№30 რა იწვევს ყველაზე ხშირად ოჯახის დანგრევას და როგორ უნდა აიცილოს ჭკვიანმა ცოლმა ის თავიდან
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ოჯახშიც და პირად ურთიერთობაშიც უსიამოვნებას და ნგრევას უამრავი რამ იწვევს. როგორც ადამიანი, ისე თითოეული წყვილიც ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, კონფლიქტიცა და გაუცხოებაც მათ პიროვნებასა და ხასიათზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს რამდენიმე საერთო, სერიოზული და გადამწყვეტი მიზეზი.
ხშირად ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი წყვილებს შორის განელებული ან თუნდაც საერთოდ გამქრალი სიყვარულია. მეორე მიზეზად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა სახელდება, თუმცა წყვილების თერაპიაზე მომუშავე ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ის ქალები, რომლებმაც საბედისწერო პრობლემების ზეგავლენა საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ნინა (38 წლის): სიყვარული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც, რაც ოჯახის დანგრევას იწვევს. ამ პრობლემებზე თითქმის არასოდეს საუბრობენ. ბევრი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ისე შორდება, რეალურად ვერც იაზრებს, რა მოხდა მათ შორის. მე არ მინდა, ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო, მაგრამ ზოგს შეიძლება, გამოადგეს. ადამიანები განსხვავებულები კი ვართ, მაგრამ ბევრი საერთოც გვაქვს. მოგიყვებით, მე და ჩემს ქმარს რა ძირითადი პრობლემები გვქონდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი ჩაკეტილი სამეგობრო წრე იყო.
– ამაში რას გულისხმობთ?
– ახლავე აგიხსნით. ქორწინებაში მყოფი ადამიანები ხომ მეგობრებს უმეტესად ერთად ხვდებიან. დროის უდიდეს ნაწილსაც ერთად ატარებენ. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ თურმე, ყოველთვის არა და არც დიდი დოზით. ამ დროს ადამიანები თითქოს ჩაკეტილ წრეში ტრიალებენ, რაც მათთვის მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება.
– ოჯახში წააწყდით ამ პრობლემას?
– დიახ. რვა წელი მე და ჩემს ქმარს ერთი დღე არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. ყველგან და ყოველთვის ერთად დავდიოდით. არ მინდოდა, სადმე მარტო წასულიყო და მისი მეგობრებიც კი დავიმეგობრე. ჩემები კი მასთან დავაახლოვე.
არ მიფიქრია იმაზე, რომ კაცის ცხოვრება მრავალფეროვანი უნდა იყოს, რათა რუტინული ურთიერთობით არ გადაიღალოს. თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ენდობა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება რთული არ არის. კიდევ ერთი პრობლემაა – მოფერების დეფიციტი.
– ანუ, როცა ცოლს მოფერება აკლია?
– არა მარტო ცოლს, ქმარსაც. მოფერება უმნიშვნელოვანესია. თუ ამ ტიპის ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის იშვიათია, ესე იგი, მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. საუბარი არ არის მხოლოდ სექსზე. შესაძლოა, ურთიერთობა მსუბუქმა მოფერებამაც კი იხსნას დანგრევისგან. თან, მოფერებებით ღალატის შანსიც შემცირდება. ამასთან, თქვენი მეუღლე იგრძნობს, რომ ის კვლავ სასურველია თქვენთვის და ნეგატიური გრძნობებიც გაქრება. აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, რა გავლენას ახდენენ მეგობრებიც თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე ქმართან. ქალები კარგად მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ.
– კიდევ რა მიზეზები დაინახეთ, ქმართან ურთიერთობას რომ ანგრევს?
– საშინაო საქმეების ერთ-ერთზე გადაბარება. ქართულ ოჯახებში წყვილებს საოჯახო საქმეები და როლები ისე აქვთ გადანაწილებული, რომ პრობლემა თავისთავად იქმნება. თქვენს გულში ჩაიხედეთ, რომელ ცოლს ეხალისება წლობით თეფშების რეცხვა, როცა ქმარი ტელევიზორს წამოგორებული უყურებს? ურთიერთობის დასაწყისში შესაძლოა, ყურადღებადაც არ გიღირდეთ, ვინ ალაგებს სახლს, ან რეცხავს ჭურჭელს, მაგრამ დროთა განმავლობაში გაგიჟებს. იცით, რა გვიან მივხვდი, რომ ქმართან სწორედ ჭუჭლის რეცხვა მაჩხუბებდა?
– თეფში ხომ არ ესროლეთ?
– ცოტა დამაკლდა. აი, აქ მივედი კიდევ ერთ მიზეზთან, რაც ოჯახს დანაღმულ ველს ამსგავსებს – დუმილი და პრობლემების მიჩქმალვა. თუ თქვენი ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე არასდროს საუბრობთ, არასწორად იქცევით. ამ ტიპის საუბარი შესაძლოა, არასასიამოვნოდ წარიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია. პირველ რიგში, ეს გეხმარებათ საკუთარი შეცდომების დანახვასა და მის გამოსწორებაში. თქვენს პარტნიორს გული უნდა გადაუშალოთ და ყველაფერი გულწრფელად უთხრათ. ჰკითხეთ მას, რამ გაანაწყენა ან, პირიქით, გააბედნიერა ბოლო ერთ კვირაში. სხვანაირად პრობლემა არ მოგვარდება.