№29 რატომ გაუხუთმაგა საბიუჯეტო დაფინანსება კულტურის სფეროს სტალინმა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
იოსებ სტალინი რომ გენია იყო, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. პოლემიკის საგანი სტალინის გენიალურობის ტიპია და ზოგს ის ბოროტ, ზოგს კი კეთილ გენიად მიაჩნია... ისტორიის დოქტორი ვადიმ ბოლდინსკი წერს: „სტალინი რომ გენიოსი იყო, ცალსახა ფაქტია, მაგრამ ის არც ბოროტი გენია ყოფილა და არც კეთილი. საბჭოთა ბელადი ორივე ამ ცნების მიღმა იდგა და მასში სიკეთეც და ბოროტებაც გაერთიანებული იყო და თავს მთავარ, დიად მიზანს – საბჭოეთის მშენებლობასა და მსოფლიოში კომუნიზმის დამყარებას ახმარდა...
მწერალი კონსტანტინე სიმონოვი იხსენებდა: „20 წლის ღლაპიც არ ვიყავი და მხოლოდ ვიწყებდი ჟურნალისტურ და სამწერლობო მოღვაწეობას, როდესაც სტალინთან შეხვედრაზე მოვხვდი. ეს შეხვედრა პროპაგანდისტულ-იდეოლოგიურ საკითხებს ეძღვნებოდა. მასში კი ყველა ის საბჭოთა კორიფე მონაწილეობდა, ვინც კინოში, თეატრში, დრამატურგიაში, მწერლობასა თუ ჟურნალისტიკაში ქმნიდა ამინდს და არა მარტო საბჭოეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი სიტყვების დასტურად მარტო სვეტლოვის, ეიზენშტეინისა და ალექსეი ტოლსტოის ხსენებაც კმარა, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. მე იქ, ასე ვთქვათ, „თეთრი ყვავივით“ გამოვიყურებოდი. სვეტლოვის გარდა თითქმის არავის ვიცნობიდი და სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. როგორც შემდგომ თავად სვეტლოვმა მითხრა, თურმე სტალინს გაზეთ „იზვესტიაში“ წაუკითხავს ჩემი ძალიან მცირე პროპაგანდისტული „პასაჟები“ და პოსკრებიშევისთვის პირადად დაუვალებია ჩემი მიწვევა. მან კი (პოსკრებიშევმა) საერთო საცხოვრებელში, საერთო ტელეფონზე დამირეკა და კრემლში მიმიწვია. მეგონა, მეგობრები მეხუმრებოდნენ და ტელეფონიც კი გავუთიშე. არ დავიჯერე, ანდა როგორი დასაჯერებელია, როდესაც 20 წლის ბიჭს გირეკავენ და გეუბნებიან, კრემლში, სტალინთან შეხვედრაზე ხარ მიწვეულიო. ყურმილი დავკიდე და ჩემს ოთახში დავბრუნდი, სადაც ოთხი ადამიანი ვცხოვრობდით. ხუთიოდე წუთის შემდეგ ჩემთან საერთო საცხოვრებლის კომენდანტი, პეტრე ვოსკინი შემოვიდა და აკანკალებული ხმით მითხრა:
– კოსწია, სტალინის მდივანი, პოსკრებიშევი გირეკავს და ჩემთან წამოდიო...
პოსკრებიშევმა საერთო საცხოვრებლის კომენდანტის ტელეფონზე დამირეკა, რათა დამეჯერებინა, რომ არ მატყუებდნენ.
