვია არ მხვდება. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გადარჩენის შანსი არ ყოფილა და გადავრჩენილვარ. ბედისწერა არის, როდესაც ბედმა არ გიმტყუნა და გადარჩი. იღბალი კი ის არის, როდესაც არ რისკავ, არაფერს აკეთებ და ყველაფერი მაინც კარგად მიდის.
– ეჭვიანი ხართ?
– ავადმყოფურად არა, მაგრამ ეჭვიანი ვარ. ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ეჭვიანი რომ არ ვიყო, გასაკვირია. თავში სულ პასკალის აზრები მიტრიალებს: „სადაც ხარ, ყველგან ეჭვით უნდა იყოო“, ანუ ავადმყოფი ეჭვიანი არ უნდა იყო, მაგრამ ყველაფერი უნდა გადაამოწომო. სწორედ ამიტომ არასდროს დამიშვია შეცდომა. ამ ბოლო დროს რაც მოხდა, თუნდაც, კოდორის ამბები რომ იყო, ყველაფერს წინასწარ ვხვდებოდი, იმიტომ რომ ყველაფერს ეჭვქვეშ ვატარებდი და გამოვიდა, რომ ყოველთვის სწორ ანალიზს ვაკეთებდი.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული – ეს არის ტანჯვა. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ეგოიზმიცაა. გიყვარს და გსიამოვნებს. გყავს და ბედნიერი ხარ. ხოლო, როცა კარგავ, მთელი ცხოვრება იტანჯები.
– ქალი თქვენთვის არის...
– ჩემი გადმოსახედიდან, ნამდვილი ქალი, პირველ რიგში, არის ერთგული ქალი... ხასიათი, რამდენად ქალურად გამოიყურება, მისი საუბარი, სულიერი სიწმინდე, მამაკაცისადმი დამოკიდებულება – როდესაც მანდილოსანი კაცს კისერზე არ ახტება. არ შეარცხვენს თავის ჩაცმულობით, საქციელით, ასეთ ქალებს დღეს „პრადვინუტი“ ქალები გოიმებს ეძახიან.
– გენდერულ თანასწორობაზე რას იტყვით?
– მე ვფიქრობ, ქართველებზე დიდი „სტაჟი“ ქალების პატივისცემისა, მსოფლიოში არავის აქვს. სვანები, აჭარლები, დასავლეთ საქართველო მართლმადიდებლები გავხდით პირველ საუკუნეში. როდესაც ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემოვიდა. ერთ თვეში მოექცა მთელი სვანეთი ქრისტიანად. თუ რატომ მოექცა ასე მალე, პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ სვანები მესიის მოვლენას სულ ელოდებოდნენ. მაშინ სვანებს მმართველად ქალი ჰყავდათ. სხვები გენდერულ თანასწორობაზე ახლა საუბრობენ.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– თავი  არ უნდა დაკარგო, არც სიყვარულში და არც სიძულვილში.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არ მიჭირს. ბოდიშიც მომიხდია და უპატიებათ კიდეც. ერთი ფაქტი მახსოვს: ფილარმონიის წინ, გაჩერებაზე ვიდექი. მაშინ „გარმოშკა“ ავტობუსები დადიოდა. უკანა კარი იყო ღია და ბიჭს  უკანალი კარებში გარეთ ჰქონდა დატოვებული, ცოტა მსუქანი ბიჭი იყო. ხელში მეჭირა „ცეპი“ და ავტობუსმა რომ ჩამოიარა, ინსტინქტურად მივარტყი, უცებ ვინანე, ძალიან შემრცხვა ჩემი თავის. გაიარა ერთი ოცი მეტრი ავტობუსმა და ჩამოვიდა ის ბიჭი – რატომ მომარტყიო. მაპატიე, ბოდიშს გიხდი, ინსტინქტურად გამომივიდა-მეთქი, ძალიან „გამიტყდაო“ და წავიდა. თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, გაახსენდება ეს ფაქტი და შემეხმიანება, ძალიან გამიხარდება. დიდი სიამოვნებით გავიცნობ.
– ალკოჰოლი დარდებს აქარვებს?
– ალკოჰოლი დარდების გასაქარვებლად არ დამილევია. რომ დალევ, დარდი უფრო გაწვება ადამიანს. სმა და ქეიფი არის აკადემია, თან ლოცვაა. გაუნათლებელიც რომ იყოს ახალგაზრდა, თუ ტრადიციულ სუფრულ გარემოში გაიზარდა, ბევრ რამეს ისწავლის.
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– უფალს შევხვედრილვარ ჩემს ხილვებში. პირისპირ რომ შევხვდე, მუხლის ჩოქებზე დავდგებოდი და მადლობას ვეტყოდი, რომ გამხადა ღირსი და მეჩვენა, პირველი ჩემი სიტყვა ეს იქნება და ეს იყო კიდევაც.

скачать dle 11.3