№29 საბედისწერო დაზღვევა
აგათა კრისტი
პოლიციის ყოფილმა ინსპექტორმა, ევანსმა ქალი მაშინვე იცნო.
– ის არის. ეჭვი არაა! სახეები იშვიათად მავიწყდება, – თქვა და სახეზე კმაყოფილება გამოესახა. მაინც ვიცანი.
– რამდენი წელი გავიდა...
– ცხრა, – დააზუსტა პედანტურმა ევანსმა, – ცხრა წელი და სამი თვე. გახსოვთ, რაში იყო საქმე?
– ისე, ბუნდოვნად.
– გაირკვა, რომ მისტერ ენტონი დარიშხანს იღებდა და ქალი გაამართლეს.
– გამახსენდა. უბედურმა იმდენი გადაიტანა, – წარმოთქვა კაპიტანმა, –– არ არის საჭირო მის წარსულში ქექვა. შენ ხომ თქვი, რომ იგი უდანაშაულო იყო.
– არაფერიც. მე ვთქვი, რომ იგი გაამრთლეს.
– რა განსხვავებაა?
– ზოგჯერ ძალიან დიდი. მისტერ ენტონი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა დარიშხანს. წამალს მას ცოლი აძლევდა. ერთხელაც, შეცდომით, მან ზედმეტი დოზა მიიღო. ვისი შეცდომა იყო, მისი თუ მისი ცოლის, ამას ვერავინ დაამტკიცებდა და ნაფიცმა მსაჯულებმაც გადაწყვეტილება ცოლის სასარგებლოდ მიიღეს.
– შეეშვი, – თქვა კაპიტანმა, – დღეს ის მისტერ მეროუდენის მეუღლეა. ეს არ არის ჩვენი საქმე.
– ასეა, – დაიწყო ევანსმა, – მაგრამ, გახსოვს, დღეს მისტერ მეროუდენი დარიშხანზე ჩატარებული ტესტების შესახებ რა მხიარულად საუბრობდა? ასე არ ილაპარაკებდა, ის რომ სცოდნოდა, რაც ჩვენც ვიცით.
– ჩემგან ამას ვერ გაიგებს, – ცივად შენიშნა კაპიტანმა ჰეიდოკმა.
– ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, – განაგრძო ევანსმა ისე, თითქოს ჰეიდოკის რეპლიკა არც გაეგონოს, – შემიძლია გითხრა, რომ არსებობს მკვლელეობასთან დაკავშირებული ერთი უტყუარი ტესტი – მკვლელი ერთი მკვლელობით იშვიათად კმაყოფილდება. მიეცით მას დრო, რათა დარწმუნდეს, რომ აღარაფერი ემუქრება და იგი იმავეს გაიმეორებს. თანაც, მახსოვს, მაშინ ამ ქალის წარსულიდან ერთი ფაქტიც ამოტივტივდა, რომელიც მის მამინაცვალს უკავშირდებოდა. 18 წლის იყო, როდესაც ერთი ახლგაზრდა მოსწონდა. მამინაცვალმა კი მასთან შეხვედრა აუკრძალა. ერთხელ, როცა მამინაცვალი და გერი ხრამის პირთან სეირნობდნენ.. მოულოდნელად მიწა ჩავარდა და მამინაცვალი დაიღუპა. ვიცი მეტყვი, ეს უბედური შემთხვევა იყოო. მისტერ ენტონის ცხოვრებაშიც ზედმეტი დოზა შემთხვევითობა აღმოჩნდა. სხვათა შორის, მის ცოლზე ეჭვს არც მიიტანდნენ, რომ არ გარკვეულიყო, რომ მას სხვა კაცი ჰყავდა, რომელიც მერე გაიქცა... გეუბნები, ჰეიდოკ, სადაც ეს ქალი გამოჩნდება, იქ კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას უნდა ველოდოთ.
კაპიტანმა ჰეიდოკმა მხრები აიჩეჩა.
ევანსმა მოგვიანებით ფოსტაში შეიარა, სადაც მოულოდნელად მისტერ მეროუდენს გადააწყდა. ქიმიის ყოფილი პროფესორი პატარა ტანის კაცი იყო. ინსპექტორი უცებ იცნო, მიესალმა და წერილების ასაღებად დაიხარა, ევანსმა მექანიკურად დახედა წერილებს და ზედა კონვერტზე ცნობილი სადაზღვევო კომპანიის მისამართი დაინახა. ამან მისტერ ევანსის შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა. მან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიპოვა საჭირო ინფორმაცია. პროფესორი თავად მოუყვა, რომ ამ დღეებში საკუთარი სიცოცხლე დააზღვია.
– რამდენჯერმე ფული წარუმატებლად დავაბანდე, – აუხსნა მან, – ასე რომ, თუ რამე დამემართება, ცოლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი, ეს დაზღვევა კი დაეხმარება.
– ცოლი წინააღმდეგი არ იყო? – დაინტერესდა ევანსი, – ზოგი ქალი ამაზე უარს ამბობს. მიაჩნია, რომ ცუდის ნიშანი იქნება.
– ო, მარგარეტი ძალიან პრაქტიკული ქალია, – ღიმილით უპასუხა მეროუდენმა, – ცრურწმენები არ აწუხებს. სიმართლე გითხრათ, მგონი, საერთოდაც, მისი იდეა იყო.
ევანსმა ყველაფერი გაიგო. ახსოვდა, რომ მისტერ ენტონიმ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ასევე დააზღვია საკუთარი სიცოცხლე. ახლა რა უნდა ექნა? დანაშაული ჩადენამდე აღეკვეთა? ეს საკმაოდ რთული იყო. დახმარების იმედი არავისი ჰქონდა.
საღამოს წვეულებაზე წავიდა და უცებ მისის მეროუდენი დაინახა. ქალმა მეგობრულად გაუღიმა.
– როდესაც დაგინახეთ, მაშინვე გიცანით, მისის ენტონი... მინდოდა მეთქვა, მისის მეროუდენ, – ინსპექტორმა შეცდომა განგებ დაუშვა და ქალის გამომეტყველებას დააკვირდა. მას თვალები ოდნავ გაუფართოვდა. თუმცა ისევ მშვიდად უყურებდა.
– ქმარს ვეძებდი, – წყნარი ხმით თქვა მან, – არსად გინახავთ?
– ბოლოს, რომ ვნახე, იქით მიდიოდა, – ინსპექტორმა ხელით აჩვენა და ისინიც იმ მიმართულებით გაემართნენ.
ინსპექტორი გრძნობდა, რომ ეს ქალი მის აღფრთოვანებას იწვევდა. როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს! საოცარი ქალია და ძალიან საშიში. საეჭვო იყო, უახლოეს ხანებში რაიმე სარისკო ნაბიჯის გადადგმა გაებედა. რამენაირად მეროუდენის გაფრთხილება რომ შესძლებოდა...
პროფესორი მალე იპოვეს. ცოლმა ქმარს სახლში წასვლა შესთავაზა. შემდეგ კი ინსპექტორს მიუბრუნდა:
– ჩვენთან ხომ არ წამობრძანდებით, მისტერ ევანს? ჩაის დავლევდით...
მის ხმაში გამოწვევა იგრძნობოდა.
– მადლობა, მისის მეროუდენ. დიდი სიამოვნებით...
ქალი თავად შეუდგა სუფრის გაშლას. ბუხრის თავიდან სამი პატარა ფიალა ჩამოიღო.
– ჩვენ განსაკუთრებული ჩინური ჩაი გვაქვს, – აუხსნა მან, – და მას ყოველთვის ჩინური წესით ვსვამთ, სპეციალური ფიალებით.
ქალმა ერთ ფიალაში ჩაიხედა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მეორეთი შეცვალა.
– ჯორჯ, ხომ გთხოვე, არა... შენ ისევ გამოიყენე ისინი!
– მაპატიე, ძვირფასო, – ჩაილუღლუღა პროფესორმა, – რა ვქნა, ძალიან მოსახერხებელი ზომისაა. ის ფიალები, რომლებიც ჩემი ცდებისთვის შევუკვეთე, ჯერ არ ჩამოსულა.
– ერთ მშვენიერ დღეს ყველას მოგვწამლავ, – მსუბუქი ღიმილით უსაყვედურა ცოლმა, – მერი მათ ლაბორატორიაში პოულობს და შემდეგ აქ თაროზე დგამს, ისე რომ არც კი რეცხავს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი შენ ციანიდისთვის გამოიყენე. ჯორჯ, ეს ძალიან სახიფათოა.
პროფესორი ბუზღუნით გავიდა ლაბორატორიაში. ევანსი დაბნეული იყო. მისის მეროუდენმა გაურკვეველი მიზეზით მას კარტები გადაუშალა. ნუთუ ეს ყველაფერი ქალმა იმიტომ თქვა, რომ წინასწარ ალიბი მოემზადებინა?
ქალმა სამივე ფიალაში ჩაი ჩამოასხა. ერთი მას მიაწოდა, მეორე თავად აიღო, ხოლო მესამე იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო... და როდესაც ამ ბოლო ფიალას დგამდა, მისი ტუჩები წამით უცნაურმა ღიმილმა გააპო. ამ ღიმილმა ევანს ყველაფერი უთხრა. ახლა მან უკვე იცოდა – ქალი მკვლელობას ახლა, ამ წუთას ჩაიდენდა! ის კი მისი მოწმე იქნებოდა. ასეთი უტიფრობისგან ევანსს ყელი გაუშრა. ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო! ის ვერასოდეს ვერაფერს დაამტკიცებდა. როგორც ჩანს, ქალი ისე მოქმედებდა, რომ წამსაც კი არ კარგავდა. მან ამოისუნთქა და წინ გადაიხარა.
– მისის მეროუდენ, იცით, მე ზოგჯერ უცნაურობები მახასიათებს... შემინდეთ ერთ-ერთი მათგანის გამო, კარგი?
კაცი ადგა, ქალის ფიალა აიღო, იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო, ხოლო მისტერ მეროუდენისთვის განკუთვნლი ჩაი ქალს დაუდგა წინ.
– მინდა, რომ ეს თქვენ დალიოთ.
ქალმა ფიალა ტუჩებთან მიიტანა, შემდეგ სასწრაფოდ მოიცილა და გვერდით მდგარ ყვავილის ქოთანში ჩაასხა. სკამის საზურგეს მიაყრდნო და მისტერ ევანსს გამომწვევად შეხედა. ინსპექტორმა ამოისუნთქა და გულზე მოეშვა.
– თქვენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხართ, მისის მეროუდენ, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა ევანსმა, – ვფიქრობ, ჩემი გესმით. გამეორება არ შეიძლება. თქვენ ხომ იცით, რაზე ვსაუბრობ?
– ვიცი, – ხმა უემოციო იყო.
ევანსმა კმაყოფილმა დააქნია თავი. ის მართლაც ჭკვიანი ქალი იყო და სახრჩობელაზე მოხვედრა არ სურდა.
– გაგიმარჯოთ. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ყოფილმა ინსპექტორმა და ჩაი მოსვა.
პირველივე ყლუპის შემდეგ სახე დაეღრიჯა. შეეცადა, ამდგარიყო, მაგრამ არც სხეული და არც ხმა აღარ დაემორჩილა. იგი უკან გადავარდა და სავარძელს მოებღაუჭა....
მისის მეროუდენი დაიხარა და დააკვირდა. მის ტუჩებზე ღიმილი გაკრთა. ქალმა წყნარად და ნელა დაიწყო ლაპარაკი:
– თქვენ შეცდომა დაუშვით, მისტერ ევანს. საიდან მოიტანეთ, თითქოს ჯორჯის მოკვლა მინდოდა? რა სისულელეა! საბედისწერო სისულელე.
ქალი ცოტა ხანი კიდევ იდგა და მკვდარ კაცს დასცქეროდა. მერე გაიღიმა, ხმას ოდნავ აუწია და დაიძახა:
– ჯორჯ, ჯორჯ, სასწრაფოდ მოდი! ვშიშობ, საშინელი უბედურება მოხდა. საცოდავი მისტერ ევანსი...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