შემდგომში ეს კურიოზი არაერთხელ მომიყოლია სხვადასხვა ადამიანისთვის და ძალიან ბევრს საკმაოდ სერიოზულად უთქვამს – ბედი გქონია, რომ არ დაგხვრიტეს ასეთი საქციელისთვისო... პირდაპირ ვაცხადებ, რომ ასეთი წარმოდგენა სტალინზე სრული აბსურდია. ის (სტალინი) აბსოლუტურად ნორმალური (თუმცა, სამართლიანად მკაცრი და მომთხოვნი) ადამიანი იყო და არა უგუნური მანიაკი, რომ ასეთი რამის გამო ადამიანისთვის სიცოცხლე წაერთმია. ეს პატარა გადახვევა იყო თემიდან და ისევ სტალინთან თათბირს დავუბრუნდეთ. იმ დღეს ბელადთან შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა. სტალინი უფრო უსმენდა, ვიდრე ლაპარაკობდა. თუმცა მისი ყოველი შენიშვნა, რეკომენდაცია და საერთოდ სიტყვა, ასი პროცენტით არგუმენტირებული იყო და ხინჯს ვერ მოუძებნიდით. ამ შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა უდიდეს პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც საბჭოეთის ყველა მიღწევა ცოცხლად, მაღალმხატვრულად და იდეოლოგიურად გამართულად უნდა გადმოეცა. ეს ხაზი უნდა გატარებულიყო მხატვრულ და კინოდოკუმენტალისტიკაში, პოეზიასა და ჟურნალისტიკაში. ბელადი მოითხოვდა არა მდარე, უგემოვნო და ცრუ დითირამბებით გაჯერებულ ტექსტებსა და კადრებს, არამედ მაღალმხატვრულ ქმნილებებს, შედევრებს...“
საგულისხმო ფაქტია და კონსტანტინე სიმონოვი იდეოლოგიური თვალსაზრისით ტოვებს (არ იღებს) ამ მომენტს თავის მოგონებებში (1953 წელი), რომ ამ ისტორიულ შეხვედრაზე კინორეჟისორ სერგეი ეიზენშტეინსა და კინოდოკუმენტალისტ მიხეილ რომს, შესაბამისად, მაგალითებად მოუყვანა „ჰოლივუდური“ კინოფილმები და ფაშისტური გერმანიის კინოდოკუმენტალისტიკა. სტალინი აღფრთოვანებული იყო ლენი რიფენშტალის პროპაგანდისტული კინოდოკუმენტალისტიკით, რომელიც მრავალჯერ ჰქონდა ნანახი, განსაკუთრებით კი – იმავე 1935 წელს გამოსული ფილმით „ნების ტრიუმფი“, რომელშიც ძირითადად, მოთხრობილია 1934 წელს ქალაქ ნიურნბერგში გამართული ფაშისტური პარტიის მეექვსე ყრილობის შესახებ... იმავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ჰოლივუდში“ გაიგზავნებოდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა ჯგუფი, რათა მათ ამერიკელებისგან ესწავლათ მრავალი ისეთი მხატვრულ-ტექნიკური ნიუანსი, რაც იმ პერიოდში საბჭოთა კინოს არ გააჩნდა. ნიშანდობლივია ის, რომ იმ დიდი ჯგუფიდან, რომელმაც „ჰოლივუდში“ კარგა ხანს დაჰყო და ფართო კავშირებიც გააბა, სტალინს რეპრესიების დროს არამც თუ არავინ დაუხვრეტია, არამედ ერთი საათითაც არ დაუკავებია. ეგრეთ წოდებული, „ამერიკული ცოდნა“ და იქ ნაყიდი უახლესი კინოაღჭურვილობა კი ბელადმა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან მოხერხებულად გამოიყენა პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირებისას. ბელადს, თავისი დანარჩენი კოლეგებისგან განსხვავებით, საუცხოოდ ჰქონდა გააზრებული პროპაგანდის დიდი მნიშვნელობა სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და 1936 წელს სწორედ ამიტომ გაუხუთმაგა საბიუჯეტო დაფინანსება კულტურის სფეროს...
დღევანდელობა წარმოუდგენელია პიარის გარეშე და ზოგიერთი ქვეყანა, ფირმა თუ პიროვნება ცარიელ რეკლამაზე დგას, რომლის მიღმაც არაფერია. სტალინის პიარი კი ჭეშმარიტი საქმითა და მაღალმხატვრულობით იყო გაჯერებული, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა.“