კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ალექსანდრე ზაზარაშვილი: მსოფლიო მასშტაბით „ვოისების“ ისტორიაში ათეულში შევედი და პირველი ადგილი მომანიჭეს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული „საბავშვო ხმა“ მოიგო და სატელევიზიო შოუს მეხუთე სეზონის გამარჯვებულია.  ფინალური ტურის შემდეგ ის ჟიურისა და მაყურებლის რჩეულიც გახდა. გარდა ამისა, ალექსანდრე მსოფლიო „ვოისების“ ათ საუკეთესო შემსრულებელს შორის მოხვდა, სადაც პირველი ადგილი მიანიჭეს. როგორი იყო პროექტის განმავლობაში გადაღებებისა და რეპეტიციების პერიოდი, ასევე, რა პრიზი ერგო გამარჯვებულს, თავად გიამბობთ.
  ალექსანდრე ზაზარაშვილი: ამ კონკურსზე პირველად როცა გავედი, საერთოდ არ მქონდა იმის განცდა, რომ გავიმარჯვებდი. თავიდან მოხვედრაზეც ვერ ვფიქრობდი, რადგან დიდი კონკურენციაა და მონაწილეობაც ძალიან რთულია.  ამ შედეგამდე რომ მივსულიყავი ძალიან ბევრი ვიშრომე. ჩემი სახელი და გვარი რომ  გამოაცხადეს, ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც განვიცდიდი. ისეთი ემოციები მქონდა, გულმა არ დამარტყას-მეთქი, ვფიქრობდი (იცინის). წუთიერად  ვერავის ვხედავდი და არაფერი მახსოვს. რომ ვიაზრებ, გამარჯვებული ვარ, მამას მივუბრუნდები და ვეკითხები: ანუ, მორჩა, ჰო? გავიმარჯვე? ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, რაც მოხდა, ბოლომდე არ მაქვს გააზრებული. იმ მომენტში იმდენად გახარებული ვიყავი, ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. უკან რომ გავიხედე და ამოიფრქვა ფოიერვერკები, მერე მითხრეს: ალექსანდრე, გილოცავო და მაშინ მოვედი ცოტა აზრზე.
– როგორ გაიხსენებ პროექტის პერიოდს? მენტორები აღფრთოვანებულები იყვნენ შენით.
– რეპეტიციებისა და გადაღებების პერიოდი ძალიან დამღლელი და რთული იყო. საქართველოში არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ამხელა შრომა არსად  გამიწევია. დილით 8-ზე  ვდგებოდი, 9-ის ნახევარზე რეპეტიციაზე ვიყავი. გადაღებები ღამის 2-3 საათზე მთავრდებოდა. იგივე იწყებოდა მეორე დღესაც. მართლა შრომატევადი იყო, თან, სიმღერას რომ მოგცემდნენ და ღამის ორ საათზე გაგიშვებდნენ, მეორე დღეს ნასწავლი უნდა გქონოდა. ასე მივედი შედეგამდე, რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი. მენტორებს თავიდავე მოვეწონე, შოკში იყვნენ და ასე ამბობდნენ, რომ მარტო ამ სეზონზე კი არა, საერთოდ არ ჰქონდათ მსგავსი ხმა მოსმენილი. ჩემ მიმართ ნამდვილად დიდ ყურადღებას იჩენდნენ. თავიდან მეგონა, რომ მენტორები არ გვამეცადინებდნენ. ვფიქრობდი, ძალიან დაკავებულები არიან, თითქმის ყოველდღე აქვთ უცხოეთში კონცერტები-მეთქი, მაგრამ ყოველ რეპეტიციას ესწრებოდნენ და გვასწავლიდნენ, როგორ მოგვეხიბლა ხალხი. ჩემთვის ყოველი ახალი დღე დიდი გამოცდილება იყო. სხვათა შორის, ოქტომბერში იქნება ჩემი მენტორების კონცერტი, სადაც ახალი სიმღერის პარტიას შევასრულებ. ეს იქნება უდიდესი კონცერტი, რომელიც კიევში გაიმართება და უამრავი ადამიანი დაესწრება.
– გარდა ამისა, მეორე გამარჯვებაც მოიპოვე. როგორ მოხვდი მსოფლიო „ვოისების“ ათეულში?
– მსოფლიო მასშტაბით „ვოისების“ ისტორიაში ათეულში შევედი და პირველი ადგილი მომანიჭეს. არ ვიცი, ზუსტად ვინ და როგორ აფასებს. როცა კონკურსანტების შედეგებს გადავავლე თვალი, ძლიერი მონაწილეები იყვნენ. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, კომენტარებს რომ ჩამოვუყევი და წერდნენ: პირველზე ნამდვილად ეს ბიჭი უნდა გასულიყო, ყველაზე მაგარია, ყველაზე მაგარი ხმა აქვსო და ასე შემდეგ. შეიძლება, მოხვდე რეიტინგში, მაგრამ ხალხს ცოტა სხვა აზრი ჰქონდეს. ჩემს შემთხვევაში კი მთელი მსოფლიო დადებითად იყო განწყობილი. ბევრი მხარდამჭერი მყავს სხვადასხვა ქვეყნიდან.
