კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მოყვრები და მტრები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშუარი

  ჯეკ სანდერსი კოშმარულ სიზმარს ხედავდა და ოფლში იწურებოდა, როდესაც მობილური ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა.
– გისმენთ, – უპასუხა თვალებდახუჭულმა სანდერსმა.
– ბობი ვარ, ჯეკ, გეძინა?
სანდერსმა თვალები გაახილა. კედლის საათს შეხედა. დილის შვიდი საათი იყო.
– ამ უქმე დღეს, ასე უთენია რომ მირეკავ, მოხდა რამე?
– მოხდა, – მოკლედ თქვა ბობმა.
– რა მოხდა? – გამოცოცხლდა სანდერსი და საწოლზე წამოჯდა.
– ტელეფონით ვერ გეტყვი. ოფისში გელოდები და იქ მოდი, – თქვა ბობმა და ტელეფონი გათიშა.
ჯეკ სანდერსი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში. ბობ რიდლი კი – მისი მოადგილე. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ჯეკი უკვე დიღომში მიჰქროდა, საელჩოს შენობისკენ, სადაც მისი ოფისი მდებარეობდა. მივიდა თუ არა, მისი მანქანა დაუბრკოლებლად გაატარეს და ჯეკმა პირველად მაშინ იგრძნო, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდა. ეს გრძნობა საელჩოს შენობაში შესვლისას უფრო გაუმძაფრდა, რადგან თანამშრომლები მას განსაკუთრებული რიდითა და თანაგრძნობით ესალმებოდნენ. ჯეკს სახე წამოეჭარხლა და ცივმა ოფლმა დაასხა. მესამე სართულზე შლეგივით ავარდა, ოფისში შევიდა და გაქვავებულ ბობ რიდლის შეეჩეხა, რომელსაც სულმოუთქმელად ჰკითხა:
– რა მოხდა, ბობ?
ბობმა ჯეკს წყალი მიაწოდა და უთხრა:
– დაჯექი, დალიე და სული მოითქვი.
– არ მინდა. მითხარი, რა მოხდა, – ხელი აიქნია ჯეკმა.
რიდლიმ თავი ჩაღუნა და ენის ბორძიკით უთხრა:
– ტომი და ნატო დაიღუპნენ...
22 წლის ტომ სანდერსი ჯეკის ვაჟი იყო, 22 წლის ნატო ჩიხლაძე კი – ტომის მეუღლე. წყვილი ექვსი თვის წინ დაქორწინდა ვაშინგტონში. ორივე უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთმანეთი იქ გაიცნეს. ვაშინგტონშივე ცხოვრობდნენ და თბილისში არდადეგებზე ჩამოვიდნენ. ცოლ-ქმარს კერძო სახლი ჰქონდა საირმის გორაზე, სადაც მარტო ცხოვრობდნენ.
ჯეკი გაფითრდა. უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და თავი ხელებში ჩარგო. ერთხანს უხმოდ იჯდა. შემდეგ თავი ასწია და ბობს ჰკითხა:
– ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ?
ბობმა თავი გააქნია და მიუგო:
– არა, ჯეკ. ამ დილით ისინი ნატოს დამ აღმოაჩინა გარდაცვლილები. ღამით ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა  და მათთან გამთენიისას მივიდა.
***
  ლიკა ჩიხლაძე ნატოს უფროსი და იყო და ნიუ-იორკში სწავლობდა. თბილისში ისიც არდადეგებზე ჩამოვიდა და დას ესტუმრა, რადგან დედ-მამა ნიცაში დასასვენებლად იყო წასული. ნატო და ლიკა სილამაზით გამოირჩეოდნენ. ჩიხლაძეების ოჯახი თბილისში ცნობილი  იყო და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მათი დედა, ნანა „მის საქართველოს“ ერთ-ერთი პირველი კონკურსის გამარჯვებული იყო. მათი მამა, ვანო ჩიხლაძე კი – ყოფილი პარლამენტარი  და იმჟამად პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ჩიხლაძეების ოჯახი უფულობას ნამდვილად არ უჩიოდა. ვანოს მამა და განსაკუთრებით კი ბაბუა კომუნისტი ფუნქციონრები იყვნენ. ბლომად ფულს შოულობდნენ და ვანოს დიდძალი  ქონება დაუტოვეს. ვანომ კი ღირსეულად გააგრძელა საგვარეულო ტრადიცია. ყველა მთავრობას მოერგო. კარგა გვარიანად „ხაპა ფარა“. სიმდიდრე გააათმაგა და არც კარგი ცხოვრება აკლდა და არც ძალაუფლება.
