№30 როგორ მოვიქცეთ ეპილეფსიის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ეპილეფსია თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხანმოკლე შეტევებით, ეგრეთ წოდებული, გულყრებით. ჩვეულებრივ, ეპილეფსიური გულყრა ხუთ წუთზე ნაკლებ დროს გრძელდება. სპეციალისტების აზრით, გულყრა იწყება მაშინ, როცა თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში ხდება ანომალური და ძალიან მაღალი ელექტრონული აქტივობა. მაგრამ, რატომ ხდება ეს, დღესდღეობით უცნობია. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა გამოვუძახოთ იმ შემთხვევაში, თუ შეტევა ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, პირველი შეტევიდან მალევე განმეორდა მეორე შეტევა ან გულყრიდან რამდენიმე წუთში ავადმყოფი გონს ვერ მოდის. როგორ აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება ადამიანს ეპილეფსიური შეტევის დროს? თავქვეშ ბალიში ან რბილი საგანი ამოუდეთ, მოაცილეთ ბასრი საგნები, რომლებმაც შეიძლება ტრავმა მიაღებინოს. როცა კრუნჩხვები გადაუვლის, გვერდზე გადააბრუნეთ. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ, უპირველესად, დაარწმუნეთ ის, რომ ყველაფერი კარგად არის. შემდეგ დაეხმარეთ წამოდგომაში და გაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც შეძლებს დასვენებას. შეტევის შემდეგ ბევრს არეული გამომეტყველება აქვს და ძილი უნდება. ზოგი კი სწრაფადვე გამოდის მდგომარეობიდან და ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ყველა ეპილეფსიური შეტევა კრუნჩხვებით არ ხასიათდება.
* არ სცადოთ კრიჭის გახსნა! გადმოაბრუნეთ ადამიანი მარჯვენა გვერდზე და ფრთხილად დააფიქსირეთ ის ამ პოზიციაში. ამით თქვენ გაათავისუფლებთ მოდუნებული ენის კუნთით ნაწილობრივ დახშობილ სასუნთქ გზებს და შეამცირებთ პირის ღრუში დაგროვილი ნერწყვის სასუნთქ გზებში მოხვედრის ალბათობას.
* ნუ მოუჭერთ ან გააკავებთ კიდურებს კრუნჩხვისას, ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ამოვარდნილობა, სახსრის მყესოვანი აპარატის დაზიანება, იშვიათად კი – მცირე ძვლების მოტეხილობა.
ზოგი მცირე ხნით კარგავს ცნობიერებას, ისე, რომ ძირს არ ეცემა. ამას ჰქვია მცირე ეპილეფსიური გულყრა ანუ აბსანსი. როგორც კი გულყრა გადაუვლის, ის თავს კარგად გრძნობს. მაგრამ ზოგიერთს მცირე გულყრა რამდენიმე წუთი უგრძელდება. ასეთ დროს ადამიანი იწყებს ოთახში უაზროდ ბორიალს, ტანსაცმლის ქაჩვას, ან სხვა უცნაურ ქმედებებს. შეტევის შემდეგ მას შეიძლება, თავბრუ დაეწყოს. ეპილეფსიით დაავადებულ ბევრ ადამიანს სულ იმის შიში აქვს, თუ სად და როდის დაემართება მორიგი შეტევა. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ისინი გაურბიან ხალხმრავალ ადგილებს. ეპილეფსიით დაავადებულს უთხარით, რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი გრძნობები. ყურადღებით მოუსმინეთ. ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შეტევის დროს. ვინაიდან ეპილეფსიით დაავადებული ბევრი ადამიანი მანქანას ვერ ატარებს, შესთავაზეთ სადმე გასეირნება ან რაიმე სახის მომსახურება.
ეპილეფსიური შეტევების შემცირება ან თავიდან აცილება შესაძლებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მაგალითად, სტრესი და არასაკმარისი ძილი ზრდის შეტევების რისკს. ამიტომ სპეციალისტები ეპილეფსიით დაავადებულებს ურჩევენ, რომ რეგულარულად ივარჯიშონ და საკმარისად დაისვენონ. ზოგ შემთხვევაში გულყრის თავიდან ასაცილებლად ძალიან ეფექტურია მედიკამენტების მიღება.