№29 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მინახავს მორწმუნე ადამიანი, რომელიც საუბრისას ხშირად იწერს პირჯვარს. რამდენად მართებულია ასეთი საქციელი?
პასუხი: უფლისადმი სიყვარულის გამოვლენას თავისი წესი აქვს და როდესაც ის ხელოვნურად გადამეტებულ ფორმას იღებს, გარეგნული ეფექტებით გადაჭარბებულად ვლინდება, არასწორია. სიყვარული მოკრძალებით უნდა გამოიხატებოდეს. ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამომზეურება იმ გარემოში, რომელიც შინაგან ფაქიზ მდგომარეობას არ შეესაბამება, ზედმეტია. მაგალითად, ყოველმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მეტანია, რომელსაც უფლისადმი უდიდესი სიყვარულისა და მოკრძალების ნიშნად ასრულებს ტაძარში, ქუჩაში არ უნდა გააკეთოს. თვით ღვთისმსახურსაც კი არ შეეფერება უფლის მიმართ თავისი დამოკიდებულების წირვა-ლოცვის დროს არაზომიერად გამოხატვა. უფალი თავად ხედავს ყოველივეს, მას არ დარჩება შეუმჩნეველი ადამიანის გულწრფელი, მოკრძალებული სიყვარული.
კითხვა: რას ამბობს მართლმადიდებლური ეკლესია მეორედ მოსვლის შესახებ. როდის მოხდება ის?
პასუხი: წმიდა წერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ მეორედ მოსვლის შესახებ არავინ უწყის, თვით ანგელოზებმაც კი. თუმცა მისი წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ მათეს სახარებაში (თავი 24), სადაც მაცხოვარი მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობს.
კითხვა: ცოდვების ჩამონათვალში ამოვიკითხე „გამომძიებლობის“ ცოდვა. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რას გულისხმობს ის?
პასუხი: „გამომძიებლობის“ ცოდვა ნიშნავს, როდესაც ადამიანი იმით ინტერესდება, რაც აღემატება მის ადამიანურ ბუნებას და უფალი მისგან ამ ცოდნას არ მოითხოვს. მაგალითად, სად არის სამოთხე ან ჯოჯოხეთი? როგორ გადმოდისას მადლი ხატიდან? როგორ იქცევა ზიარებისას პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად და ასე შემდეგ.
კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვა შენდობილად, რომელიც მოძღვართან მოვინანიე, მაგრამ უხერხულობის გამო წვრილმანები არ დამიკონკრეტებია?
პასუხი: რაც უნდა მიზეზი გქონდეთ (ეს იქნება სირცხვილი თუ მიჩქმალვის სურვილი), ცოდვა უნდა დააკონკრეტოთ. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ყალბი სირცხვილის გრძნობისგან და თქვათ სრულყოფილი აღსარება, რათა მიიღოთ მადლი, მოძღვრისგან შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ და სინდისის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.