№29 როგორ მოხვდა ნიკა მელია მამის ხრიკით უშიშროების აკადემიაში და რატომ ეკიდა მის ოთახში კახა კალაძის ფოტო
ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 20 ივნისის საპროტესტო აქციის ხმაურიანი და რეზონანსული საქმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსს, მძიმე წუთები აქამდეც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ეს მაინც განსხვავებული იყო – ამის შესახებ ემოციების გარეშე ვერ საუბრობს ნიკა მელიას მამა, ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია. ერთ დროს ცნობილი ექიმი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო და ამის გამო შვილთან პოლიტიკური დებატებიც არ აკლდა. დღეს ყველაზე მძაფრად ამ ისტორიას იხსენებს და ჩვენთან ინტერვიუში, შვილთან, საკუთარ პროფესიასთან და კადრს მიღმა დარჩენილ მოვლენებთან დაკავშირებით გულწრფელად საუბრობს.
ანზორ მელია: ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. მე და ჩემი მეუღლე, ნანა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ნიკას დააპატიმრებდნენ, ორივე შეგუებული ვიყავით ამას და ერთმანეთს ვამხნევებდით – „მთავარია, რომ ცოცხალია“. ეს იყო ჩვენი „არგუმენტი“. ნანას ვეუბნებოდი, ციხეში ბევრი მყავს, პაციენტების შვილები, შვილიშვილები, რომ გაიგებენ, ჩემი შვილია, არაფერს დაუშავებენ, შევუგზავნით წიგნებს და მივხედავთ-მეთქი. ძალიან მანერვიულებდა ჩემი პატარა შვილიშვილის, სანდროს განცდები. ავტირდი, როდესაც დავინახე, რა მოიმოქმედა სანდრომ, როცა ნიკა სასამართლო პროცესზე მიდიოდა. მთელი ის დღეები სამსახურში გავატარე, ვმუშაობდი, პაციენტებს ვიღებდი, დროდადრო გამოვდიოდი გარეთ, სადაც ექიმები ტელევიზორით იგებდნენ, რა ხდებოდა ნიკას თავს. ბოლო პერიოდი, რაც უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, ვღელავდი და ვნერვიულობდი. რამდენჯერმე ვუთხარი ჩემი აზრი მის გამოსვლებზე, ჩემი არა, მაგრამ დედის სიტყვა უფრო ესმის. მე ემოციური კაცი ვარ, 100-პროცენტიანი მეგრელი, ნანა ნახევრად რაჭველია და ძალიან ლამაზად იცის თქმა. ნიკა ამას ითვალისწინებდა, მაგრამ როგორ უნდა თქვა მშვიდად, როცა ამისთანა ამბები ხდება. სახტად დავრჩი, როცა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკას პარლამენტში აგინა. ძალიან ვინერვიულე, ლამის გავგიჟდი. ამას როგორ წარმოვიდგენდი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ პარლამენტში დეპუტატს აგინებს. ბოლო წლებში ნიკამ, პოლიტიკის გამო, ყველას ბევრი თავსატეხი გაგვიჩინა.
– იყო დრო, თქვენ და თქვენი შვილი ლამის სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში იყავით.
– 2012 წელს დილით ადრე ავდექი, ჩემი საკუთარი კალმისტრით წავედი არჩევნებზე და ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“. სახლში რომ მოვედი, ნიკას ვუთხარი, აი, დღეს გეტირებათ ყოფა-მეთქი. მეორე დღეს, როდესაც გამოცხადდა, რომ ოცნება უკვე გამარჯვებული იყო, ნიშნის მოგებით დავუწყე საუბარი, ისე, მე რომ არ მეკადრებოდა. ძალიან ვიჩხუბეთ. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ პოლიტიკის გამო საშინლად ვიჩხუბეთ. მაშინ მითხრა, მამა ხარ, ამის გამო ხომ ვერ მოგკლავო? (იცინის) იმ დღეს მითხრა, თუ რას დააშავებდა ბიძინა ივანიშვილი, პუნქტებად ჩამომითვალა, ყველაფერი გამოიცნო და ასე მოხდა კიდეც. ერთადერთი, კანაფის თემა ვერ მოიფიქრა ან რა მოაფიქრებდა.
– ასეთი მძიმე პერიოდები შვილის გამო ადრეულ წლებშიც გქონიათ?
