№29 როგორ შევამციროთ ხმაური ყურებში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

* ერიდეთ ხმაურიან გარემოს, ხმამაღალი ბგერების ზემოქმედებას;
* აკონტროლეთ არტერიული წნევა;
* შეამცირეთ მარილის მოხმარება – ჭარბი მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რაც სმენის ორგანოსაც ვნებს;
* ერიდეთ ნერვული სისტემის სტიმულატორების – კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები) ჭარბ მიღებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს – ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, კოფეინი და ალკოჰოლი კი ზრდის სისხლის მომოქცევის სიჩქარეს, რაც აძლიერებს ყურებში ხმაურს;
* ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ასპირინს;
* ხმაურის შეგრძნებისას ეცადეთ, მოდუნდეთ და დამშვიდდეთ;
* ეცადეთ, არ იფიქროთ ხმაურზე – რაც მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით მეტად შეგაწუხებთ;
* მოიწესრიგეთ შრომისა და დასვენების რეჟიმი – მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება, გამორიცხეთ ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა;
* გახსოვდეთ, სტრესი და მღელვარება უსიამოვნო შეგრძნებას აძლიერებს, ამიტომ ეცადეთ, მართოთ საკუთარი ემოციები;
* რეგულარული, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია;
* გახსოვდეთ, რომ ყურებში ხმაური განსაკუთრებით ძლიერდება სიჩუმეში და პირიქით, მას ეფექტურად ფარავს სხვა რიტმული ხმაური, მაგალითად, წყნარი მუსიკა, საათის წიკწიკი;
* ეცადეთ, გონება დაკავებული გქონდეთ პროფესიული საქმიანობით ან ჰობით, რათა ხმაური ნაკლებად შესამჩნევი გახდეს;
* გახსოვდეთ, გაციება, სურდო, ალერგია ყურებში ხმაურს აძლიერებს;
* ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ადექით – ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ძილის მოსაწესრიგებლად;
* რელაქსაცია, რეგულარული ვარჯიში აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ძილს. გაითვალისწინეთ, უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში სასურველი არ არის;
* ძილის წინ ნუ უყურებთ ტელევიზორს და ნუ იკითხავთ – ეს ყურებში ხმაურს გააძლიერებს.
* ეცადეთ, თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ. ეს შეამცირებს თავის სისხლძარღვთა სისხლსავსეობას და ხმაურიც ნაკლებად შესამჩნევი გახდება.