კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ დაიბრუნა საქართველომ სამხრეთ-დასავლეთის პროვინციები და რატომ გადმოსცეს ქალაქი კარი ჩვენს ქვეყანას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1074 წელს სულთნის ბრძანებით მისი მოხელე, განძის მმართველი სარანგი დიდი ჯარით შემოიჭრა საქართველოში. მას ეხმარებოდნენ სხვა ქალაქების მაჰმადიანი მეთაურები. მეფე გიორგიმ შეკრიბა ჯარი, მოირთო კახელები, შეებრძოლა თურქებს ფარცხისთან, დაამარცხა და გააქცია საქართველოდან.
  გიორგი მეფე ტაოში გადავიდა და ბანაში მივიდა. დაიწყო ბიზანტიის მიერ მიტაცებული, დავით მესამე კურაპალატის მემკვიდრეობის, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ციხე-სიმაგრეების დაკავება. იქ მას ესტუმრა ბიზანტიის დიდი მოხელე, აღმოსავლეთის დომესტიკოსი, გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელიც მართავდა ოლთისს მიმდებარე ქვეყნით, თეოდოსიოპოლს (კარნუ-ქალაქს, არზრუმს) და კარს (ყარსს).
  გრიგოლ ბაკურიანის ძე იყო ქართველი ერისთავთ ერისთავის, ბაკურიანის ვაჟი. ბიზანტიის იმპერატორმა, ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელმა, ალბათ, 1023 წელს ბაკურიანი ბიზანტიაში წაიყვანა მძევლად. ბაკურიანის გარდაცვალების შემდგომ მისი ოჯახი დიდ გაჭირვებაში ჩავარდნილა. გრიგოლისა და აბასის დედამ, ბაკურიანის ქვრივმა, ქონების ნაწილი გაყიდა, ალბათ, ვალების გამო, ნაწილი კი ქალიშვილებს მისცა მზითვად. გრიგოლსა და აბაზს თითქმის არაფერი დარჩენიათ. შესაძლოა, ბაკურიანის საერისთავო იმიერ ტაოში ყოფილიყო, რომელიც ბიზანტიის იმპერიამ დაიკავა 1001 წელს, როცა დავით მესამე კურაპალატი გარდაიცვალა.
  ბიზანტიელებს დიდებულთა შვილები სიმშვიდის შესანარჩუნებლად მძევლად მიჰყავდათ ხოლმე. ბიზანტიის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწებს იბერიის თემი ეწოდა. გრიგოლი და აბაზი იმპერატორის სამხედრო სამსახურში შევიდნენ და თავისი სიმამაცითა და ნიჭის წყალობით დაწინაურდნენ.
გრიგოლ ბაკურიანის ძე მოღვაწეობდა სომხეთში, რომელიც მაშინ ბიზანტიას ეკუთვნოდა, იბერიის თემში და ბიზანტიის აღმოსავლეთის სხვა მიწებზე.
  1064 წელს სელჩუკთა სულთანი, ალფ-არსლანი სამხრეთ დასავლეთ კავკასიაში შემოიჭრა. აიღო ჩვენი ახალქალაქი, აიღო ანისიც. ანისის დაცვას გროგოლ ბაკურიანი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ქალაქის დაცემისა, იმპერატორმა დააფასა გრიგოლ ბაკურიანისძის ვაჟკაცობა და ბიზანტიის იბერიის თემის კატეპანად დანიშნა.
  1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზზანტიის იმპერატორი რომანოზ დიოგენი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. მოიშალა ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრები. ბიზანტიაში ტახტზე აიყვანეს ახალი იმპერატორი – მიხეილ მეშვიდე დუკა, ბაგრატ მეოთხის ქალიშვილის, მარიამ-მართას ქმარი.
  ბიზანტიაში მოღვაწე ქართველები დედოფლის გარშემო დაირაზმნენ. გონიერი დედოფლის წყალობით და სელჩუკების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის მნიშვნელობის შეგნებით, ბიზანტიის საიმპერატორო კარზე გადაწყდა, დავით მესამე კურაპალატის გარდაცვალების მერე მიტაცებული მიწები საქართველოსთვის დაებრუნებინათ. ეს მისია აღმოსავლეთის დიდ დომესტიკოსს, გრიგოლ ბაკურიანის ძეს უნდა განეხორციელებინა. იმპერიაში სულ ორი დომესტიკოსი არსებობდა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის. დასავლეთის დომესტიკოსი იმპერიისთვის ბრძოლებს ევროპაში აწარმოებდა, აღმოსავლეთისა კი – აზიაში.
  ამიტომაც ეწვია გრიგოლ ბაკურიანის ძე მეფე გიორგი მეორეს, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიაში და მთელ რეგიონში, მით უმეტეს, თურქების ფარცხისში დამარცხების გამო.
  ძალიან გაუხარდა სტუმართმოყვარე მეფე გიორგის ქართველი დიდებულის სტუმრობა. კარგად მოილხინეს.
  გრიგოლ ბაკურიანის ძემ ბიზანტიის იმპერიის სახელით დაუბრუნა მიტაცებული მიწები საქართველოს და თან ქალაქი კარი (ყარსი) და მისი მიმდგომი ქვეყანაც დაამატა. საქართველოს მეფე ბიზანტიელებმა კესაროსად გამოაცხადეს. კესაროსობა კეისრის მერე ყველაზე დიდი წოდება იყო, თანაკეისარს ნიშნავს.