– ახალგაზრდობაში, როგორც ყველა ბიჭი, ნიკაც გვიქმნიდა პრობლემებს. 90-იანი მძიმე წლები იყო. სოლოლაკში, ჭონქაძის ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობდით, ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. სამეზობლოშიც ბევრი შავბნელი ადამიანი იყო. ყველა ნიკას დასდევდა, მასზე ნადირობა იყო გამოცხადებული – მაშინ წარმატებული ოჯახის შვილებს განსაკუთრებით ითრევდნენ ცუდ საქმეებში. ჩვენ არ გვქონდა მდიდარი ოჯახი, მე ზუგდიდიდან, ჩვეულებრივი საშუალო დონის ოჯახიდან ვიყავი. მერვე კლასიდან გადმომოყვანეს თბილისში. დედას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. მაგ პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ძნელი იყო, რაც უნდა კარგად გესწავლა, ვიღაც ზემოთ უნდა გყოლოდა. საოცარი კაცი იყო გელბახიანი, მომავალ ექიმებს შესახედავადაც არჩევდა, რომ პაციენტს მის მიმართ ნდობა გასჩენოდა. ტოპ-მოდელებივით იყვნენ გოგო-ბიჭები სამედიცინო ინსტიტუტში. ჩემი მეუღლე უფრო წარმატებული ოჯახის შვილი იყო. ჩემი სიმამრი – გიორგი ცანავა პროფესორი იყო, საქართველოში ანესთეზიისა და რეანიმაციის სამსახურის დამფუძნებელი. ჩემი მეუღლე კათედრაზე მუშაობდა, წარმატებული ექიმი იყო, მაგრამ მიატოვა ყველაფერი და სახლში დაჯდა, რომ ნიკა ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო. ნიკა გიჟდებოდა ფეხბურთზე, დაპატიჟებდნენ ხოლმე ფეხბურთის სათამაშოდ, სადაც შეიძლება, ათასი უბედურება მომხდარიყო – ფულზე ეთამაშათ ან, რა ვიცი, კიდევ ბევრი ცდუნება იყო. მე ძალიან მკაცრი მამა ვიყავი. მანქანაში თხილის ჯოხი მედო, დარაჯივით გავხდი, როგორც კი ჩემი ცოლი დამირეკავდა, ნიკა გარეთ გავიდა და არ ჩანსო, სამსახურში ყველაფერს ვტოვებდი და მის მოსაძებნად გავრბოდი. ხომ ვიცოდი, სადაც მიდიოდნენ ფეხბურთის სათამაშოდ. ავიდოდი ოქროყანაში, ნიკას რომ დავინახავდი, იმ ჯოხით ნიკას კი არა, იმ ბიჭებს ვცემდი ხოლმე, რომ კიდევ არ დაეძახათ. ნიკას ბავშვობის მეგობარი ყვებოდა სიცილით: ნიკას წაყვანა გვინდოდა ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ აღარ მიგვყავდა, ვამბობდით, კაცო, მამამისი გიჟია, ამოვა და გვცემსო (იცინის).
ნიკა თითქმის ყველა სპორტზე დაგვყავდა – კარატეზე, ფეხბურთზე. ფეხბურთზე საერთოდ გიჟდებოდა. კალაძე ისე უყვარდა, როდესაც ის ფეხბურთელი იყო, ოთახში მისი სურათი ეკიდა. აი, ასეთი რთულია ცხოვრება. ნიკას რაც არ უნდა გაეფუჭებინა და დაეშავებინა, ტყუილს არ იტყოდა, თავს ჩაღუნავდა და ვიცოდით, რომ დამნაშავე იყო. თვითონ კი არა, ჩემზეც კი გაბრაზდებოდა ხოლმე, გვიან ღამით ვინმე რომ დარეკავდა სახლში და ნანას ვეტყოდი: უთხარი, ანზორი სახლში არ არის-მეთქი. ნიკა წესიერად გავზარდეთ, წესიერად გაზრდილ ბიჭს კი უჭირს ცხოვრება. როცა გარეთ სხვა სამყაროში ხვდება, უამრავ „ჟულიკთან“ უწევს ურთიერთობა, რაც არ არის ადვილი. ჩვენ არ გვიფიქრია, ნიკას პოლიტიკურ კარიერაზე. მაშინ სასწრაფო სამედიცინო სამსახური იყო, ასწავლიდნენ მასაჟს, სხვადასხვა მანიპლუაციებს. ჩემთან სამსახურში მოვიწვიე ამ სამსახურის ლექტორები, ექთნებს, ექიმებს ტრენინგები ჩავუტარე. ნიკაც დაესწრო და ისე აკეთებდა ყველაფერს, ყველას სჯობდა. მაგრამ მერე, როცა დავფიქრდი, შვილი ექიმობისთვის ვერ გავიმეტე. მე არ მქონია პირადი ცხოვრება. არ მახსოვს, დროზე მივსულიყავი ქორწილში. სასაფლაოზე ძლივს მივასწრებდი ხოლმე მიცვალებულს, ვერ ვტოვებდი ავადმყოფებს. განყოფილების გამგე ვიყავი. ახლა მყავს გუნდი, მაგრამ მაშინ ხომ ასე არ იყო, როცა უნდა გავსულიყავი სამსახურიდან, მაშინ შემოჰყავდათ ხოლმე მძიმე პაციენტი. როგორია, სახლში ღამის ორ საათზე რომ გირეკავენ, მეუღლეს აგვიანდება, ალბათ სვამს, მაგ დროს კლინიკური სიკვდილი უვითარდება და იქნებ მოხვიდეთ ჩვენთან და აქ ერთად დაველოდოთო. 