№30 ბედით მოთამაშე
აგათა კრისტი
ცნობილი თეატრალური კრიტიკოსი არტურ პაიკი ადამიანების ბედით თამაშობდა და ეს ძალიან მოსწონდა. საკმარისი იყო, რომელიმე სპექტაკლზე გამანადგურებელი რეცენზია დაეწერა, რომ მსახიობის, რეჟისორის, თუ დრამატურგის კარიერას ჯვარი ჰქონდა დასმული.
იმ საღამოს პაიკს ბევრი საქმე ჰქონდა. გვიან დაწვა, თუმცა ძილი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. მზად იყო, ადამიანი, ვინც ძილი დაუფრთხო, შუაზე გაეგლიჯა, მაგრამ ყურმილში ქალის ნაზი ხმა გაისმა და ეგრევე დადნა.
– მისტერ პაიკ?
პაიკი უცებ გამოფხიზლდა. მას ახლა ქალები ძალიან იშვიათად ურეკავდნენ. შეთხელებულ თმაზე ხელი მექანიკურად გადაისვა, თითქოს თანამოსაუბრე გვერდით ეჯდა და თავი უნდა მოეწონებინა. მხრებშიც კი ახალგაზრდულად გაიშალა
– ბარბარა გარდნერი ვარ, – თავი წარუდგინა გოგონამ, – დარწმუნებული ვარ, აღარც გახსოვართ... „შუაღამის სიმღერაში“, რომელიც გასულ წელს „მაგნუმში“ დადგეს, ქალის მთავარი როლი შევასრულე. თქვენ ჩვენს სპექტაკლზე და განსაკუთრებით, ჩემზე გამანადგურებელი რეცენზია დაწერეთ. თავიდან თქვენზე ძალიან გავბრაზდი. ახლა კი ვხვდები, რომ თქვენ მართალი იყავით და მე არც თუ ისე კარგად ვითამაშე. იცით, რეპორტიორებს თქვენზე უამრავი ცუდი რამ ვუთხარი, მაგრამ ახლა მშვიდად აღარ მძინავს. სინდისი მქენჯნის. სითამამე მოვიკრიბე და დაგირეკეთ. მაპატიეთ, მისტერ პაიკ. თქვენს მიმართ უსამართლო ვიყავი.
ბარბარა გარდნერი... ო, როგორ შეეძლო დაევიწყებინა ეს მაღალი, ცეცხლოვანი შავგვრემანი ქალი, შეუდარებელი ფიგურით. მასში ყველაზე მეტად მაღალი მკერდი და გრძელზე გრძელი ფეხები მოეწონა. ამ ქალს დღემდე ეროტიკულ სიზმრებში ხედავდა. მაშინ ცოტა ზედმეტი მოუვიდა მისი კრიტიკა. ეს საკუთარ თავთან აღიარა არტურ პაიკმა. დებიუტანტისთვის ბარბარას არა უშადა. შეიძლება ითქვას, რომ ბარბარა კარგადაც თამაშობდა. თუმცა თეატრალურ სამყაროში არსებობდა დაუწერელი კანონი, რომელიც პაიკმა არ დაარღვია: ახალბედებს პირველივე სპექტაკლში საქებარი რეცენზიები არ უნდა მიეღოთ. არტური ამ აზრს სრულად იზიარებდა, რადგან ვარსკვლავურმა დაავადებამ არაერთი იმედისმომცემი მსახიობი დაღუპა. თუმცა, როდესაც გაზეთში მისი რეცენზია გამოჩნდა, „შუაღამის სიმღერა“ რეპერტუარიდან მოხსნეს. არტური კმაყოფილი დარჩა – მას ხომ ამ დრომდე შეეძლო მაყურებელთა აზრის ფორმირება და ათეულობით ადამიანის ბედის განსაზღვრა. რამდენიმე მსახიობმა მის „შხამიან ისარს“ ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არტურს არ ადარდებდა, რომ მათ სიკვდილში მას და მის რეცენზიებს ადანაშაულებდნენ. პაიკი დარწმუნებული იყო, რომ მსახიობს უფლება არ აქვს ცუდად ითამაშოს. რომ სუსტი ხასიათის ადამიანების ადგილი სცენაზე არ არის.
