№29 როგორ ცდილობდა რუსეთის იმპერია ყველაფერი ქართულის მოსპობას და რატომ გადაწყვიტეს მათ ვაზის გადაშენება
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
მე-19 საუკუნეში ქართული ვაზი და მეღვინეობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს საფრთხე რუსეთიდან მომდინარეობდა. საქმე ისაა, რომ რუსეთის იმპერია ყველა საშუალებით ცდილობდა ქართული ვაზის გადაშენებას, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.
ვაჟა შუბითიძე (ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი): რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხის შემოდგმისთანავე გეზი აიღო ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, გენოფონდისა და მეურნეობრივი ტრადიციების მოსპობისკენ. ყოველივე ადგილობრივი და ტრადიციული უნდა ამოძირკვულიყო და მის ნაცვლად ხელოვნურად ჩანერგილიყო ევროპული. ამგვარი, ხანგრძლივ დროზე გათვლილი კამპანია დაიწყო კავკასიაში ყოველი თესლეულისა და ნერგის უკონტროლო შემოტანით, რასაც თან მოჰყვა დამღუპველი შედეგები – შემოვიდა დასავლეთში გავრცელებული მცენარეთა დაავადებები. მალე ნაცარმა მოსპო გურია-სამეგრელოს ვენახები. მეორე დიდი დანაშაული იყო, რომ შემოიტანეს და დაამკვიდრეს ამერიკული ჰიბრიდი – იზაბელა (ადესა). იზაბელა საქართველოს მევენახეობაში ჩადებული უწყვეტი მოქმედების ნაღმია, რომელმაც შემდგომი 150 წლის განმავლობაში არაერთხელ მიზანმიმართულად იფეთქა.
1879 წელს საქართველოს ვენახების საერთო ფართობში სამეგრელოს ხვედრითი წილი 17 პროცენტს შეადგენდა, გურიის კი – 8 პროცენტს, 1990 წელს სამეგრელოსი იყო 1.9 პროცენტი, გურიის კი –1.1 პროცენტი. რუსეთის იმპერიის მოხელეს, ივან ლენცს მთავრობამ დაავალა ევროპული ვაზის ჯიშების გავრცელება საქართველოში. მან კახეთში ყირიმიდან 28 ევროპული ვაზის ჯიშის გავრცელება სცადა. ათი წლის უნაყოფო წვალების მერე 1846 წელს ლენცს ეყო პროფესიული პატიოსნება, ეღიარებინა, რომ საქართველოში აზრი არ ჰქონდა ევროპული ჯიშების შემოტანასა და დანერგვას, რადგან მიხვდა, რომ ადგილობრივი ჯიშები – რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი, ხიხვი და მცვივანი – ევროპულზე უფრო მაღალხარისხიან პროდუქციას იძლევიან და ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებსაც უფრო მეტად არიან შეგუებული. ქართული ვაზის ჯიშების უპირატესობის აღიარება, ქართველი მიწათმოქმედის მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და გამოცდილების აღიარების ტოლფასი გახლდათ. ეს ფაქტი ქართული ვაზის ისტორიული გამარჯვებაა და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. მაგრამ იმპერიული მანქანა არ გაჩერებულა. რადგან ამ გზამ არ გაამართლა, ახალ მზაკვრულ რუსულ მეთოდს მიმართეს. მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა 1845-1850 წლებში ყირიმიდან შემოიტანა და მოსახლეობაში უფასოდ დაარიგა 680 ათასი ძირი ევროპული ვაზის ნერგი, თუმცა არც ამან გაამართლა – ქართველი მევენახე ფხიზლობდა და ამ რუსული დივერსიის თავიდან აცილება შეძლო და ეს ჯიშები არ გააშენა. 1880-იანი წლების ბოლოს საქართველოს მევენახეობას დიდ დილემად ექცა ფილოქსერა, რომელიც მუსრს ავლებდა ვენახებს. რუსმა სტაროსელსკიმ და უცხოელმა სპეციალისტებმა წამოაყენეს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური მეთოდი - დაავადებული ვაზის ამოძირკვა, ვაზნამყოფ მიწაში კი შხამქიმიკატის ჩასხმა. საქართველოში ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე წელიწადში მთლიანად გაანადგურებდა ვენახებს და გამოიწვევდა ნიადაგის ეკოლოგიურ დაბინძურებას. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, გამოჩნდა კვალითელი ქართველი აგრონომი იოსებ გუნცაძე, რომელმაც საკუთარ ნაკვეთში დაყენებული ცდებით დაუმტკიცა სტაროსელსკის და მის მიმდევრებს, რომ ვენახების გადარჩენის ერთადერთი მეთოდი ამერიკულ საძირეზე მყნობა იყო. პროფესორი მარიონი ქართველ საზოგადოებას ურჩევდა, ამერიკული ვაზი უვარგისია, მევენახეობაზე ხელი აიღეთ და მის მაგივრად გვირილა გააშენეთო. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაიმარჯვა გუნცაძემ და ამით ქართული მევენახეობა დიდ განსაცდელს გადაურჩა. 1975 წლისთვის ოფიციალურ დონეზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მევენახეობისთვის ყოვლად მიუღებელი და დამღუპველი ღონისძიება: კახეთში ორგანიზებულად შეჰქონდათ იზაბელას ჯიშის 1 მილიონი ნერგი, რაც ჩვენი მევენახეობისთვის ზურგში მახვილის ჩაცემის ტოლფასი იქნებოდა. საბედნიეროდ, განზრახვა გაცხადდა და ამ შემთხვევაში სიტუაცია ჩვენი მეცნიერ-მევენახეებისა და მეღვინეების პრინციპულმა პოზიციამ იხსნა. მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, მზაკვრული მიზნის მისაღწევად უფრო მეტად შეფარული ხერხი გამოიყენეს. შეუმჩნევლად, თანდათანობით ალაზნის ველზე შეიტანეს პირდაპირმწარმოებლური ვაზის თეთრი და წითელი ჯიშები, რომლებიც შემდგომ წლებში მასობრივად მოედო საქართველოს ზვრებს (ეგრეთ წოდებული, „უწამლო საფერავი“ და სხვა სუროგატები). საქართველოში შემაგრებული ღვინოების (ეგრეთ წოდებული, „პორტვეინი“) წარმოება ბოლშევიკების დროს დაიწყეს. 1950-1960-იანი წლებისთვის მათი ხვედრითი წილი 25-30 პროცენტი იყო, ხოლო 1985 წლისთვის არნახულ ზღვარს – 70-75 პროცენტს მიაღწია. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ საქართველო ნელ-ნელა მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინოების მწარმოებელი რესპუბლიკიდან რუსეთის ბაზრისათვის საშუალო ღირსების მქონე შემაგრებული ღვინოების მასობრივად მწარმოებელ და მიმწოდებელ კოლონიურ რეგიონად აქციეს.
ამ მოვლენებმა საკმაოდ გაზარდა ფალსიფიკაციის დონე და მასშტაბი, მკვეთრად შეილახა და დაეცა ქართული ღვინის ხარისხი და რეპუტაცია, ისე, რომ ინგლისმა უარი თქვა საფერავის ღვინის იმპორტზე საქართველოდან, რაც მანამდე შეუფერხებლად ხორციელდებოდა. ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს სცადეს ქვევრში კახური ტიპის ღვინის დამზადების წინააღმდეგ კამპანიის წამოწყება, მაგრამ მეცნიერ-სპეციალისტთა პრინციპული პოზიციის გამო ეს ვერ განხორციელდა, სამაგიეროდ, მან კვლავ იჩინა თავი 1980-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ეს მცდელობა უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდა. საუკეთესო ქვევრები მიწით ამოავსეს და დამარხეს. ეს ვანდალური აქტი ქართველებმა ჩაიდინეს. ამავე დროს კვლავ წარმოიშვა და აგორდა ტენდენცია ევროპული ჯიშების შემოტანა-გავრცელებისა, იმ მოტივით, რომ ჩვენი ჯიშები მიუღებელია ევროპელთათვის და მათი მოსაწონი ღვინო სწორედ ევროპული ვაზის ჯიშებიდან უნდა დავამზადოთო. დეგრადირება არ ასცდა ჩვენს საამაყო ღვინოებს „წინანდალს“, „გურჯაანს“, „ნაფარეულს“, სამწლიანის ნაცვლად მივიღეთ ემალირებულ რეზერვუარებში დაყენებული ორწლიანი ღვინოები, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ სახელოვან წინამორბედებთან. დაირღვა ტექნოლოგია, გაუარესდა ხარისხი.
1990 წელს საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ დაამტკიცა ყურძნის შესასყიდი ფასების ახალი პრეისკურანტი, რომელშიც ყოვლად მოულოდნელად და უსაფუძვლოდ 1 კილოგრამი იზაბელას შესასყიდი ფასი 1 მანეთით განისაზღვრა (მაშინ ტყემალი 2 მანეთი ღირდა), ძვირფასი ადგილობრივი ჯიშებისა კი – 50-60 კაპიკით. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება, გაეზარდათ მწარმოებელთა ეკონომიკური დაინტერესება იზაბელას ყურძნით საფერავის, ალექსანდროულის, ალადასტურის, უსახელაურის, თავკვერისა და სხვა ძვირფასი ჯიშების საწინააღმდეგოდ, მით უფრო, რომ იზაბელას მოყვანას არც დიდი შრომა სჭირდება და არც დიდი კაპიტალი.