  ლიკას თვითმფრინავი ღამის ოთხი საათისთვის დაეშვა თბილისის აეროპორტში. საათ-ნახევრის შემდეგ კი გოგონა უკვე საირმის გორაზე დის სახლს მიადგა და ნახევარი საათი უშედეგოდ ცდილობდა შეღწევას. და და სიძე არც ტელეფონის ზარს პასუხობდნენ. ამიტომ ლიკა რის ვაი-ვაგლახით ღობეზე გადაძვრა და სახლში შევიდა. ოთახები მოიარა და ცოლ-ქმრის საძინებელში შიშველი ტომი და ნატო აღმოაჩინა. უსულო ქალ-ვაჟს სახეზე მოლურჯო ფერი დასდებოდათ და პირზე კი ქაფი ჰქონდათ. ლიკა როგორც მომავალი ექიმი, სულაც არ იყო სუსტი ნერვების პატრონი, მაგრამ ამ სურათმა შეძრა. ცოტა ხნით სავარძელში ჩაჯდა და სული მოითქვა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა და მათ ეზოში დაელოდა...
***
  პათანატომიურმა ექსპერტიზამ, რომელიც დაჩქარებული წესით ჩატარდა, ცალსახად დაადგინა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უცნობი ნარკოტიკით იყვნენ გარდაცვლილები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარების მუხლით. გამოძიებაში კი პოლიციის საუკეთესო გამომძიებლები ჩაერთნენ. ტომ სანდერსის ცხედარი ვაშინგტონში გადაასვენეს და დაკრძალეს. ნატო ჩიხლაძე კი თბილისში დაასაფლავეს. მის გასვენებაში უამრავი ადამიანი მოვიდა. როგორც იტყვიან, იქ ნამდვილი „ქრისტეს ტირილი“ იყო. ცრემლს ყოვლის მნახველი პოლიციელებიც კი ვერ იკავებდნენ. ნანა და ლიკა ადამიანებს აღარ ჰგავდნენ. დედა-შვილს მთელი სახე დახოკილი ჰქონდა და თვალზე ცრემლი არ უშრებოდათ. მთელ ამ ვაი-ვიშში, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა ვანო ჩიხლაძე, რომელსაც ცრემლიც კი არ გადმოუგდია ძალიან მშვიდადაც გამოიყურებოდა. მავანნი ამბობდნენ, ვანოს უბედურებამ გააფრენინა და ამიტომაა ასეო. უმეტესობას კი ვანო ჩიხლაძე „რკინის კაცად“ მიაჩნდა და ფიქრობდნენ, ღირსეული პოზა უჭირავსო. სინამდვილეში ვანო არც „რკინის კაცი“ იყო და არც ღისრეული ადამიანი, არც შვილის დაღუპვამ გააფრენინა და მართალია, ნატოს გარდაცვალებას განიცდიდა, მაგრამ იყო ისეთი რამ, რაც მას ყველაზე მეტად ადარდებდა და ეშინოდა კიდეც.
***
  ტომ სანდერსი ვაშინგტონში დაკრძალეს. თბილისისგან განსხვავებით, იქ „ქრისტეს ტირილი“ არ ყოფილა და გამორჩეული მხოლოდ ის იყო, რომ ჯეკ სანდერსი თავისი „მშვიდი“ მძახლისგან განსხვავებით, თავის ვაჟს მწარე ცრემლით დასტიროდა.
სამი დღის შემდეგ, როდესაც მგლოვიარე მამამ ოდნავ სული მოითქვა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად ისაუზმა, თანაც მსუბუქად, წვერი გაიპარსა, შემდეგ იბანავა, ბოლოს ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. მთავარ ოფისში ის დირექტორს ეახლა, რომელთან მიღებაზეც სამი დღით ადრე ჩაეწერა.
