№29 რა ეკონომიკური ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს დასამორჩილებლად ტყვიის ერთი გასროლის გარეშე
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სანამ ჩვენ რუსი ტურისტების არჩამოსვლით მოყენებულ ზარალს ვითვლიდით, რფ-მ ლამისაა, სრული ემბარგო დაგვიწესა, თუმცა „კეთილმა“ ძია პრ.-მა პუტინმა „დუმის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, პათოსით, ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს ერთი გაუზრდელი ჟურნალისტის გამო ვერ ვაწყენინებო. მეორე მხრივ, ეს, უბრალოდ, დროის გაყვანაა, რადგან ჩვენი ეკონომიკა რუსეთზე იმაზე კატასტროფულად მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე წარმოგვიდგენია. ექსპორტი იქით იყოს, მაგრამ რუსეთი ნომერ მესამე იმპორტიორია (უხეშად რომ ვთქვა), რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ, თუ რა ეკონომიკური ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოში ვითარების სამართავად ერთი გასროლის გარეშეც კი.
–სოციალურად აფეთქების რა ბერკეტები აქვს რუსეთს, რაც სიტუაციის სათავისოდ მართვის საშუალებას აძლევს სამხედრო ჩარევის გარეშეც?
– მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო, ვერ მოიძებნა საერთო მნიშვნელი რუსეთსა (რადგან მას არ სურს, ინსტიტუციურად ძლიერი საქართველო) და საქართველოს ხედვას შორის (რომელსაც სურს, იყოს განვითარებული და ნაკლებად დამოკიდებული რუსეთზე). ჩვენ განწირული ვართ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირზე და იმავდროულად რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე. როდესაც ასეთი წინააღმდეგობაა და ვერ მოიძებნება შეთანხმება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად შეიქმნება ხოლმე კრიზისული სიტუაციები, რასაც ჩვენ ვერ დავძლევთ და თაობიდან თაობებს გადავცემთ ესტაფეტასავით. ამიტომ ერის მამებმა, ბრჭყალებში და ბრჭყალების გარეშე, რაღაც საერთო მნიშვნელი უნდა მონახონ: ან დათმობაზე წავიდნენ, ან სხვა მიმართულებით განავითარონ ეკონომიკა. ხომ არ შეიძლება, ერთსა და იმავე წინააღმდეგობაზე ვაბიჯებდეთ ფეხს და შუბლი მუდამ დალურჯებული გვქონდეს?! იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია რუსული ფაქტორებისგან.
– ერთ რუს პოლიტოლოგთან კამათისას ვთქვი თავის გასამართლებლად, რომ ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე და ვიზრდებით-მეთქი (არადა, მეტი არაა ჩემი მტერი), მან კი მიპასუხა, რომ თითო შეცდომაზე იტეხავთ თითო თითს და, თუ უთითებოდ დარჩით, ასეთ სწავლას რა აზრი აქვსო. მე კი იხტიბარი არ გავიტეხე, სამაგიეროდ, კიდური მაინც გვრჩება-მეთქი, თუმცა აბსოლუტური სიმართლე მითხრა.
– სპეციალურად დავიანგარიშე საქართველოს ზარალი რუსეთთან ასეთი დამოკიდებულების გამო. თუ შიდა პრობლემებს გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა უკავშირდება პრობლემებს და არც ერთი ქვეყანა არ დარჩენილა, რომ არ განეცადოს ეკონომიკური ზარალი, რომლებიც გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე. მაგრამ საქართველოსთვის ეს ზარალი იყო ძალიან დიდი. თუ სხვა ქვეყნებმა განიცადეს ეკონომიკური ზარალი ერთი მესამედით, საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი იყო 75 პროცენტი. იბადება კითხვები: ჩვენ სხვებზე ნაკლებად ნიჭიერები აღმოვჩნდით? არ გვქონდა საბაზრო ეკონომიკასთან ადაპტირების სურვილი? არადა, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი ლენინის მზეს იფიცებდა, ჩვენთან „ცეხავიკებს“ მიჰყავდათ იატაკქვეშა ეკონომიკის „პარადი“.
– გამოცდილება იყო სამეწარმეო საქმიანობის.