არტური ფიქრიდან გამოერკვა და გაახსენდა, რომ ბარბარა გარდნერი მაშინ დიდი ხნით გაქრა სცენიდან.
– მისტერ პაიკ, გესმით ჩემი?
– საბოდიშო არაფერი გაქვთ, მის. კარგად მესმის, მაშინ რას განიცდიდით. ლანძღვა-გინება ბევრჯერ მომისმენია. თუმცა, ჩემი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უკვე დიდი ხანია, ყურადღებას აღარ ვაქცევ. სხვანაირად დიდხანს ვერ გაძლებ.
– ძალიან კეთილი ხართ. მინდა, ჩემი დანაშაული როგორმე გამოვისყიდო. მინდა, ბოდიში პირადად მოგიხადოთ. ხვალ ხომ შობაა. მოდი, დღეს საღამოს ერთად ვივახშმოთ. მე ნიუ-არკში ვცხოვრობ. „პალას ოტელში“. მისი ხელოვნებით დასატკბობად მარტო ნიუ-იორკიდან არ მოდიან. გარწმუნებთ, არ ინანებთ.
პაიკი მაშინვე არ დათანხმდა. ნიუ-იორკიდან ნიუ-არკამდე მინიმუმ ორი საათის სავალი იყო, რვა საათზე კი ბროდვეიზე „ძველი ისტორიის“ პრემიერა იყო – ნორა მასტერსით მთავარ როლში. ასეთ სპექტაკლს ვერაფრით გამოტოვებდა. აუცილებლად რეცენზია იქნებოდა დასაწერი. მეორე მხრივ, ასეთი ლამაზი ქალი ეპატიჟებოდა. არჩევნის წინაშე რომ აღმოჩნდა, დიდხანს არ უყოყმანია. ვახშამი აირჩია. როგორ შეეძლო ასეთ ქალთან ვახშამი, თან, შესაძლოა, სასიამოვნო გაგრძელებით, უნიჭო მასტერსის რეცენზიაზე გაეცვალა, მას ხომ წესიერად თამაშიც კი არ შეეძლო. პაიკის წარმოსახვა ერთმანეთზე უკეთეს სურათებს ხატავდა. თუ გაუმართლებს, საქმე ვახშმით არ დამთავრდება და ნიუ-არკში ღამის გათევაც მოუწევს. უკვე დაავიწყდა, ბოლოს როდის დარჩა მთელი ღამით ქალთან.
– „პალას ოტელის“ რესტორანში შევხვდეთ, – უთხრა ბარბარამ, – ცხრის ნახევარზე. რესტორანში ვივახშმოთ, ხოლო ყავა ჩემთან, სახლში დავლიოთ.
არტურ პაიკმა ყურმილი დადო, სავარძელში გადაწვა და ტკბილ ოცნებებს მიეცა. ზოგჯერ ცოტას ეშმაკობდა და წერდა რეცენზიებს, ისე რომ სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა, ეს რაც შეიძლება, იშვიათად გაეკეთებინა. რადგან სარისკო საქმე იყო. თუ გაიგებდნენ, დრამატურგი, მსახიობი და გაზეთი, სადაც მუშაობდა, უბრალოდ, სასამართლოში უჩივლებდნენ. ასეთი რამ მის რამდენიმე ნაცნობს უკვე დაემართა. ხმაურიანი პროცესი კი ისეთ დარტყამას მიაყენებდა კრიტიკოსის რეპუტაციას, რომ მის კარიერას წერტილსაც დაუსვამდა, რომელსაც არტურ პაიკი ძალიან უფრთხილდებოდა. მაგრამ ამჯერად საფრთხე ნაკლები იყო – ნორა მასტერსს ყველა უნიჭო და ადვილად გამოსაცნობ მსახიობად მიიჩნევდა. ასეთებს შთაგონების შემოტევა არასოდეს ემართებათ და საკუთარ თავს არასდროს ახტებიან. ყოველთვის ერთნაირად ცუდად თამაშობენ. საჭირო არ იყო სპექტაკლის ნახვა, რომ მის უნიჭობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო. სწრაფად ისაუზმა და რეცენზიის დასაწერად დაჯდა. ერთ საათში სტატია მზად იყო. შემდეგ ჯეკ ანდერსს დაურეკა. რომელიც ზედმეტი კითხვების გარეშე დათანხმდა, რეცენზია რედაქციაში ზუსტად თერთმეტ საათზე მიეტანა. როდესაც სტატიას სპექტაკლის დამთავრებიდან ნახევარ საათში მიიღებდნენ, ყველა იფიქრებდა, რომ ახალი დაწერილი იყო.
