კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 „კრიმინალური“ სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #27-29(968)
  ნენე რომ პირველად დაინახა, იფიქრა, მიწიერი არსება არ არისო. უგონოდ მთვრალი უშედეგოდ ცდილობდა სხვისი მანქანის კარის გაღებას თავისი მანქანის გასაღებით...
– პირველად ვნახე ასეთი მოუხერხებელი მანქანის ქურდი, მოესმა ქალის მჟღერი, წკრიალა ხმა და მზერაამღვრეულმა გვერდზე გაიხედა. ნატიფი სახე ჰქონდა, თხელი ნაკვთები, არაჩვეულებრივად მბრწყინავი თვალები და თითქოს საგანგებოდ დახატული ტუჩები. საერთოდაც ნახატს ჰგავდა. დემნამ ხელი ისე გაუქნია, თითქოს მოჩვენებას ხედავდა და მის განდევნას ცდილობდა.
– აუ, მთვრალი ყოფილხარ. შენი საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ ეს ჩემი მანქანაა და ასეთ მდგომარეობაში ვერაფრით გათხოვებ.
– მმ...ათხოვებთ? მე? ჩემი მანქანაა ეს... გოგონი... იქნებ გაიწიოთ...
ისევ გარკვევით გაიგონა სიცილი და მუხლი მოეკვეთა. თვალი რომ გაახილა, აღმოჩნდა, რომ სრულიად უცხო გარემოში, ძალიან ლამაზ ბალიშებიან დივანზე იწვა. გვერდით ფერია უჯდა, რომელიც არაამქვეყნიურად უღიმოდა.
– ღმერთო, მოვკვდი და სამოთხეში ვარ?
– ნამდვილად მოკვდებოდით, შემთხვევით თქვენ გვერდით რომ არ აღმოვჩენილიყავი, – წარბშეკვრით თქვა გოგომ და ამოიოხრა, – ყოველთვის ამდენს სვამთ? თუ რამე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გქონდათ საქმე?
წამოჯდომა სცადა, მაგრამ სხეული არ დაემორჩილა. კიდურები ისე ჰქონდა დამძიმებული, თითქოს ძარღვებში ტყვია  ჩაუსხესო.
– ანუ, მთვრალი მიპოვე და მომიარე? კეთილი ფერია ხარ თუ ანგელოზი?
– ჩემთვის სულერთია, რომელი ვიქნები. მთავარია, ახლა კარგად ხართ. ცოტა შემაშინეთ... ეს ჩემი სახლია. არ მოგწონთ?
– სიმართლე გითხრა, ჯერ დიასახლისის „შესწავლით“ ვარ დაკავებული და შევამჩნიე, რომ ძალიან ლამაზი ხარ. ანუ მართლა ასე ცუდად ვიყავი?
– ძალიან. ჯერ ერთი, ჩემი მანქანის გაღებას ცდილობდით, მერე კი გონება დაკარგეთ და რა უნდა მექნა?
– მადლობა, სასწრაფო ან პოლიცია რომ არ გამოიძახე. რა გქვია?
გოგომ მხრები აიჩეჩა.
– ნენე...
– სახელიც უცნაური გაქვს. არა, უცნაურად ლამაზი. მგონი, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა.
ნენე ცელქი მელაკუდასავით შეხტა და გადაიკისკისა...
... დემნამ ცრემლები მოიწმინდა და ოთახში შემოსული მამისკენ შეტრიალდა.
– არის რამე ახალი იმ ძუკნას მამასთან დაკავშირებით?
– დემნა, შვილო, მომისმინე... დამნაშავე დაკავებულია. იქნებ საკმარისია შურისძიება.
ბიჭმა თავი ასწია. ცრემლი აღარ მოსდიოდა, მაგრამ ისე მრისხანედ და ავად იყურებოდა, რომ კაცი შეშინდა.
– იქნებ არ ღირდეს შურისძიებაზე ლაპარაკი. მე ჯერ შენთვისაც არ მიპატიებია რაღაც-რაღაცები და თუ ხმას არ  ვიღებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ველოდები, როდის აასრულებ დანაპირებს. ეგ ქალი ძალიან უბედური უნდა იყოს. მეც უბედური ვარ... შენ კი უნდა იცოდე – ნენე იყო ერთადერთი, ვისთვისაც ცხოვრება მიხაროდა. აი, მოკვდა და ისევ დაკარგა აზრი ყველაფერმა.
კაცმა ამოიოხრა.
– ასე რატომ ლაპარაკობ. ერთადერთი შვილი მყავხარ. ყველაფერი, რაც მაქვს, შენთვის მინდა, არაფერი დაგკლებია...