– დიახ და ამიტომ რაღაც ფაქტორებმა ძალიან მძიმე ვითარებაში გადაიყვანა ქართული ეკონომიკა. ეს ფაქტორი იყო რუსეთი. 1991 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ზარალი, რაც რუსეთმა მოგვაყენა, 2018 წლის ფასებით, შეიძლება, შეფასდეს 400 მილიარდი დოლარის არწარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტით. ანუ, რუსეთის ფაქტორი რომ ყოფილიყო ნეიტრალური ან არ ყოფილიყო ნეგატიური საქართველოს ეკონომიკისადმი, ჩვენ შევძლებდით, ამ ხნის განმავლობაში გვეწარმოებინა 400 მილიარდი დოლარით მეტი შიგა პროდუქტი და საქართველო იქნებოდა გაცილებით წინ, სადღაც უნგრეთსა და ჩეხეთს შორის თავისი ეკონომიკური განვითარებით.
– რუსეთის მეზობლობა, გამოდის, რომ ბედისწერაა.
– ხომ არის გამონათქვამი, საცოდავო ჩემო ქვეყანავ, რა შორსაა ღმერთი და რა ახლოსაა ამერიკის შეერთებული შტატები?! ამის პერიფრაზი შეიძლება, მოვახდინოთ. მაგრამ ასეთია რეალობა, ჩვენ ვერ დავკეტავთ რუსეთს. ამიტომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა ვიცხოვროთ, ვიმოქმედოთ და ამაზე უნდა ავაგოთ ჩვენი სტრატეგია. ასეთია მოცემულობა და გვერდს ვერ ავუვლით. წუთობრივად რომ ვიანგარიშოთ, რუსეთის ასეთი ნეგატიური გავლენის გამო მის მიერ მოყენებული ზარალი თითოეულ წუთში 3 000 დოლარია. ჩვენც რომ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენი ეკონომიკა წუთობრივად 3 000 დოლარს კარგავს. ამდენად, ჩვენ კონტრპროპაგანდის საშუალებაც გვაქვს და, ბოლოს და ბოლოს ამ ციფრების თქმას რაღა უშლის ხელს?!
– რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება რა კონკრეტულ საფრთხეებს უკავშირდება?
– რუსეთიდან შემოდის არა მარტო საქონელი, არამედ ფულადი ტრანზაქციებიც. მართალია, რუსეთის წილი შემცირდა საქართველოში გადმოგზავნილ ფულად გზავნილებში. მეტსაც გეტყვით, მაისის მდგომარეობით, ფულად გზავნილებში რუსეთიდან გამოგზავნილი თანხის წილი არის 25 პროცენტი, ხოლო საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი თანხა 50 პროცენტია უცხოეთში გაგზავნილ თანხებში. მართალია, რუსეთის წილი საქართველოდან გასულ თანხაში უფრო მაღალია, ვიდრე იქიდან შემოსული, მაგრამ აბსოლუტურ თანხაში რუსეთიდან შემოსული ფულის ოდენობა საკმაოდ დიდია და, დაახლოებით, 400 მილიონ დოლარამდეა. ეს ის თანხაა, რაც ექვივალენტურია საქართველოში 70 000 ოჯახის წლიური მთლიანი შემოსავლების, ანუ, თუ ეს ფულადი გადმორიცხვები არ იქნა, საქართველოში 70 000 ოჯახი დარჩება შემოსავლის გარეშე. დამოკიდებულები ვართ მარცვლეულის მხრივ. მაგალითად, გასულ წელს მარცვლეულის 90 პროცენტი შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან და ირონიას იწვევს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა, რადგან ამ დროს...
– რუსულ პურს ვჭამთ.
– დიახ. ნავთობში, დაახლოებით, მესამედია რუსეთიდან შემოტანილი წილი. ფაქტობრივად, არ არის ეკონომიკის არც ერთი სეგმენტი, რომელშიც რუსულ ფაქტორს არ ჰქოდეს მნიშვნელოვანი მონაწილეობა. არ დაგვავიწყდეს ენერგეტიკა: წინა ხელისუფლებამ მარაოსებრი თავდახრილობით გადასცა ერთი მეორის მიყოლებით მთელი ენერგეტიკული ობიექტები რუსეთს სამართავად და საკუთრებაში. ასეთი ვითარება გვაქვს და როდესაც მინის სახლში ცხოვრობ, მეზობელს კენჭები არ უნდა ესროლო, მაგრამ ეს აფორიზმი ჩვენ გვავიწყდება.
– ელექტროენერგიასაც ხომ ვყიდულობთ რუსეთისგან?
– ზამთარში ვყიდულობთ და ზაფხულში ვყიდით.
