№30 გიორგი გასვიანი: ეს არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რასაც აქამდე განვიცდიდი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
რამდენიმე დღის წინ გიორგი გასვიანმა ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რამაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
გიორგი გასვიანი: ხერხემალზე ძალიან დიდი თიაქარი მქონდა, რომელიც აუცილებლად ოპერაციას საჭიროებდა და ეს პროცესი ზაფხულისთვის დავგეგმე. უკვე ძალიან მიჭირდა სპექტაკლების თამაში, საათობით რეპეტიცია, გასტროლები და პლუს ტელევიზიაში გადაცემების ჩაწერა. საშინელ ტკივილებს განვიცდიდი, რაც არავინ იცოდა, გარდა ახლობლებისა.
– აქამდე რატომ მიიყვანე საქმე?
– თავიდან არ იყო საოპერაციო, შემდეგ გამირთულდა მდგომარეობა. მაგრამ ოპერაციას შუა სეზონზე ვერ გავიკეთებდი. ერთი თვე სჭირდება რეაბილიტაციას და ამიტომ, ველოდი, როდის დავასრულებდი წინსწრებით გადაცემების ჩაწერას და თეატრში – სეზონს. პარალელურად, ვმკურნალობდი, ფიზიოთერაპიებს ვიტარებდი, ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამდი, მაგრამ არაფერმა მიშველა, ძალიან დავიტანჯე. მოკლედ, საკმაოდ დიდი თიაქარი მოვიშორე და დასრულდა ჩემი წამება. ოპერაციის შემდეგ, ნარკოზიდან რომ გამოვედი, „სელფი“ გადავიღე, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე. ფოტოსთვის, რატომღაც, სათვალე გავიკეთე. „ქულ“ ფოტო მინდოდა, რადგან საწყალ მდგომარეობაში არც ვყოფილვარ. ყველაფერმა წარმატებულად ჩაიარა და მომინდა, მიქსი გამეკეთებინა: საავადმყოფოს გარემო და თან, სათვალე (იცინის). პერსონალს ვთხოვე, თავიანთი ტელეფონით გადაეღოთ ფოტოები და ერთ-ერთ ფოტოზე თვალზე ხელი ავიფარე – ჩვენი ახალგაზრდებისადმი სოლიდარობის დიდი სურვილი გამიჩნდა. ჩემმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბედნიერი ვიყავი და ზუსტად ამ მომენტში, ის ადამიანები მახსენდებოდა, ვინც თავისუფლებისთვის თვალი დაკარგა. მინდოდა, ჩემი სოლიდარობა გამომეხატა მათდამი.
– ახლა როგორ ხარ?
– უკვე ავდექი, ფეხზე გავიარე. მხოლოდ ოდნავ ტკივილსღა ვგრძნობ ნაოპერაციევზე, ეს არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რასაც აქამდე განვიცდიდი. ერთ თვეში დასრულდება რეაბილიტაციის პერიოდი და მერე ბათუმში ვაპირებ წასვლას. ცოტას დავისვენებ. თან, ჩემი მეგობრის, ანრი ჯოხაძის კონცერტია და ორგანიზებაში სამეგობრო ვეხმარებით. მერე უკვე ახალ სეზონს შევუდგები სიახლეებით. თუმცა, ჯერ ბევრი გადაცემა გვაქვს წინ – სეზონი სამ აგვისტომდე გრძელდება.
– საავადმყოფოებისა და ექიმების გეშინია?
– პირიქით, მე მიყვარს ექიმები და სამედიცინო სფერო. ყოველთვის, როცა მათზე რამეს ყვებიან, ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენ ხოლმე. მით უმეტეს, როცა საქმე მე მეხება, ყველაფერი უნდა ვიცოდე: რა მჭირს, რისი გაკეთებაა აუცილებელი და როგორ. ამ ოპერაციის შესახებაც ვიცოდი, იმიტომ, რომ წლების წინ მაქვს გაკეთებული. ორი დისკი მაწუხებდა, ერთი – გაცილებით ადრე და მაშინ გავიკეთე პირველი ოპერაცია. მოკლედ, ექიმებიც მიყვარს, პროფილაქტიკაც და ყოველთვის, როცა რამე მაწუხებს, მაშინვე მათ მივმართავ.
– გყვარებია საკუთარი თავი.
