№29 რის გამო დაენგრა მედეა ლორთქიფანიძეს ცხოვრება და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: მედეა.
გვარი: ლორთქიფანიძე.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– 1938 წელს დავიბადე, ფოთში. ბავშვობა მახსოვს 1941 წლის მერე. ეს იყო საშინელი პერიოდი. ჩვენი სახლი ხიდთან იდგა, იქვე ახლოს გერმანელთა ბანაკები იყო – ტყვეები ჰყავდათ. იყო შიმშილი და ათასი უბედურება. გვირიგებდნენ საჭმლის ტალონებს, მერე ამას ბავშვებს გვაძლევდნენ და სახლში მოგვქონდა მჭადი, რომელსაც შიგნიდან „პავიდლო“ ჰქონდა წასმული. თუ ტალონს დავკარგავდით, მთელი დღე მშივრები ვრჩებოდით. ჩვენი ეზოს ერთი მხრიდან შესვლა გვეკრძალებოდა, რადგან ტყვეები ახლოს იყვნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თუ მივუახლოვდებოდით, რამეს დაგვიშავებდნენ. ძალიან ცელქი ვიყავი და არავის ვუჯერებდი. ჩუმად გავივლიდი ხოლმე იმ მხარეს და ვუყურებდი ერთ ბიჭს, რომელიც გამოხუნებული, უღილო შინელით სულ მავთულებთან იჯდა წყნარად. მეცოდებოდა ეს ბიჭი, სახლში მოვიპარავდი პურს, გადავუგდებდი და უკან გამოვრბოდი. ერთ დღეს, პური რომ გადავუგდე, უცებ რაღაცა მესროლა. გავიფიქრე, მორჩა, ეს არის ბომბი და ავფეთქდები-მეთქი, დავეცი მიწაზე და თვალები დავხუჭე. მაშინ 4-5 წლის ვიქნებოდი. გავიდა 5 წუთი, არაფერი მომხდარა, ავწიე თავი და ვხედავ ცოცხებისგან გაკეთებულ თოჯინას. ეს იმხელა სიხარული იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მოვკიდე ამ თოჯინას ხელი და გერმანულად გადავუხადე მადლობა. მანაც ხელი დამიქნია. შემიყვარდა ეს ბიჭი, მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. მეორე დილას მივედი და აღარ დამხვდა, წაიყვანეს. ძალიან დამწყდა გული და ისე გულით ვიტირე, ისე, რომ ძლივს ვსუნთქავდი.
– რამ განაპირობა თქვენი პროფესია?
– მამა იყო ფოთის მთავარი თეატრის დირექტორი, მერე ქუთაისისა და გორის. დედაც მსახიობი მყავდა. შესაბამისად, მეც ამ სფეროში მიწევდა ყოფნა. თუმცა, მერე ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ჩემი ოჯახი გორში გეგმავდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამა დაიღუპა. ოსეთში გაჰქონდა სპექტაკლი და ამ დროს მოვყევით ავარიაში, მეც ვიჯექი იმ მანქანაში. მამა გარდაიცვალა, მე ცხვირი გამიტყდა. იძულებული გავხდი, ქუთაისში დავბრუნებულიყავი და პედაგოგიურში ჩამებარებინა – ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობობაზე, თან ვთვლიდი, რომ ამისთვის სულაც არ იყო საჭირო ინსტიტუტის დამთავრება. მერე თბილისში გადმოვედი და შემთხვევით შევხვდი მამას ყოფილ მსახიობს, რომელმაც მითხრა, სასოფლოში წავსულიყავი, სადაც თეატრალური დასი იქმნებოდა. თავიდან უარი ვუთხარი, სასოფლოში რა მინდა, თეატრში მოხვედრაზე ვოცნებობ-მეთქი. არ მომეშვა, მეც წავედი და იქედან დაიწყო ყველაფერი. საბოლოოდ 14 წელი დავყავი იქ.
– თქვენი ცხოვრების მთავარი შეხვედრა.
– ჩემს მეუღლესთან შეხვედრა. ჩემი ცხოვრება ჩემი გათხოვების შემდეგ შეიცვალა. მანამდე ძალიან დიდი გაჭირვება მაქვს ნანახი. ის 20 წელი, რომელიც ჩემი ქმრის გვერდით გავატარე, ყველაზე ბედნიერი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ბებიის მარტოხელა დასთან ვცხოვრობდი, რომელიც პედაგოგი იყო და თავისი მოთხოვნები ჰქონდა. განმისაზღვრა საათები – როდის უნდა გავსულიყავი სახლიდან და დავბრუნებულიყავი უკან. მე კი თავისუფალ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული. ამან ისე შემბოჭა, ნევროზი დამმართა. მერე გამაცნეს ჩემი მეუღლე და ჩემი ცხოვრებაც იქიდან იწყება. მთავარი სამმართველოს უფროსი სპეციალისტი იყო, კარდიოლოგი, ქირურგი, რომელმაც საქართველოში პირველმა გააკეთა გულის ოპერაცია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, თავად გულით გარდაიცვალა. 16 წლის წაიყვანეს ომში და იქიდან შაქრიანი დიაბეტით ჩამოვიდა.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არა, არ აქვს. სიყვარული წესებზე რომ დამყარდება, იმას სიყვარული აღარ ჰქვია. შენ ბუნებით უნდა იყო თავისუფალი და გულით უნდა გიყვარდეს. ადრე იყო ასეთი წესი, ყოველ დილით ქმრისთვის ლოგინში უნდა მიგერთმია საუზმე, ფეხები დაგებანა, ვახშამზე აუცილებლად სუფრა გაშლილი დახვედროდა და მერე ის ტელევიზორს მიჯდომოდა. ეს არაა სიყვარული. ეს არის მონობა და მოსამსახურეობა. შეიძლება, ძალიან გიყვარდეს და მოგწონდეს, მაგრამ ეს მაინც არ მიმაჩნია სწორად. ჩემს ქმარს ცხოვრებაში ბაზარშიც არ გავუშვივარ.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– არა, არიან ქალები, რომლებიც მამაკაცის გარეშე ვერ ძლებენ. ეს დაავადებასავით აქვთ. არ შეუძლიათ მამაკაცისა და სექსის გარეშე სიცოცხლე. მათ ვერ გაამტყუნებ, უნდათ მამაკაცის სითბო, რომელიც ვერ ნახეს ერთთან, ორთან და ბოლოს ჩვევად გადაექცათ. ამის განსჯა არ შემიძლია, მეცოდებიან ასეთი ქალები. აი, ქალი, რომ თავს გაყიდის ფულის გულისთვის, ეს უკვე ვაჭრობაა.
– სიყვარულის გამო რა გაგიკეთებიათ?
– მე და ჩემი მეუღლე რომ შევხვდით, ოცდაათს გადაშორებული ვიყავით. მანამდე მყავდა შეყვარებულები, მაგრამ მაშინ, სულ სხვა სიყვარული იყო. ქუთაისში გოგო ორჯერ რომ ჩაივლიდა ბაღის კიდეზე, დამთავრებული იყო იმის ამბავი. ინსტიტუტიდან რომ მოვდიოდი, ამ ბაღს დიდ წრეს ვარტყამდი, ვინმეს რომ არ დავენახე. სიყვარულში, იცი, როგორ ვუტყდებოდით ერთმანეთს? ვეუბნებოდით: მიყვარხარ, გინდა ჩემი შევყვარებული იყო? ვპასუხობდით „კის“ და ჩამოვართმევდით ხელს. ეს იყო და მორჩა, მერე შორიშორს დავყვებოდით ერთმანეთს. სკოლაში მყავდა შეყვარებული და ჩვენი სიყვარული ასეთი იყო, ლიტერატურის წიგნს გადავშლიდით და წიგნიდან ვპასუხობდით ერთმანეთს. ახლა სიყვარული სხვანაირად იციან – შეყვარებული პირდაპირ საწოლში მიჰყავთ. მაშინ ასე არ იყო, პატიოსნება ძალიან ფასობდა.
– როგორია იდეალური მამაკაცი?
– არ უნდა ღლეტდეს სხვას და მონებივით არ უნდა ამუშავებდეს ოჯახის წევრებს.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ალბათ, შეიძლება. წლების წინ, მეგობრებმა ბანკიდან გამომატანინეს ფული და სახლი ჩამადებინეს. სჭირდებოდათ ეს თანხა. მერე აღარ გადაიხადეს და სახლი ბანკმა წამართვა. ვრჩებოდი გარეთ, მაგრამ მეგობრების დახმარებით შევძელი ამ სახლის ყიდვა, ახლა სადაც ვცხოვრობ. გავყიდე „დაჩა“, მანქანა, თუ რამე ოქროულობა მქონდა... მაგრამ ახლა რომ მოვიდნენ ჩემთან, ამ ყველაფერს ვაპატიებ.
– ღალატი გიპატიებიათ?
– ბევრი მეგობრისთვის მიპატიებია, მაგრამ ქმარს ვერანაირად ვერ ვაპატიებდი. ოქროს კოშკები რომ აეგო, მაინც ვერ ვაპატიებდი. რომ წარმოვიდგენდი, შეიძლება, ვიღაც ქალთან ყოფილიყო და მერე ჩემთან მოსულიყო, ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელი იყო.
– ქალის ბედნიერებისთვის კაცი აუცილებლია?
– ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა მშობლები გყავს და შენს ოჯახში ხარ. მერე, როცა შენს ოჯახს ქმნი და შვილები გაგიჩნდება. კაცი ბედნიერებას ვერ მოგიტანს, თუ შენგან ვერ გრძნობს იგივეს. ვერ წარმომიდგენია, რანაირი ბედნიერი უნდა იყო მარტო კაცთან, თუ არც შვილები გყავს და არც არავინ. ეს, ალბათ, მიჩვევაა ან ძალიან დიდი სიყვარული. მარტო კაცი ბედნიერებას ვერ მოგიტანს. იცით, რას მივესალმები, თუ ქალი ვერ გათხოვდა, შვილი, რომ გააჩინოს. ამაში ცუდი არაფერია. ფულზე ნუ გაყიდი თავს, თორემ შვილი აუცილებლად უნდა გააჩინო.
– როდის გიჭირდათ?
– ცხოვრებაშიც იმდენი ომი მაქვს გამოვლილი, რომ თითები აღარ მყოფნის დასათვლელად. ჩემს თავზე რა გაჭირვებამ არ გადაიარა. ლხინი ძალიან ცოტა მქონდა. ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა მე და ჩემი ძმა ობლები დავრჩით. ბაღში ვმუშაობდი მომვლელად და ღმერთს ვთხოვდი, „პეჩენია“ ან კარაქიანი პური მაინც მორჩენოდათ ბავშვებს, რომ ჩემი ძმისთვის წამეღო. მეუღლის გარდაცვალების მერე, ისევ დაინგრა ჩემი ცხოვრება და ხელში დამრჩა 11 წლის ქალიშვილი, შორენა. ძალიან გამიჭირდა. ზოოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი და ფანასკერტელიდან ფეხით დავდიოდი. მერე მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ პელმენების გაკეთება და ჩაბარება, ტყემალსაც ვადუღებდი. მეგობრები მეხმარებოდნენ მის ჩაბარებაში. ჩემს შვილს შიმშილი და სიშიშვლე არ უგრძნია. მე შეიძლება, არ შემეჭამა, მაგრამ მას ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა.
– ბედისწერის გჯერათ?
– კი, მჯერა. ბედისწერაა აბა, რა არის 9-ჯერ დავეცი და ცოცხალი ვარ. ინფარქტიც მქონდა, იშემიაც, ორივე ფეხიც მომტყდა, მაგრამ სიკვდილს გადავურჩი. ყველაზე სასაცილო დაცემა მახსენდება: მეტროდან ამოვდიოდი, „მაღლები“ მეცვა და უცებ ვხედავ მივფირნავ. დავინახე ხე, გავიფიქრე ამ ხეს მაინც მოვეჭიდები, არ დავეცე-მეთქი. ჩავეჭიდე და ხეც გადავარდა ჩემთან ერთად. დავეცი, მაგრამ არ მტკივა არაფერი. უცებ მესმის ხმა, დეიდა გავიჭყლიტე ადექიო.
– რისკიანი ხართ?
– კი. ვარ, იმიტომ რომ არაფრის შიში არ მაქვს. ნონა გაფრინდაშვილის ქორწილი იყო და სასოფლოს დასიც ვიყავით, გოგონები ვცეკვავდით და ვმღეროდით. ბრწყინვალე ლექტორი გვყავდა – სარიშვილი, რომელმაც მითხრა: მედიკო, შენთან ვარ ალავერდსო და უზარმაზარი ყანწი გადმომაწოდა. კი ბატონო, ვინ გეტყვით თქვენ უარს-მეთქი და გამოვართვი ეს ყანწი. თან, ვერც ვიფიქრებდი, თუ სავსე იქნებოდა. მივიდგი და ლიტრა-ნახევარი ბოლომდე დავლიე. ამის მერე აღარაფერი მახსოვს, ორი დღე მეძინა. შემეძლო, არ დამელია, მაგრამ გავრისკე.
– რა არის ცოდვა?
– უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ყველაზე დიდი ცოდვა არის, როცა ოჯახი ქმარი, ცოლი გყავს და საყვარელს გაიჩენ. ეს დიდ ცოდვად მიმაჩნია.
– შეგშურებიათ?
– კი. შემშურებია, როცა ვხედავ ვიღაცას „დაჩა“ აქვს, ამ დროს ჩემი „დაჩა“ მახსენდება, რომელიც გავყიდე. ერთი სატელევიზიო არხია, სადაც ბინებს ყიდულობენ ხოლმე და რომ მიყურებია, ისე შემშურებია ხოლმე, ჩემთვის მინატრია. თუმცა, ახლობელსა და მეგობარს კი არ ვგულისხმობ, ჩემი მეგობრების „დაჩა“, იგივე ჩემია და სადაც მინდა, იქ წავალ, ისედაც, ყოველთვის მეპატიჟებიან.