№30 როგორ დააჩქარეს ანტიბერიული შეთქმულების მონაწილეებმა ბერიას განეიტრალების ოპერაცია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მოგვიანებით, როდესაც ბერიას სახელმწიფო გადატრიალების მომზადება დააბრალეს, ბერიას საქმეზევე დახვრეტილ აზერბაიჯანის ცეკას პირველ მდივანს, მირჯაფარ ბაგიროვს გენერალურმა პროკურორმა, რომან რუდენკომ უთხრა:
– ბერია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და ამაში თქვენ ეხმარებოდით.
ბაგიროვს, რომელიც უკვე განწირული იყო და სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდა, გაეცინა:
– სამწუხაროდ, ბერია არანაირ გადატრიალებას არ გეგმავდა. არადა მას რომ პოლიტბიუროს წევრების ნახევარი დაეპატიმრებინა და ხალხისთვის გამოეცხადებინა – ამათ სტალინი მოწამლესო, მოსახლეობაში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა, ცოცხალი იქნებოდა და ქვეყანასაც ნამდვილი მტრებისგან იხსნიდა.
ბაგიროვი, ბერიას მსგავსად, ძველი „ჩეკისტი“ და მისი უახლოესი მეგობარი იყო. თუმცა, ბერიას მსგავსად, მასაც ვერ წარმოედგინა, რომ თითქმის მთელი პოლიტბიურო შეთქმულებისგან შედგებოდა და ისინი ასეთ უმძიმეს დანაშაულზე წავიდოდნენ.
როი მედვედევი ამბობს: „ბერიასადმი სიმპათია არასდროს მქონია და დღემდე მიმაჩნია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის განგსტერული მეთოდებით მოქმედებდა. მას საკუთარ კაბინეტში პისტოლეტით ადამიანის მოკვლა შეეძლო, როგორც ეს სომხეთის ცეკას პირველი მდივნის, აგასი ხანჯიანის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, როგორც მას მოექცნენ, არანაირი გამართლება არ აქვს და ვფიქრობ, შეთქმულები უფრო დიდი დამნაშავეები არიან, ვიდრე მათი მსხვერპლი...“
ვეთანხმები მედვედევს, რომ ლავრენტი ბერია სრულიად უდანაშაულო არ ყოფილა და ცოდვები მასაც ჰქონდა, მაგრამ, რაც შეთქმულებმა ჩაიდინეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მოვუსმინოთ როი მედვედევს, რომელიც ამბობს: „ჩემი აზრით, ბერია მაინც განწირული იყო და მის წინააღმდეგ შეთქმულებას აუცილებლად მოაწყობდნენ, უბრალოდ, სტალინის საქმის ფარულმა გამოძიებამ ეს პროცესი დააჩქარა. მიუხედავად გამოძიების გასაიდუმლოებისა, ბერიას მტრები გრძნობდნენ, რომ მათ „კუდზე ასხდნენ“. მით უმეტეს, 28 აპრილის მერე, როდესაც ბერიას ზეწოლით, სემიონ ეგნატიევი ცეკას წევრობიდან გადააყენეს და შემდგომი ნაბიჯი მისი დაპატიმრება იქნებოდა. ციხეში კი იგნატიევს უკვე ანტისტალინური შეთქმულების მონაწილეების მხილება შეეძლო და ბერიას მოშორების ოპერაცია დაჩქარდა...“
26 ივნისს, როდესაც ლავრენტი პავლოვიჩი პოლიტბიუროს სხდომაზე სემიონ იგნატიევის დაპატიმრების სანქციის მოთხოვნით უნდა გამოსულიყო, მას იქვე მოუღეს ბოლო – პოლიტბიუროს წევრების წინ დააპატიმრეს და მოკლეს. როი მედვედევი ამბობს: „ბერიას შეთქმულებმა დაასწრეს. მას არ დააპატიმრებინეს იგნატიევი, რათა მთელი პოლიტბიურო არ ემხილებინა და თავად ბერია იმსხვერპლეს, რაც დღეს უკვე დამტკიცებული ფაქტია და წყალი აღარ გაუვა...“
გამოდის, რომ ლავრენტი ბერია სტალინის მკვლელობის გამოძიების საქმეს შეეწირა, რომელშიც პოლიტბიუროს წევრების უმეტესობა იყო გარეული. თუმცა, ის მაინც განწირული იყო და ასეთ ძლიერ ფიგურას პოსტსტალინურ ეპოქაში საბჭოთა პოლიტბიურო ვეღარ აიტანდა.“