№30 როგორ გაქრა უნიკალური მარკა „წმიდა გრაალი“, რომელიც 6 მილიონი დოლარი ღირს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გაქურდული ფილატელისტი
1968 წლის 15 მაისს 58 წლის ოთარ ჭავჭავაძე საღამოს 17 საათზე დაბრუნდა სახლში. სამუშაო ოთახში შევიდა და მუშაობას შეუდგა. დაახლოებით 20 საათზე უზარმაზარი კედლის საათის უკან ჩამონტაჟებული სეიფი გააღო და კლაისერები (მარკების ჩასაწყობი ალბომები) გამოიღო. ერთ-ერთი მათგანი გადაშალა და როგორც კი დახედა, გული წაუვიდა. იატაკზე დავარდნილი, გონებადაკარგული ოთარ ჭავჭავაძე მეზობელმა, ზინა კაშიამ მოასულიერა და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა. გონზე მოსულმა მასპინძელმა კი მეზობელს მილიციის გამოძახება სთხოვა და ადგილზე მოსულ ოპერჯგუფს განუცხადა, რომ გაქურდეს. დაზარალებული ოთარ ჭავჭავაძე ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო და სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ჭავჭავაძე მარკების შეგროვებით იყო გატაცებული და მას ფილატელისტების წრეში ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექციის პატრონად მიიჩნევდნენ. მთელ თავის შემოსავალს ოთარ ჭავჭავაძე მარკების შესყიდვაში ხარჯავდა და მას ამის გამო ცოლიც კი გასცილდა, რომელმაც ერთადერთი ვაჟიც თან წაიყვანა.
„წმიდა გრაალი“
მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ჭავჭავაძეს წინასაინფარქტო მდგომარეობა ჰქონდა, ექიმებს საავადმყოფოში წაყვანაზე უარი უთხრა, მილიციის გამომძიებელს კი განუცხადა: „მოპარულია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ძვირფასი მარკა სახელწოდებით – „წმიდა გრაალი“. დანარჩენი მარკები და საერთოდ, სხვა ძვირფასი ნივთები ხელუხლებელია. ესაა უნიკალური მარკა და მისი ღირებულება სამი მილიონი დოლარია“.
გამომძიებელს ეგონა, ჭავჭავაძე გაგიჟდა და ბოდავსო. თუმცა, ფილატელისტმა მას სპეციალური კატალოგი უჩვენა, რომელშიც მოპარული მარკის სურათი იყო დაბეჭდილი და მისი ღირებულებაც ეწერა – სამი მილიონი დოლარი...
ჭავჭავაძემ ოფლი მოიწმინდა და გამომძიებელს უთხრა: „ეს მარკა 1868 წლის 1-17 იანვრის პერიოდშია გამოშვებული და სულ 50 ცალი დაიბეჭდა. ორი მათგანი შეერთებულ შტატებშია: ერთი – ნიუ-იორკის მუზეუმში, ერთიც – კერძო კოლექციაში. ერთი კი მე მქონდა. დანარჩენი 47 ცალი განადგურდა. ამ მარკაზე, რომელიც ლურჯი ფერისაა, ამერიკის პირველი ფოსტმაისტერი ბენჯამენ ფრანკლინია გამოსახული. მარკის ფულადი ნომინალია ერთი ცენტი. მისი ბეჭდვისას კი ველიფირების მეთოდია გამოყენებული, ანუ შტამპის დადების განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც მხოლოდ 1868 წლის 1-17 იანვარს გამოიყენეს. ერთი სიტყვით, ქურდმა იცოდა, რას იპარავდა და თავისი ამოცანა უმაღლეს დონეზე შეასრულა...“
დაზარალებული მართალს ამბობდა და მილიცია ინტენსიურად შეუდგა „წმინდა გრაალის“ ძებნას.
