№30 როგორ მოვუაროთ კანს რუჯის დიდხანს შესანარჩუნებლად
ნინო კანდელაკი ანი რევია
გარუჯული კანი ლამაზად გამოიყურება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რუჯი ნელ-ნელა გადადის, აქტიურდება მანამდე კანზე არსებული პრობლემები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გარუჯული კანი ხავერდოვანი და გამონაყრისგან სუფთა იყოს, თუ კანი პრობლემურია და მიდრეკილება აქვს გამონაყრის მიმართ შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდგომ, ამ პრობლებამ უფრო მწვავედ იჩინოს თავი, ანუ, უფრო დიდი რაოდენობით გამონაყარი გაჩნდეს. გარუჯვის შემდგომი პერიოდის არასასურველი შედეგია, ასევე, ჭორფლი, კანის აჭრელება, ლაქები, რომელიც განსაკუთრებით არასასურველია სახესა და გულმკერდის მიდამოზე. რუჯი იწვევს კანის გამოშრობასაც, რაც გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შესახედია, კანის ადრეულ დაბერებას იწვევს.
რუჯის შემცირებასთან ერთად კანი კარგავს ბზინვარებას და თავს იჩენს, ეგრეთ წოდებული, „დაღლილი კანის“ სინდრომი. კანის მოვლა, აუცილებელია ყოველთვის, თუმცა გარუჯვის შემდგომ – მეტად საყურადღებო. ასე რომ, თუ გაირუჯეთ, გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ლამაზი ნამზეური და არც კანს შეუქმნათ პრობლემები, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
* ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას, რადგან, ცხელი წყალი, არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი. კარგია თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობაც;
* ეცადეთ, კანი სპეციალური, დამატენიანებელი გელით დაიბანოთ ხოლმე. რუჯის მიღების შემდეგ განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას, ამიტომ გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი;
* კანის კვებისა და დატენიანებისთვის, შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი, სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან გვაცილებს აქერცვლას და დიდხანს გვინარჩუნებთ რუჯს. გარუჯულ კანზე, დილა-საღამოს, წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავასა და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი. შესანიშნავია შარდოვანას საფუძველზე დამზადებული დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება. შარდოვანა ახანგრძლივებს რუჯს და არბილებს კანს;
* გარუჯვის შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში ნუ ისარგებლებთ სოლარიუმით – მიეცით კანს დასვენების საშუალება. მზეზე გარუჯვის შემდეგ სოლარიუმში ვიზიტი კანს უფრო მეტად გამოაშრობს;
* სახლის პირობებში გამოიყენეთ დამატენიანებელი ნიღბები (თუნდაც, არაჟანისა და მაწვნის);
* აუცილბლად მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი.
სახეზე და დეკოლტეს ზონაში კანი ნაზი და სათუთია, ამიტომ, მათზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. დამატენიანებელი საცხი არ არის საკმარისი. აუცილებელია, სპეციალური მარეგენირებელი კრემი UV-ფილტრით, რომელიც კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ასეთი კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები. კარგი იქნება, თუ შეიძენთ პეპტიდებით გამდიდრებულ, ბრინჯის ექსტრაქტის საფუძველზე დამზადებულ, მარეგენირებელ კრემს. პეპტიდები ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას. მარეგენირებელი კრემები კი აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ასეთი კრემი საღამოობით უნდა წავისვათ. გარუჯვის შემდეგ ნიღბების გაკეთება კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია. სპეციალური მარეგენირებელი ნიღბები E ვიტამინით, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ნიღაბი უნდა წაისვათ 10-15 წუთით, გაშრობამდე და ჩამოიბანოთ, ნელთბილი წყლით. ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიკეთოთ.
გარუჯვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიყენეთ ბალზამი ავტორუჯის მსუბუქი ეფექტით. ის გაამკვეთრებს, თანაბარ ფერს მისცემს რუჯს და თავიდან აგაცილებთ ღია ფერის ლაქებს, რომლებიც რუჯის გადასვლის დროს ჩნდება. ტანისა და სახისთვის, ერთი და იგივე ავტორუჯი გამოიყენეთ, რათა კანის ფერი თანაბარი იყოს.