შეხვედრის ადგილზე ცოტა ადრეც კი მივიდა. ლოდინი დიდხანს გაუგრძელდა. ბარბარა ძალიან აგვიანებდა. პაიკმა უკვე რამდენიმე ჭიქა მარტინი გამოცალა. ბოლოს ადგა და ტელეფონთან მივიდა. დიდხანს ფურცლავდა სასტუმროს სატელეფონო ცნობარს, მაგრამ ბარბარა გარდნერის სახელი და გვარი ვერ აღმოაჩინა. მხრები აიჩეჩა და სასტუმროს ადმინისტრაციაშიც იკითხა, მაგრამ იქ უპასუხეს, რომ მათთან არანაირი ბარბარა გარდნერი არ ცხოვრობდა.
– სულელი! – გამწარებით წამოიძახა პაიკმა.
ისეთი მთვრალი იყო, ნიუ-იორკში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა, სასტუმროში თავისუფალი ნომრები აღმოჩნდა. პორტიემ ზედა სართულზე პენტჰაუზში მოათავსა, საიდანაც ქალაქზე მშვენიერი ხედი იშლებოდა.
პაიკი მიხვდა, რომ ბარბარა გარდნერი მასთან ვახშმობას საერთოდ არ აპირებდა. ეს სულელური ხუმრობა, მისი შურისძიება იყო. შტერმა ქალმა სამაგიეროს გადახდის სხვა საშუალებაც კი ვერ მონახა, გარდა იმისა, რომ ხანში შესული მამაკაცი გაებრიყვებინა და მეორე ქალაქში ჩამოეყვანა. პაიკი საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ ამ საქციელის გამო ბარბარას ძალიან ანანებდა. თავი ბალიშზე დადო და მაშინვე ჩაეძინა.
დილით თავის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. ტელევიზორი წვალებით ჩართო. სწორედ კულტურის ახალ ამბებს აცხადებდნენ... „თავბრუდამხვევი წარმატება – ახალგაზრდა, იმედისმომცემი მსახიობი ბარბარა გარდნერი, რომელმაც გუშინ ბროდვეის სპექტაკლში – „ძველი ისტორია“ – მთავარი როლი შეასრულა, ბისზე ათჯერ გამოიძახეს. ნორა მასტერსი, რომელსაც ეს როლი უნდა შეესრულებინა, ავარიაში მოხვდა და ის ბარბარა გარდნერმა შეცვალა და კრიტიკოსები ერთხმად ალაპარაკდნენ თეატრალურ კაბადონზე ახალი ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ.
როდესაც ამ სიტყვების აზრმა არტურ პაიკის გინებამდე ჩააღწია. სუნთქვა შეეკრა, უცებ მიხვდა, რაში დასჭირდა ბარბარა გარდნერს მისი ნიუ-იორკიდან გამოტყუება. ერთბაშად თავისი დაწერილი რეცენზია გაახსენდა, რომელშიც ნორა მასტერსს კარგადაც გადაუარა. პაიკმა იქედნურად დაწერა, რომ მის უნიჭობას მაყურებელი უკანა რიგებშიც კი ვერ დაემალაო. შეაჟრჟოლა.
ფიქრი დიქტორის ხმამ შეაწყვეტინა, თავისი გვარი რომ გაიგონა, ეკრანს შეხედა. დიქტორი აცხადებდა, რომ ცნობილ თეატრალურ კრიტიკოსს, არტურ პაიკს, მალე სასამრთლოში დაიბარებდნენ, რადგან გაზეთის რედაქციამ, სადაც ის მუშაობდა, დრამატურგმა და მსახიობებმა ყალბი რეცენზიისთვის სასამართლოში უჩივლეს.
პაიკი შეტორტმანდა. როგორღაც ფანჯრამდე მიაღწია, გამოაღო და... სიცარიელეში გადააბიჯა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