№29 რა ვითარებაში გარდაიცვალა ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც ქუჩაში მოწყალების თხოვნით არჩენდა ოჯახს და რატომ რჩება მომღერალი ვადის გასვლის შემდეგ პატიმრობაში
ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე
ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 83 წლის მოხუცს მანქანა გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მომღერალი 10 წელზე მეტია, კომაშია. მას დედა და მოხუცი ბებო უვლიდნენ, ბებო ქუჩაში მოწყალებით არჩენდა ოჯახს. მათ რთულ მდგომარეობაზე ჯაბას დედა, ქალბატონი მანანა გვასალია გვესაუბრა.
მანანა გვასალია: დედა ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ზუსტი დეტალები არ ვიცი, რაც გავიგე, არის ის, რომ მუხიანში, გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დილით მოხდა. ის ადამიანი, ვინც დაეტაკა, არ გაქცეულა, ყველანაირი ხარჯები საკუთარ თავზე აიღო და ყველაფერი გააკეთა, რომ გადარჩენილიყო. სახლშიც, საავადმყოფოშიც რამდენჯერმე იყო მოსული. თავიდან, რომ შევიყვანეთ საავადმყოფოში, მხოლოდ მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა დაფიქსირდა და ოპერაცია მეორე დღისთვის დაიგეგმა. თუმცა, მდგომარეობა იმ საღამოსვე დამძიმდა და რეანიმაციაში შეიყვანეს – შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენა ჰქონდა დაწყებული, ღვიძლი სულ დახეთქილი ყოფილა. რთული მდგომარეობა იყო. ეს ოპერაცია ვერ გადაიტანა.
– როგორც გავიგეთ, თავად უარზე იყო, რომ საავადმყოფოში წაგეყვანათ.
– კი, საავადმყოფოში მოხვედრიდან გამუდმებით ჯაბაზე ლაპარაკობდა. გამიშვით აქედან, არაფერი მჭირს, მე ჯაბას ვჭირდებიო, მეტი მისი პირიდან არაფერი ამოსულა, ტკივილზე ერთიც არ დაუწუწუნია. საოპერაციოშიც რომ შეჰყავდათ, ექთნებს ასე უთხრა, დილით ადრე ვარ ასადგომი, ჯაბას უნდა დავეხმარო და გთხოვთ, გამიშვითო. დედას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯაბას გაზრდაში. რვა დღის იყო, საავადმყოფოდან რომ გამოვიყვანე და მის მერე დედაჩემს მისთვის ხელი არ გაუშვია, მან გაზარდა. ხელოვნურ კვებაზე იყო და თავზე ეფოფინებოდა, თან ჰყვებოდა. ფენია ბებოს საოცრად უყვარდა ჯაბა. თერთმეტი წლის განმავლობაში გამუდმებით უთენებდა ღამეებს, რაც მოსატანი იყო, დღის განმავლობაში ყველაფრით უზრუნველყოფდა. ის ჯაბასთვის მარტო ბებია კი არა, დედა, მეგობარი, ახლობელი და ყველაფერი იყო. სწორედ ჯაბას გამო გავიდა ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად. არაფერი უთაკილია, ოღონდ, ჯაბა გამოჯანმრთელებულიყო და წინსვლა ჰქონოდა. მისთვის მთავარი იყო, მის შვილიშვილს არაფერი მოჰკლებოდა და ყველაფერს აკეთებდა, ზოგჯერ იმასაც კი, რაც მის ძალებს აღემატებოდა. რაც ეს ამბავი დაგვატყდა თავს, იქიდან მოყოლებული ერთი დღე არ გამოუტოვებია, გამუდმებით შრომობდა. მოწყალების თხოვნა მისთვის ძალიან რთული იყო. სახლში რომ მოდიოდა, განიცდიდა, მაგრამ რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა.
– ჯაბასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ? ახლა ხვდება, რაც მოხდა?
– ჯაბას განსაკუთრებით უყვარდა ბებია. რა დროსაც არ უნდა მოსულიყო სახლში, თუნდაც ღამის 2-3 საათი ყოფილიყო, წესად ჰქონდა, ჯერ ბებია უნდა ენახა, ჩაკოცნიდა ხოლმე და მერე მიდიოდა დასაძინებლად. რაც დედა გარდაიცვალა, ჯაბას არ უძინია. აშკარად განიცდის, უბრალოდ, მას არ შეუძლია ამის გადმოცემა, მაგრამ ესმის რაღაცები და ხვდება სიტუაციას.
– ფენია ბებია ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ახლა რის იმედად ხართ?
– დიახ, ნამდვილად ასეა. ახლა არ ვიცი, რა ვქნა. დავრჩით უპატრონოდ მეც და ჯაბაც. ამ ეტაპზე ჩვენი შემოსავალი მარტო ჯაბას პენსიაა, რომელიც 200 ლარს შეადგენს. როგორ უნდა შევინახო შვილი, ვერ ვხვდები, გაოგნებული ვზივარ. მე ვერ ვახერხებ მუშაობას – ჯაბას მომვლელი ხომ უნდა? დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ სჭირდება აპარატი, კვება – ოთხი საათის შუალედით, ყოველ ორ საათში – წამლის დალევა. ოთახიდან ოთახშიც ვერ ვახერხებ ხოლმე გასვლას და სამუშაოდ როგორ წავალ. მომვლელის აყვანასაც ფინანსურად ვერ შევძლებ. ჯერ პენსიონერი არ ვარ, სოციალურიც მოგვიხსნეს, იმის გამო, რომ თურმე, ბევრ შუქს მოვიხმარდით. ჯაბა დენზეა დამოკიდებული, დენით ჭამს, დენის ლეიბზე წევს, აპარატი სჭირდება და თვეში 50-60 ლარი გვეხარჯება. ეს, თურმე, ძვირი ყოფილა და ამის გამო სოციალური მოგვიხსნეს. იმ 200 ლარით ჯაბას წამალი მოვუტანო, გადასახადები გადავიხადო, ყელში და კუჭში მილი უდგას, რომელსაც გამოცვლა სჭირდება ხოლმე – ეს მილები ვუყიდო, თუ რა გავაკეთო, არ ვიცი. დედა იყო ჩვენი მარჩენალი, მისი დახმარებით არაფერი აკლდა. ძალიან ყოჩაღად იყო, ჩემზე ყოჩაღადაც კი. სახლში რომ მოვიდოდა და შეუძლოდ დამინახავდა, უცებ გაიქცეოდა ამხელა ქალი წყლის მოსატანად. ერთს არ დაიჩივლებდა, დავიღალეო. სიცივეში, სიცხეში, ყოველთვის მუშაობდა. იტყოდა ხოლმე: დედა, მერიდება ნაცნობები მხედავენ, მაგრამ რა ვქნა, ჯაბა საშინელ დღეშია და რა დროს სირცხვილიაო. ემიგრანტები გვეხმარებიან ხოლმე და ასე მოვედით დღემდე. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, აქაც და უცხოეთშიც. რომ არა ისინი, ჯაბას ამ დრომდე ვერ მოვიყვანდი.
– ექიმები რას ამბობენ, ახლა რა მდგომარეობა აქვს?
– ექიმების თქმით, ამ დრომდე არც უნდა მოსულიყო. მათი მხრიდან, თავიდან უიმედობა იყო და ახლაც უიმედობაა. უკვე 11 წელი მთავრდება და ამ დრომდე მოვედით, მაგრამ როგორ – ეგ კიდევ სხვა საკითხია. ათასი გაჭირვება გადავიტანეთ. ყველაფერი დავკარგეთ, თუ რამე გაგვაჩნდა, სახლიც. რაც ჯაბა ამ მდგომარეობაშია, ქირით ვცხოვრობთ, მერია გვიხდის ქირის ფულს. ჯაბას მდგომარეობა არც გაუარესებულა და დიდად არც გაუმჯობესებულა. რაიმე ხელმოსაჭიდი არაფერია. ახლა აქვს ტკივილის შეგრძნება, ნემსის გაკეთება არ უნდა. ხმაურზე აქვს რეაქცია და შუქზე. ესენიც ნელ-ნელა მოვიდა. ჯაბას ნათლიდედამ ნახა სიზმარი, რომ თითქოს ჯაბა იწვა ლოგინზე და უთხრა შვიდი. იმედი მქონდა შვიდ თვეში გამოკეთდებოდა, მერე შვიდ წელს ველოდებოდი, მაგრამ უკვე, როგორც გითხარით, მე-11 წელი მთავრდება. მგონი, ყველაფერმა მიმტყუნა.
– ჯაბას ისვე პატიმრის სტატუსი აქვს?
– კი, ჯაბა ამ დრომდე პატიმარია. ორი წელი ციხეში და ოთხი პირობითი ჰქონდა დარჩენილი. წოლით მოიხადა ყველაფერი, თუმცა რომ გამოკეთდეს, ციხეში დააბრუნებენ, რადგან გადავადებული პატიმარია. ისეთი არავინ გამოჩნდა, ვინც შეიწყალებს. მე კი ვერ მივდივარ იქამდე, რომ განცხადება შევიტანო, ჯაბას ვერ ვტოვებ.
p.s. GE26TB7447145061600017 – ჯაბას დედის ანგარიშის ნომერი.