- აბა, მძულს? ჩვენთან სულ იციან, ძალიან გიყვარს შენი თავიო. შენ როგორ უნდა მიყვარდე, თუ საკუთარი თავი არ მიყვარს?! რატომ უკვრით ქართველებს? თუ თავს უვლი, ესე იგი, ნარცისი ხარ. ტელეწამყვანი რომ ხარ და ცდილობ, მაყურებელს თავი კარგად „მიაწოდო“, ესე იგი, ნარცისი ხარ?! როგორ შეიძლება, მსახიობი არ იყოს ცოტა ნარცისი? გამორიცხულია. აბა, თავდაუბანელები რომ დადიან ზოგიერთები, ეგ არის კარგი? არავის ვერჩი, ზოგადად ვამბობ.
– წინა ინტერვიუში შენსა და ნიკა გვარამიას კონფლიქტზე ვსაუბრობდით. სოციალურ ქსელში შევამჩნიე, რომ ისევ დამეგობრდით. რამე შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?
– მე და ნიკა გვარამია შევრიგდით. მაშინ რომ არ დავუთმე, მეგობრებიდან წამშალა და არც არსად შემხვედრია იმ ამბების შემდეგ. მერე დაჯილდოებაზე შემხვდა და მითხრა, შენც სოხუმელი ხარ, მეც და როგორ შეიძლება, ჩვენ ვჩხუბობდეთო. სახალხოდ, ყველას წინაშე გიგზავნი მეგობრობას, დამამატე და აღარ დამიწერო პოსტიო (იცინის). მაშინ რაც მოხდა, ჩემგანაც იყო გამოწვეული, თუმცა მე ჩემს მეგობარზე ვწერდი და არა პირადად მასზე, ისიც ემოციებს აჰყვა, მაგრამ არც მე არ ვარ ბოღმა და მოკლედ, ასე შევრიგდით.
– როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
– კრიტიკა სასიამოვნო მოსასმენი არასდროსაა, მაგრამ თუ ისეთ რამეს მეუბნებიან, რაც მანამდე არ შემინიშნავს, რატომაც არა, შეიძლება, მოვისმინო, გავაანალიზო და გავითვალისწინო. მაგრამ ჩვენთან კრიტიკა არ იციან, პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან, რის უფლებასაც არავის მივცემ. ახლობლებსა და მეგობრებსაც კი ვერ ვაპატიებ, თუ დავუშვათ, ჩემს გადაცემაში რამე არ მოეწონათ, გაკრიტიკება მოუნდათ და ამის შესახებ „ფეისბუქზე“ „გამომიშვანშვალეს“ პოსტი. თუ არ მოგეწონა, პოსტს რატომ „მიცხობ“, ახლობელმა ასეთი რამე როგორ უნდა გაგიკეთოს?! მოდი და ისე მითხარი. ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს და მე ვფიქრობ, სამართლიანიც.
– რაც შეეხება პირადს, არავინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, ვისზეც ყურადღების შეჩერება ღირს?
– კი, ჩანან ხოლმე პერიოდულად. როცა ეს შესამჩნევი გახდება, თავისთავად, გაიგებთ, ჯერჯერობით ასეთი არ არის. სინამდვილეში, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ გარედან ყველაფერი არ ჩანს ან რატომ უნდა ჩანდეს? ყველას ჩვენ-ჩვენი ინტიმი გვაქვს.
– რას მალავს გიორგი გასვიანი პირადი ცხოვრებიდან, რაზე არ გინდა საუბარი?
– დასამალი არაფერი მაქვს. მაგრამ იმ კატეგორიას მივუკუთვნები, ვინც ინტიმური დეტალების სააშკარაოზე გამოტანას ვერ იტანს. როცა ნიშნობამდე და ქორწინებამდე მივა საქმე, მაშინ – კი ბატონო.
– რისი ფეტიში გაქვს პირად ურთიერთობაში? სიყვარულში?
– მე თვითონ მზრუნველი ვარ და მიყვარს მზრუნველი ადამიანები. ადამიანი თავისით უნდა მიხვდეს რაღაცებს, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც არ მიყვარს. ზედმეტი შეწუხება და მანიაკალური ყურადღება მეტისმეტია. მე თვითონ ეჭვიანი ვარ, მაგრამ ვერ ვიტან ჩემზე რომ ეჭვიანობენ.
– გიჟურად შეყვარებული გიორგი როგორია?
– ჩემთვის ეს გრძნობა არასდროს არაა უბრალო. ყოველთვის, როცა მიყვარდა, მიყვარდა ძალიან ემოციურად. თუ ეს ემოცია არ გამიჩნდა, ასეთ ურთიერთობას სიყვარულს არ ვარქმევ. თუ ეიფორიებში არ ჩავვარდი, არ ვატყუებ ადამიანს, რომ მიყვარს. მაქვს რაღაც ტიპის ურთიერთობა, მაგრამ ამას სიყვარულს არ ვარქმევ.