№30 როგორ მალავდა ერთი კვირა სტალინი ლენინს მთაწმინდაზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

1900 წლიდან მოყოლებული, ანუ მას მერე, რაც ლენინის კატეგორიული მოთხოვნით მას სტალინი გააცნეს, ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი ჰქონდა და სტალინს ლენინის მიერ შექმნილ პარტიაში ყოველთვის მთავარი როლი ეკისრებოდა. სტალინს ებარა მთელი პარტიის სალარო, სტალინს ექვემდებარებოდა ყველა საბრძოლო ჯგუფი და სტალინს ეპყრა ხელთ მთელი კონსპირაციული ქსელი. ანუ, ლენინის მერე, რომელიც ბოლშევიკთა სულიერ-პოლიტიკური ლიდერი იყო, სტალინი წარმართავდა მთელ პრაქტიკულ საქმიანობას და ლენინის მარჯვენა ხელი იყო. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი ხაზგასმით წერდა: „ლენინს გენიალური ხედვა ჰქონდა. სტალინში მან უშეცდომოდ დაინახა დიდი შემსრულებელი და მართვის მექანიზმი მისთვის ტყუილად არ ჩაუბარებია. ეს მექანიზმი ძალიან გამართულად მუშაობდა მთელი არალეგალური, რევოლუციური მოძრაობის პერიოდში. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება აიღეს ხელში, ეს მექანიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა უშუალოდ სტალინის მმართველობის პერიოდში და სტალინის გარდაცვალების მერეც ინერციით მუშაობდა. ამგვარად, თუკი ლენინი საბჭოთა კავშირის დამაარსებელი სტალინთან ერთად იყო, მხოლოდ და მხოლოდ სტალინს ხვდა წილად, ყოფილიყო საბჭოეთის ყველაზე მთავარი მშენებელი და მიუხედავად ამისა, სტალინი ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა ლენინსა და საბჭოთა ხალხს...“
სტალინს ლენინისადმი დიდი პატივისცემის პარალელურად, ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა მასზე და „დიდი რეაქციის“ პერიოდში მას სიცოცხლეც კი გადაურჩინა. ფილიპე მახარაძე იხსენებდა: „წინა რევოლუციური წლები (იგულისხმება 1917 წლის რევოლუციები) ძალიან დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა და მათ „რეაქციის წლებს“ უწოდებდნენ. მეფის „ოხრანკა“ იმ პერიოდში უკიდურესად გააფთრებული დაგვდევდა ბოლშევიკებს და სასიკვდილოდ გვწირავდა. მიუხედავად იმისა, რომ ლენინი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მათთვის ილიჩი ნომერ პირველ სამიზნეს წარმოადგენდა და საკმარისი იყო, ლენინს ფეხი დაედგა რუსეთის იმპერიის მიწეზე, რომ მას თუ არ მოკლავდნენ, ციხეში ამოხდიდნენ სულს. 1915 წელს პეტროგრადის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში დიდი განხეთქილება მოხდა. ეს რომ მოეგვარებინა, ლენინმა არც აცია, არც აცხელა და შვეიცარიიდან პეტროგრადში, დიდი რისკის ფასად, ინკოგნიტოდ ჩავიდა. სტალინი ციმბირის გადასახლებაში იმყოფებოდა. მე – თბილისში, არალეგალურ მდგომარეობაზე. მხოლოდ სერგო ორჯონიკიძე იყო თავისუფალი და ილიჩის ჩამოსვლა მას შეატყობინეს. შემდეგ სტალინს – ციმბირში. მან კი საგანგებოდ მოაწყო გაქცევა და ლენინს პეტროგრადში ჩააკითხა. მე კი მთხოვეს, თბილისიდან ფეხი არ მომეცვალა. ლენინმა მართლა მოაგვარა ის საკითხი, რის გამოც ამხელა რისკზე წავიდა, მაგრამ „ოხრანკამ“ შეიტყო და ლენინისა და სტალინის ტოტალური ძებნა გამოცხადდა. გადაიკეტა ყველა გზა, განსაკუთრებით ფინეთში გასასვლელი. ამიტომ, სტალინმა ლენინი არალეგალურად თბილისში ჩამოიყვანა და ექვს დღეს მთაწმინდაზე, მეჟევაიას ქუჩაზე (ამჟამად იქ უზენაესი სასაართლოა და არსენას ქუჩა ეწოდება), ჯიშკარიანების სახლში ვმალავდით. ეს იყო სრული კონსპირაციის პირობებში და მეშვიდე დღეს სტალინმა ლენინი ბათუმში ჩაიყვანა, იქიდან გემით ევროპაში გაამგზავრა და ამით ილიჩის სიცოცხლე იხსნა. თუმცა, თავად ბაქოში მიმავალ გზაზე შეიპყრეს და ციმბირში დააბრუნეს...“
ფილიპე მახარაძის მოგონებები იმის უტყუარი დასტურია, თუ როგორი ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთში ბოლშევიკთა ორ უდიდეს ბელადს და რაც სრულად აბათილებს ფალსიფიცირებული ისტორიოგრაფიის მონაჩმახს.“