№29 როგორ ექცეოდა სომხებს დავით აღმაშენებელი, რატომ გაიმართა მის კარზე კამათი სარწმუნოებრივ საკითხებზე და რით დამთავრდა ის
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
დავით აღმაშენებელი პატივს სცემდა არაქართველებსაც, ყველას კარგად ექცეოდა, მით უმეტეს, დაჩაგრულ ხალხებს. სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოში, არც მანამდე, არც მის დროს და არც მერე არ სდევნიდნენ, არ არბევდნენ სხვა სარწმუნოების აღმსარებლებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. პირიქით, ჩვენს სახელმწიფოში ყველას ჰქონდა აღმსარებლობის თავისუფლება და ეროვნული კულტურის განვითარების საშუალება.
ტფილისის საქართველოს სამეფოსთვის დაბრუნების შემდეგ, დავით მეფემ დედაქალაქი ქუთათისიდან ტფილისში გადმოიტანა. იმ დროს, ტფილისში ბევრი არაბი და საერთოდ, მაჰმადიანი ცხოვრობდა. მეფემ პატივი სცა მაჰმადიანებს და მათ უბანში ღორის დაკვლა აკრძალა. არაბებს კი საკუთარი ფულის მოჭრის ნებაც მისცა. დადიოდა მაჰმადიანებთან მეჩეთში და მათ სარწმუნოებას გამოიკითხავდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაჰმადიანურად ლოცულობდა ან პან-ეკუმენისტი იყო. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობა ჰქონდა და ცოდნის გაღრმავებას ცდილობდა, მუდმივად და ყოველთვის.
ერთხელ ჩვენს ხელმწიფესთან მოვიდნენ სომეხთა ძველი დედაქალაქის, ანისის დიდებულები და სთხოვეს, მათი ქალაქი მაჰმადიანი დამპყრობლებისგან გაეთავისუფლებინა და საქართველოს სამეფოსთვის მიეერთებინა.
ამ ქმედებაში კარგად ჩანს, თუ რა დიდი ნდობა და სიყვარული ჰქონდათ სომხებს დავით აღმაშენებლისადმი. მათ იცოდნენ, რომ საქართველოში ექნებოდათ რელიგიური თავისუფლება და მათ ეთნოსს, რომელსაც უკვე რამდენიმე ათეული წელი იყო, აღარ ჰქონდა საკუთარი სახელმწიფო, გარშემორტყმულ სელჩუკურ ოკეანეში ეროვნული სახის შენარჩუნების საშუალება მიეცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები და სომხები სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრები ვართ, ეს კარგად იცოდნენ სომხებმა.
დავით აღმაშენებელმა ილაშქრა ანისში, აიღო ქალაქი და სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი საქართველოს შემოუერთა.
მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის დაპირისპირება საუკუნეების განმავლობში არსებობდა – 451 წლიდან, როდესაც ქალკედონის მსოფლიო კრებაზე დაიგმო მონოფიზიტობა და მწვალებლობად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მონოფიზიტობა გაბატონდა, გარკვეულწილად, ამას ხელი შეუწყო ირანის იმპერიამ, რადგან, მას ხელს აძლევდა თავისი მოწინააღმდეგისა და მეტოქის, ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფო რელიგიასთან სწორედ რელიგიურად ყოფილიყო დაპირისპირებული სომხური მოსახლეობა. ქრისტიანებს შორის დაპირისპირება, მართლაც, არაერთხელ გამოიყენა სპარსეთმა, მათ შორის, ჩვენ წინააღმდეგაც აქეზებდა მონოფიზიტებს. ზოგი გრიგორიანი მღვდელმთავარიც კარგად იყენებდა სპარსეთის მხარდაჭერას.
ქალკედონიტები მწვალებლად მიიჩნევდნენ მონოფიზიტებს. მონოფიზიტები – ქალკედონიტებს. ჩვენსა და სომხებს შორის ამის გამო არაერთი კამათი მომხდარა, მათ შორის მწვავეც. ყოფილა ისეც, რომ დაუწყევლიათ ქართველები და ჩვენთან მეგობრობა, ქორწინება, ყველანაირი ურთიერთობა აუკრძალავთ, გარდა აღებ-მიცემობისა.
საქართველოსგან განსხვავებით, მონოფიზიტ არმენებს ცუდად ექცეოდნენ ბიზანტიაში. ცნობილი სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის (მათე ურჰაელის) ცნობით – რომელიც დავით აღმაშენებლისა და დიმიტრი პირველის თანამედროვე იყო – მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიაში ბერძენ მიტროპოლიტ მარკოსს ისე სძულებია სომხები, რომ თავისი ძაღლისთვის არმენი დაურქმევია.
