№30 როგორ აპირებს გიორგი კალანდია მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს რეალური საზღვრების ჩვენებას და რა მტკიცებულებები მოიპოვა მან დიდ ბრიტანეთში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს ისტორია და ჩვენი ქვეყნის საზღვრები, რომლის შესახებაც გიორგი კალანდიამ ქართველ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია წარუდგინა.
გიორგი კალანდია (ხელოვნების მუზეუმის დირექტორი): მეორე წელია, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ პროექტზე – „უცნობი ინგლისური წყაროები საქართველოს შესახებ, ტიუდორების არქივი“. ამ არქივის დიდი ნაწილი არ არის გამოქვეყნებული და საზოგადოებისთვის ცნობილი. ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ თვეზე მეტი მომიწია მუშაობა და ჩემთვის საინტერესო დოკუმენტების გაცნობის პარალელურად, საშუალება მქონდა, სხვა მასალებიც მომეძიებინა. ძალიან მადლიერი ვარ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველი თანამშრომლის – ხათუნა ჭელიძის, რომელიც უანგაროდ მეხმარებოდა, რომ წვდომა მქონოდა ისეთ მასალებზე, რომლებიც მანამდე ქართველ მეცნიერებს არ გამოუკვლევიათ. იმ პერიოდში მომეცა რუკებზე მუშაობის საშუალებაც. იქ არის რუკების განყოფილება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. რა თქმა უნდა, დავინტერესდი საქართველოს რუკებით. თუმცა ეს რუკები ერთად არაა თავმოყრილი, გაფანტულია. თქვენ იცით, რომ საქართველო ხშირ შემთხვევაში არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და სხვადასხვა იმპერიების შემადგენლობაში შედიოდა. ამიტომ იმ იმპერიების რუკებიც უნდა იკვლიო, უნდა იცოდე კარტოგრაფები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ. ამ ეტაპზე თექვსმეტი რუკა წამოვიღე, მაგრამ გამოკვლეული მაქვს 120-ზე მეტი რუკა საქართველოს შესახებ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არ გამოქვეყნებულა.
ჩემი აზრით, რუკა ყველაზე თვალსაჩინო და მიუკერძოებელი დოკუმენტია. ობიექტურობაზე ყურადღება გავამახვილე იმიტომ, რომ ჩემ მიერ მოპოვებული არცერთი რუკის ავტორი არ არის ქართველი. მათი ავტორები არიან ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, ესპანელები და თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებიც კი. პუტინმა სეპარატისტული რეგიონების ისტორიის მოყოლა გვიანი შუა საუკუნეებით, კერძოდ მეთვრამეტე საუკუნით დაიწყო, თითქოს მანამდე არ არსებობდა ერთიანი საქართველო, ქართული სამეფო-სამთავროები. მისგან განსხვავებით, ჩვენ ისტორიის მოყოლას უფრო ადრეული პერიოდით დავიწყებთ.
არცერთ რუკაზე, რომელიც მე ვნახე და რომელიც მოიცავს მეთოთხმეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთი“ ცალკე პოლიტიკურ ერთეულად არაა გამოყოფილი. „სამხრეთ ოსეთი“ – ასეთი წარწერა საქართველოს რუკებზე საერთოდ არ არსებობს. აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაშია. შეიძლება, საქართველო ზოგჯერ არ იყო ერთიანი სახელმწიფო და სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი, მაგრამ აფხაზეთი რუკებზე ყოველთვის დასავლეთ საქართველოს შემადგენლობაშია. ზემოთ კი აწერია „ჯორჯია“. აბსოლუტურად ყველა რუკაზე ასეა. ამ რუკებს ჩვენ აუცილებლად ჩამოვიტანთ საქართველოში და მალე გამოვაქვეყნებთ, რადგან ძალიან დიდი ინტერესია. მათ შორის არის ბევრი რუსული საიმპერიო რუკა, რომლის ავტორებიც არიან საკმაოდ განათლებული ადამიანები და მათ ძალიან კარგად იციან, რომ აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენლობაში და კარგად იციან ისიც, რომ ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს.
– მოდი, რამდენიმე რუკაზე ვისაუბროთ.