კარის ციხე-ქალაქში ჩვენმა ხელმწიფემ ჩააყენა ციხიონი შავში აზნაურების ხელმძღვანელობით. დანარჩენ მიწებს, დავით მესამე კურაპალატის მემკვიდრეობას, ისედაც იკავებდა გიორგი მეფე, უბრალოდ, ბიზანტიის იმპერატორმა პოლიტიკური ხერხი გამოიყენა: თითქოს, გულისხმიერად მოექცა მოკავშირეს, საქართველოსა და მის მეფეს – თავის ცოლისძმას. შეიძლება, მართლა გულით პატივს სცემდა მეუღლის ძმას, მით უმეტეს, დედოფლის სურვილიც იქნებოდა ასეთი. მაგრამ, უმთავრესი მაინც საქართველოს მნიშვნელობა გახდა. ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი მოშლილი იყო და ქრისტიანული სივრცის დასაცავად აღმოსავლეთში მხოლოდ საქართველო დარჩა. დარჩა, ფაქტობრივად, მარტო, მოკავშირის გარეშე.
  მალე გრიგოლ ბაკურიანის ძე კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს. 1081 წელს მარიამ ბაგრატიონის მეორე მეუღლე, იმპერატორი ნიკიფორე მესამე ბოტინაიტესი გადააყენეს და ტახტზე აიყვანეს დასავლეთის დიდი დომესტიკოსი, ალექსი კომნენი. ბიზანტიაში მოღვაწე ქართველებს საკუთარი ინტერესი ჰქონდათ, ალექსი კომნენი პირობას დებდა, რომ თანამმართველად და მემკვიდრედ გამოაცხადებდა მართა-მარიამ ბაგრატიონის ვაჟს, კონსტანტინე უფლისწულს. ასეთი პირობა ნიკიფორეს დარღვეული ჰქონდა. ქართველ შეთქმულთა აზრით, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა დედით ქართველი იმპერატორის ტახტზე ასვლა. გარდა ამისა, ალექსი კომნენი ენერგიული ადამიანი გახლდათ და იმპერიას კარგად გაუძღვებოდა, ანუ დაიცავდა ქრისტიანებს. გრიგოლ ბაკურიანის ძეს უბოძეს სევასტოსის ტიტული და დასავლეთის დიდი დომესტიკოსობა.
  გრიგოლ ბაკურიანის ძე შესანიშნავი ქართველი იყო, სამშობლოსა და მშობელი ხალხის მოყვარული. ბიზანტიაში პატრონობდა ქართველებს. იგი წერდა: „ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობითა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულისა ცხორებას ჩვეულნი“.  მატერიალურად ეხმარებოდა ათონის მთის ქართველთა სავენეს, ივერთა მონასტერს.
  გრიგოლ ბაკურიანის ძე იცავდა ბიზანტიის ანუ საქრისტიანოს საზღვრებს მომთაბარე ყივჩაღებისა და პაჭანიკებისგან. ერთ-ერთი ბრძოლისას ტყვედაც ჩავარდა ყივჩაღებთან. ალექსი კომნენმა დიდი თანხით გამოისყიდა.
  ტყვეობიდან გამოსყიდვის შემდეგ, გრიგოლ ბაკურიანის ძემ ბიზანტიაში, პეტრიწონში (დღევანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი) დაარსა მონასტერი და დიდი ქონებაც გადასცა. ანდერძის მიხედვით, მონასტერსვე გადაეცა მისი გარდაცვლილი ძმის, მაგისტროს აბაზის ქონებაც. გრიგოლმა მონასტრისთვის შეადგინა წესდება (ტიპიკონი), რომელშიც საგანგებოდ აღნიშნა, რომ მონასტერი ქართულია. გრიგოლმა აკრძალა მონასტერში ბერძნების მიღებაც კი, გარდა მდივნისა. პეტრიწონში ორი ათეული წელი მოღვაწეობდა დიდი ქართველი იოანე პეტრიწი, რომელიც მერე დავით აღმაშენებელმა გელათში მოიწვია.
  1086 წელს იმპერატორმა ალექსიმ გრიგოლ ბაკურიანის ძეს დაავალა სკვითების წინააღმდეგ გალაშქრება. ლაშქრობისას გრიგოლ ბაკურიანის ძე დაიღუპა. იმპერატორის ასული ანა კომნენი გვიამბობს: ალექსიმ „დაიტირა დაღუპულები, ყველანი ცალ-ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის სიკვდილის გამო განსაკუთრებით წუხდა და ცრემლს ღვრიდა, ვინაიდან ძალიან უყვარდა ეს კაცი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მეფედ გამოაცხადებდნენ.“
გრიგოლ ბაკურიანის ძე დაკრძალეს თავის საძვალეში, პეტრიწონში, თავის ძმასთან.
  დასავლეთის დიდი დომესტიკოსის სიტყვები გამართლდა და სამშობლოში დღესაც, „შემდგომად აღსრულებისა“, იხსენიება დიდებული ქართველის – გრიგოლ ბაკურიანის ძის სახელი.


скачать dle 11.3