2-3 საათი ველოდებოდი ხოლმე იმ ადამიანს, რომელიც მაინცდამაინც ჩემთან კარგავდა გონებას. ახალგაზრდობიდან პოპულარული ექიმი ვიყავი, მიყვარდა ავადმყოფი და იმიტომ. ეს იყო ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი. მოკლედ, რა აღარ ვიფიქრეთ მე და ჩემმა ცოლმა და ერთ დღეს კარგი გამოსავალი ვიპოვეთ. ჩემმა ქალიშვილმა, თამრიკომ მითხრა, ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა, ადრე ძალიან ავარდნილი იყო, უშიშროების აკადემიაში ჩაუბარებია და იმ ავარდნილი ბიჭისგან ზრდილობიანი და დალაგებული ბიჭი დამდგარაო. ეს რომ გავიგე, ჩუმად წავედი აკადემიაში, გავარკვიე ყველაფერი, როგორი სწავლა იყო, როგორი დისციპლინა. ერთ დღეს ნიკაც წავიყვანე აკადემიაში, ვითომ ისე, სხვათა შორის, დასათვალიერებლად. ნიკას ისე მოეწონა იქაურობა, იქიდან რომ წამოვედით, მე აქ ჩავაბარებო, მითხრა. გაამართლა ამ ხრიკმა. ექვსი თვე ყაზარმული ჰქონდათ, ექვსი თვის შემდეგ, როცა სახლში მოვიდა, გამოვარდა ჩემი თამრიკო, მამა ავშენდით, გვეშველა, რას ასწავლიან ასეთს უშიშროების აკადემიაში, ნიკამ რომ დაიბანა, აბაზანა მოწმინდა, ეს რა ქნაო? (იცინის).
– ხასიათით ჰგავხართ მამა-შვილი ერთმანეთს?
– კი, ვგავართ. ნიკა ძალიან თბილია, მოსიყვარულე, შეიძლება, ერთი კვირა არ მნახოს, ვერ მოიცალოს, მაგრამ ძალიან ვუყვარვარ და ამას საოცრად გამოხატავს ხოლმე. ჩვენ, ორივეს კარგი იუმორი გვაქვს, ამითიც ვგავართ ერთმანეთს. რაც დაოჯახდა, ერთად აღარ ვცხოვრობთ, ჩემი ცოლი სულ ამბობდა ხოლმე, როგორი კარგი რძალიც არ უნდა მყავდეს, ცალკე უნდა იცხოვრონო და მართლაც, სანამ დაოჯახდებოდა, იქამდე ვუყიდეთ ბინა. ნიკას ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ჭკვიანი, გონიერი გოგოა, კარგ ოჯახშია გაზრდილი, ნიკას ყველანაირად ხელს უწყობს, რომ ოჯახზე არ იდარდოს. შვილიშვილს ვიყავით მონატრებული, ვოცნებობდით მე და ნანა შვილიშვილზე და გაჩნდა სანდრო, რომელმაც სასწაული მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. ახლა, როდესაც ასეთი მძიმე პერიოდი გვქონდა, მაიას მამამ ისე ინერვიულა, ჩემთან მოხვდა. ჩემს მძახალს გულზე ოპერაცია გავუკეთეთ და გადავარჩინეთ. ნიკა მეოჯახეობითაც მგავს. მე საოცარი მეოჯახე ვიყავი. ფულს რომ მაჩუქებდნენ, ბაზარში მივრბოდი და ჭრელ ვარიებს ვყიდულობდი, ეტყობა, მელია რომ ვიყავი, ვარიები მაგიტომ მიყვარდა. როგორც კი ნიკა დედამისს თბილისიდან გააცილებდა, გენერალურ „უბორკებს“ ატარებდა სახლში, ეზოში. ერთხელ ასეთი დალაგების დროს, როდესაც ნანა და თამრიკო კისლავოდსკში იყვნენ, ისე „დაულაგა“ ნანას სარდაფი, მიადგა და ნანას ანტიკვარული ძველისძველი სამოვარიც კი გადაუგდო. ისეთი ნივთები გადაყარა, სანაგვესთან რიგი იდგა. ერთხელ აგარაკზე წაიყვანა მეგობრები, ავაკითხეთ და რას ვხედავთ, ყველა მუშაობს. ვინც არ მუშაობს, არ ჭამსო, განუცხადა თურმე მეგობრებს და მთელი ეზო დაასუფთავებინა, მათ შორის ფეხმოტეხილი მეგობარიც კი ამუშავა (იცინის).