კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ გაასახლა რუსეთის იმპერიამ საქართველოდან თითქმის ყველა ბატონიშვილი და დედოფალი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიის მეტად უცნაური ვერსია შემოგვთავაზა და, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან არ იცოდეს ნამდვილი ვერსია, ჩემი აზრით, თავისი სამომავლო სამოქმედო გეგმა გაგვაცნო, ანუ რას დაგვმართებს, თუ კვლავ ვიანცებთ, ამიტომაც ისტორიკოსთან, პროფესორ ვახტანგ გურულთან ერთად გავარკვევთ, რატომ გვემუქრებიან ჩრდილოეთიდან, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვრებში დაგვტოვებენ და, რაც მთავარია, როგორ მართავდა გუბერნიებად, მაზრებად  და ოკრუგებად დაქუცმაცებულ საქართველოს რუსეთის იმპერია თავის შემადგენლობაში.
– რა მეთოდები გამოიყენა რუსეთის იმპერიამ ქართული სახელმწიფოებრიობის დასაკნინებლად და ქართული ცნობიერების გასანადგურებლად, როდესაც შეიერთა და, ფაქტობრივად, დაიპყრო ჩვენი ქვეყანა?
– რუსეთის იმპერიის კავკასიური პოლიტიკის მესვეურებმა, უპირველესად, კარგად გააანალიზეს, თუ რატომ ვერ მოსპეს ქართული სახელმწიფოებრიობა საუკუნეების განმავლობაში ორმა დიდმა დამპყრობელმა ირანმა და ოსმალეთმა და სავსებით მართებულ დასკვნამდე მივიდნენ. სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნა იმან, რომ ირანმა და ოსმალეთმა ვერ გააუქმეს მეფობა. თუმცა ისლამის აღმსარებელი მეფეები იყვნენ ქართლსა და კახეთში ტახტზე, მაგრამ მეფე მაინც არსებობდა, მეფე კი ქართველი კაცისთვის არის ის პიროვნება, რომლის გარშემოც ერი ირაზმება და ყველა საქმე კეთდება მეფის მოთავეობით. მეორე შეცდომა, რაც ირანმა და ოსმალეთმა დაუშვეს, იყო ის, რომ არ გააუქმეს უმაღლესი სასულიერო ხელისუფლება – კათოლიკოს-პატრიარქობა და ამან ერი სულიერად შეკრა. ესე იგი, პოლიტიკურად ერს აერთიანებდა მეფე, სულიერად – ეკლესია. ამიტომ გააუქმეს ქართლ-კახეთში მეფობა 1801 წლის 12 სექტემბერს, ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ 1811 წელს გააუქმეს მცხეთის საპატრიარქო ტახტიც, 1814 წელს კი – ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქო ტახტი და ამით უკვე ორი მთავარი საყრდენი გამოაცალეს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამით დაიწყო ჩვენთან სახელწიფო, ეროვნული ცნობიერებისა და სულიერების ნგრევა. მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოზე მოპოვებული გამარჯვება დიდხანს ვერ გასტანდა, თუ რაღაც კონკრეტულად არ გაკეთდებოდა. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ თვით ოფიციალურ დოკუმენტებში იშვიათად იხსენიება ქართლ-კახეთის სამეფო. რუსები მას უწოდებენ „გრუზიას“, თუმცა დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს ტერმინი არ გულისხმობს იმერეთის სამეფოს, გურიის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროებს, რადგან იმ პერიოდში რუსეთს მათთან ურთიერთობა არ ჰქონია. 1802 წელს გაუქმებული ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე პირველად ჩამოყალიბდა რუსული ადმინისტრაციული სისტემა. თავდაპირველად, დანიშნეს მთავარსარდალი, კარლ კნორინგი, რომელიც იმავდროულად იყო საქართველოს უზენაესი მთვრობის თავმჯდომარე, მისი მოადგილე კი - პიოტრ კოვალენსკი, რომელსაც ბევრი ცუდი საქმე აქვს ჩადენილი საქართველოში. მაგრამ იმპერატორს აქედან მისდიოდა ცნობები, რომ კოვალენსკი ჩაეფლო კორუფციაში. ამიტომ იმპერატორმა თავისი ნდობით აღჭურვილი მოხელე გამოაგზავნა, რომელიმაც შემოიარა ქართლ-კახეთი და მოახსენა, რომ საქართველოში რუსეთის საქმე ფუჭდებოდა. იმპერატორმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაეყენებინა კნორინგი, როგორც უქნარა მოხელე და მთავარსარდლად დანიშნა ქართველი თავადი, ვახტანგ მეექვსის დროს გადახვეწილი ციციშვილის შთამომავალი პავლე ციციანოვი. მან პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ გაასახლა დარეჯან დედოფალი და ბატონიშვილების უმრავლესობა და მალევე მიაყოლეს გიორგი მეთორმეტის ქვრივი, დედოფალი მარიამი შვილებითურთ.
