№29 გულძმარვის მიზეზები და ნიშნები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
გულძმარვა არის წვის შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენდება. მას პირში მჟავე გემოს გაჩენა ახასიათებს, რაც ბუნებრივია, რადგან გულძმარვას კუჭის წვენის (რომელიც მჟავეა) საყლაპავ მილში მოხვედრა იწვევს. კუჭსა და საყლაპავს ერთმანეთთან სფინქტერი აკავშირებს, რომელიც კუჭის შიგთავსის (საკვებისა და კუჭის წვენის) საყლაპავ მილში უკუსვლას აფერხებს, მაგრამ თუ ეს უკუდინება მაინც ხდება, მაშინ ექიმები კუჭ-საყლაპავის რეფლუქსზე საუბრობენ. ეს უკანასკნელი და შესაბამისად, მისი გამოვლინება – გულძმარვა, მრავალი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. გულძმარვის მიზეზი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავთა სისტემის სხვადასხვა დაავადება: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი – გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუში მდებარეობს და მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი (შეგახსენებთ, რომ კუჭი მუცლის ღრუში მდებარეობს) გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. სწორედ ეს ნიშნავს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს. თიაქრისა და შესაბამისად, გულძმარვის მიზეზი შეიძლება იყოს დიაფრაგმაზე მუდმივი ზეწოლა, რასაც ძლიერი და ხანგრძლივი ხველა (მწეველებში), ფიზიკური დატვირთვა (მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება) და სხვა ფაქტორები იწვევს.
რეფლუქს-ეზოფაგიტი თან ახლავს თიაქარს, რადგან ამ დროს გადაუმუშავებელი საკვები საყლაპავ მილში იოლად ხვდება (ამაზე ზემოთ ვილაპარაკეთ). გარდა ამისა, საკვები საყლაპავში უხეშად მოძრაობს და ყოველივე ეს ძმარვის შეგრძნებასა და ტკივილს იწვევს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენა კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას უკავშირდება, რაც საყლაპავზეც მავნე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, წყლული კუჭის კედელს აზიანებს, რაც მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ანელებს. შედეგად საჭმელი დიდხანს ყოვნდება კუჭში, რაც გულძმარვას იწვევს. ჭამისთანავე გულძმარვისა და ბოყინის განვითარება დაავადების მიმანიშნებელია და საჭიროებს მკურნალობას.
გულძმარვის ნიშნებია ძმარვისა და ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც (მაგალითად, სტენოკარდია) ანალოგიური სიმპტომი ახასიათებს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ გულძმარვა მეტწილად ჭამის შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დახრისას, ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებისას და გადაძღომის შემთხვევაში აღმოცენდება. აღსანიშნავია, რომ გულძმარვა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებს, მაგალითად, მჟავე ხილის, ცხარე საკვების, ალკოჰოლისა და შავი პურის მიღების შემდეგ. თუ გულძმარვას ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის მხრივ პრობლემები და წონაში კლება ახლავს, ეს გულძმარვის გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს. მუდმივი გულძმარვა კი კუჭის სერიოზული დაავადების მიმანიშნებელია. გულძმარვა ორსულებში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ის კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთების გამო აღმოცენდება, ეს ანთება კი შესაძლებელია, ორსულობის ადრეულ ეტაპზე ტოქსიკოზმა, ღებინებამ ან ორსულობის გვიან ეტაპზე კუჭზე საშვილოსნოს ზეწოლამ გამოიწვიოს. ორსულობის დროს გულძმარვა ყოველდღიურად, საკვების მიღების შემდეგ ვითარდება.
ადრე გულძმარვის დროს სოდას იყენებდნენ, მაგრამ სოდის გამოყენება უკიდურეს შემთხვევაშია დასაშვები, რადგან შეიძლება, ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსი დაირღვეს. გულძმარვის დროს ადამიანი ხშირად (დღეში 5-6-ჯერ) და მცირე ულუფებით უნდა იკვებებოდეს (გადაძღომა დაუშვებელია). კვების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შემწვარ-მოხრაკული, ბულიონი და სუნელები; ასევე ის საკვები, რომლებიც მუცლის შებერვას პარკოსნები (ლობიო, ცერცვი), ისპანახი, კომბოსტო, ჭარხალი, შავი პური, რძე და სხვა იწვევს. ადამიანს მაღალ სასთუმალზე უნდა ეძინოს. ჭამის შემდეგ დაწოლა არ შეიძლება. ვახშმობა რეკომენდებულია დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.