№29 როგორ შეიძლება, თქვენ წინაშე მყოფი ადამიანის აურა დაინახოთ
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის ჩვენც, უცხოსთან პირველი კონტაქტისას ხშირად გვითქვამს: კარგი ან ცუდი აურა მოდიოდა მისგანო და ამ შეგრძნებით შეგვიქმნია ხოლმე განწყობაც მოცემული პიროვნებისადმი. ჩვენს რუბრიკაში ბევრჯერ გვისაუბრია აურაზე, მის ფერებზე – რომელი რას განსაზღვრავს ადამიანში, ენერგეტიკულ ველზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით თემა არ ამოგვიწურავს და ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, მაინც ვერ მოვახერხებდით. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი – მედიუმი და ეზოთერიკოსი, ბატონი კობა ტ. მოგვცემს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება, თქვენ წინაშე მყოფი ადამიანის აურა არა მარტო იგრძნოთ, არამედ დაინახოთ კიდეც და არა მხოლოდ აურა – სხვადასხვა რიტუალური სეანსის დროს იქ გამოცხადებული სულიც კი.
– ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეული ტრენინგით მიაღწიოს იმას, რომ სხვისი აურა მისთვის თვალხილული გახდეს?
– დიახ და აგიხსნით კიდეც, როგორ ისწავლოთ, მოკლე დროში დაინახოთ: აურა, ენერგეტიკული ნაკადი თუ სულები. ჩვეულებრივ ყოფაში ამ მეთოდს ნაკლებად იყენებენ, თორემ ყველა შეძლებდა ამის გაკეთებას. როგორც ნებისმიერ საგანს ვხედავთ თვალით, ასევე დავინახავდით აურასაც. მაგრამ, ასე არ არის და იმიტომ, რომ სპეციფიკური ვარჯიში სჭირდება. იკითხავთ, რისთვისაა აუცილებელი აურის დანახვაო, – როგორც წესი, უპირველესად, მაგიური პრაქტიკისთვის, როცა საჭიროა: ადამიანის დიაგნოსტირება აურის მიხედვით; რაიმე ნივთის ენერგეტიკული ნაკადის, მუხტის აღსაქმელად, რათა მისი მოქმედების ძალა დადგინდეს; სულების გამოცხადების დაფიქსირება რიტუალების დროს ანდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ქუჩაში, სასაფლაოზე. მაგალითად, სულების გამოძახების სეანსის დროს, რომელიც თითქმის ყველას გაუკეთებია, სული შეიძლება, დაინახოთ სანთლის ალზე, კვამლში, კოცონის ცეცხლზე. თუმცა, ეს ყველაფერი რომ გამოვიდეს, უპირველესად, შესაბამისი განწყობაა საჭირო. აურის დანახვის მეთოდი ჰგავს სტერეოსურათების ჩვენებას, როცა მზერა ისეთ ფოკუსში უნდა მოაქციოთ, რომ თქვენ წინაშე დაფარული გამოსახულება გამოჩნდეს. როცა ჩემი მასწავლებელი მიხსნიდა პირველად, როგორ შემექმნა ისეთი განწყობა, რომ აურა, ენერგეტიკული ტალღები დამენახა, ამისთვის ზუსტად ორი წუთი დამჭირდა. ამიტომაც ვფიქრობ, არც თქვენ შეგექმნებათ რაიმე განსაკუთრებული სირთულეები.
– მაშ ასე, რით დავიწყოთ?
– დავიწყოთ ფონით და სასურველია, ის მხოლოდ ერთი ტონალობის იყოს. ყველაზე შესაფერისია: შავი, თეთრი ან ლურჯი. მე მაშინ ავირჩიე შავი ფონი, რადგან ასე უფრო მოსახერხებელი მეჩვენა. მთელი ძალით მიაჭირეთ ერთმანეთს ორი თითი: იქნება ეს საჩვენებელი თითები ან საჩვენებლითა და ცერით შეკარით წრე. შემდეგ მოადუნეთ და ნელ-ნელა თითები დააშორეთ ერთმანეთს. ყური უგდეთ საკუთარ შეგრძნებებს და დაჟინებით მიაჩერდით სივრცეს თითებშორის. ენერგიისა და სულების დანახვის საიდუმლო ისაა, რომ მზერის ფოკუსი სწორედ იმ ადგილას უნდა მოხვდეს, სადაც იმ მომენტში ენერგია თუ სული გამოჩნდება. თითების ერთმანეთთან დაშორებისას, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ისინი კვლავ შეერთდნენ და მათ შორის რაღაცაა, რომელიც ელექტროენერგიას გაგონებთ. შეიძლება, შეიგრძნოთ რაღაც მიზიდულობაც. ყველაზე ხშირად ადამიანები თითებშორის მოცისფრო კვამლს ხედავენ. უფრო სწორად ისეთ მოლიცლიცე მირაჟს, ასფალტს რომ ასდის პაპანაქება სიცხეში. გადადით შემდეგ დონეზე – გაუხახუნეთ ხელისგულები ერთმანეთს და გააგრძელეთ ასე, სანამ არ გაგიხურდებათ. შემდეგ ხელისგულები ერთმანეთის მიმართ ისე გააჩერეთ, თითქოს ბურთი გიჭირავთ და აწონასწორებთ. ასეთ ვარჯიშებს თუ სტაბილურად გააგრძელებთ და შეძლებთ ენერგიის თითებსა და ხელისგულებშორის დანახვას, შემდეგ უკვე აურისა და სულების შემჩნევასაც დაიწყებთ. შედეგი აქვს მას, ვინც პრაქტიკას გადის და ხშირად ვარჯიშობს. გახსოვდეთ, მთავარია, ყურადღების ფოკუსი მოხვდეს სწორედ ენერგიის გამოვლინების ადგილას ან იქ, სადაც სულებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს დაინახავთ.
– ტრენინგებით ისიც შესაძლებელია, რომ დავინახოთ აურა, როგორც ადამიანის სხეულის გარსი?
– რა თქმა უნდა. ამისთვის უპირველესად, მოთავსდით იმ ადამიანის წინ, რომელიც მსუბუქი განათების ქვეშ, უბრალოდ თეთრ ფონზე დგას. ფერადმა ფონმა შეიძლება, შეცვალოს აურის აღქმის ეფექტი. შემდეგ ირჩევთ წერტილს, რომელსაც უნდა უყუროთ. ამ დროს ყველაზე მისაღებია შუბლის ცენტრი, ეგრეთ წოდებული წარბებშორისი ჩაკრა, ანუ მესამე თვალი. უყურეთ ამ წერტილს 30-60 წამის განმავლობაში ან მეტხანს. 30 წამის შემდეგ თქვენ უკვე უნდა დაინახოთ, რომ თეთრი ფონი ადამიანის კონტურული მონახაზის ირგვლივ, რამდენადმე უფრო კაშკაშა და სხვანაირი გახდა. ეს მისი აურის თქვენეული აღქმაა. რაც მეტხანს კონცენტრირდებით „სამიზნეზე“, მით უკეთ დაინახავთ ამ ეგრეთ წოდებულ გამოსხივებას. ერთ წერტილზე კონცენტრირება ზრდის მგრძნობელობას, რადგან ერთ ადგილას უყრის თავს. სრული კონცენტრაციის შემდეგ კი, უკვე უშუალოდ აურის დასანახად, ჯერ თვალები უნდა დახუჭოთ 1-2 წამით. თქვენ დაინახავთ მხოლოდ აურას, თუმცა კიდევ გაქვთ 2-5 წამი იმ მომენტამდე, სანამ თქვენი ფოტომგრძნობიარე უჯრედები ვიბრაციას შეწყვეტს და აღარ მიაწოდებს ტვინს ვიზუალურ გამოსახულებას. თუ ამ მომენტს ხელიდან გაუშვებთ, მაშინ კონცენტრირება თავიდან მოგიწევთ. მაშ ასე, თვალებს დახუჭავთ თუ არა, მაშინვე დაინახავთ გამოსახულების შემდგომ სურათს, რომელიც 3-4 წამში გახდება ძალიან მკვეთრი, თანაბარი, კონტურებგამოკვეთილი. ასეთი სურათი ნიშნავს, რომ ცდის ობიექტი ან თქვენ ხართ ჯანმრთელი, ბედნიერი და ცხოვრობთ ენერგეტიკული პარაზიტების გარეშე. თუ რა არის ენერგეტიკული პარაზიტები, ეს ცალკე თემაა და შეგვიძლია, სხვა დროს განვიხილოთ. ახლა კი გისურვებთ, სუფთა აურას, თუმცა, თუ თავად შეძლებთ, დროზე შეამჩნიოთ ცვლილება, გაწმენდას არაფერი უდგას წინ. იმასაც ისწავლით, მანამდე კი სპეციალისტს მიმართეთ.