„თავანი“
თავდაპირველად „წმიდა გრაალის“ საქმეს ორჯონიკიძის (ვაკე-საბურთალოს) რაიონის მილიცია იძიებდა. შემდგომ ის მილიციის სამმართველომ წაიღო და მაიორ გაიოზ მამალაძეს გადასცეს, რომელიც მსგავსი გამოძიებების დიდოსტატი იყო. 33 წლის მაიორმა საკუთარი ვერსია შეიმუშავა და ფიქრობდა, რომ „ნაკოლშჩიკი“ შინაური იყო. მამალაძემ ეჭვი პროფესორის 27 წლის ვაჟზე, ლევანზე მიიტანა. მამალაძემ უბნის აგენტების დაკითხვის შედეგად დაადგინა, რომ ლევან ჭავჭავაძემ კამათლებში ათას ხუთასი მანეთი წააგო ყომარბაზ ჯონდო მეგრელაძესთან, მეტსახელად „კოღოსთან“. იმავე აგენტის ცნობით, ჭავჭავაძემ „კოღოს“ „თავანი“ (წაგებული თანხა) ბიჭიკო ნოზაძის დახმარებით ჩააბარა. ნოზაძე „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ბიძა“ იყო და „შავ სამყაროში“ საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა. ლევან ჭავჭავაძე კი „ბიძას“ არც ნათესავი იყო და არც არანაირი ახლობელი, რომ მისთვის ასეთი დახმარება გაეწია. ამიტომ გაიოზ მამალაძე ფიქრობდა, რომ „თავანის“ სანაცვლოდ, ლევანმა მას „წმიდა გრაალის“ „ნაკოლი“ მისცა და ამ ვერსიის გადამოწმება თავად ნოზაძესთან სცადა.
საერთაშორისო გზავნილი
მამალაძეს, „ბიძას“ წინააღმდეგ კომპრომატი ჰქონდა. მაიორმა იცოდა, რომ ნოზაძე თავისი კოლეგის ცოლთან იწვა და მასთან სასაუბროდ რომ წავიდა, ამის დამადასტურებელი ფოტოებიც თან წაიღო. „ბიძამ“ რომ სურათები ნახა, მაიორს უთხრა:
– მაინც რა გაინტერესებს?
– რის სანაცვლოდ ჩააბარებინე ლევან ჭავჭავაძეს „კოღოსთან“ წაგებული „მაყუთი“.
– „ნაკოლის“ სანაცვლოდ, – მიუგო „ბიძამ“.
– უფრო დაწვრილებით მითხარი, – თქვა მაიორმა.
– მოკლედ, ერთი კაცია, ბონდო სირაძე და იმან მთხოვა, რომ ლევან ჭავჭავაძე ჯერ „მაყუთში“ გაგვეჭედა, შემდეგ კი „თავანი“ გადაგვეხდევინებინა. სანაცვლოდ კი ეთქვა, თუ სად მალავდა მამამისი მარკებს. ბონდო ამაში თხუთმეტი ათას მანეთს შემპირდა და შევასრულე კიდეც.
– ეგ ბონდო სირაძე ვინღაა?
– ჩემი მეზობელია, – თქვა „ბიძამ“.
ბონდო სირაძე პროფესიით საქონელმცოდნე იყო, თუმცა უკანონო სავალუტო ოპერაციებში იყო შემჩნეული. ამიტომ, მამალაძე ამ კუთხით მიუდგა მას და სირაძემ მაიორს უთხრა:
– მთელი ეს კომბინაცია ჩემმა ნაცნობმა, ანზორ მღებრიშვილმა შემიკვეთა და ამაში 15 ათასი დოლარი გადამიხადა. ქურდი კიტა გაგოშიძე იყო და რა და როგორ მოიპარა, ნამდვილად არ ვიცი.
სირაძე დააპატიმრეს. დააპატიმრეს გაგოშიძეც, რომელმაც აღიარა პროფესორ ოთარ ჭავჭავაძის ბინის ქურდობა. ანზორ მღებრიშვილის დაკავება კი ვერ მოხერხდა, რადგან ის ბულგარეთში გაემგზავრა ამ საქმის გახსნამდე ოთხი დღით ადრე. 36 წლის მღებრიშვილი ბულგარეთში, საბჭოთა საელჩოში მზარეულად მუშაობდა. გაირკვა, რომ ბულგარეთიდან ის გაურკვეველი მიმართულებით გაქრა, ხოლო გაუჩინარებამდე ერთი საათით ადრე კი ქალაქ სოფიის მთავარ ფოსტამტში თბილისიდან გამოგზავნილი წერილი აიღო, რომელზეც „წმიდა გრაალი“ იყო მიწებებული. სწორედ ამგვარად განხორციელდა მარკის გატანა საზღვარგარეთ.
P.S. ანზორ მღებრიშვილმა, სავარაუდოდ, ეს უნიკალური მარკა კერძო კოლექციონერს მიჰყიდა. დღესდღეობით მისი ღირებულება 5-6 მილიონი დოლარია.