– რომ არ იყიდოს ან არ მოგვყიდოს, ხორბალი იქნება თუ ელექტროენერგია? არ არის ქართული ბაზარი დიდი მოცულობის, რომ მაინცდამაინც იყოს დაინტერესებული მისი ათვისებით.
– ხელგაშვერილებს მოგვიწევს მსოფლიოში სიარული, თანაც, ეს ხორბალი იქნება გაცილებით ძვირი და გააძვირებს ფასებსაც. გავითვალისწინოთ, თუ ფულადი გზავნილები შემცირდება, ადგილობრივ მწაროებლებს შეუმცირდებათ შიდა ბაზარი და აქედანაც დააკლდებათ შემოსავლები, ამას ექნება ორმაგი ეფექტი. აღარავის გაახსენდება რუსეთი, მიადგებიან ხელისუფლებას და სოციალურ ბუნტამდე ბევრი აღარაფერი დარჩება. ხომ გახსოვთ სპარტაკის ლოზუნგი?! სჯობს, რკინამ მოგვიღოს ბოლო, ვიდრე შიმშილმაო.
– მე არ ვიცი, რამდენად აქვთ სპარტაკის შემართება ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ მე იმის საშიშროებასაც ვხედავ, ვინმემ კაპიტულაცია არ მოითხოვოს, იქნებ ვჭამოთო.
– არ ვიცი რამდენად შეიძლება პარალელის გავლება მეთვრამეტე საუკუნის ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობასთან, როდესაც იმდენად მოასუსტეს ის სახელმწიფო, რომ მწიფე მსხალივით ჩაუვარდა რუსეთის იმპერიას ხელში, პირადად მე ამის მეშინია, იმიტომ რომ აკეთებენ ისეთ საქმეებს, რომლებიც ასუსტებს ქვეყანას ეკონომიკურად და მის იმიჯს აზიანებს. რუსეთის წილი ტურიზმში 25 პროცენტიაო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ტურიზმის ის სეგმენტი, რომლითაც ისინი სარგებლობენ. ჰაიათის ტიპის მაღალი ტიპის სასტუმროებზე არ არიან ორიენტირებულები, ისინი იყენებენ საოჯახო, დაბალი ღირებულების სასტუმროებს, ამიტომ ზარალი მოსახლეობის გაცილებით მრავალრიცხოვან ფენას მიადგება. ძალიან ბევრი ჰოსტელი დარჩება მომსახურების გარეშე.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც რუსეთს დავუკავშირებდი: არეულობა, პოლიტიკური ვნებათაღელვა, ლოზუნგები, რომლებიც ყოველთვის არ არის მშვიდობიანი, წაადგება თუ არა ეკონომიკასა და უცხოელი ტურისტების რაოდენობას? როდესაც მცირდება ტურისტების ნაკადი რუსეთიდან, ეს შეშფოთება, ნეგატიური დამოკიდებულება გადაეცემა ტურისტებს სხვა ქვეყნებიდანაც. შეიძლება, სუსტი კორელაციით, მაგრამ ეს ნამდვილად იმოქმედებს ტურისტების საერთო ნაკადზე, ინვესტიციებზე.
– ინვესტიციებზე, ვფიქრობ, ძლიერი კორელაციით იმოქმედებს.
– დიახ, როდესაც ვლაპარაკობთ რუსულ ფაქტორზე, ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ეს ფაქტორი ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს სავაჭრო და, ზოგადად, ეკონომიკურ მდგომარეობაზე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. ამიტომ ზარალი უნდა დავთვალოთ არა მარტო საქართველო-რუსეთის ასპექტში, არამედ გაცილებით გლობალურად.
– არის მაგალითები, იგივე, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის. მათ მოახერხეს დემოგრაფიის, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებაც. მხოლოდ ენერგორესურსების ხარჯზე? იქნებ არ გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავუძლოთ რუსეთის ნეგატიურ გავლენას?
– აქ ორი ფაქტორის თანხვედრაა: რესურსებითაც მდიდარი ქვეყნები არიან. მეტიც, ექსპორტში რუსეთის წილი საქართველოს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე აზერბაიჯანს, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ორიენტირებულია ნავთობპროდუქტების გატანაზე ევროპაში. მეორე სუფთა პოლიტიკური ფაქტორია: ისინი ახერხებენ თავის მოქონვას, ანუ ჩვენ დიპლომატიის მხრივაც უკან ვართ და არ ვიყენებთ ამ ფაქტორს.