№29 „კრიმინალური“ სიყვარული
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #27-28(967)
ქალაქის მთავარი პროკურორის კაბინეტის კარი გაიღო და გრძელ მაგიდასთან მჯდარი მამაკაცი შემოსული სტუმრების შესახვედრად წამოდგა.
– გელოდებოდით.
– ალბათ, ხვდებით, აქ რატომ ვართ, – დაიწყო ასაკით უფროსმა და ახალგაზრდას ანიშნა, დამჯდარიყო.
– მე ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა, ბატონო გრიგოლ, თუმცა, ოფიციალურად, მგონი, პირველად ვხვდებით.
– ეს ჩემი ვაჟია, დემნა... მოკლედ ვიტყვი სათქმელს... ერთი საქმით ვართ დაინტერესებული.
პროკურორი შეიჭმუხნა.
– არასწორად გამიგეთ, – მაშინვე შეაშველა სიტყვა კაცმა, – ჩვენ არ მოვსულვართ, გთხოვოთ, რომელიმე დამნაშავეს ანგარიში გაუწიო... პირიქით, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
– კი მაგრამ, ვინ? – პროკურორი დაიბნა.
– ის, ვინც ადამიანი სასიკვდილოდ გაწირა და გაიმეტა. ის, რომელმაც მომისპო საშუალება, ჩემი შვილი მენახა, – ახლა უკვე ახალგაზრდა ლაპარაკობდა, – თქვენ შეიძლება, ფიქრობთ, რომ ავარია მძიმე დანაშაული არ არის, რომ ეს ყველას შეიძლება, დაემართოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.
– ბატონო გრიგოლ, რა ხდება?
– ჩემი სარძლო, ქალი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა... ჩემი ვაჟი მასზე ლაპარაკობს. გამომძიებელთან შეხვედრა და მასთან საუბარი გვინდა.
– კარგი, ახლავე დავუკავშირდები და ვეტყვი, მოვიდეს.
– კანონის მთელი სიმკაცრით მოექეცით და ვალში არ დაგრჩებით, – თქვა გრიგოლმა.
– ჰო, მაგრამ...
– არავითარი მაგრამ, – ახალგაზრდა მოღუშული და კოპებშეკრული იჯდა... – შეწყალება დაივიწყეთ. ის, რაც მან გააკეთა, უსასტიკეს მკვლელობაზე გაცილებით მძიმეა.
როცა გამომძიებელი მთავარი პროკურორის კაბინეტში შევიდა, იქ კიდევ ორი ადამიანი დახვდა.
– მოდი, ნიკა, დაჯექი, – მიეგება პროკურორი, – ჩვენ იმ საქმის დეტალები გვაინტერესებს, რომელიც შენ ჩაგაბარეთ, – სიტყვას „ჩვენ“ განსაკუთრებულად „გაუსვა ხაზი“ და ამით გამომძიებელს მიანიშნა, ამ ადამიანებთან გულახდილი უნდა იყოო.
– ბატონო გურამ, კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ?
– დიახ. დაასრულეთ გამოძიება?
ახალგაზრდამ ვეღარ მოითმინა და სანამ გამომძიებელი რამეს იტყოდა, წამოხტა:
– ვერ ვხდები, რატომ ართულებთ ყველაფერს. რა არის აქ გამოსაძიებელი? ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ორსული ქალი მოკლა და მშვიდი სინდისით წავიდა სახლში დასაძინებლად. უმაღლესი სასჯელიც არ იქნება მისთვის საკმარისი.
გამომძიებელმა მშვიდად შეხედა ახალგაზრდას.
– მესმის თქვენი, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. დრო მჭირდება, რომ მის ბრალეულობაში დავრწმუნდე.
– მომისმინე... ნიკა ხომ? იცი, რას გეტყვი, ნიკა? ძალიან არ მომწონს მთელი ეს საუბარი და გაფრთხილებ, არაფერი შეგეშალოს.