– ჯეკ, ძვირფასო, კიდევ ერთხელ მთელი არსებით გისამძიმრებ. დაჯექი და მითხარი, რამ  შეგაწუხა, – უთხრა დირექტორმა ჯეკს.
სანდერსი დაჯდა და დირექტორს უთხრა:
– თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, სერ.
– გისმენ, ჯეკ.
– სერ, გთხოვთ, ჯგუფი „ზეტი“ გადმომცეთ საქართველოში სამოქმედოდ, – უთხრა ჯეკ სანდერსმა დირექტორს.
  ჯგუფი „ზეტი“ ბიუროს საგანგებო, გასაიდუმლოებული ქვედანაყოფი იყო. მას უფლებამოსილება ჰქონდა, განეხორციელებინა საგამოძიებო-ოპერატიული ან სხვა სახის საქმიანობა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი იქნებოდა შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ანუ, თუკი კონკრეტული ქვეყანა, ან იქ არსებული მდგომარეობა, ან რაიმე ფაქტი, მოვლენა, მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ. ძირითადად ჯგუფ „ზეტს“ ახლო აღმოსავლეთში, არაბულ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში იყენებდნენ. ორჯერ მათ ევროპაში ჩაატარეს ოპერაცია, მათ შორის, ერთი –  რუსეთშიც.
– ჯეკ, „ზეტის“ საქართველოში გაგზავნას შენი ვაჟის დაღუპვის გამო მთხოვ? – ჰკითხა გაოცებულმა დირექტორმა სანდერსს.
– დიახ, სერ. ამ შემთხვევის საფუძვლიანად გამოსაძიებლად და შემდგომი მოქმედებების შესასრულებლად. ანუ, ყველაფერ იმის განსახორციელებლად, რაც ამ ქვედანაყოფს ევალება.
– ჯეკ, ძვირფასო, გიმეორებ და გიდასტურებ, რომ შენი უბედურებით შეძრული ვარ და სრულიად ვიზიარებ მას. მაგრამ, შენც ხომ კარგად იცი, რომ „ზეტს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც საფრთხის ქვეშ  ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დგება. ტომის დაღუპვა კი ამ საქმეში არ ჯდება, – თქვა დირექტორმა.
– ჯდება, სერ, თანაც სრულად ჯდება და ეს მხოლოდ ტომის დაღუპვამ უფრო ნათლად წარმოაჩინა, – სანდერსმა პაუზა გააკეთა და თვალცრემლიანმა დაამატა, – ტომისა და მისი ულამაზესი მეუღლის, ნატოს დაღუპვამ. აი, გაეცანით, სერ, – სანდერსმა ბიუროს დირექტორს ფაილში ჩადებული ფურცლები მიაწოდა, რომლებზეც საიდუმლო მოხსენება იყო დაბეჭდილი.
ბიუროს დირექტორი ყურადღებით გაეცნო მოხსენებას. შემდეგ თავი ასწია და ჯეკ სანდერსს კოპებშეკრულმა, გაბრაზებული ტონით ჰკითხა:
– შენ გარდა, კიდევ ვინ ფლობს ამ ინფორმაციას?
– მხოლოდ თქვენ, სერ.
– ჰო და ასეც დარჩეს. ქვედანაყოფი „ზეტი“ შენს განკარგულებაშია და შესაბამის ბრძანებას ახლავე გავაფორმებ. შენ კი დაუყოვნებლივ დაიწყე მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი საიდუმლო რეზერვის გამოყენების უფლებას გაძლევ, – თქვა ბიუროს დირექტორმა და დაამატა, – შენი იმედი მაქვს, ჯეკ, მაგრამ იცოდე, ფრთხილად იმოქმედე.
– დიახ, სერ. ნება მიბოძეთ, წავიდე, – თქვა სანდერსმა. დირექტორმა კი ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– წადი, წარმატებას გისურვებ!
***
  ტომ სანდერსისა და ნატო ჩიხლაძის გარდაცვალების საქმეს მათე ჯაში იძიებდა. 32 წლის მაიორი პოლიციის საუკეთესო დეტექტივ-გამომძიებელი იყო და ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად ჩააბარა ეს საქმე. მან მათე კაბინეტში მიიწვია და უთხრა:
– ბატონო მაიორო, ათი დღეა, რაც დავინიშნე და ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობ თანამშრომლებს. აი, თქვენ კი კარგა ხანია, გიცნობთ, შორიდან. ბევრი მსმენია თქვენს პროფესიონალიზმზეც. ამიტომ ამ საქმეს თქვენ გაბარებთ და იმედია, თქვენს სტილში გახსნით. მით უმეტეს, დაღუპულია ჩემი მოადგილის შვილი და ეს პოლიციის ღირსების საქმეა.
– შექებისთვის მადლობელი ვარ, ბატონო მინისტრო. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი კარგა ხანია, პოლიციის ღირსების საქმეა, მაგრამ თქვენი წინამორბედი არ იყო ამით დაინტერესებული, – უთხრა ჯაშმა მინისტრს.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ? – გულწრფელად გაუკვირდა მინისტრს.
– ახლავე მოგახსენებთ, – თქვა ჯაშმა, – ტომ სანდერსი და ნატო ჩიხლაძე, სავარაუდოდ, იმ უცნობი ნარკოტიკით დაიღუპნენ, რომელიც თითქმის ყველა ღამის კლუბსა თუ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში იყიდება. უკვე ხუთი თვე გავიდა, რაც ეს ტაბლეტები გამოჩნდა და ზუსტად ორმოცდაათი ადამიანია დაღუპული. გამოძიება არცერთ საქმეზე არ ჩატარებულა, ეს პირველია.
– რას ამბობთ? პირველად მესმის ასეთი რამ, – თვალები გაუფართოვდა მინისტრს.
– დიახ, ბატონო მინისტრო, ზუსტად ასეა, ყველა საქმე იჩქმალებოდა. თქვენს წინამორბედს პირადად შევხვდი ამ სამიოდე თვის წინ და ვუთხარი, რომ გამოძიება თუ არა, მოკვლევა მაინც უნდა დაგვეწყო, მაგრამ უარი განაცხადა და მითხრა: – დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და სტატისტიკა ხელოვნურად რატომ უნდა გავიფუჭოთო. ბოლოს კი დასძინა, – მე თუ მკითხავ, კარგიცაა, ნარკომანები რომ წყდებიან. ადამიანთა ეს კატეგორია ქვეყნისთვის ხორცმეტია და მოსაშორებლები უნდა მოშორდნენო. არა და, დაღუპულთაგან ერთიც არ იყო ოცდაათ წელს მიღწეული.
მაიორ ჯაშის ინფორმაცია რომ მოისმინა, მინისტრს ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრდა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ბოლოს სკამზე დაჯდა და ჯაშს უთხრა:
– რაც თქვენ ახლა თქვით, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს და ამის გაკეთება ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ, სანამ ამას ვიზამდე, ზუსტად  მინდა ჩავწვდე თქვენი სიტყვების არსს. ამისთვის კი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.
– ბრძანეთ, გისმენთ, – თქვა ჯაშმა.
– პირველ რიგში, ის მითხარით, საიდან გაქვთ ასეთი სტატისტიკა?
– სულ პირველად ჩემი მეზობელი, 20 წლის ბიჭი დაიღუპა ამგვარად. ეს შემთხვეა ღამის კლუბ „სამოთხეში“ მოხდა. პირზე ქაფი ჰქონდა და გაკვეთამ უცნობი ნარკოტიკისგან სიკვდილი დააფიქსირა. არა და ზუსტად ვიცი, რომ ის საცოდავი ნარკომანი არ ყოფილა. პირიქით – სპორტით იყო დაკავებული და როგორც ეტყობა, ნარკოტიკის მომაკვდინებელი დოზა სითხის,  ტაბლეტის ან კიდევ სხვა მსგავსი სახით მიიღო. ნაჩხვლეტი სხეულზე არ ჰქოწდა და მისი გვამი ყურადღებით გამოიკვლიეს. ამ კლუბთან კიდევ ცხრა სიკვდილია დაკავშირებული და იქაც, როგორც სხვაგან, ამ ნარკოტიკს ყიდიან.
– კლუბში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ და პოლიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონია? – თვალები გაუფართოვდა მინისტრს.