– ამის დასტურია, 1594 წლის იტალიელი ავტორის მიერ შედგენილი მსოფლიო რუკა, სადაც რა თქმა უნდა, კავკასიაც მოჩანს. ასევე, 1653 წლის ფრანგული რუკა, რომლის ავტორი სანსონია. თურქეთის იმპერიის რუკა, რომელიც 1680 წელსაა შედგენილი. ვითარება არ იცვლება არც მომდევნო ეპოქაში და ამის დასტურია 1690-1730 წლებში შედგენილი სპარსეთის იმპერიის რუკა. შემდეგ კი – 1701 წლის ფრანგული რუკა. ასევე 1723 წელს ამსტერდამში დაბეჭდილი რუკა, რომელსაც აწერია, რომ ის მომზადდა სულხან-საბა ორბელიანის რჩევით. აი, აქ ვხედავთ აფხაზეთს ბიჭვინთის ზემოთ და აქვე ფიქსირდება ოსეთის ორი პროვინცია, თუმცა ის აღმოსავლეთ საქართველოს შემადგენლობაშია. აღსანიშნავია 1739 წლის ინგლისური რუკა. ძალიან საინტერესოა 1766 წლის ფრანგული რუკა, სადაც ვხედავთ აფხაზეთს, რომელზეც ისე წერია, როგორც ჩვენ ვამბობთ – ქართველები „აფხაზეთი“. სოხუმი ოდიშშია, ანუ სამეგრელოში, ხოლო თავად აფხაზეთი იწყება ანაკოფიიდან, ანუ თანამედროვე ახალი ათონიდან. საინტერესოა, რომ ოსეთიც აღნიშნულია ისე, როგორც ამას ქართველები წარმოთქვამენ და რუკაზე ოვსეთი იწყება თრუსოდან. დღეს თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთი თრუსოს ზემოთაა და არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს. ასევე, ძალიან საყურადღებოა საქართველოს 1823 წლის რუკა, რომელიც შედგენილია რუსულ და ფრანგულ ენებზე სანქტ-პეტერბურგში და ლონდონში დაბეჭდილი 1853 წლის რუკა. აქ აფხაზეთი ნაჩვენებია ქალაქ გაგრის ზემოთ, მითითებულია მდინარე ბზიფიც. ხოლო ტერმინი ოსეთი საერთოდ არ ფიქსირდება იმ ადგილას, სადაც დღევანდელი, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთია“. გავამახვილოთ ყურადღება ყირიმის ომის დროს ევროპის ფიგურებით ამსახველ კურიოზულ რუკაზე. რომელზეც რუსეთი დიდი დათვია. მასზე მოჩანს ზღვის სანაპირო და არის წარწერა – საქართველო. 1854 წლის ინგლისურ რუკაზე ზუსტადაა ნაჩვენები სამეგრელოს საზღვრები და იქ ოსეთი საერთოდ არაა.
ძალიან საინტერესოა 1901 წლის კავკასიის რუსული რუკა, სადაც ძალიან კარგად ჩანს ქართლი და ცხინვალი. ამავე რუკაზე ვითარება მართალია, შეცვლილია, უკვე ცალკე მოჩანს აფხაზეთი, თუმცა რუსების მიერ მოზომილი ეს მხარე მოქცეულია დრანდასა და გაგრას შორის. მდინარე ენგური და მის ზემოთ ტერიტორიები კი სამეგრელოშია.
1944 წელს, ჩეჩენთა დეპორტაციის შემდეგ, ეს რესპუბლიკა დაშალეს და მისი ტერიტორიები მეზობლებს მიუერთეს, მათ შორის იტუმ კალინის რაიონი შევიდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში და იქცა ახალხევის რაიონად. 1957 წელს მოხდა დეპორტირებულების რეაბილიტაცია. ჩეჩენ-ინგუშები სამშობლოს დაუბრუნდნენ, აღდგა მათი ავტონომიური რესპუბლიკაც. თუმცა, მათ ტერიტორიებზე დასახლებულმა მოახალშენეებმა ჩეჩნებსა და ინგუშებს ისტორიული ტერიტორიები არ დაუბრუნეს, რის გამოც წარმოიშვა ეთნიკური კონფლიქტები, ერთადერთი ხალხი, ვინც მიერთებული ტერიტორიები უპრობლემოდ დათმო, ქართველები იყვნენ.
ეს არის მსოფლიო დონის კარტოგრაფების მიერ შედგენილი რუკები. აფხაზეთი, რომელიც თავის დროზე იყო დამოუკიდებელი სამეფო-სამთავრო და როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი, არასოდეს ყოფილა, ქართული მენტალობისა თუ სახელმწიფოებრიობის გარეშე. ამიტომაც არ ფიქსირდება არასდროს რუკაზე სხვანაირად, რადგან რუკა ყოველთვის ასახავს პოლიტიკურ და ფაქტობრივ რეალობას.
– თუ იგეგმება რამე იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მარტო ჩვენ არ დაგვრჩეს?
– აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ატლასი „საქართველო ევროპულ კარტოგრაფიაში“. ჩვენ არ უნდა ვამტკიცოთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი ჩვენია. ჩვენ, უბრალოდ, ეს რუკები უნდა დავბეჭდოთ და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, როგორ აღიქვამდნენ ევროპელი და რუსი კარტოგრაფები საქართველოს. ეს უნდა გავაკეთოთ სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. შეიძლება, რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ძალიან გვინდა, პრეზენტაცია მოეწყოს ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო ცენტრია და ამის იქ პრეზენტირება ნიშნავს მთელი სამეცნიერო საზოგადოების ინფორმირებულობას და შემდეგ აუცილებლად დავაგზავნით მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკაში.