№28 თამუნა სხილაძე: მე უნდა მომერგოს ყველა, ვისაც მოვწონვარ. არავისზე მორგებას არ ვაპირებ
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ფიტნეს მოდელი თამუნა სხილაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ჩემპიონატზე კატეგორია „ფიტნეს ბიკინში“ პირველი ადგილი დაიკავა, რისთვისაც დიდხანს ემზადებოდა.
თამუნა სხილაძე: შეჯიბრებისთვის მზადება ერთი თვით ადრე დავიწყე. წელს მაქსიმალურად მოვინდომე და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთე. ათი გოგო ვიღებდით მონაწილეობას. ისეთი კონკურენცია იყო, არ ველოდი, რომ პირველ ადგილს ავიღებდი. თუმცა, სასურველი შედეგისთვის ბოლომდე დავიხარჯე და გავიმარჯვე კიდეც. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემმა მზადებამ შედეგი გამოიღო და ოქროსმედალოსანი გავხდი. ახლაც ვაგრძელებ ვარჯიშს, რადგან კიდევ ერთი გრანპრის შეჯიბრება მაქვს წინ, რომელშიც თორმეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
– სპორტის ამ სახეობით როგორ დაინტერესდი?
– ექვსი წელი ლათინოამერიკულ ცეკვებს ვცეკვავდი, მერე ბიძაჩემმა დარბაზში ვარჯიში შემომთავაზა. მაშინ 17 წლის ვიყავი, ცეკვა, ვარჯიში და აბიტურიენტობა – ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. მაგრამ ვარჯიშმა ისე ჩამითრია, სხვა ყველაფერს თავი დავანებე, რადგან მივხვდი, რომ სამივე ერთად არ გამოდიოდა. ერთი წლის შემდეგ შეჯიბრებებში ჩავერთე, თუმცა, როგორც ჩანს, აქამდე შესაბამისად არ მოვინდომე და კარგად არ მოვემზადე.
– საზოგადოებას როგორი რეაქციები აქვს „ფიტნეს ბიკინის“ მოდელებზე, ანუ დაკუნთულ გოგონებზე?
– ზოგისთვის ზედმეტად დაკუნთული ვარ, ზოგს ძალიან მოსწონს. ამას წინათ მომწერეს, კუნთიანი ხარ, მაგრამ მაინც ლამაზიო. ზოგი მეუბნება: ფუ, რას ჰგავხარო. ბევრ ქალს ჩაუვლია გვერდით, ცერად გადმოუხედავს და რას ჰგავსო, ჩაულაპარაკია. ზოგისთვის არაა მოსაწონი ეს კუნთები, ეზედმეტება. ახლა შეჯიბრებისთვის ვემზადები და ძალიან გამომშრალი ვარ, კუნთი რომ კარგად გამომკვეთოდა, სხვა დროს უფრო შევსებული ვარ ხოლმე. ჩემს ოჯახს ძალიან მოსწონს, უხარიათ ჩემი წარმატება და ბოლომდე მგულშემატკივრობენ.
– ეს კუნთი, ალბათ, მარტო ვიზუალი არაა. დარბაზს მიღმა გამოგიყენებია შენი ძალა?
– არა, შტანგებს იქით არ გამომიმჟღავნებია ჩემი ძალა (იცინის). თუმცა, ერთხელ იყო შემთხვევა – მეგობრებთან ერთად ვიყავი კლუბში, ერთი ნასვამი ბიჭი მოვიდა და უტაქტოდ იქცეოდა. ხან იქიდან მომიარა, ხან აქედან, „ტვინი გამიბურღა“ და ძალიან შევწუხდი. ბოლოს, ყელში რომ ამომასხა, ცოტა მოხვდა და დაბლა დავარდა (იცინის).
– ოჯახის ემოციებზეც მომიყევი.
– დედაჩემს ჩემზე მეტად გაუხარდა. დედისერთა ვარ. მშობლები დაშორებულები არიან, ბავშვობიდან მხოლოდ დედასთან ვიზრდებოდი.
– მამასთან ურთიერთობა არ გაქვს?
– ძალიან იშვიათად. ეს ამბები არც იცის.
– როგორც ვიცი, დედა წლებია, იტალიაშია. რამხელა იყავი, რომ წავიდა?
– შვიდი წელია, დედა იტალიაშია. 15 წლის ვიყავი, როცა წავიდა, მე დეიდასთან დავრჩი. მაშინ ვარჯიში ერთი წლის დაწყებული მქონდა.
– შენი კარიერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი ერთმანეთს დაემთხვა. არ გაგიჭირდა გამკლავება?
– 15 წლის, ფაქტობრივად, ისევ ბავშვი ხარ, თან გარდატეხის ასაკს ისედაც თავის სირთულეები აქვს და როცა ცხოვრებაში კიდევ ასეთი რამ ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მაგრამ როცა მარტო რჩები, სხვა გზა აღარ გაქვს, ხვდები, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდე და მეც ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე.
– თუმცა, დედასთან განშორება ემოციურად რთული იქნებოდა.
– მართლა ძალიან გამიჭირდა. 15 წლამდე დედასთან ერთად მეძინა და იტალიაში რომ წავიდა, ღამე ვეღარ ვიძინებდი. დეიდა შემოდიოდა ხოლმე, მაძინებდა და გადიოდა. პირველი სამი თვე ეგრე ვიყავი. დედაჩემისთვისაც ძალიან რთული იყო, ერთადერთი შვილი დატოვა და წავიდა. მის შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვსაუბრობდით. მაისში დაბადების დღე ჰქონდა. მისი დაქალი იყო ჩამოსული საქართველოში და შემომთავაზა, ხომ არ წამოხვიდოდი, სიურპრიზი გავუკეთოთ დედაშენსო. არც დავფიქრებულვარ, რა თქმა უნდა, წავედი. მართალია დაბადების დღეს ვერ მოხერხდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩავედი და ძალიან კარგი სიურპრიზი გამოგვივიდა. მოულოდნელად დავადექით თავზე კაფეში და ის ერთი კვირა, რაც იქ გავატარე, ორივე შოკში ვიყავით. ჩვენი შეხვედრის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია, ორივე ტირილით ვკვდებოდით.
– მშობლები რომ დაშორდნენ, რამხელა იყავი?
– ძალიან პატარა, ერთი წლის. არც მახსოვს მათი ერთად ყოფნა. მას შემდეგ ძალიან იშვიათად თუ შევხვედრივარ მამას. მის დამოკიდებულებას ვერ ვხვდები და მეც საკმაოდ ჯინიანი ვარ. თუ თვითონ არ იჩენს ყურადღებას, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მამაა, ანალოგიურად ვიქცევი მეც. როცა ყურადღებას არ მაქცევენ, მეც არ მაქვს ინტერესის გამოჩენის სურვილი. სადაც დედა ამდენს აკეთებს, მამასაც უნდა ჰქონდეს რამის შნო. ასე რომ, არავისზე გაკიდებას არ ვაპირებ. თან, უკვე დიდი გოგო ვარ და საკუთარ თავს დამოუკიდებლადაც ვინახავ.
– შეყვარებული ხარ?
– არა და არც არასდროს ვყოფილვარ. ცოტა ცუდი ხასიათები მაქვს, ადამიანში რაღაც თუ არ მომეწონა, ურთიერთობას უკვე ზერელედ ვუყურებ.
– ასეთს რას ითხოვ?
– საერთოდ არაფერს. მაგრამ შეიძლება, ვიცი, რომ ბიჭს მოვწონვარ და მისი ქცევები მაღიზიანებს. კონკრეტულად რა – ვერ ვიტყვი, მომენტალურ ქცევებს ვგულისხმობ. გარეგნობასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არც თმის ფერს და არც კეხს ცხვირზე. შეიძლება, ადამიანი თვისებებით მოგეწონოს და არა ვიზუალით. კაცი კაცი უნდა იყოს, ლაჩარი რატომ უნდა მომეწონოს?!
– შენი საქმიანობა რომ არ მოსწონდეს და მასზე უარის თქმა მოგთხოვოს?
– სხვისი აზრი არ მაინტერესებს, არ მოსწონს და გაიაროს. როცა ვიცი, რომ ბიჭს ჩემი პროფესია არ მოსწონს, გამორიცხულია, შემიყვარდეს. მე უნდა მომერგოს ყველა, ვისაც მოვწონვარ. არავისზე მორგებას არ ვაპირებ. როგორიც ვარ, ისეთი უნდა მიმიღონ. არ მიმიღებენ და საერთოდ არ ვინერვიულებ.
– მართლა არასდროს არავინ მოგწონებია?
– არა. სკოლის პერიოდში ძალიან ქალაბიჭა ვიყავი. სულ ბიჭებში ვიჯექი. ჩვეულებრივი ალქაჯი ვიყავი, ჩაცმაც ბიჭური მიყვარდა. მერე ნელ-ნელა შევიცვალე, მაგრამ მაინც უფრო ბიჭებთან ვმეგობრობდი. ვიზუალურად კი მომწონებია ვინმე, მაგრამ სერიოზულად – არა. თან, დღემდე ყველა ბიჭს ვეძმაკაცები, ეს თვისება სკოლიდან მაქვს გამჯდარი. მირჩევნია, ბიჭთან ძმაკაცური ურთიერთობა მქონდეს. მაგრამ, თუ ვიგრძენი, რომ მოვწონვარ, დისტანციას ვიჭერ.