მათე ჯაშმა მინისტრს ვარდისფერი კაფსულა დაუდო და უთხრა:
– აი, ბატონო, სავარაუდოდ, ის ნარკოტიკი, რომლითაც ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა. სულ რაღაც 20 ლარი ღირს და ადამიანმა შეიძლება, ის პირდაპირ გადაყლაპოს ან სითხეში განზავებული დალიოს. საქმე კი ისაა, რომ მისი ლაბორატორიული ანალიზი  მის უვნებლობას უჩვენებს და ნარკოტიკების ჯგუფს არ მიეკუთვნება. ის სტიმულატორია და კანონით აკრძალული არ არის. მენიუში ჩვეულებრივადაა შეტანილი.
– ლიცენზია აქვს? – იკითხა მინისტრმა.
– ლიცენზია არ აქვს, ბატონო მინისტრო და ეს ყველაფერი ძალიან ეშმაკურად, კანონის ჩარჩოებშია მოქცეული. შოკოლადსა და კოქტეილებს ხომ ამზადებენ და ამის ლიცენზიას არავინ ითხოვს. ასეა ეს აბებიც. ანუ, ისინი კანფეტების კატეგორიაში გადის და ფარმაცევტული ლიცენზია არ სჭირდება. ერთი სიტყვით, დიდი ფული კეთდება და აშკარაა, რომ მის დამამზადებლებს სამთავრობო დონეზე მფარველობენ.
– სამთავრობო დონეზე? – გაიმეორა მინისტრმა.
– დიახ. და ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე.
– როგორ?
– დამოუკიდებელ გამოძიებას ვატარებდი. მას მერე, რაც მინისტრის პოზიციას გავეცანი, გადავწყვიტე, მე თვითონ გამომეძია ეს დანაშაული, ხოლო აქ რომ დანაშაულია და თანაც, საკმაოდ მსხვილი, წყალი არ გაუვა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, შედეგი ნულის ტოლია. თანაც, ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა – ამ საქმეს ერთი ჩემი აგენტი შეეწირა.
– როგორ? – იკითხა მინისტრმა.
– ერთი ძველი ნარკომანი იყო, რომელიც ჩემზე მუშაობდა და ინფორმაციას მაწვდიდა. იმას მოველაპარაკე და მუშაობაზე ყოველგვარი დაძალების გარეშე დამთანხმდა. მას უნდა გაერკვია, საიდან მოდიოდა ეს აბები. ერთი კვირის მერე კი ის საცოდავი ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი. პირზე ქაფი ჰქონდა და გაკვეთამ იგივე შედეგი აჩვენა, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში. ზედმეტი დოზისგან გარდაიცვალა.
– ანუ, რომ იტყვიან, „პერედოზიროვკა“ მოუვიდა, – თქვა მინისტრმა. მათემ თავი გააქნია და მიუგო:
– არა, ბატონო მინისტრო. ის საკმაოდ გამოცდილი იყო საიმისოდ, რომ ასე მოსვლოდა. ის, უბრალოდ, გაშიფრეს  და, სავარაუდოდ, სითხის სახით მიაღებინეს დიდი დოზა. შემდეგ კი ქუჩაში დააგდეს.
– ასე რატომ ხართ დარწმუნებული?
– იმიტომ, ბატონო მინისტრო რომ იმავე საღამოს ვიღაცამ ამოუცნობი ნომრიდან დამირეკა და მითხრა, – თუ ქექვას არ მოეშვები, იმაზე უარესი დაგემართება, რაც ამ დილით შენს აგენტსო. შემდეგ მითხრა, რომ ჩემს კართან, სანაგვეში ათი ათასი დოლარია და თუ ჭკვიანად ვიქნები, ეს ფულიც შეგერგება, თუ არა და, შენს თავს დააბრალეო. ეს თანხა დაპაკეტებული და შენახული მაქვს. იმ მომენტს ველოდები, როდესაც საქმის მასალებს დავურთავ, როგორც სამხილს. ახლა კი ვხედავ, რომ ის დრო მოვიდა და თქვენი მხარდაჭერით ამ საქმის გახსნის იმედი მაქვს.
მინისტრმა თავი გააქნია და ჯაშს უთხრა:
– ტყემალზე ვმჯდარვარ. იმოქმედე, მაიორო!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3