გამომძიებელმა გაიღიმა და ჭარხალივით გაწითლებულ მთავარ პროკურორს შეხედა.
– შეიძლება, წავიდე?
– დიახ. რა თქმა უნდა.
... გრიგოლმა შვილს მხარზე დაადო ხელი.
– ნუ ნერვიულობ, ბატონი გურამი დაგვპირდა, რომ ჩვენი თხოვნა გათვალისწინებული იქნება.
– გათვალისწინებული? – ბიჭს თვალები ჩაუსისხლიანდა, – მამა, ნენე მოკვდა, გესმის შენ? მოკვდა ჩემს შვილთან ერთად... რა უნდა გაითვალისწინოს და ვინ? ციხე ძალიან ცოტა სასჯელია იმ „ნაგავი“ ქალისთვის. მინდა, მოკვდეს...
მთავარმა პროკურორმა ამოიოხრა.
– სრულიად ვიზიარებ თქვენს ტრაგედიას. გამოძიებას დავაჩქარებთ და პროკურორსაც ისეთს შევარჩევ, სასჯელის მაქსიმალური ზომა რომ მოითხოვოს. მყავს აქ ერთი, ძალიან ცდილობს თავი მოგვაწონოს. შანსს მივცემ, გვაჩვენოს, რა შეუძლია.
– უთხარით, რომ ეს მისი განსაკუთრებული შანსია, – წარბი შეიჭმუხნა ახალგაზრდამ, – პრემიას დაჰპირდით. მაღალ ხელფასს, პერსონალურ მანქანას... ყველაფერს. თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით, მთავარია, ვეღარასდროს გამოვიდეს ციხიდან ის... არაფერს დავიშურებ ამისთვის.
პროკურორმა ისევ ამოიოხრა. გრიგოლი მიხვდა, რომ მათი წასვლის დრო იყო, მაგრამ რაღაცამ შეაყოვნა.
– შეიძლება, ახლა გავესაუბროთ იმ პროკურორს?
– დიახ. თუ ადგილზეა, ახლავე დავრეკავ. ყავა ხომ არ მოვატანინო თქვენთვის?
– მადლობა, ნუ შეწუხდებით. მოვრჩეთ საქმეს, – თქვა გრიგოლმა.
... სანამ დათო მთავარი პროკურორის კაბინეტში შევიდოდა, გონებაში რამდენიმე ვერსია „დაატრიალა“, მაგრამ ზუსტი პასუხი კითხვაზე, რატომ შეიძლებოდა, დასჭირვებოდა უფროსს, მაინც ვერ იპოვა.
– დავით, დაჯექი. საქმე მაქვს შენთან და ეს ადამიანებიც უნდა გაგაცნო. მოკლედ გეტყვი, მინდა, იმ ავარიის საქმეზე პროკურორი შენ იყო.
დათომ იგრძნო, როგორ გაუშრა პირი და ძლივს ამოახველა.
– შეიძლება, წყალი დავლიო?
მთავარმა პროკურორმა ხელით გრაფინზე ანიშნა.
– რა თქმა უნდა. ხომ კარგად ხარ?
– დიახ. არ ვიცი, რა დამემართა. გისმენთ, ბატონო გურამ.
– ავარიას ვგულისხმობდი, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
– მარტო ქალი კი არა, მისი შვილიც, რომელსაც მუცლით ატარებდა და დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ მშიშარა ნაძირალამ უპატრონოდ მიატოვა! – იფეთქა ახალგაზრდამ.
დათოს შუბლი დაუსველა ცივმა ოფლმა.
– შენ უნდა იყო პროკურორი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დამნაშავემ ის მიიღოს, რაც დაიმსახურა.