– ფინალში ნინო ქათამაძის სიმღერა შეასრულე და მანაც შეგაფასა. რას ნიშნავს ეს შენთვის?
– ძალიან ბევრს ნიშნავს. ადამიანმა, რომელმაც შექმნა სიმღერა და ამბობს, რომ მისი სიმღერა კარგად შეასრულე, ეს არის ყველაზე ძლიერი შეფასება. წავიკითხე მისი კომენტარი, თქვა, რომ ყველა სიტყვას ვგრძნობდი და ძალიან ემოციურად შევასრულე. ფინალში ქართული სიმღერა რომ ვიმღერე, ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. ვიცოდი, ამას საქართველოში რამხელა გამოხმაურებაც მოჰყვებოდა.
– გადაცემაში ექსპრომტად ქართული სიმღერა შენი სურვილით შეასრულე?
– ფინალის წინა დღეს გვითხრეს, რომ ვინც გაიმარჯვებდა, მეორე დღეს მენტორთან ერთად უნდა წასულიყო გადაცემაში. არ ვიცოდი, თუ სიმღერა უნდა მემღერა. მყავდა თარჯიმანი, რომელიც უკრაინულიდან ინგლისურად მითარგმნიდა. მითხრეს, ქართული სიმღერა შემესრულებინა, რომელმაც პირველ ტურში დიდი წარმატება მომიტანა. თან, იმ პერიოდში საქართველოში აქციები მიმდინარეობდა და მკითხეს, რას ნიშნავდა ეს ყოველივე ჩემთვის. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ემოციებისგან ყელი არ მქონდა კარგ მდგომარეობაში, მთელი ძალა მოვიკრიბე და შევასრულე.
– როგორც გამარჯვებულს, რა პრიზი გადმოგცეს?
– მივემგზავრები პარიზში და ასევე, მაქვს „დისნეილენდის“ საგზური. მთავარი პრიზი ჩემთვის გამარჯვება და სახელი იყო. არასოდეს  მიფიქრია პრიზზე. ბევრს ვშრომობდი და მინდოდა, გამარჯვებული ვყოფილიყავი.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ჯერ აუცილებლად უნდა დავისვენო. ძალიან გადავიღალე მუშაობითაც და ემოციებითაც. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა მსგავსი რამ. მენტორები მეუბნებიან, რომ მალე მივეჩვევი, რადგან ამ გამარჯვებას კიდევ ბევრი წარმატება მოჰყვება. უკვე მაქვს რამდენიმე შემოთავაზება და ახალ პროექტზე მუშაობასაც ძალიან მალე დავიწყებ, ოღონდ ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ. ახლა ბულგარეთში მივემგზავრები დასასვენებლად, ერთ-ერთ ფესტივალს ვეწვევი, ოღონდ როგორც მსმენელი. საქართველოში აგვისტოში ჩამოვალ.
–  რა წვლილი მიუძღვის შენს წარმატებაში ოჯახის წევრებს?
– ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში.  ყოველთვის დიდი ხელშეწყობა მქონდა. სამწუხაროდ, დედა ჩემთან ერთად ვერ იყო, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ოთხ ბავშვს ზრდის. მამა სულ გვერდით მყავდა. სცენიდან რომ ჩამოვდიოდი, გამაჩერა და გადამეხვია, ეს არ ჩანს კადრებში, მაგრამ ორივესთვის ძალიან ემოციური იყო. სცენიდანაც მარტო მას ვუყურებდი, სხვას ვერავის ვხედავდი. უზომოდ გახარებულია ბებია, რომელიც სამი წლიდან დამატარებდა ყველგან, რომ სიმღერა მესწავლა. ჩემს დას, ბაბუებს, მთელ ოჯახს აგვიხდა ოცნება. უნდა აღვნიშნო, რომ  საგულშემატკივროდ ჩემი მასწავლებელი, ნანა სამხარაძე იყო ჩამოსული.
– ქუჩაში გცნობენ? მოგწონს პოპულარობა?
– ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხისგან ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. აქ თუ არ მოსწონხარ, არც შემოგხედავენ, გვერდს აგივლიან და მორჩა. ხოლო, თუ მათი მოწონება დაიმსახურე, ბოლომდე დაგაფასებენ. ბევრი ადამიანი მცნობს და ყველას ვუყვარვარ. ქუჩაში მაჩერებენ, ფოტოების გადაღებას მთხოვენ, მესაუბრებიან. სადმე რომ მივდივარ, ზოგი სპეციალურად მხვდება, ავტოგრაფის ჩამოსართმევად. ოცნებები ამიხდა. მომწონს პოპულარობა, ძალიან მაგარია, ხალხს რომ უყვარხარ და გაფასებს. სოციალურ ქსელშიც ბევრი მწერს და ვერ ვასწრებ, ყველას გავცე პასუხი. არ მინდა, მარტო მადლობა გადავუხადო და მორჩა, ბოლომდე მინდა, ჩემი ემოციების გამოხატვა, ამიტომ ნელ-ნელა მივყვები შეტყობინებებს.

скачать dle 11.3