– გული მერევა ამ სიტყვებზე – „არაფერი დაგკლებია“! მთავარი ყოველთვის მაკლდა და ამას ვერ ხვდები. ნენე ხვდებოდა და სიცარიელეს მივსებდა. ახლა რა ვქნა, მითხარი, ახლა რაღა ვქნა? თან რომ რძლადაც არ მოგწონდათ.
– ასე არ არის, – შეკამათება სცადა გრიგოლმა, – მე და დედაშენს შენთვის უკეთესი გვინდოდა.
დემნა ჯერ გაფითრდა, მერე გაწითლდა.
– უკეთესი გინდოდათ?
– გამოსცრა ზიზღით, – ჰოდა, ახლა უარესი რეალობა გაქვთ. როგორც კი სასამართლო მორჩება და დავრწმუნდები, ის ნაძირალა ციხეში ჩალპება, აქედან წავალ და ვეღარასდროს მნახავთ.
– შვილო, – აღმოხდა გრიგოლს, – ჩვენ რას გვიპირებ. შეიძლება, დავაშავეთ, მაგრამ სხვა არავინ გვყავს. იფიქრე ამაზე.
– მეც არავინ მყავს. ნენეს გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლო, თქვენც ისწავლით უჩემოდ ცხოვრებას.
– დედაშენი მაინც შეიბრალე... – კაცს ხმა აუთრთოლდა, – შენს უნახაობას ვერ გადაიტანს.
– დავურეკავ ხოლმე... მაგრამ წინასწარ რატომ ნერვიულობ, ჯერ ხომ აქ ვარ, თქვენ გვერდით... იმოქმედე, ის კაცი, იცი ვისაც ვგულისხმობ, შემოსავლის გარეშე უნდა დარჩეს, – დემნამ მამას ბრძანებასავით მიუგდო ბოლო სიტყვები და ოთახიდან გავიდა...
***
  ორ კვირას სერიოზულად შეეცვალა გოგო. გვანცა გამხდარი, გაფითრებული და თვალებჩაცვენილი მოეჩვენა ნიკას. გამომძიებელმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი.
– რამდენიმე დღეში სასამართლო იქნება.
გოგომ თავი დაუქნია.
– ვიცი, ადვოკატი იყო და მითხრა. თურმე, არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს. ალბათ, არც ვიმსახურებ ამას. მე ხომ ორი ადამიანი მოვკალი, – გვანცა აკანკალდა. სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. მერე უცებ გაჩუმდა, პირზე ხელაფარებული წამოხტა და ტუალეტში გაიქცა. ნიკამ განცვიფრებული მზერა გააყოლა.
– რამით ხომ არ მოიწამლეთ? – ჰკითხა თანაგრძნობით, როცა გვანცა ოთახში დაბრუნდა და სკამზე უღონოდ დაეშვა.
– არა. თითქმის არაფერს ვჭამ.
– გეტყობათ. გამხდარი ხართ, ცუდად გამოიყურებით. ასეც არ შეიძლება.
– ფეხმძიმედ ვარ, – გვანცას თავადაც გაუკვირდა ასეთი გულახდილობა. სრულიად უცნობ ადამიანს გაუმხილა ის, რაც ხმამაღლა საკუთარი თავისთვისაც არ უთქვამს.
ნიკა გაშრა, ყველაფერს ელოდა ამის გარდა. ისე დაიბნა, რამდენიმე წუთი ხმა ვეღარ ამოიღო.  პოლიციელს წყლის მიტანა სთხოვა. ჭიქა გვანცას დაუდგა წინ და ფრთხილად შეეხო ხელზე.
– ეს ამბავი ვინმემ იცის?
გვანცამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– რამდენი ხანია... უკაცრავად, მინდოდა მეკითხა, მანამდეც იცოდით, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა?
– დიახ, ვიცოდი. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. როგორ მინდა, სასწაული მოხდეს და დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი. სასოწარკვეთილი ვარ, დაბნეული...
– ჩემთან რომ გულახდილი იყოთ, იქნებ კიდევ რამით დაგხმარებოდით. საშუალებას არ მაძლევთ. ხელ-ფეხი შეკრული მაქვს.
გვანცამ მაგრად მოკუმა ფერმკრთალი ტუჩები, გამომძიებელმა თავი გადააქნია.
– აი, ხედავთ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ვიღაცას ხელს აფარებთ. რაღაც ვარაუდიც მაქვს, მაგრამ ვერაფრით დავამტკიცებ.
– იქნებ არც არის საჭირო რამის დამტკიცება, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა გვანცამ, – ეტყობა, ასეც უნდა მომხდარიყო. მამაჩემი მეცოდება, ამას ვერ გადაიტანს.
– მამათქვენის შესახებ უნდა მეთქვა... პრობლემები აქვს.
გოგო გაფითრდა.
– რა პრობლემები, რისი თქმა გინდათ?
– შენობა, რომელშიც საცხობი ჰქონდა, მოულოდნელად დაიწვა. ვეღარაფერი გადაარჩინეს.
გვანცამ თვალები დახუჭა.
– ღმერთო, ეს სასჯელია, იმისთვის, რაც მოხდა, იმისთვის, რაც დავაშავე.
– და თუ არაფერი დაგიშავებიათ? გვანცა, ნუ ჯიუტობთ, მითხარით, რას არ მეუბნებით.
– ყველაფერი გითხარით თქვენც და ადვოკატსაც. მოხდეს, რაც მოსახდენია... ერთ რამეს გკითხავთ, ორსული ქალები ციხეში აჩენენ? მერე რა მოსდით ხოლმე მათ შვილებს?
ნიკამ სიბრალულით შეხედა.
– ყველაფერს გავიგებ და გეტყვით. ისე, ორსული ქალისთვის ციხე ნამდვილად არ არის კომფორტული ადგილი.
გვანცამ წყალი მოსვა, წამოდგა და ბადრაგს უსიტყვოდ გაჰყვა.
***
ვახტანგისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის დატოვებული წამლისთვის ხელი არ უხლია. თავჩაქინდრული სავარძელში იჯდა. მკერდზე გაშლილი ხელისგული ედო და მძიმედ სუნთქავდა. ზარის ხმა გაიგონა, მაგრამ კარის გასაღებად მაშინვე არ წამომდგარა, რამდენიმე წუთი თითქოს კიდევ რაღაცას ელოდა. ფეხებს გაჭირვებით ადგამდა. ზღურბლზე აღმართულ ქალს არაფრისმთქმელი მზერა მიაპყრო.
– ვახტანგ, როგორც კი გავიგე შენი ამბავი, მაშინვე მოვედი. ეს რა უბედურებაა. მართლა ყველაფერი დაიწვა?
– ჰო...
– ვახტანგ, იქნებ დაჯდე. წამალს დაგალევინებ, ისეთი ფერი გაქვს... ცუდად ხარ?
– ყველაფერი დავკარგე, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო. მითხარი, რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს. გვანცა ციხეშია, ასეთ რამეს წარმოიდგენდი? ქორწილისთვის მომზადებას ვფიქრობდი. ბედნიერებისთვის ვემზადებოდი და...
– როგორმე თავი ხელში უნდა აიყვანო, უნდა გამაგრდე... გვანცა ციხიდან გამოვა და ისევ შეიძლება ბედნიერებაზე ფიქრი, – მანანას ნაკლებად აინტერესებდა გვანცას ბედი და მისი მომავალი. დიდად არც საცხობის დაწვა ადარდებდა. აქ მხოლოდ ერთი მიზეზით მივიდა – უნდა გაეგო, რა იცოდა ვახტანგმა ავარიის შესახებ. ხომ არ შეხვდა შვილს და გვანცას სიმართლე ხომ არ წამოსცდა.
– ოჰ, ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, – ამოიოხრა ყალბად და კაცს მხარზე დაადო ხელი, – ხომ იცი, როგორ მიყვარხართ შენც და გვანცაც. შვილივით მყავდა და სიხარულით მივიღებდი ოჯახში რძლად. ეს ჩემი ოცნებაც იყო. მაგრამ... ოჰ, როგორ მტკივა გული. ჩვენი გოგო, ჩვენი საწყალი გოგო...
– მე ვარ დამნაშავე, – დაიგმინა ვახტანგმა და ხელი ისე მაგრად მოუჭირა ქალს მკლავზე, რომ ატკინა, – მანქანა არ უნდა მეყიდა.
– რას ამბობს ადვოკატი, რას უნდა ველოდეთ, – ფრთხილად შეაპარა ქალმა.
– კარგს არაფერს. ან რას შეიძლება ველოდოთ, როცა ორი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ძალიან ცუდად ვარ, მანანა, ისე ცუდად, რომ ბავშვის სანახავადაც ვერ მივდივარ. ადვოკატი დამპირდა, რომ მომცემდა გვანცას ნახვის საშუალებას, მაგრამ არ შემიძლია, იქ ვერ მივალ, ფეხები არ დამემორჩილება.
მანანა გულში ზეიმობდა, მაგრამ სახეზე ისეთი მწუხარება გამოისახა, ვახტანგმა თავი ვეღარ შეიკავა და მის მხარზე აქვითინდა...