– რუსეთში გადაასახლეს?
– დიახ, ციციანოვმა, მაგალითად, დარეჯანი აიძულა, რომ წასულიყო და მერე გახარებული ამბობდა, როგორც იქნა, მოვიცილე საქართველოდან ჰიდრაო. ვახტანგ ბატონიშვილი კი შეიპყრო და ისე გაასახლა, დავითი და იაონე ბატონიშვილები ნებით წავიდნენ, სხვა ბატონიშვილებიც, როდესაც მიხვდნენ, რომ აქ მათ არავინ გააჩერებდა და ამით კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა რუსეთის იმპერიამ ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ ცნობიერებას.
– დინასტიაც გაგვინადგურა.
– რა თქმა უნდა, ასე რომ, 1812 წლისთვის, როდესაც კახეთის აჯანყება დაიწყო, არც ერთი ბაგრატიონი, ერეკლეს შთამომავალი, საქართველოში აღარ იყო, ერთადერთი ბატონიშვილის, გრიგოლ იოანეს ძის გარდა, რომელიც რუსებმა არ გაასახლეს, რადგან ფიზიკური დიდი ნაკლი ჰქონდა და გამჭრიახობით ვერ გამოირჩეოდა, უზარმაზარი პენსია უნდა დავუნიშნოთ და ამიტომ იყოს საქართველოში, მაინც ვერაფერს დაგვაკლებსო.
– იაფად გამოვიდნენ, ანუ.
– დიახ, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი პენსიები დაუნიშნეს დედოფლებსა და ბატონიშვილებს. 1806 წელს პავლე ციციანოვი მოკლეს. შემდეგ აქ ჩამოვიდა რუსი გენერალი ივან გუდოვიჩი, 1809 წელს კი ჩამოიყვანეს სასტიკი კოლონიზატორი ტორმასოვი. მან, ფაქტობრივად, დაასრულა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე გაასახლა რუსეთში, საიდანაც ის ვეღარ დაბრუნდა.
– როგორი იყო ტერიტორიული მოწყობის პრინციპი, რა სქემით დაანაწილა რუსეთის იმპერიამ საქართველოს ტერიტორია?
– რუსეთის იმპერიაში მთავარი ადმინისტრაციული ერთეული იყო გუბერნია, რომელიც იყოფოდა მაზრებად, გამონაკლისი სახით არსებობდა ოლქი, რომელიც იყოფოდა ოკრუგებად. ოლქს დაუშვებდნენ იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური ან ეთნიკური განსხვავება არსებობდა. მაგალითად, ოლქი შეიქმნა ბათუმში, რადგან ისლამის აღმსარებელი ხალხი ცხოვრობდა, ყარსში, დაღესტანში. როდესაც 1841 წელს, პირველი რეფორმის დროს, შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, თავისი სამეგრელო-გურია-აფხაზეთით, სვანეთი – ჯერ არა, სომხეთისა და აზერბაიჯანის მცირე ნაწილი და რუსეთმა  დაპყრობილი სამხრეთ კავკასია დაყო შემდეგნაირად: საქართველო-იმერეთის გუბერნია ცენტრით – თბილისში და კასპიის ოლქი, სადაც შევიდა სამხრეთ კავკასიის ყველა დანარჩენი ტერიტორია. ამის შემდეგ დაიპყრო რუსეთმა მთელი კავკასია და მეცხრამეტე საუკუნის 40-ან წლებში სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ბაქოს გუბერნია, ერევნის გუბერნია და ელისავეტოპოლის, ანუ განჯის გუბერნია. თბილისის გუბერნიაში შედიოდა ქართლ-კახეთი, აღმოსავლეთი საქართველოს მთელი მთიანეთი, თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი, დვალეთიც. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს – იმერეთის სამეფო, გურია-სამეგრელო-აფხაზეთის სამთავროები, მხოლოდ სვანეთში არ იყო რუსული მმართველობა, მაგრამ აჭარა და ართვინი რჩებოდა ოსმალეთის შემადგენლობაში. 1877-1878 წლებში რუსეთმა ოსმალეთი დაამარცხა მორიგ ომში და 1878 წლიდან აჭარა-ართვინი გააერთიანეს ბათუმის ოლქში. ხოლო ტაო-კლარჯეთის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი – ყარსის ოლქში, მაგრამ ის არ დაუქვემდებარეს თბილისის გუბერნიას, რომ იქაური მოსახლეობა არ ათქვეფილიყო ქართველებში და არ დაწყებულიყო კონსოლიდაციის პროცესი.
– როგორც მახსოვს, ქართველებს უჭირდათ გუბერნიებსა და ოლქებში საცხოვრებლად გადაადგილება, არ აძლევდნენ ამის უფლებას, ანუ განსახლების როგორ პოლიტიკას ატარებდა რუსეთის იმპერია, რის შედეგადაც სომხები მოხვდნენ აფხაზეთში?
– გუბერნია იყო ჩაკეტილი ადმინისტრაციული ერთეული. მაგალითად, თბილისის გუბერნიის გორის მაზრიდან თელავის მაზრაში გადასვლას პასპორტი არ სჭირდებოდა და მაშინ ადამიანებს პასპორტები არც ჰქონდათ, თუ უცხოეთში არ მიდიოდა. მაგრამ თბილისის გუბერნიიდან ქუთაისის გუბერნიაში გადასვლას სჭირდებოდა პასპორტი, პასპორტს კი გუბერნატორი არ იძლეოდა.
– რომ გაეყოთ აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართველები და დაეშალათ ერთიანი ქართული ცნობიერება?
– რა თქმა უნდა. მაგრამ ერევნის გუბერნიიდან თბილისის გუბერნიაში გადმოსვლის მსურველს ადვილად აძლევდა პასპორტს გუბერნატორი, ელისავეტოპოლის გუბერნიიდანაც, ანუ განჯიდანაც ადვილად უშვებდნენ ჩვენკენ. სამეგრელოდან ენგურს გაღმა ვერ გადადიოდა ქართველი, თუ იქ ადრე რამე საკუთრება არ ჰქონდა, მაგრამ აფხაზეთში ძალიან ადვილად ასახლებდნენ სომხებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ესტონელებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, ბერძნებს, რუსებზე აღარაა  ლაპარაკი. ეს იყო პოლიტიკა. ოღონდ კარგი ის მოხდა, რომ გარკვეულ პერიოდში თბილისის გუბერნიას დაუქვემდებარეს ზაქათალის ოკრუგი, ანუ ისტორიული ჭარ-ბელაქანი, დღეს რომ შეცდომით ვუწოდებთ საინგილოს. იმიტომ რომ „ინგილო“ ნიშნავს ქრისტიანობიდან ისლამზე მოქცეულს და ინგილოებს სწყინთ, მაგრამ ჩვენ მიჩვეულები ვართ და წამოგვცდება ხოლმე. ეს კარგი იყო, იმიტომ რომ ადრე ექვემდებარებოდნენ დაღესტნის ოლქს და ამას მოჰყვა ლეკების მასობრივი ჩასახლება. კარგი იყო, ასევე ის, რომ როდესც 1903 წელს აღდგა დროებით გაუქმებული ბათუმის ოლქი, ჩაიწერა, რომ ის ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორს. ცუდი იყო ის, რომ ყარსის ოლქი არ დაუქვემდებარეს არც ქუთაისს და არც თბილისის გუბერნიას და მერე მოსწყდა კიდეც ეს ტერიტორია ქართულ სამყაროს. სამცხე-ჯავახეთში მოხერხდა ქართული ცნობიერების აღდგენა, იმიტომ რომ თბილისის გუბერნიაში შედიოდა. ცუდი მოხდა ის, რომ, თუკი აფხაზეთის ყოფილი სამთავრო ყოველთვის შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სოხუმის ოკრუგის სახით, საზღვარი სოხუმის ოკრუგისა კი გადიოდა ფსოუზე, 1903 წლის რეფორმის ძალით, გაგრის სექტორი ჩამოართვეს სოხუმის ოკრუგს და გადასცეს შავი ზღვს გუბერნიის სოჭის ოკრუგს და საზღვარი აღარ გადიოდა ფსოუზე. ამ ადმინისტრაციულმა მოწყობამ, ვიცით, რომ თავისი შედეგი გამოიღო.

скачать dle 11.3