№30 „აი, ია“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მე არ შევუდგები იმის ახსნას, თუ რატომაა დღესასწაული იაკობ გოგებაშვილთან დაბრუნება (ტექსტების შეცვლა უმარტივესია, რადგან, ბოლოს და ბოლოს, გოგებაშვილის სწავლების მეთოდია მთავარი, რომელსაც ყველა ავტორი იპარავს და, სულო ცოდვილო, ვაი რომ, იაკობზე უკეთეს სიტყვებს მაინც ვერ პოულობს, იმიტომ რომ ასლი ყოველთის დედანზე უარესია, მით უფრო, თუ ნიჭი არ დაჰყვება), მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, ვისაც წერა, ანუ ასოების გამოყვანა შეუძლია (თორემ კლავიატურაზე, ანუ ტექნიკის მონაპოვარზე არათუ მაიმუნი, ყვავიც კი ბეჭდავს), ხოლო, რაკი ადამიანები კლავიატურაზე გადავერთეთ და ხელით წერა მივივიწყეთ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, ადრე თუ გვიან, ეს მუტაციას გამოიწვევს.
ერთი სიტყვით, შორს რომ არ წავიდე, იქნებდა, მუტაცია, სახელდობრ, ჩვენთან, უკვე დაიწყო კიდეც, ვინაიდან, რატომ უნდა გძაგდეს „აი, ია“: ერთდროულად ორი ასო-ბგერა, ორი სიტყვა და ერთი წინადადება და რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე, რომ ბავშვმა თავისი მშობლიური ენა ახლოს ამ მშვენიერი ყვავილით გაიცნოს, თუ ამაზე უკეთესს ვერაფერს სთავაზობ?!