– ჩვენ არაკანონიერს არაფერს ვითხოვთ, – მეგობრულად გაუღიმა გრიგოლმა, – სათხოვარიც არაფერია. მისი დანაშაული ნათელია. მსხვერპლი კი ორი ადამიანია. თუ მოსამართლე მაქსიმალურ სასჯელს შეუფარდებს, შენს კარიერაზე პირადად მე ვიზრუნებ. მე კი საკმაოდ ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია შენთვის. ბატონი გურამიც გეტყვის.
დათო გაფითრდა. თავს ისე გრძნობდა, როგორც პირდაღებული უფსკრულის წინ მდგარი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ჩავარდება. ცდილობდა, აეხსნა ახალგაზრდა უცნობის აგრესიის მიზეზი, მაგრამ პირდაპირ შეკითხვას ვერ ახერხებდა. თუმცა, ინტუიციით გრძნობდა, მას რაღაც კავშირი ჰქონდა გარდაცვლილ ქალთან.
– ბატონო გურამ, მე წავალ. მივხედავ საქმეს. ჩავუჯდები და დეტალურად გავეცნობი.
მთავარმა პროკურორმა თავი დაუქნია. მამა-შვილმა ინტერესით გააყოლა თვალი მიმავალს...
გამომძიებელმა ნელა და ყურადღებით დაათვალიერა საჯარიმო სადგომზე მდგარი მანქანა. მერე რაღაც ჩაინიშნა. მობილური აიღო და დარეკა.
– გამარჯობა. ნიკა ვარ... ჰო, გამომძიებელი... ჩვენ რომ უნდა გველაპარაკა? დაკითხვა დაარქვი, კი ბატონო, მაგრამ ხომ არ გინდა, ოფიციალურად დაგიბარო დაკითხვაზე? კითხვები მაქვს და მასზე პასუხი აუცილებლად უნდა მივიღო. ორ საათში – შენთან, კაბინეტში.
***
მანანამ ზარის ხმა გაიგონა, მაგრამ მაშინვე არ მისულა კარის გასაღებად. დათოზე დარდობდა, ეცოდებოდა შვილი, რომელსაც ამ სულელური (მისთვის მომხდარი სისულელე იყო) შემთხვევის გამო, ცხოვრება და კარიერა თავდაყირა უდგებოდა. გვანცა არასოდეს მოსწონდა და მას მიიჩნევდა დამნაშავედ იმაში, რომ ვახტანგმა უარყო მისი გრძნობა, როცა დაქვრივდა. მანანა გოგონას მოვლაში ეხმარებოდა მეზობელს, თან დაუფარავად ეფლირტავებოდა. იმედი ჰქონდა, კაცი ადრე თუ გვიან შეამჩნევდა მის კეთილგანწყობას. შექმნიდნენ ოჯახს და ერთად ბედნიერად იცხოვრებდნენ. ისე მოხდა, რომ გვანცასა და დათოს შეუყვარდათ ერთმანეთი. ამას ქალი მეტიჩარა გოგოს აბრალებდა – შვილი გადამირიაო და ვახტანგმაც დელიკატურად მიანიშნა, ჩვენს ბავშვებს ერთმანეთის მიმართ გრძნობა აქვთ და ჩვენს ურთიერთობაში ვერაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ნათესავები გავხდებითო. მანანას ეწყინა და თავისი გულისწყრომა გვანცასკენ მიმართა.
ზარი განმეორდა. ქალი შეიჭმუხნა და ნელა გაემართა შემოსასვლელისკენ. ზღურბლზე ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.
– ქალბატონო, მე გამომძიებელი გახლავართ. შეიძლება, რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ?
– გამომძიებელს რა საქმე აქვს ჩემთან? ჩემი შვილი პროკურორია და მეც კანონი არ დამირღვევია.
– თქვენი შვილი რომ პროკურორია, ეს ვიცი, ქალბატონო. შემოვალ, ორი სამი კითხვა მაქვს.
– არ მაქვს სურვილი, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო. მიბრძანდით და სახლში ნუ მივარდებით.
– გვანცა სანებლიძე, – თქვა ნიკამ და ქალს მიაშტერდა, – ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნებათ?
მანანა შეცბა, ჯერ გაფითრდა, მერე გაწითლდა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა დაუპატიჟებელ სტუმარს.
გამომძიებლის კაბინეტის კარი ფართოდ გაიღო. მოსულს სახეზე ეტყობოდა, სამშვიდობო მისიით რომ არ იყო მოსული.
– ჩემთან ყოფილხარ, სახლში, – თქვა და სკამი ხმაურით გამოსწია, – დედაჩემმა დამირეკა. რა უფლებით?
– არ გინდა, უფლება რომ მაქვს, შენც ძალიან კარგად იცი. რადგან მოხვედი, ოფიციალურად დაგკითხავ. შეთანხმებაც ასეთი იყო.
– არაფერი გამოვა. მაგ საქმის პროკურორად დამნიშნეს.
ნიკას სახეზე განცვიფრება გამოესახა.
– როგორ?
– ჰო, დღეს მითხრეს, რომ მაგ საქმეზე პროკურორი მე უნდა ვიყო. ოღონდ, არ მითხრა, ინტერესთა კონფლიქტიაო. ისეთი ნაცნობი და მეგობარი, როგორც გვანცა სანებლიძეა, კიდევ ბევრი მყავს.
– არ გინდა, – თქვა ნიკამ, თან პროკურორის თანაშემწეს თვალს არ აშორებდა, – უარი რატომ არ თქვი?
– რატომ უნდა მეთქვა? მე პროკურორის თანაშემწე აღარ ვარ. პროკურორი გელაპარაკები. ახლა კი მკითხე, რაც გინდა.
ნიკა დუმდა. რამდენიმე წუთი კაბინეტში სრული სიჩუმე იყო, დამთრგუნველი და შემაწუხებელი.
– აბა, სათქმელი აღარაფერი გაქვს? – ირონიულად ჩაიცინა დათომ, – ამოვწურეთ შეკითხვები?
– ამ ეტაპზე შეგიძლია, წახვიდე, – მშვიდად წარმოთქვა ნიკამ.
– ჰმ, ანუ იმის თქმა გინდა, რომ სხვა ეტაპიც იქნება?
– არასოდეს თქვა, არასოდეს... მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და კიდევ გავაკეთებ.
– ეს მუქარაა? – ჩაიცინა დათომ, – ძალიან არაგონივრულია შენი მხრიდან.
– როგორ დავემუქრები პროკურორს?
– დედაჩემთანაც აღარ მიხვალ და საერთოდაც, რამდენი ხანი შეიძლება, გააგრძელო გამოძიება. დაკავებული ხომ ბრალს აღიარებს.
– შენ რა იცი, დაკავებული ბრალს აღიარებს თუ არა? – მაგიდის ზედაპირზე თითები აათამაშა ნიკამ, – მე შენთვის ასეთი რამ არ მითქვამს.
დათო დაიბნა, მაგრამ სწრაფადვე მოეგო გონს.
– შენ ხომ არ გავიწყდება, მეც რომ აქ ვმუშაობ. ამ კედლებში ასეთი ინფორმაცია დიდხანს არ იმალება.
– მე არავისთვის მითქვამს, დაკავებული ბრალს აღიარებს თუ არა. თუმცა, კარგი. მოვრჩეთ ამ საქმეზე საუბარს. მის ადვოკატს უნდა შევხვდე.
– წავედი მეც. ნიკა, იმედია, მთელი ცხოვრება გამომძიებლად დარჩენას არ აპირებ და ამ საქმეს არ გადააყოლებ შენს მომავალს.
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკე ნუ იქნები.
– გავითვალისწინებ, – ჩაეღიმა ნიკას.
დათო ადგილს ვერ პოულობდა. ნიკასგან გამოსული, თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა. მდივანი ქალი რომ შევიდა, ისე იყო ფიქრებში გართული, რომ მოულოდნელობისგან შეკრთა კიდეც.
– რა ხდება?
– ბატონო დავით. თქვენ სხვა ოთახში გადადიხართ... დამავალეს, მეთქვა. უკვე ყველაფერი მზად არის. გვითხარით, რომელი ნივთები გადავიტანოთ.
– რა? რომელი ოთახი. ვინ, ვინ გითხრათ?
– მთავარი პროკურორის განკარგულებაა. ამ სართულზევეა, დერეფნის მეორე მხარეს. პირადი მძღოლი და თანაშემწეც გეყოლებათ.
დათო მიხვდა, რომ ახლა უკან დახევა შეუძლებელი იყო. ცხოვრება თავად იძლეოდა განკარგულებებს.
გრიგოლმა შვილს გარაჟში მიაგნო. დემნა მანქანაში ჯდებოდა. მამის დანახვაზე მოიღუშა.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა კაცმა.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? თათა უნდა ვნახო, ნენეს დედა.
– ჰო, მესმის. წარმომიდგენია, როგორ უჭირს, – თავი გადააქნია გრიგოლმა.
ბიჭი გაღიზიანდა.
– მეც მიჭირს, მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდები, იმიტომ, რომ რაც მოხდა, ამაში ბრალი შენც მიგიძღვის.
– დემნა, უსამართლო ნუ იქნები. მართალია, მე არ მივესალმებოდი შენი და ნენეს ურთიერთობას, მაგრამ ხელსაც ხომ არ გიშლიდით?
– ხელს არა, მაგრამ ნერვებს ნამდვილად გვიშლიდი. მერე როგორ. ან იქნებ გგონია, ნენე ვერაფერს ხვდებოდა. ყველაფერი რომ დასრულდება, მე აქედან გავემგზავრები და ვეღარასდროს მნახავ.
– დემნა... – გრიგოლმა შვილისკენ ნაბიჯი გადადგა.
– არაფერი მითხრა. ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი. არც შენი დანახვა მინდა, არც დედაჩემის. არასდროს გაპატიებთ, ნენეს მიღება რომ არ გინდოდათ.
– შვილო, შეეცადე, გაგვიგო. მეც, დედაშენსაც შენთვის საუკეთესო გვინდოდა.
– გაგიგებდით, ნენე რომ არ მომკვდარიყო. იმ პროკურორს კიდევ დაურეკე, არაფერი შეეშალოთ, თორემ მკვლელს დავიქირავებ. ჯერ იმას მოვაკვლევინებ ციხეში, მერე მაგას, თავის ფეშენებელურ კაბინეტში. ისე, ეტყობა, ფული უყვარს და აბა, შენ იცი... არ იძუნწო.
დემნამ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და საბურავების მკვეთრი ღრჭიალით თვალს მიეფარა. გრიგოლი დიდხანს იდგა გარაჟის ღია კართან. მერე ეზოში, დეკორატიულ სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა...
ადვოკატი საფეთქლებთან თმაშევერცხლილი მაღალი და მხრებში ოდნავ მოხრილი კაცი იყო. მოუსვენრად გაურბოდა თვალები და აბზაცებს შორის ხანგრძლივ პაუზებს აკეთებდა.
– უიმედო საქმეა, თითქმის უიმედო,– თავადვე გამოასწორა ნათქვამი და უხერხულად შეიშმუშნა, – ერთადერთი, რაც შემიძლია, მინიმალური სასჯელი მოვითხოვო, თუმცა მეეჭვება, ბრალდების მხარე ამაზე დათანხმდეს. იმ გოგოს საქმროს მამა სერიოზული ვინმეა, თუ მოინდომებს, საქმეს ისე შეაკერინებს, როგორც თავად სურს. არ მინდა, ტყუილუბრალოდ დაგაიმედოთ. თქვენი ქალიშვილი დიდი ხნით ჩაჯდება, ბატონო ვახტანგ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში