კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 თემურ ჩხეიძე: როცა ჯგუფი ჯგუფთან არჩევდა საქმეს, ვლაპარაკობდი მე, ჩხუბობდნენ ისინი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი:  თემური.
გვარი:  ჩხეიძე.
პროფესია: რეჟისორი.
– ბავშვობის მოგონება.
– სამი წლის გავხდი ნოემბერში და იანვარში ბაბუაჩემი - გიორგი ჩხეიძე გარდაიცვალა. როგორც დედა მეუბნება, მაშინ მომნათლეს... მახსოვს ჩემი ნათლობა – კაცი ანაფორაში, რკინის თასი წყლით... წყალში რომ ჩამაყენეს, მგონი, ვიტირე... მეშინოდა. ეს მახსოვს, როგორც სურათი. გიორგი ბაბუა არ მახსოვს, არც მისი გარდაცვალება. ბავშვობაში ძალიან მინდოდა გამეყიდა ნავთი, იმიტომ რომ ჩემი ქუჩის დასაწყისში ყიდდნენ. გამყიდველი ავზიდან იღებდა ნავთს და დიდი სიმაღლიდან ბიდონებში ასხამდა ისე, რომ წვეთს არ კარგავდა. მინდოდა, მეც ეს შემძლებოდა. მთელი ბავშვობა საშუალოდ ვცხოვრობდით. ჩემს მშობლებს არ ჰქონიათ ბევრის საშუალება. ჩვენ გვქონდა რწმენა, რომ რაც გვაქვს, ისიც სხვას უნდა გაუნაწილო. უამრავი ხალხი იზრდებოდა მამაჩემის სახლში, ბებიასთან. ჩვენთანაც ვინ არ რჩებოდა... არ მახსოვს, სახლში მარტო ვყოფილიყავი. მინდოდა ველოსიპედი, გული მწყდებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, დედაჩემს ან მამაჩემს იოტისოდენა შესაძლებლობაც რომ ჰქონოდათ, არ დაზოგავდნენ. საყვედურის მსგავსი არაფერი გამივლია გულში.
– მოჩხუბარი ბავშვი იყავით?
– არ მახსოვს, ფიზიკურად მეჩხუბა. ერთი-ორჯერ სკოლაში, ალბათ... ჩემი ჯანმრთელობის გამო (ხელი დაზიანებული მაქვს დაბადებიდან) ამხანაგები მიფრთხილდებოდნენ. ბავშვობაში მითხრეს, ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი – რომ დავცემულიყავი და მომტეხოდა, შეიძლება, აღარც აღდგენილიყო. მაგალითად, ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. მახსოვს, არ მეჯახებოდნენ, თუმცა არც მითმობდნენ. რომ წამოვიზარდე და ჩხუბები დაიწყო, როცა ჯგუფი ჯგუფთან არჩევდა საქმეს, ამხანაგებს მე უფრო მოსალაპარაკებლად მივყავდი. ვლაპარაკობდი მე, ჩხუბობდნენ ისინი...
– რას განიცდით ყველაზე მეტად?
– სკოლაში მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე თანდათან „ავცდი“ ალგებრა-ტრიგონომეტრიას. ვერ ავუღე ალღო და აქედან გამომდინარე, ინტერესიც არ გამჩენია. ატესტატი მაქვს საინტერესო: ქიმიაში, ფიზიკაში – ოთხები, ალგებრა-ტრიგონომეტრიაში – სამები (ხომ უნდა დამემთავრებინა სკოლა, თორემ, მე რომ მკითხოთ, ისიც არ მეკუთვნოდა). რაც უნდა უცნაური იყოს, გეომეტრიაში ოთხსა და ხუთს შორის ვიყავი. ოთხი მყავს ატესტატში. სულ მეკითხებოდნენ, გეომეტრიას თუ სწავლობ, ალგებრაში რა გემართებაო. არ ვიცი, რა ხდებოდა. დანარჩენ საგნებში კი მყავდა ხუთიანები. ეტყობა, სკოლაში ხვდებოდნენ, რომ სხვა განხრით წავიდოდი და ალგებრაზე აღარაფერს მეუბნებოდნენ. მახსოვს, პირველ ხანებში მასწავლებლებს ძალიან გაუკვირდათ, ამ საგანს რომ აღარ ვსწავლობდი. მე კი ძალიან განვიცდიდი, რომ არ ვიცოდი. ასეთი განცდა დღემდე გამომყვა, როცა რაღაც არ გამომდის... შვილიშვილიც დამემსგავსა – თუ პირველივე ცდით ვერ გააკეთებს რამეს, ძალიან განიცდის. მახსოვს, დედა რომ სპექტაკლის სათამაშოდ მიდიოდა, განვიცდიდი. ჩემი ძმა, ივიკო უფრო მეტად განიცდიდა. მედიკო მთელი ცხოვრება დაკავებული იყო, უბრალოდ, მენატრებოდა... ამას დაემატა ის, რომ თუ რომელიმე ჩემიანი სცენაზე გამოდის, საშინელი განცდა მაქვს, ვკვდები ნერვიულობით. ამიტომაც არ მიყვარდა მისი სახლიდან გასვლა...
– რა არის დრო თქვენთვის?
– დრო არის ის, რის მოფრთხილებასაც მთელი ცხოვრება ცდილობ, ცდილობ მისგან მაქსიმუმის აღებას, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ამაოა.
– ბედისწერის გჯერათ?
– როდესაც სუსტები ვართ და ვერაფერს ვაკეთებთ, თავს ვირწმუნებთ, რომ ეს ბედისწერაა.
– აზარტული ხართ?
–  ვიცი, რომ ძალიან აზარტული ვარ, ამიტომ ვერიდები აზარტულ თამაშს. როცა ვთამაშობ, მინდა მოვიგო. მაგალითად, მინდა, ნარდი მოვუგო მეუღლეს. მახსოვს, ახალგაზრდობაში შვებულების დროს მცირე თანხაზე პოკერი მითამაშია. ზოგჯერ რომ მომიგია, ფულის აღება არ მდომებია. ფული არასდროს მაინტერესებდა.
– როცა მარტო ხართ...
– ერთი უჩვეულო რამ უნდა გითხრათ. მარტო არ მწყინდება. მონატრება სხვა რამ არის, მაგრამ რომ ამბობენ, მარტო ვარ და რა გავაკეთო, არ ვიციო... რას ამბობ. მარტო რომ ვარ, მაშინ ვაკეთებ თუ ვაკეთებ,  ხშირად ველოდები, როდის დაწვებიან ოჯახის წევრები, რომ მარტო დავრჩე. ასე უნდა ავიღო მუხტი, რომ მერე გავცე.
– შეცდომების აღიარება არ გიჭირთ?
– არა, რადგან ეს ცხოვრებას მიმსუბუქებს. ნათლად უნდა ვიცოდე, რაშია საქმე, რაღაც რატომ არ გამომდის. ვფიქრობ, რომ მერე აუცილებლად გამოვა. შეცდომის აღიარება ნიშნავს, მიაგნო მიზეზს, რაშია საქმე. შენს თავს ხომ უნდა გამოუტყდე, რომ რაღაც არ გამოგივიდა და იქვე მიზეზიც ეძებო. თუ საკუთარი თავის არ გჯერა, არაფერი გამოგივა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, რომ შენი თავის რწმენა ამბიციაში არ გადაგივიდეს. ეს ძალიან სახიფათოა, დამღუპველიც კი.
– განშორება – ეს არის...
– როდესაც პირველ მეუღლეს გავშორდი, მაშინ ყველაზე მეტი სწორედ შვილებზე – ეკასა და თეონაზე ვიფიქრე. განქორწინება ძალიან ძნელი და რთული პროცესია, მაგრამ ალბათ, ჩავთვალე, რომ ეს გამოსავალი იყო. ეს ეკასთვის უფრო რთულად გადასატანი იყო, ვიდრე ჩემთვის ჩემი მშობლების დაშორება, რადგან ის უკვე მერვე წელში იყო. არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა, მაგრამ მოხდა.
– რისი გეშინიათ?
– ყველაზე მეტად მეშინია, არ დადგეს დღე, როცა აღარავის არ დავჭირდები... ერთ მშვენიერ დღეს მსახიობებმა არ თქვან: აუ, ახლა კიდევ ამ ბებერთან რეპეტიცია არ გინდაო! მით უმეტეს, თუ ვერ მივხვდი ამას. თუ მივხვდები, კიდევ არა უშავს. რამდენჯერ მიფიქრია: ის მნიშვნელოვანი მომენტი რომ დადგება – ბოლო მომენტი, ისეთ პანიკაში არ ჩავვარდე, ისეთი არ გავხდე, რაც მე არ ვარ. ისე არ გამოვიცვალო და რამე ისეთი არ გავაკეთო, რასაც ვერ წარმოვიდგენ, რომ გავაკეთებ. ყველაზე ცუდია, როცა სასოწარკვეთილი ადამიანი ისე იქცევა, როგორც არასოდეს მოიქცეოდა.

скачать dle 11.3