კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 წარმატებული ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილი – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილი წარმატებული პროფესიონალია, რომელმაც სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი ურთულესი მიმართულება აირჩია და მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. რა გზა გაიარა წარმატებამდე და რა სირთულის ოპერაციების კეთება უწევს ყოველდღიურად, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე  თავად მიხეილ გურასპიშვილი გვესაუბრა. 
  მიხეილ გურასპიშვილი: ზესტაფონში დავიბადე, მამა განათლებით ინჟინერია, მაშინდელ ლითონკონსტრუქციების ქარხანაში მუშაობდა. დედა ქიმიკოსია და დღემდე ქალაქ რუსთავის „აზოტის“ ქარხანაში მუშაობს. საბავშვო ბაღიც და სკოლაც რუსთავში დავამთავრე.
– ექიმობა რატომ გადაწყვიტეთ?
– ახლო ნათესავებში სამედიცინო სფეროსთან განსაკუთრებული შეხება არავის ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ბებიას, რომელიც სოფლის ამბულატორიის ექთანი გახლდათ, ძალიან გამოცდილი და ყოჩაღი ქალბატონი იყო და მისი შემართება და კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის. მახსოვს, ბრონქული შეტევები აწუხებდა, რისიც ძალიან მეშინოდა და სულ ვეუბნებოდი: ბებო, ახლა არ მოკვდე და რომ გავიზრდები, ექიმი გამოვალ და გიშველი-მეთქი.
  1996 წელს თბილისის კატასტროფებისა და კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. ჯერ კიდევ მეოთხე კურსიდან გავდიოდი პრაქტიკებს გოჩა ინგოროყვას სახელობის ნეიროქირურგიულ ცენტრში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე.
– თქვენი ნიჭი და პოტენციალი ბატონ გოჩას შეუმჩნეველი არ დარჩენია.
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბატონმა გოჩამ ძალიან დიდი ყურადღება და ნდობა გამოიჩინა ჩემ მიმართ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მას მოეწონა ჩემი შრომისმოყვარეობა და მონდომება და ლიცენზიის აღების შემდეგ თავის განყოფილებაში  უმცროს ექიმად დამაწყებინა მუშაობა. ამ პოზიციაზე წელიწადი და რვა თვე ვიმუშავე, რის შემდეგაც, ჩემი ინიციატივითა და ბატონი გოჩას რჩევით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქალაქ კიევის პოსტდიპლომური დახელოვნების ნაციონალურ აკადემიაში გავემგზავრე. ორწლიანი ორდინატურის დამთავრების  შემდეგ გავიარე ექვსთვიანი პრაქტიკული კურსი  ხერხემლის ქირურგიაში. იმისთვის, რომ ადგილზე დასაქმების უფლება მომეპოვებინა, დამატებით გავიარე 6-თვიანი სპეციალიზაცია ნეიროქირურგიის სპეციალობით. მთლიანი სასწავლო პროცესი და საბუთების შეგროვება, დაახლოებით, ხუთ წელს გაგრძელდა. პარალელურად დავოჯახდი, იქაური მეუღლე შევირთე, პროფესიით ოფთალმოლოგი, რომელიც იმ პერიოდში გადიოდა ინტერნატურის პროგრამას. იქ გავიცანით და დავუახლოვდით ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც  ოფიციალურად მუშაობის უფლება მოვიპოვე, ქალაქ კიევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის, ხერხემლისა დაზურგის ტვინის ქირურგიის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, სადაც დაახლოებით, შვიდი წელი ვიმუშავე.
– ნეიროქირურგობა როგორ გადაწყვიტეთ?
– მას მერე, რაც სანათესაოში მკვეთრად დამკვიდრდა აზრი, რომ მე სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა და ექიმი გავმხდარიყავი, ჩვენმა ნათესავმა, ქალბატონმა ეთერ დავითაშვილმა, რომელსაც მინდა, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო, დაიწყო ჩემი მომარაგება სახალისო სამედიცინო ლიტერატურით. სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო ნეიროფიზიოლოგიაზე, ნახსენები იყო ნეიროქირურგიაც, რამაც ძალიან დამაინტერესა და ამრიგად, მეათე კლასში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ თუ ქირურგი გამოვიდოდი, აუცილებლად ნეიროქირურგი ვიქნებოდი. მახსოვს, ქალბატონი ეთერი ცდილობდა, სხვა სპეციალობაზე გადავებირებინე, რაზეც მე კატეგორიულად არ დავთანხმდი.
– როდის გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
– მშობლების თხოვნით, 2017 წელს გადავწყვიტე, საქარველოში დავბრუნებულიყავი.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– პირველი ოპერაცია ორდინატურის პირველი კურსის დახურვის შემდეგ ქალაქ კიევში გავაკეთე. ზაფხულში, როცა ძირითადი პერსონალი შვებულებაში  მიდის, მორიგე ქირურგები ცოტა უფრო თამამდებიან, მეტ ნდობას ანიჭებენ დამწყებ სპეციალისტებს და ზუსტად ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მომცეს შანსი, რა თქმა უნდა, მათი მეთვალყურეობით, გამეკეთებინა ოპერაცია. რთული იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავსა და იმ ადამიანებში, ვინც გვერდით მედგნენ და ოპერაცია ბოლომდე დაუხმარებლად,  სასურველი შედეგით დავასრულე.
– რა ტიპის შემთხვევებზე მუშაობთ?
– ჩვენ, ძირითადად, გადაუდებელ შემთხვევებზე გვიწევს მუშაობა, როგორიცაა: ქალა-ტვინის მძიმე ღია და დახურული ტრავმები, ქალა-ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობები, ხერხემლის სხვადასხვა მიდამოს ტრავმები და ასე შემდეგ. მინდოდა ჩემს მშობლიურ ქალაქს დავხმარებოდი და საქართველოში დაბრუნებულმა, აქ დავიწყე მოღვაწეობა. პარალელურად, ვთანამშრომლობ მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრთან და ქალაქ რუსთავის რამდენიმე სადიაგნოსტიკო ცენტრთან.
– რა განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება ექიმს პაციენტთან?
– ხშირად ექიმის ერთი სიტყვაც კი, ყოველგვარი მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშეც, უკეთ ხდის პაციენტს.  როცა ვხედავ, პაციენტი შეწუხებულია, ვცდილობ, საუბარში ცოტა იუმორიც გავურიო ხოლმე. მეორე მხრივ, ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ნდობა, რაც ბევრად გვიადვილებს საქმეს.

скачать dle 11.3