***
კარი თავისი გასაღებით გააღო. დარწმუნებული იყო, მანანა სახლში იქნებოდა, მაგრამ მასთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. სამზარეულოში უჩუმრად შევიდა და ჩაიდანი ჩართო, ელოდებოდა, მადუღარას ხმა როდის დააყენებდა მანანას თავზე, მაგრამ ასე არ მოხდა. ყავის სმას ამთავრებდა, როცა კარი ხმაურით გაიღო და დაიკეტა. ქალს კმაყოფილი, მოზეიმე იერი ჰქონდა.
– სადმე იყავი? მე სახლში მეგონე.
– ვახტანგთან წავედი.
დათოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. მერე გაბრაზდა.
– დედა, რატომ იქცევი ასე, ჩემთან შეუთანხმებლად რატომ მოქმედებ. ვერ ხვდები, ბეწვის ხიდზე რომ გავდივარ? ყოველ წუთს შეიძლება, სიმართლე გამჟღავნდეს და ციხეში ამომაყოფინონ თავი.
მანანამ შეჰყვირა და პირჯვარი გადაიწერა.
– გაჩუმდი. რას ლაპარაკობ? ღმერთმა დაგვიფაროს მაგისგან.
– ჰო, ღმერთი თუ გვიშველის ახლა, თორემ შენ ისეთ სისულელეებს აკეთებ, გამაგიჟებ ნამდვილად.
– ვახტანგთან იმისთვის მივედი, რომ გამეგო, რა იცოდა.
– ჰმ, დაზვერვაზე ყოფილხარ, – ჩაიცინა დათომ და ყავა მოხვრიპა.
– ნუ იცინი, იქნებ გვანცამ უთხრა, საჭესთან შენ რომ იჯექი.
დათო გაფითრდა და დედას შეუბღვირა.
– აი, ეგ მეორედ აღარ თქვა. არ გაიმეორო ჩურჩულითაც კი! დაივიწყე, გესმის?
– მე დავივიწყებ, შვილო, მაგის ნუ გეშინია, – მანანამ შვილს თმაში შეუცურა ხელი და ალერსიანად მოქაჩა, – შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, ეჭვი არ შეგეპაროს.
– კარგი. მერე რაო, ვახტანგმა?
– განადგურებულია. საცხობიც ხომ დაეწვა.
– მართლა? რაღაც კი გავიგე, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, დეტალები ვერ გავარკვიე.
– ჰო, დაიწვა. მაგრამ ვახტანგი თითქოს რეალობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს.
– ცუდია. ეგ საცხობი რაღამ დაწვა.
– ვინ იცის. დამთავრდა გამოძიება?
– სავარაუდოდ. დედა, დღეს მთავარმა პროკურორმა დამიბარგა.
– ღმერთო, რამე გაიგო?
– დედა, ჩემს ყოველ სიტყვაზე პანიკაში ნუ ვარდები. ჯერ მომისმინე. დამიბარა და მითხრა, რომ ავარიის საქმეზე პროკურორი მე უნდა ვიყო. მიმანიშნეს, რომ გვანცამ სასჯელის მაქსიმუმი უნდა მიიღოს.
– ეგ რას ნიშნავს? – მანანა შვილს წინ დაუჯდა და სახეში მიაშტერდა.
– იმას, რომ ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი. ვიტანჯები, დედაჩემო. ან გვანცა უნდა გავწირო ბოლომდე, ან ჩემს კარიერას უნდა დავემშვიდობო.
– არ ვიცი, რა გითხრა.
– ზუსტად ვიცი, რისი თქმა გინდა, რომ მთავარი კარიერაა და კიდევ შევხვდები ქალს, რომელსაც შევიყვარებ. შეიძლება, შენ მართალიც ხარ.
– ჰო, მართალი ვარ. ცხოვრებას უკეთესად ვიცნობ. ისიც ვიცი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ნუ დაანგრევ ყველაფერს, რაც აქამდე შეგიქმნია. გახსოვდეს, შენ არავინ გყავს, ვინც გზას გაგიკვლევს და ხელს შეგაშველებს. თუ ახლა დაეცემი, ადგომას ვეღარ შეძლებ. ხელსაც არავინ გამოგიწოდებს. არც მე მეყოფა ძალა, რომ წამოგაყენო. ნუთუ გვანცა ღირს ასეთ მსხვერპლად?
– დედა! – გამაფრთხილებლად შეჰყვირა შვილმა.
– მე ჩუმად ვარ, საყვარელო. შენ გინდოდა, რომ აზრი გამომეთქვა.
– იმ ბიჭს ძალიან გავლენიანი მამა ჰყავს, – დღეს ვნახე მთავარი პროკურორის კაბინეტში და შემეშინდა.
– დათო...
– მას და მამამისს ნებისმიერის გასრესა შეუძლიათ და მე გმირი არა ვარ, დედა! შენ მართალი იყავი, არცერთი ქალი არ ღირს ამხელა მსხვერპლის ფასად.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3