ქალკედონის მრწამსიდან გამომდინარე, ქართველი სასულიერონი მწვალებლებს უწოდებდნენ სომხებს. მწვალებლობა კი ბოროტებად და წყეულებად აღიქმებოდა სასულიეროთა შორის. ასე ფიქრობდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც, რომელიც ბერი უნდა ყოფილიყო.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მოგვითხრობს:
„შემოკრბა ოდეს-მე წინაშე მეფისა ნათესავი გულ-არ-ძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები, მრავალი ფრიად“ (გულარძნილი ცბიერს, მუხანათს ნიშნავს). მათ მიაჩნდათ, რომ ძალიან განსწავლულები იყვნენ და მეცნიერებაში დახელოვნებულები. სთხოვეს მეფეს, ებრძანებინა, მოეწვიათ კრება, სადაც პასუხს გასცემდნენ საკამათო კითხვებს საკუთარი რწმენის შესახებ. მათი თქმით, თუ კამათში დამარცხდებოდნენ, გადმოვიდოდნენ ქართველთა სარწმუნოებაზე და საკუთარ რწმენას შეაჩვენებდნენ, ხოლო თუ გაიმარჯვებდნენ, ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ ეწოდებინათ მწვალებლები და არ შეეჩვენებინათ.
მეფემ იხმო ქართლის კათალიკოსი იოანე, მისი ეპიკოპოსები და მეუდაბნოენი, აგრეთვე, ბერძნული და ქართულ ენების კარგი მცოდნე და მთარგმნელი, მთელი ეკლესიის განმანათლებელი და სხვა მეცნიერი და ბრძენი ადამიანები. ქართველები კარგად მომზადებულები იყვნენ, ნათარგმნი ჰქონდათ მონოფიზიტებთან საპოლემიკო ნაწარმოებები.
კამათი გაგრძელდა ცისკრიდან საღამოს ცხრა საათამდე და ვერ დაასრულეს, რადგან ორივე მხარეს გამარჯვების სურვილი ჰქონდა და ერთმანეთს შურაცხყოფას აყენებდნენ, ცუდსიტყვაობდნენ. „რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა“.
მოსწყინდა ეს მეფე დავითს და უთხრა მათ: „თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადა-მე შესრულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი“ და ჩუენ არაფერი გვესმის, უსწავლელებს და ერისკაცებს.
იცით თქვენ, მე მხედრობაში აღზრდილი, შორს ვარ სწავლულებისა და მეცნიერებისგან. ამიტომ, უბრალო და მარტივი სიტყვებით გეტყვით თქვენ.
ეს თქვა და დაიწყო საუბარი სიტყვებით, რომელთაც ნამდვილად ღმერთი შთააგონებდა. იმდენი იგავი და მაგალითი მოიყვანა, იმდენი გაუბათილებელი და დამაჯერებელი განმარტება მოიშველია, რომ გააჩუმა და დაამარცხა ისინი, როგორც ვერ გასცეს ეგვიპტელებმა პასუხი ბასილი დიდს ათენში.
ისეთი ზარი დაეცათ მწვალებლებს და ისეთი უღონოება იგრძნეს, – გვიამბობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, – რომ აღიარეს დამარცხება და უთხრეს ჩვენს ხელმწიფეს:
მეფეო, შენ ამ მოძღვართა მოწაფე გვეგონე, მაგრამ ვხედავთ, რომ თვითონ ყოფილხარ მოძღვართა მოძღვარი და შენს ქუსლამდეც კი ვერ ამაღლებულან ისინი, ვინც თქვენთან მოძღვრად არიან მიჩნეული („შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქუენნი“).
ასე შერცხვენილნი და საკუთარი თავის დამადანაშაულებელნი წავიდნენ და ვეღარასოდეს გაბედეს იგივეს გაკეთება. თუმცა, სიტყვები, „მოძღვრად არიან მიჩნეული“ („მოძღუარ საგონებელნი თქუენნი“) ქართველი სასულიერო პირების შეურაცხყოფად უნდა მივიჩნიოთ, მაინც გაჰკრეს კბილი ქართველ მოძღვრებს სომეხმა ვართაპეტებმა.
მაინც დიდ პატივს სცემდნენ სომხები დავით აღმაშენებელს, რადგან, იმ დღის მერეც არავის უცდია მათი სარწმუნოებრივი თუ ეროვნული ჩაგვრა საქართველოს სახელმწიფოში, რომლის ფარგლებშიც შემოდიოდა სომხეთის დიდი ნაწილი.